ეკატერინე გაბაშვილი, ეკატერინე მელიქიშვილი, ელენე ყიფიანი |
მიკვირს, გულში რათ ჩაგეჭრათ,
კაცთ ქალების მეშურნობა?
როგორც ნივთი დაგიპყრივართ
და არა გაქვთ ჩვენი ნდობა.
სულ გვძრახავთ და სულ გვაძაგებთ,
არც ჭკუა აქვთ, არც გრძნობაო,რა ესმით, რას გააგონებთ,
რომ არა აქვთ გონებაო.
ქალმა გიხსნათ სატანჯველით,
შეგაერთათ ზეცის ძალსა,
გაგიბრწყინდათ ბნელი ნათლით,
რომ იაროთ გზას უვალსა.
დაცემულნი აღგადგინათ
და იტვირთა თვით ძე ღვთისა,
რომ სამოთხე კვლავ გეპოვნათ
და მოესპო წყევა ისა.
ქალი იყო წმინდა ნინა,
რომ კერპობა დაარღვია,
ქრისტეს მცნება დაგვიდგინა
და ხელთ იპყრო ივერია.
თამარ მეფე, გმირთა-გმირი,
ქართველთ სახელის მომფენი,
ვინც განჰკურნა ქვეყნის ჭირი
და ადიდა ჩვენი ძენი.
მრავლის ტანჯვის მიმღებელი,
ის ქეთევან დედოფალი,
ვით დაიცვა ქრისტეს რჯული
და ეწამა ტურფა ქალი.
ხომ ასეა და რათ გვჩაგრავთ,
რათ გვაყენებთ ამდენს ვნებას?
ძალის-ძალით თვალებს გვიხვევთ
და ცდილობთ ჩვენს დამუნჯებას.
მშობელს დედას, ცოლს და ასულს,
ასე როგორ დაამდაბლებთ?
ცბიერათ ხდით, უწუხებთ სულს,
ბოროტებას მუდამ სწამებთ.
მათ სიტურფეს ჯადოთსახავთ,
მაშ თქვენ რაღათა ტყუვდებით?
რაკი კეკლუც ქალსა ნახავთ,
გადირევით , შეიშლებით.
დარწმუნდით, რომ ამხანაგათ
შევქნილვართ და უნდა ვიყოთ,
მაშ აღგვზარდეთ ზნითაც კარგათ,
რომ ყოველ მხრით სრულნი ვიყოთ.
No comments:
Post a Comment