Monday, June 20, 2011

იაკობ გოგებაშვილი სამოქალაქო აზროვნების შესახებ

კრწანისის ომის პანაშვიდი ტფილისში. 1895 წ.


დაბალი ღობე ერთა შორის

"მზე და მთვარე რომ ჩემსკენ იყვნენ, ვარსკვლავებს სულაც არ შევეპოვებიო", ძველად უთქვამს ჩვენს ქართველებსა და თავისი ცხოვრებაც თანახმად ამ ანდაზისა მოუწყვიათ. წინანდელი ქართველი არც ერთს ვარსკვლავს ნებას არ მისცემდა წაერთმია მისთვის რომელიმე უფლება, მზისა და მთვარისაგან მონიჭებული. რასაც-კი მას ხელმწიფე და კანონი არგუნებდა, მტკიცედ, შეუპოვრად იცავდა, თუნდა მთელი გუნდი მოხელეებისა მოწადინებული ყოფილიყო ხელიდგან გამოეგლიჯა მინიჭებული უფლება და დაებრიყვებინა.ახლა რაღასა ვხედავთ? სრულიად წინააღმდეგს სურათსა: ყოველს ბჟუტა ვარსკვლავს შეუძლიან ხმა ამოუღებლივ წაართვას ჩვენის დროის ქართველს უფლება, ნაბოძები მზისა და მთვარისაგან, დაიბრიყოს იგი, დაბალ ღობედ გახადოს და ქელოს. და განა მარტო ვარსკვლავსა? რომელსამე უკანასკნელს ცთომილსა, მოკლებულს საკუთარს სინათლესა და ძალასა, ადვილად შეუძლიან ესევე ოინი დაგვიწიოს.

 როცა რომელიმე უფლება უმაღლესი სახელმწიფოს ძალის მიერ ჩამორთმეული აქვს ადამიანსა, ან მთელს ერსა, და ესენი იძულებულნი არიან დაემორჩილნონ თავისს ბედსა, ეს უძლურებას და არაფრობას მორჩილისას როდი მოასწავებს, თუნდაც ეს ჩამორთმევა უსამართლოდ მომხდარიყოს. მოგეხსენებათ, რომ ძალა აღმართსაცა ხნავსო და ლომსაც ჰბოჭავსო. გარნა ამის გამო არც აღმართი იქცევა დაღმართად, არც ლომი – კურდღლად. მაგრამ თუ ადამიანი, ან ხალხი სიტყვა-ამოუღებლივ, ქედ-მოდრეკით ემორჩილება დაბალი ღობის ბედსა, რადაც, წინააღმდეგ კანონისა, გაუხდიათ იგი წვრილ-ფეხობა მოხელეებსა, ეს იმისი უტყუარი ნიშანია, რომ მონობას, ყურმოჭრილს ყმობას შეუპყრია საზოგაროების სული და გული, ამაზედ მომაკვდინებული სენი აღარ იქმნება ერისათვის, ეს სწორედ განგრენაა, მჭამელაა, საშინელი შინაგანი ავადმყოფობა, რომელიც ხალხს ათანასწორებს წირით შეპყრობილ პირუტყვ-ნახირთანა, და ემუქრება გაუქარწყლოს მას ყოველი მომავალი.

თუ ხალხს სადმე მკურნალნი მოეპოვება, ამ სენის განკურნას უნდა მოანდომონ მათ თავისი მთავარი ცოდნა და ძალა. თუ გულშემატკივარნი, გულ-მხურვალე მოღვაწენი ჰყავს, ამ დამღუპველის ნაკლის მოსპობაზედ უნდა ზრუნავდნენ უპირველესად ყოვლისა. თუ ერს ჰყავს მწერალნი, გულისა და ჭკუის პატრონნი, მათ დაუძინებლივ უნდა გამართონ ღაღადება ამ საშინელის სატკივრის წინააღმდეგ.

 რას სჩადიან ჩვენი ერის მკურნალნი, მოღვაწენი, მწერალნი? იქცევიან ისე, როგორც შეჰფერის გულ-მხურვალე და გაბედულ მოღვაწეთა, თუ იგინი მოგვაგონებენ საარაკო ყვავსა და ახირებულს სკვითსა. ყვავს თურმე თვალებსა სთხრიდნენ და ის წამწამებსა ნანობდა, თვალის ჩინს კი არ სჩიოდა, წამწამების გადარჩენას ევედრებოდა. სკვითს თავს აგდებინედნენ და მდუღარე ცრემლსა ღვრიდა, რაზედ? თავზედ? სრულიადაც არა. მას გულს უკლავდა მხოლოდ თმების დაკარგვა, თავი კი სრულიადაც არა. ამას გულს უკლავდა მხოლოდ თმების დაკარგვა, თავი კი სრულიად დავიწყებული ჰქონდა.
 ჩვენი მოქმედნი დასნი მოგაგონებთ სწორედ ამ ყვავსა და სკვითსა, მათ საარაკო საქციელსა. უმთავრესნი ნაკლნი ჩვენის არსებობისა, დამჩაგვრელნი პირობანი ჩვენის ცხოვრებისა, დიდნი ნაღველნი მივიწყებულნი არიან, უყურადღებოდ დატოვებულნი, ზურგ-შექცეულნი. ჩვენი უნარი, ნიჭი და ძალა უნდება წვრილმანს რამეებსა, უმნიშვნელო საგნებსა, ჩინჩხვარ-მინჩხვარსა. ნამდვილი მიზეზები ჩვენის დამხობისა ხელშეუხებელნი რჩებიან, - წვრილმანს შედეგებს, და მხოლოდ მათ, მიუპყრიათ ჩვენი ყურადღება. შიგნეული ავადმყფობა და მისი წამლობა არავის არ აფიქრებს, არავის არ აწუხებს; გარეგანი ძიძიბოები და მათზედ მალამოს წაცხება – აი ჩვენი უმთავრესი საქმე, ჩვენი დიდი ღვაწლი. საითკენაც უნდა მიიხედო, ყოველი მხრიდგან თვალში გეჩხირება გულსაკლავი ჩხირ-კედელაობა, ნაცარ-ქექიობა. და ყველაზედ სავალალო ის არის, რომ ამ ნაცარ-ქექიობას და ჩხირ-კედელაობას დიდს საქმეთა ვსთვლით, დაუფასებელ ღვაწლადა ვრაცხთ სამშობლოს წინაშე...

ჩვენ ვითმენთ ხმა-ამოუღებლივ, ლაჩრად, ამისთანა მდგომარეობას ბევრის მხრივ, რომლის მსგავსი მთელს ხმელეთზედ ძვირად მომხრადა და იშვიათად გაგონილა. ვითმენთ მაშინ, როდესაც შეგვეძლო მათი თავიდან აცილება, რადგანაც, ვიმეორებ, ჩვენი დამჩაგვრელი გარემოებანი უმთავრესად დაბადებულან და არსებობენ ხელმწიფისა და კანონის წინააღმდეგ.

სად თქმულა და გაგონილა, რომ ხალხს, რომელიც თავისივე ფულით თხოულობს სასულიერო პურსა და გონებრივს ნათელსა, აჩეჩებდნენ ხელში ქვასა და სიბნელესა, აშორებდნენ ღმერთსაცა და განათლებასაცა, არჩენდნენ მას ორ-წყალ შუა და აველურებდნენ, წინააღმდეგ პირდაპირი კანონისა. გადაიკითხეთ უმთავრესი წესდებულება შესახებ სახალხო სკოლების მოწყობილობისა რუსეთის იმპერიაში უცხო ტომთა შორის, რომელიც კანონად სდებს მშობლიო ენაზედ სწავლებას ყველა საგნებისას პირველ დაწყებითს სკოლებში, გაიხსენეთ კავკასიური სამოსწავლო გეგმა, შედგენილი ადგილობრივი მზრუნველისაგან და დამტკიცებული ნამესტნიკისაგან, წაიკითხეთ სასკოლო გეგმა, გამოცემული უწმინდესის სინოდისაგან ქართულის სამრევლო სკოლებისათვის, შემდეგ ინახულეთ რავდენიმე საერო და სამრევლო პირველ-დაწყებითი სკოლები, მიაქციეთ ყურადღება, თუ ერს, რა ენაზედ და როგორ ასწავლონ, და თქვენ დარწმუნდებით, რომ კანონის სურვილი, რათა ხალხს, თანახმად მისსივე მოთხოვნილებისა და კანონისა, ეძლეოდეს გონებრივი პური, არა სრულდება და ნაცვლად ამ პურისა, ჩინოვნიკურს წვრილფეხობას ხალხთან მოაქვს მოუნელებელი ქვა და ჰხდის ამ ხალხს სულის სიმშილის მსხველპლად.

 სად თქმულა და სად გაგონილა, რომ სახელმწიფოში ყველა ჯურის სარწმუნოება, ყველა გვარი ეკლესია, ქრისტიანული, თუ არა ქრისტიანული, სარგებლობდეს სრული თვითმართველობით და მწყემსებად ჰყავდეს თავისივე ღვიძლი შვილნი, ხოლო ამ უფლებას მოკლებული იყოს მთელს სახელმწიფოში მატრო ერთად ერთი ერი, ნებაყოფლობით შეერთებული სახელმწიფოსთან, ერთმორწმუნე მთავარ-ხალხის, და ერთგული მიმდევარი პოლიტიკურის ერტობისა. ჩავიდეთ ქვევით. რომელ ენაზე ისწავლება საღმთო სჯული მთელს რუსეთის საბრძანებელში ქრისტიანთა და არა ქრისტიანთა შორის? მიუცილებლად დედა-ენაზე გამოუკლებლივ. ვინ არიან აქ მომძღვარნი? ღვიძლი შვილები იმ ერისა, რომლის ძენი და ასულნი იზრდებიან ამ სასწავლებლებში. ჩვენში? საღმთო სჯულს ასწავლიან სლავიანურს-რუსულს ენაზე და ასწავლიან იმისთანა უცხო პირნი, რომელნიც მოკლებულნი არიან ყოველს კავშირს საქართველოს ერთან. და ამ უკიდურესი უსამართლობის წინააღმდეგ როდისმე აღიმაღლოს ხმა ან ჩვენებურმა ეპისკოპოზებმა და სამღვდელოებამ, ან თავად-აზნაურობამ და ან ქართველმა ოჯახობამ? არასოდეს, რატომ? ეწყინებათო.
  სად მომხდარა, თქვენი ჭირიმე, ამისთანა მასხარად აგდება ენისაცა და ერისაცა, რომ ს ა შ უ ა ლ ო ს ა ს წ ა ვ ლ ე ბ ე ლ ში მშობლიო ენის ერთად ერთს სახელმძღანელოდ იყოს ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი? თვრამეტის წლის განვითარებულს ვაჟკაცებს ასწავლიდნენ, აღეჭვინებდნენ იმ პირველ დაწყებითს წიგნსა, რომელიც მათ გაუთავებიათ, როცა შვიდი-რვა წლის ბაღანანი ყოფილან? ხომ ყოვლად მოუფიქრებელი ამბავია? აბა ეხლა მიბრძანდით მოსე ხონელის სამშობლოში, შედით იქაურს საოსტატო სემინარიაში, დაესწარით ქართულის ენის გაკვეთილებსა და თქვენ დარწმუნდებით, რომ ერთად-ერთი ქართული წიგნი, რომელიც იქ იხმარება ყველა კლასებში, არის "დედა-ენა" და ესეც თურმე ებევრებათ, ერთი ორად უნდა შემოკლდესო. და ამ სამარცხვინო სისტემის განმახორციელებელი გახლავთ არა რომელიმე გადამთიელი, არამედ ნიჭიერი და განვითარებული ქართველი ბ-ნი უთურგაური, რომელიც ბოლოს წლებში სავსებით გაიჟღინთა ჩინოვნიკური ზედ-მეტი ერთგულებით და გახდა ყურმოჭრილი ყმა სამოსწავლებო ბიუროკრატიისა?

და სად თქმულა და გაგონილა, რომ დროებითი დამოკიდებულება გლეხთა და მემამულეთა შორის დაუსრულებლად დამოკიდებულად გადაქცეულიყოს, ორივე მხრის სატანჯველად, საზარალოდ და ერთმანეთის მტრობის გასაძლიერებლად? ჩვენში კი ამას ვხედავთ 1864 წლიდან, წინააღმდეგ ხელმწიფის სურვილისა და კანონის მოთხოვნილებისა.

  სად მომხდარა და სად ნახულა, რომ ღირსეული პასუხით უკუქცეულ არ ყოფილიყოს ამისთანა ბრიყვული იერიში რომელისამე ერის წინააღმდეგ: წარსულს წელში რუსეთიდან ჩამოვიდა ჩვენს ქვეყანაში ოფროსი მღვდელი სამხედრო ნაწილისა მ. ჟელიაბოვსკი. როცა პეტერბურგში დაბრუნდა, მოახდინა კრება სამხედრო სამღვდელოებისა და უთხრა: უმთავრესი ნაკლი კავკასიის სამხედრო სამღვდელოებისა ის არის, რომ მათ შორის ქართველი მღვდლებიც ურევიანო. მართალია იგინიც ჩვენი სარწმუნოებისანი არიან, მაგრამ თავისი საკუთარი თვისებანი აქვთ, იქმნება არა ცუდნიცა (დახეთ თავაზიანობასა!), მაგრამ, ყოველს შემთხვევაში, ჩვენი ფარიდგან არ არიან (”не из нашего стада”). ამიტომ, უპირველესად ყოვლისა ეს შეცდომა უნდა იქმნას გასწორებული, ქართველი მღვდლები დათხოვნილნიო. ეს სიტყვა დაბეჭდილ იქმნა სამხედრო სასულიერო ჟურნალში და იქიდგან დაიბეჭდა სხვა რუსულს პერიოდულს გამოცემებში, მაგალითად: ”Церковныя Ведомости”. დაუპირდაპირეთ ამას სხვა-და-სხვა დროს წარმოთქმულნი უზენაესნი სიტყვანი, მეტადრე საბადურის სიტყვა, რომელშიაც თვითმპყრობელმა აღიარა, რომ მისს გულში რუსებსა და ქართველებს სწორი ადგილი უჭირავთ და მათ ერთმანეთში არ არჩევს, და შეიგნეთ, რომ მღვდელი ჟელიაბოვსკი თამამად და კადნიერად გვართმევს მას, რაც უზენაესს ნებას მოუნიჭებია ჩვენთვის.
 სად თქმულა და გაგონილა, რომ დაბალმა მოხელეებმა ერს მოჰგლიჯონ ღვიძლი ნაწილი, მთელი მხარე, გაჰყარონ შეხორცებულნი ერთად ღვთისა და ბუნების ნებით, გასწყვიტონ ათასის წლის ძმური კავშირი, ორივ მხრის შესასუსტებლად და ჩასაყლაპავად, და უბრძანონ მთელს მხარესა, კარგა ბლომს ნაწილს ქვეყნისასა: აღარ გაიხსენო შენი ნათესაური დამოკიდებულება და ძმური ურთი-ერთობა დედა-ქვეყანასთანა, ილაპარაკე მხოლოდ შენს შინაურს კილოზედ, ზურგი შეაქციე შენს მთავარს დედა-ენასა, და დაივიწყე იგი, გადააგდე იქით მშობლიური ანბანი, შენი მონაწილეობით მოგონილი, უარჰყავ სამშობლო ლიტერატურა, რომლის სალაროში არც ერთს ძმაზედ შენ ნაკლები არ შეგიტანია, გააუქმე შენი საღმთო მეტყველება, რომელთანაც შეხორცებულია შენი სარწმუნოება, დაივიწყე შენი ათასის წლის ისტორიული არსებობა და გადაიქეც ველურ ხალხად, რომელმაც ყველაფერი თავიდგან უნდა დაიწყოსო. განა უმაგალითოა და ყოვლად შეუძლებელი სხვაგან სადმე ეს ამბავი? ჩვენში? გაიხსენეთ, რაც შავი ზღვის პირად სამეგრელოში ხდება ეს რავდენიმე წელიწადია და შეუძლებელი სხვაგან ჩვენ შორის განხორციელებული ამბავი გამოდგება.

სად თქმულა და გაგონილა... მაგრამ სად ჩამოვთვალოთ ყოველგვარი ჩვენი დაბრიყვება, ქელვა, მიწასთან გასწორება, კადნიერად ჩამორთმევა და გაქარწყლება ბევრის ჩვენის კანონიერის უფლებისა?!

ჭირს მოვლა უნდა, დაბრიყვებას ღირსეული კანონიერი წინააღმდეგობა, შავს ბედს ბრძოლა. მაგრამ სად არის ფხიზელი და მოუღალავი დაცვა დათრგუნული უფლებებისა ქართველთა მოღვაწეთა მიერ? სად არის მხურვალე და დასაბუთებული ღაღადება ჩვენს მწერლობაში? სად არის ხმა-ამაღლებული ქადაგება, მიმართული დასაკმაყოფილებლად ჩვენთა უმთავრესთა მოთხოვნილებათა?
არსად.

მხდალი, დაძაბუნებული მონებივით შევსცქერით ჩვენს დამცირებასა, ჩვენს აბუჩალაკად აგდებასა, ჩვენს დაბალ-ღობედ გადაქცევასა. მართალია, ვსჩივით, ხშირად ვსჩივით, მაგრამ სად? ჩვენს გულში და ოთხკედელ შუა. როგორ? ჩურჩულით, ტუტუნით და დიდი სიფრთხილით, რომ ჩვენ კანონიერს ჩურჩულს არავინ მოჰკრას ყური და მორჩილი მონის მაგიერად ადამიანად არ ჩაგვთვალოს.

მეკალმენი რაღას ჩავდივართ? იმასვე. ან არაფერსა ვსწერთ, და თუ ვსწერთ, წვრილმან რამეებზედ, უმნიშვნელო საგნებზედ. უმთავრესნი ჩვენი მოთხოვნილებანი, დიდნი ვარამნი, ან სრულიად მივიწყებული გვაქვს, ან შევეხებით ხოლმე მხოლოდ ხანდახან, როცა ბრმა შემთხვევა მოიტანს, ისიც შევეხებით ხოლმე გაკვრით და კილოკავად. წამწამებზედ და თმებზედ დაუსრულებელი ბაასის გაბმა ვიცით, ხოლო თვალები და თავი კი მუდამ გვავიწყდება. და არც კი გვრცხვენიან, რომ ამ გვარი ჩვენი ყვავური, თუ სკვითური, ქცევით ჩვენ საზოგადოებას-კი არ ვაფხიზლებთ, უფრო მეტად ვაძინებთ, ვაუძლურებთ.

და ამ გვარს ჩვენს სამარცხვინო და დამღუპველს ქცევას როდი ვაბრალებთ ჩვენს სილაჩრეს, ჩვენის გრძნობისა და აზრის სიუძლურეს, უნარის უქონლობას. ეს მართალი იქნებოდა და სიმართლე კი ჩვენ თვალებსა გვწვავს. თავზედ ვახვევთ ჩვენს საკუთარს ბრალს სხვა რასმე, სახელდობრ-ესრედ წოდებულს ჩვენზედ დამოუკიდებელს გარემოებასა. კაი სამსახურს გვიწევს ეს “გარემოება”. სწორედ გასაძევებელ თხად გვყავს გადაქცეული. როგორც ძველი ურიები ამორჩეულს მამალს თხას მიაყრიდნენ ხოლმე ტყეში, რომ იგი მგელს, მათ მაგივრად, დაესაჯა, ისე ამ  “დამოუკიდებელს გარემოებას” ვახვევთ თავზე ჩვენს სიგლახეს და სილაჩრესა. ცბიერებაა, მოტყუებაა. ღირსეულს და დასაბუთებულს დაცვას რომელიმე კანონიერის უფლებისას არას დროს წინ ვერ გადაეღობება ეს “ დამოუკიდებელი მიზეზი”, და თუ გადაეღობება, მისი თავიდან აცილება და გზის გაკვლევა არც ისე ძნელია თავისი ერის უფლების მარჯვე დამცველისათვის.

 გნებავთ ამისი შეუვალი და შეურყეველი საბუთი წარმოგიდგინოთ? ჩვენდა სამარცხვინოდ და სავალალოდ, ჩვენში ბლომად მოიპოვებიან ქვეშმძრომნი სულიერნი, რომელნიც ჩვენს წინაშე მხურვალე მამულიშვილის, 96 პრობის პატრიოტის როლსა თამაშობენ, და სხვაგან კი ყოველს ჩვენს საუნჯეს, ყოველს ჩვენს ეროვნულს უფლებას ძირს უთხრიან, ჩინების და ჯილდოს გულისათვის. და როდესაც ეს საძაგელნი არსებანი ჩვენთან მოდიან და როსკიპული ღრეჭით ხელს გვაწვდენენ, მათ სულ-მოკლე მონასავით ხელს ვართმევთ და მეგობრულად ვექცევით. ამით ჩვენ ხელებს ვიტალახიანებთ, თავს ვიმცირებთ და ვირცხვენთ. ქვემძრომებს ვაქეზებთ მოღალატეობაში, პატიოსან მოღვაწეთ გულს ვუკლავთ და საზოგადოებას გახრწნილებაში ვაგდებთ. რომელი ჩვენზედ დამოუკიდებელი მიზეზი გვეღობება წინა, რომ ამ ქვემძრომებს მივუწყოთ ის, რისაც ღირსნი არიან: ხელი კი არ მივსცეთ, მოვატრიალოთ, ჯერვანი პანჩურებით დავასაჩუქროთ და ჩვენი წრიდგან სამუდამოდ გავაზეოთ ეს საზიზღარი კეთროვანნი. ვიმეორებ, რომელი დამოუკიდებელი გარემოება გვიშლის აქ ღირსეულად, ადამიანურად მოვიქცეთ?

 დროა, დიდი ხანია დროა, ბოლო მოეღოს ამ ფრიად სათაკილო და დამამხობელს ჩვენს მდგომარეობასა. დროა, მონურს ლაჩრობას ზურგი შევაქციოთ და ადამიანური უნარი გამოვიჩინოთ. დროა გავაჩაღოთ დაუღალავი, ფხიზელი დაცვა ყოველის ჩვენის დათრგუნულის უფლებისა, საარსო მოთხოვნილებისა, გავაჩაღოთ არამარტო ჩვენს ენაზედ, არამედ სახელმწიფო ენის ლიტერატურაშიაც, გავაცნოთ ჩვენი გაჭირვებული მდგომარეობა დაწინაურებულს დასს რუსეთისას, დავიხმაროთ იგი და დავიბრუნოთ ღირსეული სახელი და ადგილი კავკასიონის ერთა შორის. დროა დაბალი ღობის მდგომარეობა სამარცხვინოდ მივიჩნიოთ ყველამ და მაღალ ღობედ ჩვენს გადაქცევას მხნედ და გაბედვით ვემსახუროთ.

დროა, თორემ ზეგ და მაზეგ გვიან-ღა იქმნება.




გოგებაშვილი იაკობ: რჩეული თხზულებანი ხუთ ტომად: ტ. 2: თბ. "განათლება" 1990: გვ. 102-109

Tuesday, June 7, 2011

მიხეილ ჯავახიშვილი, ქალთა მოძრაობის ისტორიიდგან

მეცხრამეტე საუკუნეში ევროპისა და ამერიკის სახელმწიფოთა დემოკრატიზაციამ ცოტად თუ ბევრად ფრთა შეაკვეცა ხეპრულ ძალის ბატონობას და სამართლიანობის პრინციპს სახელმწიფოში უფრო მეტი ადგილი და მნიშვნელობა მისცა, ვიდრე მას ჰქონდა წინა საუკუნეებში. ამ დემოკრატიზაციამ დიდი ცვლილება და გაუმჯობესება შეიტანა დედაკაცის მდგომარეობაშიაც. ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებამ ალაგ-ალაგ უტოპისტების მოლოდინსაც კი გადააჭარბა და ზოგიერთ სახელმწიფოში (ამერიკის ზოგიერთ შტატებში, ავსტრალიის ფედერაციაში) ქალებსაც ისეთივე პოლიტიკური უფლებანი მიანიჭა, როგორც მამაკაცებს.

დედაკაცის მდგომარეობის ისტორიას რომ თვალი გადავავლოთ, ნათლად დავინახავთ, რომ დღემდის მიზეზი დედაკაცის დაბეჩავებისა იყო უფლება ძლიერისა. ძლიერის უფლება არც დღეს მოსპობილა და არც ამ ახლო მომავალში მოისპობა. მაგრამ ის კი ცხადია, რომ თანდათან სამართლიანობა ამარცხებს ძალის უფლებას და, იმედია, ერთ დროს სრულიად მოსპობს მას.

პირველი სერიოზული აგიტაცია ქალთა სასარგებლოდ ეკუთვნის დიდებულ საფრანგეთის რევოლუციას. ამერიკის განმათავისუფლებელ მოძრაობის მაგალითით აღფრთოვანებულმა საფრანგეთის ქალმა კარგად ისარგებლა რევოლუციის დროს საერთო გატაცებით და ხმამაღლა მოითხოვა თავისი ადამიანური უფლებანი. დედაკაცებიც აჰყვნენ მამაკაცების მაგალითს და შეადგინეს საკუთარი ''დეკლარაცია დედაკაცის უფლებათა'', დაარსეს საკუთარი კლუბი და ენერგიულად შეუდგნენ აგიტაციას. ქალთა მოძრაობას მხარს უჭერდა იმ დროის შესანიშნავი ფილოსოფოსი კონდორსე, რომელიც მის შესახებ სწერდა: ''რომელ პრინციპისა და რომელ უფლების ძალით სჩაგრავენ დედაკაცს რესპუბლიკურ სახელმწიფოში? საერო წარმომადგენლობა ნიშნავს მთელი ერის წარმომადგენლობას. მაგრამ განა დედაკაცი ერის ნაწილი არ არის? ლაპარაკობენ, ვითომ დედაკაცებისა და მამაკაცების პოლიტიკური გათანასწორება დედაკაცს ოჯახს მოაშორებსო. შორიდან ეს საბუთი თითქო მართალია, მაგრამ ნამდვილად იგი ერთ გროშადაც არა ღირს. ეს საბუთი სრულიად არ შეეხება იმ ქალთა აუარებელ ჯარს, რომელიც არც გათხოვილნი არიან და არც საკუთარი ოჯახი აქვთ. მაგრამ თუ ზემოხსენებულ საბუთს სამართლიანად აღვიარებთ, მაშინ ამავე საბუთის ძალით ქალებს უნდა ავუკრძალოთ მოსამსახურეობა და ვაჭრობა-მუშაობა, რადგან ვაჭრობაც და ქარხნებში მუშაობაც, ქალს საკუთარ ოჯახს აშორებს!''

ნაპოლეონის დროს ქალთა მოძრაობა მიყუჩდა, ხოლო რესტავრაციამ იგი თითქმის სულ მოსპო. წარსულ საუკუნის შუა წლებში, ეგრედ წოდებულ ქალთა ემანსიპაციის ხანაში, ლიტერატურაში ხელახლად აღიძრა ქალთა მოძრაობაზე ლაპარაკი. მწერალი ქალი ჟორჟ ზანდი, ლაბულე და ლეგუვე მძლავრი დამცველები იყვნენ დედაკაცის უფლებისა. მაგრამ მეორე რესპუბლიკის დროს, ნაპოლეონ III-ის გავლენით, ისევ მიყუჩდა აგიტაცია ქალთა სასარგებლოდ. მეორე იმპერიის დროს ქალთა მოძრაობა მხოლოდ იმაში გამოიხატა, რომ დაარსდა რამდენიმე საქალებო ''კურსები'' (ეხლანდელი გიმნაზიები), რომელთაც შესამჩნევი სარგებლობა მოუტანეს საფრანგეთის ქალებს, რომელნიც იმ დრომდის მხოლოდ იეზუიტურ მონასტრებში იღებდნენ განათლებას.

ინგლისს პირველობა ეკუთვნის ქალთა მოძრაობის ისტორიაში. ჯერ კიდევ მე-XVII საუკუნეში ''რობინზონ კრუზოს'' ავტორმა დანიელ დეფოიემ გამოსცა შესანიშნავი პამფლეტი ქალების უფლებათა დასაცავად, რომელმაც დიდი აყალ-მაყალი და მითქმა-მოთქმა ასტეხა მთელ ინგლისში. მას აქეთ მოძრაობა ხან სუსტდებოდა და ხან ძლიერდებოდა, მაგრამ გარკვეული კალაპოტი მიიღო მხოლოდ წარსულ საუკუნის მეოცე წლებში, როდესაც, ხანგრძლივ რეაქციის შემდეგ, ლიბერალიზმმა გაიმარჯვა და ქალთა საკითხიც ხელმეორედ გამოვიდა საზოგადოებრივ ასპარეზზე. მესამოცე წლებში ქალთა მოძრაობა გამარჯვების გზას დაადგა; გამოვიდა სპეციალური ჟურნალი, რომელიც დღესაც გამოდის, და დაარსდა კერძო საქალებო სასწავლებლები. მე-70 წლებში დაარსდა უმაღლესი საქალებო სასწავლებელი, განსაკუთრებული საზოგადოებანი, რომელთაც სქესთა პოლიტიკურ თანასწორობის მოპოვება ჰქონდათ მიზნად, და საზოგადოებრივი აზრი შესამჩნევად გადიხარა ქალებისაკენ. ქალთა მოძრაობას დიდი სარგებლობა მოუტანა განთქმულმა ფილოსოფოსმა და ეკონომისტმა ჯონ სტიუარტ მილლმა, რომელიც ლონდონის საქალებო საზოგადოების თავმჯდომარედ ითვლებოდა. მეოთხმოცე წლებში ქალთა მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესდა. გათხოვილ ქალების უფლებები გაფართოვდა, საზოგადოებრივ და ადგილობრივ დაწესებულებებში დედაკაცმაც შესდგა ფეხი.

ამერიკაში ქალთა მოძრაობამ პირველად თავი იჩინა განმათავისუფლებელ მოძრაობის დროს. ამერიკის განთქმულ რევოლუციაში დედაკაცს დიდი წილი უდევს. რევოლუციის გათავების შემდეგ, როდესაც დაიწყო ხანა აღორძინებისა და სახელმწიფოს მოწყობისა, ქალები არ დაივიწყა მხოლოდ ნიუ-ჯერსის შტატმა, რომელმაც საერთო წარმომადგენელთა არჩევაში დედაკაცსაც ისეთივე უფლებები მიანიჭა, როგორიც მამაკაცს ჰქონდა. სხვა შტატები ასე შორს არ წავიდნენ და ცოტაოდენ რეფორმებით ჩააჩუმეს ამერიკელი ქალები. მხოლოდ ეს იყო დროებითი ჩაჩუმება, ვინაიდან ქალთა მოძრაობა ამერიკაში შემდეგაც არ დამცხრალა. გამუდმებულ ბრძოლით ამერიკელმა ქალმა XIX საუკუნეში ისეთი უფლებები მოიპოვა და იმდენად გაიუმჯობესა თავისი მდგომარეობა, რომ ევროპიელი ქალი გაცილებით შორს ჩამორჩა მას და დღესაც ვერ დასწევია თავის ამხანაგს.

სამწუხაროდ, ადგილი ნებას არ გვაძლევს დაწვრილებით განვიხილოთ დედაკაცის მოქალაქეობრივი უფლებანი, რომელნიც შესამჩნევად განსხვავდებიან ერთმანეთისგან სხვა და სხვა სახელმწიფოებში. მარტო გერმანიის კანონმდებლობამ შეიმუშავა ასამდე მაგალითი ქონებრივ ურთიერთობისა მეუღლეთა შორის. საზოგადოდ შეიძლება ითქვას, რომ წარსულ საუკუნის მეორე ნახევრის დამდეგამდის დედაკაცი გათხოვების შემდეგ ჰკარგავდა ყოველგვარ უფლებას. იმ დროს ინგლისში ქმარი და ცოლი იურიდიულ ერთეულს წარმოადგენდენ. ქმარს ნება არ ჰქონდა ცოლისთვის ეჩუქებინა რამე, ან რაიმე ხელშეკრულება დაედო მასთან, რადგან თავის თავთან ხელშეკრულების დადება არ შეიძლებაო. თუ ქალი გათხოვებამდის ვალს დაიდებდა, გათხოვების შემდეგ ეს ვალი ქმარს უნდა გაესტუმრებინა. ერთის სიტყვით ცოლის პირპვნება იურიდიულად გაუქმებული იყო ქმრის უფლებებით. შემდეგში, 1870 და 1882 წლების კანონებით, დედაკაცის მდგომარეობა ინგლისში არსებითად შეიცვალა. ის კანონები, რომელნიც დედაკაცის უფლლებს ზღუდავდენ, თანდათან გააუქმეს და ქმარიანი დედაკაცი ქმრის მზრუნველობისგან გაანთავისუფლეს. საგულისხმო ის არის, რომ დედაკაცი არა თუ გაანთავისუფლეს, -  ქმართან შედარებით, უპირატესობის მქონეც გახადეს. მაგალითად: თუ გასათხოვარმა ქალმა ვალი დაიდო, გათხოვების შემდეგ მისი ქმარი მოვალეა ეს ვალი გაისტუმროს. ამავე დროს თუ ქმარს ვალი დაედო, მევალე იმის ცოლის ქონებას ხელს ვერ ახლებს, თუნდაც დამტკიცდეს, რომ ვალი ოჯახის საჭიროებისთვის იყო აღებული, მაშასადამე, ცოლიც სარგებლობდა ნასესხით.

ასევე შესამჩნევი ცვლილებები მოხდა ამერიკისა, ავრსტრალიისა, კანადისა, შვეიცარიისა და იტალიის დედაკაცთა მდგომარეობაში. უკანასკნელ 50 წლის განმავლობაში ყველგან დიდი ნაბიჯი წარსდგა წინ დედაკაცმა და შესამჩნევად გააუმჯობესა თავის სასარგებლოდ კანონები შესახებ ქონებრივ ურთიერთობისა მეუღლეთა შორის.

აგიტაცია დედაკაცის პილიტიკურ უფლებების შესახებ ყველაზე ადრე ისევ ინგლისში დაიწყო. 1867 წელს ინგლისის პარლამენტმა განიხილა ჯონ სტიუარტ მილლის მიერ შეტანილი წინადადება ქალთა პოლიტიკურ უფლებების შესახებ და 196 ხმის უმეტესობით წინადმდეგ 73 ხმისა უარჰყო იგი. 1892 წელს პარლამენტმა ხელმეორედ განიხილა ეს საკითხი და ისევ უარჰყო ქალთა უფლების გაფართოვება, მაგრამ ქალთა მომხრე აღმოჩნდა 179 კაცი, წინააღმდეგი კი მხოლოდ 202. 1897 წელს პარლამენტი მესამედ დაუბრუნდა ამ საკითხს. კანონპროექტის ხელმეორედ გადასინჯვის დროს უმეტესობამ 71 ხმით მიიღო ბილლი, მაგრამ სხვა და სხვა მიზეზების გამო, კანონპროექტის მესამედ წაკითხვა არ მოხდა და ბილლი კანონად ვერ გადაიქცა. ინგლისელი ქალი დღესაც მონაწილეობას არ იღებს საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ სხვა გვარად სასოფლო, სამოქალაქო და საგრაფოების არჩევნებში იგი მამაკაცთან გათანასწორებულია. მას მინიჭებული აქვს აქტივური და პასივური საარჩევნო უფლება, ე. ი. შეუძლიან აირჩიოს და არჩეულ იქმნას. ეჭვს გარეშეა, რომ დღეს თუ ხვალ ინგლისელი ქალი პოლიტიკურად ყოველ მხრივ გაუთანასწორდება მამაკაცს და პარლამენტში ისეთსავე ძალას მოიპოვებს, როგორიც დღემდის მამაკაცებს ეკუთვნოდა.

ამ მხრით ინგლისს არც ნორვეგია ჩამორჩება. ნორვეგიელ ქალს შეუძლიან მონაწილეობა მიიღოს მრავალ სამოქალაქო და საზოგადოებრივ დაწესებულების არჩევნებში. პარლამენტმა რამდენჯერმე განიხილა საკითხი შესახებ იმისა, რომ დედაკაცსაც მიეცეს უფლება პარლამენტის (სტორტინგის) არჩევნებში მონაწილეობის მიღებისა და ხმის უმეტესობით დაადგინა დედაკაცის და მამაკაცის პოლილიკურ უფლებების გათანასწორება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება კანონად ვერ გადაიქცა, რადგან ნორვეგიის კონსტიტუციით ასეთ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა პარლამენტის 2/3-ის თანხმობა.
ამ საქმეში საფრანგეთი და გერმანია ძალიან ჩამორჩენ ინგლისსა და ნორვეგიას. გერმანიაში კანონით დედაკაცს პოლიტიკურ კრებებსა და მიტინგებზე დასწრებაც კი აკრძალული აქვს.

ქალთა უფლებების გაფართოვების მხრივ ყველა ქვეყნებს წინ გაუსწრო ავსტრალიის ფედერაციამ. 1893 წელს ავსტრალიის ქალებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა პარლამენტის წევრთა არჩევნებში და პირველადვე აჯობეს მამაკაცებს: არჩევნებს დაესწრო ქალების 90%, ხოლო მამაკაცებისა 70%. საგულისხმო ის არის, რომ ქალების მონაწილეობამ არჩევნებში არაფრით არ შესცვალა ავსტრალიის პოლიტიკური ცხოვრება და ოთხჯერ მომხდარი არჩევნები (1893, 1896, 1899, 1902 წ.) იმავე ლიბერალურ მთავრობის სასარგებლოდ გათავდა, რომელმაც პოლიტიკური თანასწორობა მიანიჭა ავსტრალიის ქალებს. 1900 წელს, როდესაც ავსტრალიის კოლონიებმა ფედერაცია შეადგინეს, ქალებს, საფედერაციო დეპუტატების გარდა, საფედერაციო სენატის წევრთა არჩევის უფლებაც მიეცათ. ასე გადაწყვიტა საკითხი ქალთა პოლიტიკურ უფლებების შესახებ თანამედროვე სახელმწიფოთა შორის ყველაზე უფრო დემოკრატიულმა ავსტრალიამ.



ჯავახიშვილი მიხეილ: ქალთა მოძრაობის ისტორიიდგან: გაზ. "ივერია" 1906, # 9: გვ. 14-15

Saturday, June 4, 2011

მიხეილ ჯავახიშვილი. დამოუკიდებელი სასამართლო

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო არსებობს, ყოველ მთავრობას სამნაირი დანიშნულება აქვს: საკანონმდებლო, სამმართველო და სამოსამართლო. სადაც არ არის კანონმდებლობა, მმართველობა და სასამართლო, იქ არც სახელმწიფოა. როგორც უნდა იყოს წარმომდგარი სახელმწიფო: დაპყრობით, უზურპაციით თუ კავშირით, სულ ერთია, იქ უეჭველად უნდა იყოს სამივე დარგი მთავრობისა. შეიძლება მათ შორის გაბატონდეს ერთი რომელიმე დარგი, რომელმაც, შეიძლება, დაიმორჩილოს მეორე მხარე, ან თავის უფლებას გადააჭარბოს, შეიძლება სამივე დარგის დანიშნულება ერთმა დაწესებულებამ მიითვისოს, მაგრამ ყოველთვის სჩანს მთავრობის ამა თუ იმ მოქმედებაში ან კანონმდებლობა, ან მმართველობა, ან მოსამართლეობა. ჯერ კიდევ არისტოტელმა შენიშნა ეს მოვლენა, მაგრამ იმაზე კი არაფერი სთქვა, თუ რა დამოკიდებულება უნდა იყოს მათ შორის. ეს საკითხი დაწვრილებით გამოიკვლიეს მხოლოდ მეთვრამეტე საუკუნეში საფრანგეთის მოაზრეებმა და მეცნიერებმა, რომელნიც გულდასმით შეუდგენ იმის ძიებას, თუ როგორ უნდა მოეწყოს სახელმწიფო, რაგვარი ურთიერთობა უნდა დამყარდეს მთავრობის სამნაირ დარგთა სორის, რომ შეიძლებოდეს უზრუნველყოფა მოქალაქეთა თავისუფლებისა და მმართველ წრეების ალაგმვა.

დიდებულ რევოლუციამდის საფრანგეთში მთავრობის ბოროტმოქმედებამ, თვითნებობამ და ძალმომრეობამ უმაღლეს წერტილამდე მიაღწია და აზრი მთავრობის ალაგმვისაც პირველად იქ დაიბადა. ეს საკითხი საუცხოვოდ და დაწვრილებით შეიმუშავა მონტესკიემ თავის განთქმულ თხზულებაში "კანონების სული". მონტესკიე ბრწყინვალედ ამტკიცებს, რომ როცა ერთი და იგივე დაწესებულება ორნაირ დანიშნულებას ასრულებს, როცა იგი კანონმდებელიც არის და მისი აღმასრულებელიც, ასეთ შემთხვევაში მოქალაქეთა თავისუფლება შეუძლებელია. თავისუფლება შეუძლებელია აგრეთვე იქ, სადაც სასამართლო გამოყოფილი არ არის საკანონმდებლო და აღმასრულებელ მთავრობისგან. თუ მოსამართლეც და კანონმდებელიც ერთი და იგივე პირია, მოქალაქეთა თავისუფლებას საფრთხე მოელის, რადგან მოსამართლეს ყოველთვის შეუძლიან ამა თუ იმ შემთხვევაში კანონი შესცვალოს და ისეთი კანონი გამოსცეს, როგორიც საჭიროა მისთვის. სასამართლო და აღმასრულებელი დაწესებულებანი რომ ერთად აურიოთ, ყოველ მოსამართლეს შეუძლიან ტირანად გადაიქცეს, _ მმართველობის დროს ის ყოველ ნაბიჯზე დაარღვევს კანონს და სასამართლოში თავის თავს თვითონ გაასამართლებს.

მონტესკიეს იდეა სავსებით შეითვისა საფრანგეთის რევოლუციის დროის მოწინავე თაობამ და 1791 წელს, როცა გამოცხადებულ იქმნა მოქალაქისა და ადამიანის უფლებები, ეროვნულმა კრებამ დაადგინა, რომ ის "საზოგადოება კონსტიტუციური არ არის, სადაც უზრუნველყოფილი არაა უფლებები და დანაწილებული არ არის მთავრობა", ესე იგი ასეთ საზოგადოებას არა აქვს თავისუფალი დაწესებულებანი.

იდეა სასამართლოს დამოუკიდებლობის თანდათან ფეხს იკიდებდა და ეხლა გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ იმ ქვეყანაში, სადაც სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, თავისუფლება არ არსებობს. სასამართლოს დამოუკიდებლობა დამყარებულია იმ პრინციპზე, რომ ყველა სადავო საქმე შეეხება მხოლოდ და მხოლოდ ჩვეულებრივ სასამართლოს. მთავრობის არც ერთ სხვა დარგს არ შეუძლიან სასამართლოს საქმეში ჩაერიოს. არ შეიძლება დაარსება ისეთ განსაკუთრებულ სასამართლოეების, რომელნიც ჩვეულებრივ სასამართლოს ექიშპებიან, არც ერთ მოქალაქეს არ უნდა წაერთვას უფლება მიმართოს ჩვეულებრივ სასამართლოს იმ შემთხვევაში, როცა მისი უფლება დარღვეული და შელახულია. ყოველნაირ დავას არჩევს ჩვეულებრივი სასამართლო და ყველა მოქალაქენი თანასწორნი არიან მის წინაშე. - ეს არის საფუძველი დამოუკიდებელ სასამართლოსი ყოველ განათლებულ და თავისუფალ ქვეყანაში.

სასამართლოს მთავარი დამახასიათებელი თვისება ის არის, რომ იგი - ტოკვილისა არ იყოს -  შუამავალია მოდავეთა შორის. იგი შუამავალია აგრეთვე მთავრობისა და ხალხის შორის, იგი არკვევს და ანიჭებს უფლებას ამა თუ იმ მხარეს, როცა უფლება სადავო ხდება, იცავს ამ უფლებებს, როცა იგი ვისიმე მხრით დარღვეულია და არ დასდევს იმას, თუ ვინ დაარღვია უფლება, - მთავრობამ თუ ხალხმა.

სასამართლო, მოქალაქეთა კერძო უფლებების გარდა, იცავს საზოგადოებისა და სახელმწიფოს უფლებას და ამ შემთხვევაში მთავრობის წარმომადგენელი სასამართლოსგან თხოულობს უფლების დამრღვევის დასჯას და დარღვეულ უფლების აღდგენას. მაგრამ ხშირად თვითონ მთავრობაც არღვევს მოქალაქეთა უფლებებს, არღვევს მის თავისუფლებისა და პიროვნების ხელუხლებლობის უფლებას და სხ. ამ შემთხვევაში მოქალაქეს ნება უნდა ჰქონდეს სასამართლოს მიმართოს და სთხოვოს მისი უფლების აღდგენა და მთავრობის წარმომადგენელის დასჯა.

იქ, სადაც ზემოხსენებული სამი დარგი სასამართლოსი ჩაბარებული აქვს ჩვეულებრივ სასამართლოს, იგი დამოუკიდებელ სასამართლოდ უნდა ჩაითვალოს. ასეთ ქვეყანაში სასამართლო დამცველია კანონიერებისა და მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებისა. ასეთი მნიშვნელობა აქვს სასამართლოს ინგლისსა და ამერიკაში. ეს უფლება ხალხმა მედგარ ბრძოლის შემდეგ მოუპოვა სასამართლოს. ფეოდალურ წესწყობილების დროს მოსამართლის დანიშნულებას თვითონ მეფეები ასრულებდენ. შემდეგ ეს უფლება გადასცეს თავის მოხელეებს, რომელნიც მეფის სახელით ასამართლებდენ ხალხს. აქედან წარმოსდგა მეფის უფლება შესახებ განსაკუთრებულ სასამართლოების დანიშვნისა. სწორედ აქედანვე იწყება აუარებელი ბოროტმოქმედება სასამართლოს მხრივ. XVII საუკუნეში ინგლისში გაძლიერდა საიდუმლო სასამართლო, რომელიც თავზარს სცემდა ხალხს. ასეთ სასამართლოს ხალხმა იმით დაუწყო ბრძოლა, რომ იგი უარჰყოფდა მეფის მხრით გასამართლების უფლებას და თხოულობდა მუდმივ და ჩვეულებრივ სასამართლოს.

ერთხელ მეფემ იაკობ I-მა მოინდომა სასამართლოს საქმეში ჩარევა. მოსამართლე კუკმა ასეთი პასუხი გასცა მის წარმომადგენელს: "პირადათ მეფეს არ შეუძლიან არც სისხლისა და არც სამოქალაქო საქმის გარჩევა, რადგან ყოველი სადავო საქმე უნდა გაარჩიოს მოსამართლემ თანახმად ინგლისის კანონებისა და ჩვეულებისა. მეფეს უფლება აქვს დაესწროს მხოლოდ უმაღლეს სასამართლოს კრებას, მაგრამ საქმეს მაინც ის კი არ გაარჩევს, არამედ სასამართლო". რევოლუციის შემდეგ ინგლისის პარლამენტმა დაადგინა, რომ არც მეფესა და არც მის საბჭოს არავისი გასამართლება არ შეუძლიანთ და ეს უფლება ეკუთვნის მხოლოდ ჩვეულებრივ სასამართლოს.

საფრანგეთის კონსტიტუციამ 1791 წელს უფრო ნათლად აღნიშნა სასამართლოს მოვალეობა. მაშინდელ კონსტიტუციაში ნათქვამი იყო, რომ ვისიმე გასამართლება არ შეუძლიან არც კანონმდებელ დაწესებულებას და არც მეფეს. მოქალაქეთა გასამართლების უფლება აქვს მხოლოდ კანონით დაწესებულ სასამართლოს და არც ერთი მოსამართლე არ უნდა დაემორჩილოს რომელიმე სხვა განსაკუთრებულ სასამართლოსაო.

ევროპის კონტინენტზე სასამართლოს ერთი მხრით არა აქვს ისეთი ფართო უფლება, როგორც აქვს ინგლისისა და ამერიკის სასამართლოს. ევროპაში სასამართლოს უფლება არა აქვს მთავრობის აგენტებიც ისეთივე წესით გაასამართლოს, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს ასამართლებს. ზოგ სახელმწიფოში მოხელეთა გასამართლებისათვის განსაკუთრებული დაწესებულება არსებობს, ზოგში კი მოხელის გასამართლებისთვის საჭიროა მთავრობის ნებართვა, ურომლისოდ სასამართლოს უფლება არა აქვს მოხელე გაასამართლოს. ჯერ კიდევ რევოლუციის დროს საფრანგეთში ისეთი წესი შემოიღეს, რომ სასამართლოს არ შეეძლო სახელმწიფო საბჭოს ნებადაურთველად მოხელის გასამართლება ისეთი მოქმედებისათვის, რომელიც იმის სამსახურს შეეხებოდა. ეს წესი საფრანგეთში დღესაც არსებობს. სხვათა შორის აქ ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოს წევრებს ნიშნავს და ითხოვს რესპუბლიკის პრეზიდენტი.

ინგლისში მთავრობის უმაღლეს მოხელეთა წინააღმდეგ სამოქალაქო დავის აღძვრა კანონით შეიძლება მხოლოდ მეფის ნებართვით, ფაქტიურად კი ასეთ ნებართვას მეფე ყოველთვის იძლევა. ხოლო სხვა მოხელეთა წინააღმდეგ დავის აღძვრა ყველას შეუძლიან უნებართვოდ. ყველა მოხელე ერთნაირად აგებს პასუხს იმ დანაშაულობის გამო, რომელიც მან ჩაიდინა კერძო ცხოვრებაშიაც და სამსახურშიაც. ორივე შემთხვევაში პირადად ის არის პასუხიმგებელი და არ შეუძლიან თავი იმით იმართლოს, ვითომ მე მხოლოდ ჩემი უფროსის ბრძანება შევასრულეო. თუ სალდათმა აფიცრის ბრძანებით მოკლა კაცი, მას არ შეუძლიან თავის გამართლება ბრძანების ასრულებით: ის პირადად აგებს პასუხს და ვერავითარი ბრძანება ვერ იხსნის მას. თუ პოლიციელმა უფროსის ბრძანება შეასრულა და უკანონოდ დააპატიმრა ვინმე, ის პასუხისმგებელია სასამართლოს წინაშე პიროვნების ხელუხლებლობის კანონის დარღვევისთვის. კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს ინგლისის სასამართლო მტკიცედ იცავს. ინგლისში იშვიათია სამსახურის დროს ბოროტმოქმედების ჩადენის მაგალითი, რადგან ყველა მოხელემ კარგად იცის, რომ ის სასტიკად დაისჯება დანაშაულობისთვის და ამიტომ ერიდება კანონის დარღვევას, მაგრამ ინგლისის სასამართლოს ყოველ წლობით უხდება მაინც ისეთ საქმეების გარჩევა, რომელიც შეეხებიან პოლიციისა და ადმინისტრაციის მხრით კანონის დარღვევას, და დამნაშავეს სასტიკად სჯის.

ამას წინად მანჩესტერში ნაფიც ვექილთა სასამართლომ გაარჩია საქმე პირველ მინისტრის სოლსბიურისა, რომელსაც დეპუტატი ბრიენი დიფამაციას უჩიოდა. ცოტა ხნის შემდეგ ჟურნალისტმა სიმსმა საჩივარი აღძრა დედოფლის ძმისწულისა და ბრიტანიის ჯარების მთავარსარდლის, კემბრიჯის ჰერცოგის წინააღმდეგ, რომელმაც უცაბედად ხელი ჰკრა სიმსს. მოსამართლემ უარი უთხრა სიმსს, საკმარისი საბუთი არა გაქვსო, მაგრამ უმაღლესმა სასამართლომ საჩივარი მიიღო და მისმა თავმჯდომარემ ასე დაასაბუთა სასამართლოს გადაწყვეტილება: "საჭიროა ინგლისელებმა იცოდენ, რომ კანონის წინაშე დედოფლის ყველა ქვეშევრდომნი, რაც უნდა მაღლა იდგენ ისინი წოდებითა და ხარისხით, თანასწორნი არიანო". თუ ადმინისტრაცია რაიმე უსამართლობას ჩადის, სასამართლო აფრთხილებს მას, და თუ ამან არ გასჭრა, კანონის დამრღვევს სასამართლო ბრალსა სდებს იმაში, რომ ის არ დაემორჩილოს დადგენილებას, და აპატიმრებს.
ერთხელ ინგლისის მატროსი, ვინმე ფლოიტი სამსახურიდან გაიქცა, პოლიციამ მის მაგივრად შეცდომით ვინმე ტომსონი დააპატიმრა და გაგზავნა ერთ სამხედრო გემზე, რომლის უფროსმა მის პროტესტს ყურადღება არ მიაქცია და დააპატიმრა. სასამართლომ მაშინვე ბრძანება გაუგზავნა გემის უფროსს, პატიმარი წარმოადგინეთ და მისი დაპატიმრების ბრძანების ქაღალდიც მოიტანეთო. გემის უფროსმა ტომსონი სასამართლოში გაგზავნა, თვითონ კი არ მივიდა. სასამართლომ მოითხოვა დაპატიმრების ბრძანება, საადმირალოს წარმომადგენელს კი მხოლოდ მისი პირი ჰქონდა. ამის გამო მოსამართლეთა და მას შორის ასეთი დიალოგი მოხდა:

მოსამართლე. ჩვენ გვსურს ტომსონის დაპატიმრების ბრძანება მივიღოთ.
მეორე მოსამ. თქვენ არ ემორჩილებით ბრძანებას. თქვენ დოკუმენტი პასუხთან ერთად უნდა მოგეტანათ. თქვენ ამბობთ, არა მაქვსო და არც პასუხს იძლევით. რატომ? თქვენ შეურაცხყოფთ სასამართლოს.
ადმინისტრაციის წარმომადგ. ბრძანება თან არა მაქვს.
მოსამართლე. ამ შემთხვევაში სასამართლოში არ უნდა მოსულიყავით და ასეთი სისულელე არ გეთქვათ. ჩვენ ეხლავე დავაპატიმრებთ გემის კაპიტანს. არ შეიძლება ინგლისის კანონების არ ცოდნით იმართლოთ თავი და ასე მასხარად აიგდოთ მოქალაქობრივი თავისუფლება.

მეორე დღეს გემის კაპიტანი, ჰერცოგი ველიგტონი დააპატიმრეს და, როცა სასამართლოში გაგზავნეს, მოსამართლემ უთხრა: "თქვენი წარმომადგენელი იმით გამართლებდათ, რომ თქვენ თქვენი უფროსის ბრძანებით მოქმედებდით. ეგ საბუთი არ არის თქვენ დიდად შეურაცხყავით სასამართლო. ჩვენ შეგვეძლო თქვენი დაპატიმრება, მაგრამ ჯერ 12 000 მანეთით გაჯარიმებთ".

ინგლისის სასამართლოს უფლება აქვს სატუსაღოში ჩასვას ის კაცი, რომელიც შეურაცხყოფს სასამართლოს. კანონში ნათქვამი არ არის დაპატიმრების ვადა, ასე რომ სასამართლოს შეუძლიან თავის შეურაცხმყოფელს უვადო დაპატიმრება გადაუწყვიტოს. ეს სასჯელი იმით არის საშინელი დასჯილთათვის, რომ მეფესაც კი არ შეუძლია მას სასჯელი აპატიოს.

მაგრამ სასამართლო ისე დამოუკიდებელი და დემოკრატიულად მოწყობილი არსად არ არის, როგორც ამერიკაში. იქ სასამართლო ორ ნაწილად იყოფება: შტატებისა და საერო, ფედერატიული, რომელიც ისეთ საქმეებს არჩევს, რომელნიც შეეხებიან ფედერატიულ კანონების დარღვევას. ორივე სასამართლოს უფლება აქვს მთავრობის მოხელეთა საქმეები გაარჩიოს და ვისიმე დაუკითხავად დასაჯოს. ყველა მოქალაქეს შეუძლიან ყველა დიდ და პატარა მოხელეს ბრალი დასდოს და სამართალში მისცეს. ამერიკის სასამართლო იმით განსხვავდება სხვა ქვეყნების სასამართლოებისაგან, რომ მას უფლება აქვს იხელმძღვანელოს უფრო კონსტიტუციით, ძირითად კანონებით, ვიდრე უბრალო საკანონმდებლო დაწესებულების მიერ გამოცემულ კანონებით, რომელნიც, შეიძლება, კონსტიტუციას არ ეთანხმებოდენ. ეს უფლება ამერიკის სასამართლოს გარდა არც ერთ სხვა სასამართლოს არა აქვს. დიდი უფლება აქვს მინიჭებული კავშირის სასამართლოს, რომელიც ხშირად შტატების დავასაც არჩევს ხოლმე. "როგორღაც მეხამუშა, - ამბობს ერთი ფრანგი, რომელიც დაესწრო ამ სასამართლოში საქმის გარჩევას, - როცა სასამართლოს ბოქაულმა განაცხადა: ნიუ-იორკის შტატი ოგაიოს შტატს დავას უცხადებსო". ერთ შტატში ერთი მილიონი მცხოვრებია, მეორეში -  ორი. აქედან ცხადია, თუ რა დიდი პასუხის მგებლობა აწევს სასამართლოს. კავშირის სასამართლო აერთებს შტატებს და უზრუნველ ჰყოფს ფედერაციის არსებობას. მას ხშირად მიჰმართავს ხოლმე მთავრობა, როცა იგი თავის უფლებას დარღვეულად სცნობს; მას მიჰმართავს ხოლმე საკანონმდებლო დაწესებულება, როცა მისი უფლება ირღვევა ვისიმე მხრით.

სასამართლოს დამოუკიდებლობა მოითხოვს, რომ მისი წევრები ყოველ მხრით დამოუკიდებელი იყვენ. ამისთვის დაწესებულია: 1) წესი მოსამართლის არჩევისა, 2) მოსამართლის გამოცვლა არავის არ შეუძლია სასამართლოს გარდა 3) მოსამართლის ისეთ პირობებში ჩაყენება, რომ ის სავსებით მიუდგომელი იყოს. ამისთვის მას არ შეუძლიან სხვა რაიმე საქმე იკისროს, სხვაგან იმსახუროს, საჩუქარი მიიღოს ვისიმე მხრით. მას ნება არა აქვს მთავრობის მხრით მიიღოს ხარისხი, ჯამაგირი, ჩინი და სხ.; მას ეძლევა საკმაოდ დიდი ჯამაგირი.

მოსამართლეს თვითონ ხალხი ირჩევს, მაგრამ იქ, სადაც სავსებით არ არის აღიარებული საზოგადოდ ხალხის უმაღლესი უფლება, მოსამართლეთა არჩევაც ხალხს არა აქვს მინდობილი. ევროპაში მხოლოდ შვეიცარიის მოსამართლეებს ირჩევენ, მაგრამ ხალხი კი არა, არამედ მისი წარმომადგენელნი - ფედერატიული კრება. მოსამართლეთა არჩევანი დემოკრატიული წესით განხორციელებულია ავსტრალიის ფედერატიულ რესპუბლიკაში და ამერიკის დეფერაციის ზოგიერთ შტატებში. იქ თვითონ ხალხი ირჩევს მოსამართლეებს და ისეთივე უფლებებს აძლევს მათ, როგორც პარლამენტის წევრებს. მაგრამ ინგლისშიაც მოსამართლე ავსტრალიისა და ამერიკის მოსამართლეზე ნაკლებად არ არის დამოუკიდებელი. ეს იმით აიხსნება, რომ ინგლისში მტკიცედ არის დაცული მოსამართლის გამოუცვლელობის პრინციპი და მისი უზრუნველყოფა. უწინ ინგლისის სასამართლო პირველი მონა და მოსამსახურე იყო გაბატონებულ კლასისა, ეხლა კი, როცა ორივე პალატის გარდა არავის არ შეუძლიან მოსამართლის გამოცვლა, როცა მოსამართლემ სრული ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა ხალხის თვალში და როცა მოსამართლე საპატიო პირად ითვლება საზოგადოებაში, სასამართლო ძირიან-ფესვიანად შეიცვალა და მისი ავტორიტეტი იმდენად გამტკიცდა, რომ ინგლისის სასამართლოს ვერავინ უსაყვედურებს მიდგომას და ამა თუ იმ კლასის მოსამსახურეობას.
ინგლისის მოსამართლეს არ შეუძლიან სამსახურში წინ წაწევა და ჯილდოს მიღება. ის ქონებრივად უზრუნველყოფილია, ხოლო უფლებით შეუზღუდველი. ამერიკის სასამართლოზე ვიღამაც ასეთი აზრი გამოსთქვა: "პრეზიდენტის შეცდომა ზარალს ვერ მიაყენებს სახელმწიფოს, რადგან მისი უფლება შეზღუდულია. შეიძლება კონგრესიც შესცდეს. ამის გამო ფედერაცია არ დაიღუპება, რადგან კონგრესის შეცდომას გაასწორებს საარჩევნო კრება, რომელიც გამოსცვლის მის წევრებს, მაგრამ, თუ ამერიკის უმაღლეს სასამართლოში უგუნური და უზნეო მოსამართლენი მოხვდენ, ფედერაციას ან ანარქია მოელის, ან სამოქალაქო ომიო".

ასეთი მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელ სასამართლოს. ჩვენ შეგვეძლო რუსეთსაც შევხებოდით, მაგრამ მეტად მიგვაჩნია იმის განმეორება, რაც ყველამ იცის. რუსეთის სასამართლო, რომელიც, მინისტრიეს ლანსკისა არ იყოს, "შეკაზმული ჰყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს", ნიმუშია ფეოდალურ დროის სასამართლოსი. აუარებელი სამხედრო, საეკლესიო, სავაჭრო და საგლეხო სასამართლოების არსებობა საკმაოდ ამტკიცებს მხოლოდ იმას, რომ რუსეთში ყოველ წოდებისთვის და კლასისთვის ცალკე სასამართლო არსებობს.


ჯავახიშვილი მიხეილ: დამოუკიდებელი სასამართლო: გაზ. "ივერია" 1906, # 20: გვ. 10-13




Tuesday, April 26, 2011

ბარბარე ჯორჯაძის ლექსი ქალთა უფლებებზე

ეკატერინე გაბაშვილი, ეკატერინე მელიქიშვილი, ელენე ყიფიანი
კაცებს
 

მიკვირს, გულში რათ ჩაგეჭრათ,
კაცთ ქალების მეშურნობა?
როგორც ნივთი დაგიპყრივართ
და არა გაქვთ ჩვენი ნდობა.


სულ გვძრახავთ და სულ                                                      გვაძაგებთ,
არც ჭკუა აქვთ, არც გრძნობაო,
რა ესმით, რას გააგონებთ,
რომ არა აქვთ გონებაო.





ქალმა გიხსნათ სატანჯველით,
შეგაერთათ ზეცის ძალსა,
გაგიბრწყინდათ ბნელი ნათლით,
რომ იაროთ გზას უვალსა.

დაცემულნი აღგადგინათ
და იტვირთა თვით ძე ღვთისა,
რომ სამოთხე კვლავ გეპოვნათ
და მოესპო წყევა ისა.

ქალი იყო წმინდა ნინა,
რომ კერპობა დაარღვია,
ქრისტეს მცნება დაგვიდგინა
და ხელთ იპყრო ივერია.

თამარ მეფე, გმირთა-გმირი,
ქართველთ სახელის მომფენი,
ვინც განჰკურნა ქვეყნის ჭირი
და ადიდა ჩვენი ძენი.

მრავლის ტანჯვის მიმღებელი,
ის ქეთევან დედოფალი,
ვით დაიცვა ქრისტეს რჯული
და ეწამა ტურფა ქალი.

ხომ ასეა და რათ გვჩაგრავთ,
რათ გვაყენებთ ამდენს ვნებას?
ძალის-ძალით თვალებს გვიხვევთ
და ცდილობთ ჩვენს დამუნჯებას.

მშობელს დედას, ცოლს და ასულს,
ასე როგორ დაამდაბლებთ?
ცბიერათ ხდით, უწუხებთ სულს,
ბოროტებას მუდამ სწამებთ.

მათ სიტურფეს ჯადოთსახავთ,
მაშ თქვენ რაღათა ტყუვდებით?
რაკი კეკლუც ქალსა ნახავთ,
გადირევით , შეიშლებით.

დარწმუნდით, რომ ამხანაგათ
შევქნილვართ და უნდა ვიყოთ,
მაშ აღგვზარდეთ ზნითაც კარგათ,
რომ ყოველ მხრით სრულნი ვიყოთ.



ილია ჭავჭავაძე პრესის თავისუფლების შესახებ

პროვინციალური გაზეთები

ერთი უმთავრესთაგანი დანიშნულება ყოველ პროვინციალურ გაზეთისა, როგორც მოგეხსენებათ, ის არის, რომ საზოგადოებასა და თვით მთავრობასაც აცნობოს იმ მხრისა და ხალხისა მდგომარეობა, საჭიროება, ავი და კარგი, იმ ქვეყნის მოთხოვნილება, ლხინი და დარდი, და ერთის სიტყვით, ყველაფერი, რაც კი საზოგადო საქმეებს შეეხება იმ ქვეყნისას, სადაც ეს გაზეთი გამოდის.

ამ დანიშნულების შესრულება პროვინციალურ გაზეთს მით უფრო ადვილად და ქვეყნის სასარგებლოდ შეუძლია, რაც ის უფრო ნაკლებად დამოკიდებულია სხვადასხვა გარეშე მიზეზებისაგან, რაც უფრო მომეტებული ნება აქვს მიცემული, რომ ყოველ საზოგადო დაჭირებაზე და ლხინზე თამამად და მოურიდებლად ილაპარაკოს და სწეროს.
სამწუხაროდ, ხშირად სატახტო გაზეთებიც არ არიან ამგვარს მდგომარეობაში, პროვინციალურ გაზეთებს ხომ იმის ნახევარი დამოუკიდებელობაც არა აქვს მინიჭებული, რაც ზემოხსენებულ სატახტო გაზეთებსა.

უმთავრესი დამაბრკოლებელი მიზეზი შემმფერხავი პროვინციალურ სტამბისა ის გახლავთ, რომ რუსეთში საზოგადოდ ბეჭვდის შესახებ არ არის კარგად გარკვეული, განსაზღვრული კანონები.

აქედამ წარმოსდგება გაურკვევლობა რუსეთის სტამბის მდგომარეობისა. დღეს ერთის თქმის ნებაა, ხვალ არა, ზეგ შეიძლება, მაზეგ კიდევ არა _ როგორ უნდა გამოიკვლიოს ჟურნალისტმა გზა ამისთანა მდგომარეობაში?

თვით ჩვენმა უმაღლეს მმართებლობამ იგრძნო ამისთანა მდგომარეობის მოუხერხებლობა და ამიტომაც ამ უკანასკნელის სამის წლის განმავალობაში პეტერბურღის გაზეთებში ხშირად იწერებოდნენ, რომ დანიშნული არისო ცალკე კამისია, რომელსაც ბეჭდვის შესახებ კანონების გამოცემა აქვს მინდობილიო.

მთელი რუსეთი მოუთმენელად მოელის ამ ახალ კანონებს ბეჭდვის შესახებ. ყველას ჰსურს, რომ ახლანდელი გაურკვეველი მდგომარეობა შეიცვალოს და მტკიცე, თუნდაც უფრო სასტიკი კანონები გამოიცეს, მხოლოდ კანონი კი იყოს; იყოს კანონი და ვიცოდეთ, რომ ვალდებულნი ვართ ამ კანონს ვემორჩილებოდეთ.

მაშ, ვინატროთ, რომ რაც შეიძლება მალე შეიცვალოს ახლანდელი მდგომარეობა, განსაკუთრებით პროვინციალურ ჟურნალ-გაზეთებისა, და რაც შეიძლება მალე დამყარდეს იმისთანა წესი, რომელიც ამ ჟურნალ-გაზეთებს ერის ნამდვილ სამსახურის შეძლების ღონეს მისცემს.

1882 წ

Tuesday, April 19, 2011

ილია ჭავჭავაძე კანონის უზენაესობის შესახებ

<რა არის თავისუფლება>

თავისუფლება იგი ყოფა-მდგომარეობაა ადამიანისაო, ამბობს ბოსსუეტი თავის მსოფლიო ისტორიაში, საცა ყოველი ემორჩილება მარტო კანონსა და საცა კანონი უძლიერესია ყოველ ცალკე კაცზედაო; ასეთის თვალით უყურებდა თავისუფალებას ძველი რომაელი და ძველი ბერძენიო. ეს ჭეშმარიტი და ზედმიწევნილი მნიშვნელობა თავისუფალებისა ეხლაც ცნობილია და აღიარებული ეხლანდელ მეცნიერთა და სახელმწიფოთაგან. ჭეშმარიტი, რიგიანი აგებულება და წყობილება კაცთა საზოგადოებისა სწორედ ამ ქვაკუთხედზედ უნდა იყოს ამოყვანილი. საცა ეგ არ არის, იმ კაცთა საზოგადოებური ცხოვრება, რომელიც ერთმანეთზედ დამოუკიდებლად და გადუბმელად შეუძლებელია, მარტო ძალმომრეობაა, ერთმანეთის თელვაა, ერთმანეთის ჩაგვრა და ძარცვა-გლეჯა. მაშინ ყოფა ადამიანისა ნადირთ ყოფაა და ადამიანი, ეგ კერძი ღვთისა, ნადირად გადაქცეულია, იმიტომ, რომ თვითვეულის სვე-ბედი თვითვეულის ფარხმლით საგერი და სატევია და არა საერთო მფარველობისა და შემწეობისაგან ნათავდებები და დაკუთვნებული. ამ ყოფით ცხოვრება ცნობიერს და ჭკვათამყოფელს სულიერს არ შეუძლიან და თვით იმ კრებულს ჭკვათა-მყოფელს სულიერთა, რომელსაც ჩვენ კაცთა საზოგადოებას ვეძახით, მიზეზი არსებობისა და ყოველივე მნიშვნელობა ეკარგება და უბათილდება.

ხოლო კაცმა რომ იმისთანა პატივსაცემი და მართალი, ადამიანისათვის თავმოსაწონი თავისუფალება იქონიოს, როგორსაც ბოსსუეტი ამბობს, საკმაო არ არის მარტო არსებობა კანონებისა. კანონი რჯულია ცხოვრებისა და ამიტომაც იგი სამართლისაგან ამოწვდილი ხმალიც არის ურჩთათვის და ფარიც არის საგერად და სახსნელად ჩაგრულთათვის. თუ ხმლობაში კანონს უსამართლოდ ჰხმარობს ვინმე, მაშინ ფარობამ კანონისამ თავი უნდა იჩინოს საგერად. კანონი მაშინ არის კაცთათვის მადლის მიმნიჭებელი, როცა ამ ორნაირს უწმინდაეს მნიშვნელობას მისას ჰპატრონობს თვითონ საზოგადოება, თვითვეული წევრი, თვითვეული კაცი. როცა კანონის სახელით მისევა თუ მოგერიება ჰბღალავს, ჰლახავს გრძნობას მართლიერებისას, მაშინ მე ვიჩაგრები ამისაგან, თუ სხვა, მაინც მოვალე ვარ თავი გამოვიდო, კანონის სახელი ძირს არ დავცე და არ გავაქელვინო, იმიტომ, რომ კანონი ყველასი ფარ-ხმალია და, მაშასადამე, ჩემიცა. აქ სიდიდე საქმისა არაფერს შუაშია. შეიძლება საქმე ჩალის ფასადაც არა ჰღირდეს, მაგრამ გალახული, გაუპატიურებული გრძნობა სიმართლისა კი მაინც ალაპარაკდეს და კანონს გამოესარჩლოს. ეს მარტო მაშინ არის შესაძლებელი, როცა გრძნობა სიმართლისა, ეგ ერთადერთი თავდები კაცთა საზოგადოების ბედნიერე-ბისა, ყველას გაღვიძებული აქვს და ყარაულად უდგა თვით კანონს.

სწორედ ესეც არის ყველგან, საცა კი ერთი ამ მხრით საზოგადოებურ ცხოვრებაში წარმატებულია. აი, თუნდა ამისი მაგალითი, რომელიც ჩვენებურს კაცს იქმება სასაცილოდაც არ ეყოს და რომელსაც კი, ჩვენის აზრით, დიდძალი მნიშვნელობა აქვს, იმოდენად დიდძალი, რომ უამისოდ ყოველივე კანონი, რაც უნდა კარგი იყოს, უქმი თამასუქია. ბრესლავში (რუსიის ქალაქია) ერთი მდიდარი სოვდაგარია თურმე. მას ეხლახან ჯვარი დაუწერია, პატარძალი შინ მიუყვანია და პოლიციისათვის კი არ შეუტყობინებია, რომ სახლში ახალი ადამიანი დაუბინავებია. პრუსიის კანონებით კი ყოველი პატრონი სახლისა მოვალეა აცნობოს პოლიციას სამის დღის განმავლობაში, თუ ვინმე უცხო კაცი თავის ბინაში დააბაინავა. პოლიციამ ამ კანონის დარღვევისათვის მანათზედ ცოტა მეტი ჯარიმა დააწერა სოვდაგარსა. სოვდაგარმა ჯარიმის გადახდევინება უსამართლოდ იცნა და პოლიციას უჩივლა. სასამართლოში სოვდაგარი ამტკიცებდა, რომ პოლიციას ამ შემთხვევაში ხელი არა ჰქონდა ჯარიმა გადაეხდევინებინა ჩემთვისაო, იმიტომ, რომ კანონში მოხსენებულია, რომ თუ უცხო კაცი დავაბინავე ჩემს სახლში და პოლიციას არ შევატყობინე, მაშინ უნდა გადამხდეს ჯარიმაო; ცოლი კი, არც კანონით და არც საღვთო წერილის ძალით, უცხო კაცად არ ჩაითვლება ქმრისთვისაო. არც სასამართლომ, არც სასამართლოს პალატამ არ შეიწყნარა სოვდაგარის საბუთი და ზემოხსენებული ჯარიმა, სულ ერთი მანათი და ერთი შაური, მჯავრად განუჩინა. სოვდაგარმა მაინც თავისი არ დაიშალა და გადიტანა საჩივარი დიდს სახელმწიფო სამართალში, რომელსაც რეიჰსგერიხტი ჰქვიან.

სასაცილოა განა, მკითხველო, ასეთი დავიდარაბა ერთის მანათის გულისათვის, მერე ვისგან? მდიდარის სოვდაგარისაგან. ჩვენებური კაცი მაშინვე ამოიღებდა ქისიდამ ერთს მანათს და მაშინვე დაამწყრალებდა პოლიციას. მაგრამ აქ საქმე განა მარტო ერთს მანათზეა! რა არის ერთი მანათი სოვდაგარისათვის, ხელის ჭუჭყია, მტვერია და სხვა არაფერი. მაგრამ, აბა, ახლა შიგ ჩაიხედეთ ამ საქმეში, გუნება და ბუნება გაუგეთ, მაშინ სიცილის მაგიერ გრძნობა პატი-ვისცემისა მიგახედებთ ამ სოვდაგარზედ. ცხადია, მდიდარს სოვდაგარს ის კი არ ანაღვლებს, რომ ერთი მანათი ერთმევა, არამედ ის, რომ, მისის აზრით, კანონი და სამართალი ირღვევა და კანონი და სამართალი კიდევ მისის თავისუფლების ციხე-სამაგრე იმოდენად ძვირფასია, რომ განურჩევლად, განუკითხველად ხელს არავის ახლებინებს. აი, ნამდვილი, ჭეშმარიტი მოქალაქობრივი თავგამოდება, აი ჭეშმარიტი ქველობა კაცთა საზოგადოების წევრისა. ამოდენა დავიდარაბაში, სამს სამართალში საქმის გატარებაში ერთი მანათი კი არა, იქნება ასი მანათიც დაეხარჯოს, მაგრამ იგი, ერისათვისაც იღწვის, მისთვის ყოველს ქონებაზედ უფრო ძვირფასია. კაცმა, მისის აზრით, უსამართლოდ მოაწვდინა მასზედ კანონის ხმალი და იგი იმავ კანონსა თავის კაცურის კაცობის ფასად წინ უყენებს და განკითხვას სამართლისაგან ელის. კაცური, ადამიანური ცხოვრებაც ამას ჰქვიან: ამისთანა კაცთა შორის ყველა შეკრულია ბოროტისათვის და ყველა გზაგახსნილია სიკეთისათვის. თავისუფლებაც ადამიანისა სხვა არა არის რა, რომ ბოროტისათვის სრულად შეკრული იყოს და სიკეთისათვის უხვად გზაგახსნილი.

ილია ჭავჭავაძე კანონის წინაშე თანასწორობის შესახებ

<კანონის წინაშე თანასწორობა საზოგადოების წესიერი აგებულების საფუძვლის ქვაკუთხედია>

კანონის წინაშე თანასწორობა ყველასი ერთად და თვითვეულისა ცალკე ერთი უმთავრესი ქვაკუთხედია იმ საფუძვლისა, რომელზედაც დამყარებულია კაცთა საზოგადოების წესიერი აგებულება. იგი კანონი კანონი არ არის, თუ მის წინაშე დიდპატარაობას, მაღალ-მდაბლობას ადგილი და სავალი ექმნება კაცთა მოქალაქურ ცხოვრების გზაზედ. რაკი ერთისათვის ერთი კანონია და მეორესათვის მეორე, კანონი ჰკარგავს თვის უდიდეს მნიშვნელობას საყოველთაო მფარველობისას და შემწეობისას, რადგანაც თვის მადლს და თვის მსჯავრს ერთნაირად ვერ მოჰფენს ყველასა, ვინც კი მისკენ მიიმართება გაჭირების დროს. ბუნებითად კანონი ყველასათვის ერთნაირი დავალებაა, ერთნაირი უფლება და როცა იგი ერთს ერთნაირად ექცევა და მეორეს სხვანაირად, მაშინ იგი სხვა არა არის რა, თუ არ რჯულად შექმნილი უპირატესობა ერთისა მეორის წინაშე.

ვერა წესიერად მოწყობილი მოქალაქური ცხოვრება ვერ შეიფერებს ამისთანა უსწორმასწორობას უიმისოდ, რომ თვით ზედ არ გადაეგოს, პირქვე არ დაემხოს და ამიტომაც არ არის ქვეყანაზედ არც ერთი იმისთანა განათლებული სახელმწიფო, საცა ყველას თანასწორობა კანონის წინაშე დედააზრად, სათავედ არ ედვას ყოველს კანონმდებლობას, ყოველს რჯულიერებას. რუსეთის სახელმწიფოშიაც ეს თანასწორობა ყველასი კანონის წინაშე ცხადად გამოთქმულია. განსვენებულის იმპერატორის ალექსანდრე II განსამართლების რჯულდებამ ეს თანასწორობა მტკიცე საფუძველზედ დააყენა რუსეთის იმპერიაში და აწ არსებული და მომქმედნი კანონები ყველას ერთგვარად და განურჩევლად უქადიან მფარველობას და შემ-წეობასა.
თუმცა რჯულიერება კანონის წინაშე ეგრე გვასწორებს ყველასა, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, თვითონ ცხოვრება, რომელსაც ჯერ ვერ აღმოუფხვრია ძირიანად ძველნი ზნენი და წადილნი, ჯერ კიდევ ეურჩება კანონს და დიდი ჰბედავს შებღალვას პატარის უფლებისას მარტო იმ აზრით, რომ მე დიდი ვარ და ის პატარაო.

ამ მავნებელის ზნის აყოლა მიეტევება გაუნათლებელს კაცსა, იმისთანა კაცსა, რომელსაც არ ესმის, რომელსაც ჯერ ვერ მიუგნია, რა დიდი მადლია ქვეყნისათვის, კაცთა საზოგადოების ბედნიერად ცხოვრებისათვის თანასწორობა კანონის წინაშე. ხოლო არ მიეტევება მას, ვინც გარეგანის ნიშნებით მაინც საგულისხმოა, რომ სწავლაში ყოფილა, განათლების შუქი ცოტად თუ ბევრად მოჰფენია და თვის საზოგადოებაშიც იმისთანას მდგომარეობა აქვს, რომ მოეთხოვება სამართლიანი მართებული ქცევა ყველგან და ყველას წინაშე, დიდი იქმნება თუ პატარა.

ყოველივე ეს გვათქმევინა ერთმა შემთხვევამ, რომელიც დღეს ახალს ამბებშია დაბეჭდილი ჩვენს გაზეთში. ერთი იმერელი მოსამსახურე გაუგზავნია თავის პატრონს ფაეტონის მოსაყვანად. დიდხანს ჰცდილა ეს მოსამსახურე, მრავალს მეფაიტონეებს შეჰხვეწნია, მაგრამ არავინ გამოჰყოლია. ბოლოს, როგორც იყო უშოვნია ფაეტონი. იქაც მახლობლად მდგარა სამი სამხედრო წოდების კაცი, ერთს მათგანს უბრძანებია მოსამსახურის მიერ დაჭერილ მეფაიტონესათვის, მე წამიყვანეო, მოსამსახურე უარზედ დამდგარა, ძლივძლივობით ვიშოვე ფაეტონი, ჩემი დაჭერილია და ვერ დაგითმობთო. სამხედრო წოდების კაცს ბევრი აღარ ულაპარაკნია, ფაეტონი წაურთმევია, დაუძახნია პოლიციელისათვის და უბრძანებია, ურჩი მოსამსახურე სადმე გამაცალეო.
ამისთანა ძალმომრეობა ხშირია ჩვენში, მაგრამ იშვიათად გამომჟღავნდება ხოლმე. სამართლამდე რომ მიაღწიოს ამ საქმემ, რასაკვირველია, ამ ძალმომრეობას, მარტო დიდპატარაობისა და მაღალ-დაბალობაზედ დაფუძნებულს, თავისი შესაფერი მსჯავრი დაედებოდა, მაგრამ საწუხარო ეს არის, რომ დიდმა იცის, პატარა ამაებს არ გამოუდგება და დანაშაული შერჩება დამნაშავესა. უსათუოდ ამისთანა ბოლოც ექმნება ამ საქმესა: მოსამსახურე არ იჩივლებს და ეს ამბავი ჩაილულის წყალს დალევს. ჩვენ კი არ შეგვეძლო ხმა არ ამოგვეღო ამ საგანზედ.

კანონის მიერ მონიჭებული თანასწორობა საჯარო უფლებაა, ერთნაირად კუთვნილი ყველასი და მაშასადამე, ერთნაირად ძვირფასი ყველასათვის. ამიტომაც იგი თანასწორობა ერთნაირად გასაფრთხილებელია, ერთნაირად საქომაგებელი, ერთნაირად დასაცველი, თუ კაცს ცოტა რამ ამ ქვეყნიერობისა შეუგნია და სიყვარული წესიერობისა და რიგიანობისა გულს ჩასახვია. დარღვევა ამნაირის თანასწორობისა თვითვეულის ჩვენგანის უფლების დარღვევაა და ამიტომაც საქებურია გულწყრომა იმისი, რომელმაც ეს ამბავი გვაუწყა ჩვენ გაზეთში დასაბეჭდად და სამართლიანია იგი გულამღვრევაც, რომელიც ამის მოამბეს უგრძვნია ამ ამბავის მოხდენის დროს.

ეგ თანასწორობა, ეგ საჯარო უფლება რომ დაუსჯელად ილახებოდეს, მაშინ ვერავინ კარშიაც ფეხს ვერ გამოჰყოფდა, რადგანაც პატარას დიდი არ დაელევა და დიდს კიდევ უფრო დიდი. ეს რომ ასე იყოს, მაშინ კაცთა საზოგადოება ცნობიერთა არსებათა კრებას კი არ წარმოადგენდა, არამედ შავის ტყის ნადირთა გროვას, საცა ვინც ძლიერია, მართალიც ის არის. ჩვენდა სასიამოვნოდ, ამისთანა ამბებს აწ არსებულნი კანონები არ იწყნარებენ და სანატრელია, რომ არც ამ ზემოხსენებულს შემთხვევაში შეიწყნაროს.

Wednesday, April 13, 2011

აკაკი წერეთელი, სპარსელი ქალის ”იავნანა”

 (ეძღვნება ჩვენს მეზობელს თათრის ქალებს)


დღესა სცვლის ღამე, ღამეს _ დღე,
ბნელეთს მზის სხივი ნათელი,
ზაფხულს ზამთარი და ზამთარს _
გაზაფხულისა დამცველი;
სიკვდილს _ სიცოცხლე, სიცოცხლეს _
კვალად სიკვდილი გამქვრელი...

არ იქმნა, ჩემი ვარსკვლავი
ვეღარ გამოჩნდა ცაზედა,
უბედოს ბედის მწერლისგან
ცა არა მხურავს თავზედა,
თითქოს მონად ვარ შობილი
მსოფლიოს მთას და ბარზედა!

ერთად შენ მყევხარ ნუგეშად,
ნაჭერო ჩემის გულისა,
მონა-დედისგან შობილო,
გზა-ხიდად სიყვარულისა;
შენც ნუ დამტოვებ და გქონდეს,
ცნობა რამ სიბრალულისა!

ნანინა, ნანა! პატარავ,
ჯერ ყრუ-მუნჯი ხარ მძინარე,
არ იცი ჩვენი დუხჭირი
ცხოვრება _ ავად მდინარე;
არ იცი შენსა მშობელსა,
მამა რარიგ ჰყავს მცინარე!..

მე გშობე, უნდა გაგზარდო, _
ყურში გაწვეთებ ამასა:
არ იყო მხეცი ნადირი _
არ დაემზგავსო მამასა:
მეც მიცან ადამიანად,
არ გნუკავ მხოლოდ ჭამასა.

ცხოვრება წარმავალია,
მე კი ისევე ისა ვარ,
პირ ახვეული, ”ჭკვა-მოკლე”,
თითქო პირუტყვი ”ძროხა ვარ”...
ყოველგან გამორჩეული,
აჩრდილის მზგავსად დავდივარ!..

ნანაო, ნანა პატარავ,
ჯერ თუმც მუნჯი ხარ, მღიმარე,
გამოიზრდები, გაიცან
ჩვენი ცხოვრების მდინარე,
იკითხე, როდემდის ვიყვნეთ
ბნელ-უკუმეთში მძინარე!..

ერთ კერძ ყმა, იქით ბატონი;
მჩაგვრელი, _ იქით ჩაგრული,
ენას რო ძალით გვგლეჯავენ,
თვით ენა _ პირით დართული,
იკითხე: ისე რამა გვქნა
ცხოვრების შიგან ჩართული!..

მე ჰარამხანა მარგუნეს,
მომიკლეს გული მდომისა,
მონა ვარ მამიშენისა,
ჟინი აქვს გამორჩომისა.
აზრ-გუნებას კი მიყალბებს
რცხვენის გვერდს ჩემი დგომისა.

ჩადრში ვარ გამოხვეული,
ყველასგან გარიდებული,
ლოგინის მსხვერპლი... მშრომელი
ძროხასთან დაბადებული.
ღვთისა ქმნილება, სწორისგან
უმართლოდ დაბადებული!

ნანა, ნანინა პატარავ,
იცან რათა ვარ მწუხარე
ძუძუს გაწოვებ, იზარდე,
გახდი მშობელის მომხმარე
ქალ-ვაჟის გასასწორებლად
ხმა შემოსძახე მქუხარე!

1908 წ.

Tuesday, April 12, 2011

ვაჟა-ფშაველა ქალთა უფლებების შესახებ

სადღეისო წერილი მეგობართან

მეგობარო! დღეს ქალებიც თხოულობენ მამაკაცებთან თანასწორ უფლებას. სჯობს, მიეცეს, თუ არა, რას იტყვი? მე ამა საკითხზე გაჭიანურებულს პასუხს არ მოგცემ და იმის კვლევას, თუ რა როლს ასრულებდა დედაკაცი ქვეყნის ისტორიულ ცხოვრებაში, რა მნიშვნელობა აქვს ოჯახისთვის და სხვ., არ გამოვუდგები, რადგან ამის განმარტვას მთელი ტომები მოუნდება, ჩვენ კი დრო არა გვაქვს ამისთვის საკმაო. მე მხოლოდ ამას ვიტყვი: დიდად და დიდად საჭიროა დაკმაყოფილდეს ქალთა მოთხოვნილება. მჯერა, მწამს და ვერცავინ შემაცვლეინებს ამ რწმენას. დღეს რომ მაღალ ბიუროკრატიულ წრეებში, გავლენიან ადგილებზე მინისტრებისა და სხვა, დედაკაცები იყვნენ, დღევანდელი გამწვავებული და გამწარებული ცხოვრება რუსეთისა მალამოს დაიდებდა და საჭირო რეფორმებს მალე ვეღირსებოდით. დედაკაცები ამდენს სიჯიუტეს არ გამოიჩენდნენ, როგორსაც დღეს იჩენენ მაღალი სფეროს მაღალნი პირნი_ისინი ხომ მამაკაცები არიან _ ”კაი ბიჭობად”, “გულ-მაგრობად” არ გაასაღებდნენ თავიანთ სიჯიუტეს, ვინაიდგან დედაკაცნი უფრო ლმობიერნი, გრძნობიერნი არიან და დღევანდელი ცხოვრება ყველაზე მეტად რას მოითხოვს, თუ გარდა ერთის გრძნობისა, რომელსაც ეწოდება შებრალება, შეწყნარება. იფიქრე, თუ ასე არ იყოს. მიიხედ-მოიხედე, სად არის ეს შებრალება?! კაცი ძვალ-ტყავად ქცეული გემუდარება, გეხვეწება: “კაცო, ღმერთი-რჯული, მთელი ერთი კვირაა მშიერი ვარ, სული ამოდის. ეს არი ვკვდები, წყალობა მოიღეო!” მე და შენ იმას ყურს არ ვათხოვებთ და ჩვენს ქცევას გავამართლებთ სხვადასხვა ფილოსოფიურის მოსაზრებით; გამოვჩხრეკთ ხრიკიანს მოძღვრებას და იმის წყალობით წინაშე ქვეყნისაც თავს გავიმართლებთ და თავის თავთან ხომ მართალნი ვართ და მართალნი. მაგრამ დედაკაცი ამას არ იზამს, ერთ გროშს მაინც მიაწვდის... მრწამს მე ეს და ამიტომ მენატრება, რომ დედაკაცს მიეცეს ისეთივე უფლება, რაც მამაკაცს, როგორც სწავლაში, ისე სამსახურში... შენ როგორც გნებავს, იფიქრე; საჭიროა გაქვავებული გული მამაკაცისა გაათბოს დედაკაცის ხმამ და მისი რწმენა, რომ მამაკაცი ვარ, მე ადვილად არ უნდა გავტყდე, არ უნდა მოვიხადო ქედი ხალხის მოთხოვნილების წინაშე, რათა სილაჩრე არავინ დამწამოსო, უნდა მოათავსოს კეთილგონიერების ფარგალში იმავე დედაკაცის ხმამ...

ჰოი დედანო,
მარად ნეტარნო!

მეგობარო! მრწამს სიფლიდე დიპლომატიისა: როგორც უბეში გველი არ დაინდობა, ისე დიპლომატია, ავს აკეთებს თუ კარგს, მაინც ფლიდია მაინც. აი, ამას წინად რომ გამობრძანდა და წინ წამოიმძღვარა კაცთმოყვარეობა და... შეარიგა რუსეთი და იაპონია. რა იყო მიზეზი: კაცთმოყვარეობა, თუ სხვა რამე? მრწამს, რომ არა, აქ კაცთმოყვარეობა სათვალთმაქცო სიტყვაა, მიზეზი სულ სხვაა _ ყველა დააფიქრა იაპონიის გაძლიერებამ. ყველა ჰგრძნობდა, რომ თუ ხარბინთანაც გაიმარჯვებდა იაპონია, რაიც მოსალოდნელი იყო, მაშინ ყველას, თვით ამერიკასაც, თითი უნდა მოეკაკვა იაპონიის წინაშე. არა გჯერა, რომ ეს ასეა? გამარჯვებული იაპონია კაი სიტყვებით, კაი რჩევით დასაჯეს და არანაკლები წილი ამ საქმეში უდევს თვით მოკავშირე ინგლისს. ამ რჩევაში აშკარად, ცხადად ერთი მხოლოდ ისა სჩანს: რუსეთს რაც ლახტი მოჰხვდა ეგ ეყოფა, და შენც, პატარა იაპონიავ, ძლიერ წინ ნუ გაიწევ, ნუ გაჰღონიერდები, რათა ჩვენც არ მოგვახვედრო იგივე ლახტიო.

დიაღ, მწრამს, რომ ყოველ ერს ჯერ თავისი თავი ენიაზება, თავისთვის უნდა კეთილი, თავის საქმეების მოწესრიგება ე. ი., როგორც ხალხი ამბობს: ყველა თავის ცეცხლს უკეთებს და თავის კერძს ჩასცქერის და სხვისათვის ხეირი იმდენად უნდა, რამდენადაც თავადაც გამოადგება იგი. მხოლოდ ერთს ნაწილს ქართველებისას არა სწამს, რომ ეს ასეა და ესენი გახლავან “დასელები”, რომელნიც ქადაგებენ სხვა გავაბედნიეროთ, გავაძლიეროთ და ამით ჩვენც ძლიერნი შევიქნებითო. მოიგონე დასელების მოძღვრება დემოკრატიულ ცენტრალიზაციისა. გაძლიერებულის რუსეთისაგან ისინი მოელიან წყალობას. აბა, საიდან სადა! ნუთუ ძლიერი მეზობელი არ არის საშიში უძლურისათვის?! ნუთუ ჰგონიათ, რომ ბატონობის მისწრაფება და სურვილი დამონებულ მცირე ერებისა შეუმცირდება გაძლიერებულს რუსეთს? არა და ცხრაჯერ არა... ძლიერს ბატონს უძლური ბატონი სჯობია დამონებულთათვის. ვისა ჰშურს ძლიერება რუსეთისათვის? აგრეთვე არავის, ოღონდ წვრილს ერებსაც ჰქონდეს მიცემული საშუალება ამავე გაძლიერებისა... დღეს მთელი ქვეყანა ამას გაიძახის: დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, გვინდა მოვიპოვოთ საღსარი ბედნიერების, სიმართლის მისაღწევად. მე კი ჩემად მრწამს, და შენც, ვიცი, არ იუარებ, რომ უხეირო დეცენტრალიზაცია სჯობია საუკეთესოდ მოწყობილს ცენტრალიზაციას. ეს რომ ასე არ იყოს, არც სპენსერები დაამჯობინებდნენ. (იხ. სპენსერის თხზ. “განვითარება პოლიტიკურ დაწესებულებათა”).

ვის არა სწამს, რომ მხოლოდ სრული თვითმართველობა გააბედნიერებს ხალხს, გაჰზრდის მის ენერგიას, გამოიწვევს და ააყვავებს მასში დამალულს ახალს ძალებს? _ რომ აპეკუნობა, რაც უნდა კარგი აპეკუნი იყოს იგი, აჩლუნგებს ერის ძალღონეს, თვითცნობიერებას?! _ რომ დედაენაზე სწავლება სრულჰყოფს, ზრდის, ავითარებს ყოველმხრივ მოზარდ თაობას?! ეს ისეთი ჭეშმარიტებაა, როგორც ორჯერ ორი ოთხია და არა ოცი.

ვაჟა-ფშაველას წერილი, რომელიც აქტუალობას ინარჩუნებს

ფიქრები
(ხოლერის გამო)

ვგონებ შაჰ-აბაზის შემოსევამაც არ ააყაყანა ისე საქართველო,  როგორც ხოლერის გაჩენამ. ხოლერა სიკვდილის მომასწავებელია და ჩვენ ხომ სიცოცხლის მეტის-მეტად მოყვარულნი ვართ და ანკი რას არ აგვაყაყანებდა. მართლაც, ვინც ანა-ბანა არ იცოდა, ახლა ისწავლა, რომ ხოლერაზედ რამ მოიწეროს გაზეთში. ვისაც გაზეთი მხოლოდ ყუთით გაუგონია, განაღამც წაეკითხოს, ან დაეწეროს რამ, დღეს კორესპონდენციას სჩალხავს და ჰგზავნის გაზეთში დასაბეჭდად. ესეც კაი საქმეა. თუ ხოლერა არა, თქვენი მტერი, თავის დღეში კალამს არ აიღებდა ხელში. ხოლერა ჭირია სხეულისა, სიცოცხლის მტერი და, რა თქმა უნდა, ცოცხალს თვალებს გაახილებინებს, აალაპარაკებს. ეს საკვირველიც არ არის. ამიტომ ცოცხალნი ღონისძიებას ეძებენ, როგორმე თავიდან აიცდინონ, წამალი მოუძებნენ; ვისაც წამლის იმედი არა აქვს და არც ის უწყის, რომ თავი და თავი წამალი ხოლერისა სისუფთავეა და ზომიერება ყველაფერში, სხვა ღონე არ დარჩენია, უნდა გაიქცეს და ტურასავით ტყეში დაიმალოს, თავის ქოხ-მახს, თავის სარჩო-საბადებელს სტოვებს ღვთის ანაბრობაზე და გარბის; იმას-კი აღარა ფიქრობს, რომ ერთი და იგივეა, მგელი შესჭამს, თუ მგლის შვილი. ესეც რაც არის-არის, მადლობა უფალს. ეს მე არ მიკვირს, საკვირველი უფრო სასტიკი, უფრო მავნებელი. ნეტავი ერთს დღეს მაინც ამ მეორე ხოლერამ ისე ააყაყანოს ხალხი, როგორც ეს ბაცილა-ბაქტერიების დედა აყაყანებს ქვეყანას ამ სამი-ოთხის თვის განმავლობაში. ერთის მხრით რომ იფიქროს კაცმა, იმას დაასკვნის, რომ ალბათ სხვა არაფერი არა უწირს რა ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას და იმიტომ არავინა ყაყანებს. არავინ რას ამბობს, მაგრამ ამგვარი ფიქრი ტყუილი ფიქრი გამოდგება. მაშ სხვა ხოლერა არ ბდობს ჩვენში და არ გვმუსრავს?!

აბა გადავავლოთ ჩვენს მხარეს თვალი, აბა კარგად დავუკვირდეთ ჩვენს გარემოებას, ჩვენს წამხდარს საქმეს, თუ მართლა უარესის ხოლერით არ ვიყოთ ავად. ამ ხოლერას ვერ უპოვნეთ ვერსაიდან წამალი, იმაზედ არც სისუფთავე სჭრის, არც დეზინფექცია. აბა ხოლერა, ნამდვილი ხოლერა ეს გახლავთ. ეს ისეთი ხოლერაა, რომ განა ორი ათასსი ათასს მოჰკლავს და ათასი გადარჩება?! არა, ყველას იმსხვერპლებს, მთელს ერს მუსრს გაავლებს. რატომ ამ ხოლერაზედ არა ყაყანებს, არა ჰღაღადებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოძმე? იქნება ის ხოლერა არსად არსებობდეს და მე მეჩვენებოდეს მარტო?

არა, არსებობს, მაგრამ იმდენი ვერა ჰხედავს იმას, ამ  “ბაცილების” დედას, და იმდენი ხმაურობა, ჟრიამული იმიტომ არც ისმის ამ მეორე ჯურის ხოლერაზედ.
ათასი უსამართლოდ დაჩაგრული დღევანდელ ჩვენის ცხოვრების გარემოებათაგან, იგივე ხოლერის მსხვერპლი, მისგან მოკლული არ არის?


მოვიგონოთ ასი-ათასობით უმეცარნი, უსწავლელნი, უბირნი, ცხოვრებას რომ ეთრევინებიან, სცხოვრობენ მხოლოდ იმიტომ, რომ ათენ-აღამონ, იგივე ხოლერისაგან მოკლულნი არ არიან?! მაგალითები შორს წაგვიყვანენ და, ვგონებ, ოცი თაბახიც არ ეყოფა იმათ ჩამოსათვლელად მეფელეტონეს, განაღამც ერთი გაზეთის ფელეტონი, და ამიტომ მეც თავს დავანებებ და მხოლოდ მკითხველსა ვსთხოვ ამ გზით იფიქროს და თვითონაც მრავალი წარმოუდგებოდა თვალწინ.


 დიაღ, ბატონებო, ასე გახლავსთ. საცა უსამართლობა მძვინვარებს, საცა აჯამობა დაყიალობს, საცა უაზრობა და უგრძნობელობაა, ნამდვილი ხოლერაც იქა ბუდობს. მიკვირს და ვფიქრობ: თუ ეს სიცოცხლის მომსპობი ხოლერა გვაყაყანებს მეთქი, ის ხოლერა, რომელიც კაცს ცოცხალს მკვდრადა ჰხდის, რატომ არაფერს გვათქმევინებს, ხმას არ ამოგვაღებინებს ისეთის ჭექა-ქუხილით, როგორც პირველი ჯურის ხოლერა?! რად მინდა ისეთი სიცოცხლე, რომ ვგრძნობდე თავის სიკვდილს, მკვდარი ვარო, ვამბობდე? აქ არის ხოლერა, აქა!

ამ წინაზედ ჩემის მეგობრის წერილი მომივიდა. ხოლერა ჩვენც გვესტუმრებაო, მწერდა, იქნება მეც მიმსხვერპლოს და ეს ჩემი წერილი უკანასკნელი_ღა იყოსო. სიკვდილი სიკვდილიაო, მაგრამ რად უნდა მოვკვდე ისე, რომ ჯერ არაფერი გამიკეთებია, ჩემის ქვეყნისათვის არაფერი მირგიაო. ამ სიტყვებმა დამაფიქრა, მართლაც, ესეც ერთი უმადურობა უნდა იყოს წუთისოფლისა: გაისტუმროს ისეთები, ვისაც რამ შეუძლიან არგონ ქვეყანას, ვისავ გული ერთი-ორად სტკივა სიკვდილის დღეს, ვკვდები და კი არაფერი გამიკეთებიაო, არაფერს კეთილად მოსაგონებელს არა ვსტოვებ წუტისოფელშიო. სიკვდილი ხომ სიკვდილია, და ამ ფიქრის გამო, სიკვდილს მეორე სიკვდილიც ზედ ერთვის.

 დღეს შევიტყვე, რომ ჩემი მეგობარი ხოლერას გადარჩენია, არც ტყეში გაქცეულა დასამალად, როგორც სხვები გარბოდნენ თხებივით, და ვნახოთ ერთი, რა საქმეს დაიწყებს ქვეყნის სასარგებლოდ. თუ მართლა გააკეთა რამ, ნეტავი ჩემს ორსავ თვალებს და, თუ ტყუილი აღთქმა გამოდგა, მაშინ პირველი მე ვიტყვი, ნეტავი ხოლერას გადაეტანე, რაკი მაგისთანა უკეთური გამოხვიდოდი-მეთქი. მაშინ ასკარად დავრწმუნდები, რომ ჩემს მეგობარს მარტო ქვეყნის მოტყუილება სდებია გულში და “უკანასკნელად” იმიტომ სწერდა წერილს, რა არის ის წერილი, თუ ვინიცობაა ჩემს მეგობარს ხოლერა შეიწირავდა. მე გაზეთში გამომექვეყნებინა: აი, რასა მწერდა ესა და ეს, რა წადილი ჰქონდა გულში და რა საქმე გვიყო ამ წყეულ-შეჩვენებულმა ხოლერამ, რა კაცი დაგვაკლოვო. სხვა ან-კი რა მეთქმებოდა?! ესეც სახელია, მაგრამ წუთისოფლისათვის მოპარული, დაუმსახურებელი, არამი სახელი.

დღეს ერთი ხოლერა მიიპარება, თითქმის გაიპარა კიდეც; გვრჩება მხოლოდ მეორე ჯურის ხოლერა და ახლა იმას ვებრძოლოთ, იმის წამალიც მოვსძებნოთ, იმაზედაც ვიფიქროთ: გაზეთებმაც დროა პირველს თავი დაანებონ და მეორეს მიაპყრან თვალი, იმ ჩუმ-ჩუმად მძრომელს, რომელიც სისხლს არ აჩენს, მაგრამ მკვდრებს კი ამრავლებს. ეგები ესეც მოვიშოროთ თავიდამ. მაშინ ვნახოთ, თუ სიტყვა ხოლერა, როგორც მისი წარმომადგენელი, არ აღიგავოს, არ ამოიფხვრას დედამიწის ზურგიდამ. აქაც საჭიროა ყაყანი და იგივე ყაყანი; მასთან ერთად ხელებისა და ტვინის ფათურიც, თორემ მარტო ცარიელს ყაყანში არაფერი მოიხვეტება, როგორც კალიისაგან განადგურებულს მიწაზე.

Monday, April 11, 2011

ნიკო ნიკოლაძე, რაღაც-რაღაცეები რაღაც-რაღაცეების შესახებ

(ნაწყვეტი)

ჩვენი პუბლიცისტების და მათი ორგანოებისათვის ზედგამოჭრილია ასეთი ანდაზა: „სანამ არ დაუქუხებს-გლეხი პირჯვარს არ გადაიწერს“. „მოვლენათა კუდში ჩანჩალი“ მათთვის სრულიად ჩვეულებრივი ამბავია. მხოლოდ „გვერდში ჩანგლის გაყრას“ შეუძლია აიძულოს ისინი ამოძრავდნენ, გარკვეული მანძილი ჩორთით გაირბინონ.
 მაგალითისათვის შორს წასვლა არ მოგვიხდება. ამ ცოტა ხნის წინათ მოსკოვის ერთ-ერთ ყოველკვირეულ ჟურნალში დაიბეჭდა რამდენიმე ნაწყვეტი მიმოწერიდან განსვენებული სტუდენტის ნეკრასოვასი, რომელიც ფერშლად მუშაობდა რომელიღაც ლაზარეთში დუნაის გაღმა. გამოქვეყნებული ნაწყვეტები საკმაოდ საინტერესოა და ფარდას ხდიან იმ ამბავს, თუ რა მდგომარეობაშია ფერშალი ქალები ბრძოლის ველზე... „მამაკაცებს აქ ადამიანური აღარაფერი შერჩათ და ნამდვილ ქაჯებად გადაიქცნენ“ - წერდა იგი 17 სექტემბერს ფრატეშიდან. „მზად არიან მოაწყონ მთელი ჰარემები და თავი სულთანად იგრძნონ. ახლა მე მესამე თავხედი უნდა მოვიშორო თავიდან. და ეს მესამე სხვა არავინაა, თუ არა ჟდანკო. მე მხოლოდ ამისთვის მივატოვებდი ფრატეშტს, რადგან როცა ჟინმოუკვლელნი მიდიან, შემდეგ ათასგვარ საზიზღრობას სჩადიან. სწორედ ასეთი საზიზღრობა ჩაიდინა სტუდენტსკიმ (ქირურგი პრედგომიტი) იგი არ უშვებს არც ერთ ქალს, უნდა ყველას მოგლიჯოს ერთი ბღუჯა თმა. მე ძალზე აღშფოტებული ვიყავი, როცა ერთმა ჩვენმა სტუდენტმა ქალმა მიამბო, რომ იგი მას სხვადასხვა ბინძური წინადადებებით მიმართავდა, ერთხელ კი პირდაპირ ეცა, კოცნა დაუწყო და გაჰყვიროდა: „მაშ თქვენ არ გინდათ?!“ და ასეთი აღშფოთებული ფაქტები იმის ღირსიც არ გახდა, რომ „საკითხად“ დასმულიყო. ამ ამბავს მხოლოდ ერთადერთი ორგანო „ნედელია“ გამოეხმაურა. მათ საჭიროდ სცნეს შეხებოდნენ ეგრეთ წოდებულ ქალთა საკითხის მტკივნეულ ადგილს. სხვა ორგანოები კი ამ ამბავს მხოლოდ იმიტომ გამოეხმაურნენ, რომ განსვენებული ნეკრასოვა მანიაკად გამოეცხადებინათ.

ეს წერილები, ალბათ, ბევრმა წაიკითხა. წაიკითხეს და, როგორც ხდება, გვერდზე გადასდეს. იქნებ ოდნავ მაინც ამოძრავდა გამოკვლევის გაუბედავი გრძნობა, იქნებ სულის სიღრმიდან დაიძრა დავიწყებული, საყოფაცხოვრებო წვრილმანებით შეზღუდული, მაგრამ ოდესღაც ძვირფასი, მღელვარების გამომწვევი თუნდაც „მწარე“ საკითხები... შეიძლება! ყველაფერი ხდება-ისეთი უგვანო მოვლენებიც კი, რაზედაც წერდა ნეკრასოვა და, როგორც დავინახეთ, ამგვარი მოვლენებისადმი გულგრილი დამოკიდებულებაც...
ზოგიერთი, ალბათ, ამ ამბავს ბუნებრივად მიიჩნევს და საბუთად სქესის თავისებურებას მოიყვანს, რაც თითქოს საშუალებას არ აძლევს მამაკაცს ქალების დანახვისას დაივიწყონ ეს თავისებურება. ზოგიერთ ქალს თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს და ჰგონია - მამაკაცებით გარშემორტყმული ციხესიმაგრეა და ამავე დროს უნდა, რომ მასზე უფრო ენერგიული იერიში მიიტანონ, რათა სასურველი კაპიტულაცია არც ისე სამარცხვინო გამოჩნდეს. ასეთი ქალისათვის სიყვარული „ნეტარების მომენტისათვის“ ბრძოლაა და მამაკაცის ცდას არა თუ ბუნებრივად, არამედ სასიამოვნოდაც მიიჩნევს... ამგვარი ქალი, რა თქმა უნდა, მედგრად არ მოიგერიებდა იერიშებს, არ გამოიტანდა სახალხოდ, მასში იმ წამსვე აღმოჩნდებოდა მოღალატე,-ნაზი, სიტკბოების მოყვარული გული და, თუ თვითონ ქალი არა, ეს გული ჩააბარებდა მტერს ციხესიმაგრის გასაღებებს, გახსნიდა კარებს და ციხესიმაგრის მფლობელი ჩუმჩუმად გააბამდა მაცდუნებელ სიყვარულს სამხრეთის ცისა და კვიპაროსების ქვეშ, როცა ირგვლივ ქვემეხების სროლა ისმის და ძმები იხოცებიან...
მართლაცდა რა გასაკვირია, თუ მამაკაცს სხვანაირად ვერ წარმოუდგენია ქალთან თანამშრომლობა თუ არა თანაცხოვრებით, თუ ყოველთვის ისწრაფვის დაუახლოვდეს მას არა მხოლოდ სულიერად, არამედ ხორციელადაც. სისხლის, ყვირილის, ჭრილობის შეხვევის მეტი არაფერია და უეცრად გამოჩნდება „შავგრემანი ან ქერა მაცდური ქალი“. როგორ არ გამოიყენო შემთხვევა, როგორ არ ისარგებლო მისი სისუსტით, გამოუცდელობით, წუთიერი გატაცებით და, რა თქმა უნდა, სხვა ამგვარი შესაძლებლობით. ხოლო თუ ამის გამო ჩვენი უმანკო საზოგადოება გაწყდება, ეს ხომ გამეორება იქნება უნ ფაპ პროსტიტუციისა საერთოდ. შეიძლება აღმოჩნდეს პატიოსანი ადამიანი, რომელიც „თავგანწირულ გმირს“ სახეში შეაფურთხებს, მაგრამ რა მოხდა? მოიწმენდს და განაგრძობს „სამსახურს“. თუ მათ ზურგს შეაქცევს ყველა პატიოსანი ქალი, ამგვარი გმირები გაურბიან და თითქოს ეშინიათ კიდეც მათი, და თუ ბრძოლის ველზე ქალებს მათი სქესისათვის დამახასიათებელი „სამსახური“ სთხოვეს, ეს მხოლოდ შეცდომით, რადგან ნამდვილი „სუსტი“ ქალები მათ მახლობლად არ იყვნენ. ხოლო თუ თავს ვერ შეიკავებ და, რომელიმე საბედისწერო შემთხვევის გამო, საბრალდებულო სკამზე აღმოჩნდები - ფული იყოს და ყველაფერი კეთილად დასრულდება: არსებობს სპეციალური ხალხი და სპეციალური, შემამსუბუქებელი, გამამართლებელი გარემოება: სამხრეთის მდიდრული ცა, აღგზნებული ნერვები, გახურებული თავი, ქალის სილამაზე, ურთიერთობის შესაძლებლობა... და საქმე მოგვარდება-გმირი მზადაა ახალი საგმირო საქმეებისათვის. გარემოებათა დასახელება და არგუმენტების მოყვანა შეიძლება ყველა დარგიდან, პოეზიიდანაც კი! წყეულო არგუმენტებო! რატომ ხართ მუდამ ძლიერის მხარეზე?

შეიძლება პრესამ... მაგრამ რა უნდა გააკეთოს პრესამ ყალბი თანაგრძნობითა და ხელოვნური აღშფოთებით? აღშფოთების გამოთქმა და მხოლოდ აღშფოთების გამოთქმა... ამას იქით იგი არ მიდის...

განა ეს სიმართლე არაა? განა ჩვენ მხოლოდ აღშფოთებას არ გამოვთქვამთ ყველა მოხერხებულ შემთხვევაში? განა ჩვენი პუბლიცისტიკა აღშფოთებათა გრძელი რიგი არაა? დაუშვით შეცდომა. გამოვთქვამ აღშფოთებას. გვინდა გამოვასწოროთ როგორმე, მაგრამ რაღაც არ გამოგვდის. ერთ შეცდომას მეორე, კიდევ უფრო ძნელად საპატიები, შეცდომა მოვაყოლეთ, და ისევ აღშფოთება ბოლოს. როგორც ამბობენ, საბოლოოდ გავებით, და კვლავ აღშფოთება ბოლოს. როგორც ამბობენ, საბოლოოდ გავებით, და კვლავ აღშფოთება. ჩვენ აღშფოთებული ვიყავით (ამ ცოტა ხნის წინათ) თურქებით, სერბებით, ჩერნიაევით, ჩვენი მოხალისეებით, მოწყალების დებით, ჩვენი ფინანსისტებით, საკუთარი თავით, კოგანით, გორვიცითა და K-ით, ინგლისელებით, ავსტრიელებით, ბისმარკით, სულთანით, რუმინელებითა და ბერძნებით. რა მოგვიტანა ამ აღშფოთებამ?
რაა ამის მიზეზი?...

საბრალო რუსო ქალო! შენ, ეს ესაა გამოხვედი საზოგადოებრივი მოღვაწეობის ასპარეზზე. ჯერ რამდენიმე გაუბედავი ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწარი ჩვენს სისიხლით მორწულ, ტალახიან ასპარეზზე და რამდენი მწარე წუთის გადატანა მოგიხდა, რამდენი სიცრუე, ცილისწამება, დაცინვა, ლანძღვა, ნარეხცი წყალი ამოდინდა ყველა სოროდან და ბუნაგიდან და მორჩილ, დახრილ თავზე გადაგესხა! ყველა ჯურის ციტოვიჩები ახლაც ცდილობენ იძულებული გაგხადონ საკუთარი სხეულით იცხოვრო... ოჯახის სულისშემხუთავი და პირადი ინტერესების სფეროდან გამოსვლას აქამდე გიხშობს მამაკაცის ხვევნა. შენ ადამიანი ხარ, მაგრამ არვის არ სურს შეეგუოს ამ აზრს, რომ მხოლოდ ძუ არა ხარ. მთელი ძალღონით ეძებ პატიოსნური მოღვაწეობის ასპარეზს, ისინი კი ცდილობენ თავს მოგახვიონ დამცველი და მფარველი, მაგრამ მე ვფიქრობ, შენ უკვე შეიცანი შენი და მისი ნამდვილი როლი.

ნიკო ნიკოლაძე ქალთა უფლებების დაცვის შესახებ


 
სადღეისო ჭირვარამი

„ქალთა მოძრაობამ“, - რომლის ინიციატივა რუსეთში ეკუთვნის ასე უდროოდ დაღუპულ და ასე ცუდად დაფასებულ მ. ლ. მიხაილოვს, რუსეთის საზოგადოება არაჩვეულებრივად სასიამოვნო სახით წარუდგინა ევროპას. მაშინ, როცა საფრანგეთში, ინგლისში ან გერმანიაში, მიუხედავად ჩვენი საუკუნის უკეთილშობილესი მოაზროვნეების მეცადინეობისა, აზრი ქალის შრომაში გათანასწორებისა და თანასწორუფლებიანობისა, ქალებსაც კი უაზრო ქიმერად ეჩვენებათ, რუსმა ქალებმა მტკიცედ მოიკიდეს ფეხი საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში და პირველ რიგში დგანან იმ ქალთა შორის, ვინც უმაღლესი განათლება მიიღო. მათმა ბრწყინვალე წარმატებებმა, რასაც მიაღწიეს ბეჯითი შრომით, მიუხედავად დაცინვისა, უწმაწური სიტყვებისა, უკან დევნისა და ცილისწამებისა, ევროპაში მათ შეუქმნა სრულიად დამსახურებული რეპუტაცია, რომლის სხივებს, რა თქმა უნდა, არ შეეძლო გავლენა არ მოეხდინა მთელი რუსეთის საზოგდოებაზე. ეს შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე უკეთეს და მტკიცე გამარჯვებად, რამაც ევროპის საზოგადოება აიძულა მომავალში პატივისცემით მოეპყრას რუს ხალხს...

  მაგრამ ქვეყანაზე ჯერ არ ყოფილა და, ალბათ, არც არასოდეს იქნება ისეთი ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელსაც არ ახასიათებდეს უკიდურესობები, არ გაეტაცოს გარეგნულ მხარეს, არ გადაემლაშებიოს და არ ჩავარდნილიყოს „სასაცილო“ მდგომარეობაში. თავისთავად იგულისხმება, რომ ქალთა მოძრაობასაც რუსეთში თავი დაეღწია მისგან. იყო მასში სასაცილო, ჰქონდა ნაკლი, იყო შემთხვევები ფირმის არსად მიღებისა, იყო კერპთაყვანისმცემლობა შეკრეჭილი თმებისა და ლურჯი სათვლეებისადმი, მაგრამ საქმის კარგი მხარეების დაუნახველობა ამ წვრილმანებისა და რუსი ქალის პირველი ნაბიჯების უხერხულობის გამო, საპატიებელი მხოლოდ ახლომხედველ და ქარაფშუტა ადამიანებისათვის. დრომ, რომელიც ასწორებს ხორკლებს და მარადიულობას და უკვდავებას მხოლოდ იმას ანიჭებს, რაც მართლა სასარგებლოა, საჭირო და მიზანშეწონილია, რაც შეეფერება კაცობრიობის ბუნებრივ ზრდას და მოთხოვნილებას, განაჩენი გამოუტანა „ქალთა მოძრაობის“ ფორმასაც და არსსაც. არსი დარჩა და იმის და მიხედვით თუ როგორ ხდება იმ ხელოვნური დაბრკოლებების აღმოფხვრა, რომლებიც შეჰქმნა მასების უმეცრებამ და ”კონსერვატორების“ დახავსებულობამ, ეს მოძრაობა სულ უფრო და უფრო სერიოზულ სახეს ღებულობს, რაც გამოიხატება ქალების მისწრაფებაში სოლიდური წოდებისა და დამოუკიდებელი შრომისაკენ. ხოლო იმ დროის გარეგნული მხარე, როცა ამ მოძრაობას ჯოგური, მაიმუნური ხასიათი ჰქონდა, თანდათან ქრება და ეგუება ყოველი იმ ქალის ინდივიდუალობას, რომელიც განათლებისაკენ ისწრაფის. ჩვენ ვეღარ ვხედავთ ჟორჟ ზანდის მსგავსად მამაკაცის შარვალში გამოწყობილ ქალებს, რომელთაც დამოუკიდებლობის უდაო ნიშნად ქუჩაში თავდაყირა სიარული მიაჩნიათ... სამაგიეროდ ჩვენ უფრო ხშირად ვხვდებით ქალებს, რომლებიც არაფრით არ გამოირჩევიან თანამედროვე ქალის ტიპისაგან, მაგრამ რომლებიც გულმოდგინედ შრომობენ მეცნიერებისათვის და თვითგანვითარებისათვის...
  შარშანდელი ომის დროს მთელმა რუსეთმა საქმეში დაინახა ეს ქალები, რომლებზედაც ადრე ავტორიტეტული ადამიანები ხმამაღლა ყვიროდნენ, რომ ისინი ევროპაში გარყვნილებისათვის უფრო მოხერხებული საშუალებების გამო დაეთრევიანო (თითქოს სახლში ვინმესთვის ძნელია გარყვნილი ცხოვრებით ცხოვრება). დაინახა ეს ქალები რუსმა ჯარისკაცმაც, რომელიც ჯერ კი არ დაავადებულა ბატ. კატკოვის ტყუილით და ბატ. სუვორინის ჭორებით. ჯარისკაცმა დაინახა, თუ რა შრომისუნარიანობა და რა უსაზღვრო თავგანწირვა გამოავლინეს ამ ქალებმა და ათი ათასობით დაჭრილმა და ავადმყოფმა რუსმა ჯარისკაცმა საყოველთაო და ერთხმად მიღებული განაჩენი გამოიტანს, რითაც ეს ქალები თითქმის წმინდანებად მონათლეს. ბატ. კატკოვებისა და სუროვინების სამარცხვინოდ, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე დასცინოდნენ ამ ქალებს, ახლა ეს განაჩენი ამ ცილისმწამებლების გაზეთებმაც გადაბეჭდეს. მაგრამ ეს კიდევ არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რასაც მათ შესახებ მთელ რუსეთს მოსდებენ ომში დაჭრილები და დაავადებულები, როცა თავიანთ სახლებს დაუბრუნდებიან. ჩვენ არ ვიცით რას მოჰყვებიან ათი წლის მანძილზე რუსული ქოხების ჭერქვეს ეს „ჭირვარამს გამოვლილი ადამიანები“ სხვა ადამიანებზე, რომლებიც ომში ნახეს. მაგრამ ისინი რომ ბევრჯერ გაიმეორებენ - რუსი ექიმი ქალი დაჭრილებისა და ავადმყოფების ყველაზე უკეთესი მფარველი ანგელოზი იყოო, ეს არც ჩვენთვის და არც ბატ. კატკოვების და К-სათვის არავითარ ეჭვს არ იწვევს...
  ამ გმირი ქალებიდან ბევრი დაიღუპა და სიცოცხლე შესწირა სამშობლოს... მაგრამ მათ დაამტკიცეს, თუ რამდენი სიცრუე იყო იმათ სიტყვებში, ვინც ქალის განათლების წინააღმდეგი იყო და ახლა, როგორც ცნობილია, ამ ქალების წყალობით ქალთა განათლების საქმე უდაოდ მოგებულია...
........Дело прочно,  
 Когда под ним струится кровь!
აქამდე ვინ არ იცოდა, თუ რამდენი ჭეშმარიტი გმირობა უნდა გამოეჩინათ ამ ქალებს სამშობლოს წინაშე, რომ თავიანთი ვალი მოეხადათ ბრძოლის ველზე და ჰოსპიტალში... შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ქალი, რომელიც უანგაროდ წირავდა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დაჭრილების ტანჯვის შემსუბუქებას, უკიდურეს შემთხვევაში, შეურაცხყოფისაგან, ცილისწამებისაგან და სიცრუისაგან მაინც იქნებოდა დაზღვეული. ქალი ხომ ფულისათვის არ მიდიოდა ომში, რა უნდა მიეცა მისთვის წითელ ჯვარს? არც დიდებისათვის მიდიოდა, რადგან ყველა უცნობი დარჩა, არც ჯილდოსათვის, რადგან ჯილდო რაც სჭირდებოდა და მიუწვდომელიც იყო მისთვის... მაშ რა მიიღეს მათ?
წაიკითხეთ „ობროზის“ დღევანდელ ნომერში უბედური კ. ს. ნეკრასოვის წერილი,რომელიც გადმოვბეჭდეთ „მოსკოვსკი ობოზრენიედან“ და თქვენ დაინახავთ, თუ რამდენი სიმწარის გადატანა მოუხდათ ამ ქალებს და რა ადმიანებთან ჰქონდათ საქმე!..


ხედავდე ყოველდღე თავგანწირულ ქალიშვილს, დახრილს დაჭრილი ჯარისკაცების სასიკვდილო სარეცელზე, ხედავდე რამდენი ზნეობრივი ტანჯვის გადატანა უხდებოდათ მათ ამ ჯარისკაცთა ტანჯვის ყურების დროს, რომელთა დანახვაზე ამ სტრიქონების ავტორს,მამაკაცს და ისიც ჯანმრთელ მამაკაცს, დაუკარგავს გრძნობა, ხედავდა ყოველივე ამას, ვამბობ მე და მიეძალო ასეთ ქალიშვილს ეროტიული წინადადებებით, ამისათვის ცოტაა იყო „ეშმაკი“, როგორც ამას უბედური ნეკრასოვი ამბობს, - ამისათვის უბრალო ცხოველი უნდა იყო.


და აი როგორი ფორმით წარმოგვიდგებიან ის ადამიანები, რომლებიც ყვიროდნენ ზნეჩვეულებათა გარყვნაზე იმის გამო, რომ ქალი ისწრაფვოდა ესწავლა რამე მხოლოდ იმისათვის, რათა შესაძლებლობა ჰქონოდა კეთილსინდისიერი და უანგარო სამსახური გაეწია რუსი ხალხისათვის!

 



Friday, March 11, 2011

დედები, ანასტასია ერისთავ-ხოშტარია


ანასტასია ერისთავ-ხოშტარია 
I
 გაციაგებული დილა იყო. ღრუბლები მისცურავდნენ ცაზე, რომელიც აქა-იქ ლაჟვარდ ზოლებად დასერილიყო. დროდადრო მზე გამოიჭიატებდა, მაგრამ ისევ მალე იმალებოდა ღრუბლებში, ბუნებას უნდოდა ცრემლებით დაღვრილიყო, მაგრამ თითქო რიღასიც რცხვენიანო, ვერ ბედავდა.

ქალაქი ჩვეულებრივად ხმაურობდა, ღელავდა, ქუჩები ხალხით ავსილიყო. დესიკო მიდიოდა ქვაფენილზე წყნარათ. გახუნებულ მოსასხამის კალთებს მალ-მალ წინა სწევდა, თითქო ცდილობდა მთელი თავისი არსება მოსასხამში ჩაემალა. დესიკოს მიმზიდველი, გამხდარი სახე მოქანცულიყო, რაღაც ნაღველს ხატავდა. ხშირათ შრიალით ჩამოუვლიდნენ ახალგაზრდა უზრუნველი ქალები, კოხტათ გამოწყობილი ყმაწვილები, ამაყათ გამომყურე მდიდრები, წელში მოხრილი დაავადებულნი, სნეულნი. დესიკო არავის უყურებდა, იმას არავისთვის სცალოდა.

მაგრამ აგერა დესიკოს ყურში შეესმა აბრეშუმის კაბის შრიალი, თავ აიღო, რომ სული მოეთქვა და მოქანცულის თვალებით შეაჩერდა მშვენიერის ჟუჟუნა თვალებს. მშვენიერის ჟუჟუნა თვალებიც დაკვირვებით უყურებდნენ დესიკოს, დასცურავდნენ მის გახუნებულ მოსასხამზე. მშვენიერს წარბებშუა გაუკეთდა ოდნავათ შესამჩნევი ნაკეცები, ლამაზმა ტუჩებმა გარშემო ჩრდილი შემოიყენეს, დესიკომ ცხადათ ამოიკითხა მის თვალებში: „ვითომ შენც რამე ხარ ამ ქვეყანაზეო?..“

ამ დროს მშვენიერს წამოეწია კოხტა ყმაწვილი კაცი, ქალმა კეკლუცათ მიიღო მისი სალამი. დესიკომ კვალად შეხედა მშვენიერს და მისმა თვალებმაც უსიტყვოთ გადასცეს მაგიერი პასუხი: „მებრალები, საცოდავო, რომ ცხოვრებას არ იცნობ!“
 კვალად სურათი სურათმა შესცვალა, შთაბეჭდილებანი მოქუჩდნენ და ერთმანეთში გაურკვევლად აირივნენ.

დესიკო უკვე მიახლოებოდა ქალაქის ბაღს. შეუხვია ქვაფენილიდან.
 დესიკომ იგრძნო, რომ თითქო ცოტათი შემსუბუქდა, ფეხქვეშ ეგებოდა რბილი, ფხვიერი დედამიწა, რომელიც ბილიკებათ მიდიოდა მწვანე ქუჩებსა და მაღალ ხეებშუა. ბუჩქებს გარს ევლებოდნენ წვრილი მავთულები, რომელნიც იფარავდნენ ათასფრად გამომყურე ყვავილებს შეხებისაგან. ხეებქვეშ სკამებზე მოსჩანდნენ ახალგაზრდანი, ზოგან დარბაისელნიც. დესიკო აქეთ-იქით იყურებოდა, ეძებდა ცარიელ სკამს, მაგრამ ადგილი დაჭერილი იყო.

- რა დროს დასვენებაა! ისინი ყოველთვის ქვევით ბაღში არიან ხოლმე, - გაიფიქრა დესიკომ და გადაიარა ქუჩა, რომელიც შუაზე ჰყოფდა ბაღს. მართლაც აქ სკამებზე ჩამწკრივებულნი იყვნენ ქალები, რომლებიც გამვლელ-გამომვლელს შესჩერებოდნენ.
- დესიკომ ფეხს აუჩქარა. მივიდა ერთ სკამთან, რომელზედაც ცარიელი ადგილი დარჩენილიყო და დაჯდა. დაღალვისგან გული ასდი-დასდიოდა, ხელსახოცით ოფლს იწმენდავდა, კარგა ხანს ხმას ვერ იღებდა. აგერა დესიკომ მოხედა ქალებს და ღიმილით ჰკითხა: - თქვენში მოსამსახურეთ ხომ არავინ დგება?
ყველანიც ვეძებთ ადგილს, - მოისმა პასუხი. დესიკომ ჩამოათვალიერა ქალები.
- თქვენ როგორი მოსამსახურე გნებავთ: მზარეული,. მოახლე, მოსარეცხე, თუ ყმაწვილების მომვლელი? - ჰკითხა ბოხი ხმით ერთმა შავკაბა შუახნის ქალმა, რომელსაც სახე ჭარხალივით გასწითლებოდა, ცხვირის ნესტოები ბურნუთით გამუროდა.
- მე მინდა იმისთანა, რომ რაც საჭირო იქნება, ყველაფერი გამიკეთოს, სადილი მომიმზადოს, სარეცხი დამირეცხოს, ოთახები დამილაგოს, - უპასუხა დესიკომ.
- ყმაწვილები გყავთ?
- მყავს.
- რამდენი?
- ორი.
- დიდები თუ პატარები?
- უფროსი ხუთი წლისაა, უმცროსი სამისა. ბავშვებს მე თვითონ ვუვლი. მარტო მაშინ თუ დაიჭერს მათზე თვალს, როდესაც რამე საქმისთვის მომიხდება სადმე წასვლა.
- ჯამაგირს რას იძლევით? - ჰკითხა კვალად შავკაბა ქალმა და სახეზე დამცინავმა ღიმილმა გადაურბინა.
- თუმანს.
- მაგდენი საქმე და თუმანი? ... თავი მოსაკლავი ვის აქვს!. ოხერი თუ იქნება ვინმე, თორემ მაგ ფასში ვინ დაგიდგებათ?
 ამის გაგონებაზე სხვა ქალებმა სახე აარიდეს დესიკოს და იქით მიბრუნდნენ.
- მაგას რათ ამბობ, ჩემო დედა, ყველას თავისი ანგარიში აქვს. ვისთვისაც სასარგებლო არ არის ამ ფასში წამოსვლა, რასაკვირველია, არ წამოვა, მაგრამ ყველა ხომ შენებურათ არა სჯის? თვეში თუმანი არც ცოტაა, რო აგრე სუბუქათ დაიჭირე. ვისაც როგორც უჭირს, ისე უღირს! - დაუმატა დესიკომ და გადახედა ქალებს.

დესიკოს  არ მოსწონდა შავკაბა ქალი და გადასწყვიტა, კიდევაც რომ წამოჰყოლოდა, არ აეყვანა და ახლა სხვებს მიმართა.

არც ერთის აქ მყოფის შეხედულება დესიკოს გულს არ იკარებდა. რომელნიც უფრო ყმაწვილები იყვნენ ფერ-უმარილისაგან სახე ულაპლაპებდათ, ტუჩები შეეღებათ, თავიდან მოსახვევი გადასცურებოდათ და შუბლზე გამოჩენილი ხუჭუჭები გადმოწეწოდათ. მათი თვალები ხშირად იხედებოდნენ იმ მხრისკენ, საითაც ახალგაზრდა ბიჭები შეგროვილიყვნენ და ერთმანეთში ლაზღანდარობდნენ. ეტყობოდათ, ისინიც ადგილების მძებნელნი იყვნენ და ცუდოობის გამო ლაპარაკით თავს იქცევდნენ.
- შენ რაღას აკეთებ აქ? - მიუბრუნდა დესიკო ახალგაზრდა ქალს, რომელიც საშინლად გამხდარიყო, სახეზე სიკვდილის ფერი დასდებოდა.
- ესეც ადგილს ეძებს... მიატანეს აქეთ-იქიდან ქალებმა.
- ადგილსო? მერე სად შეუძლია ადგილზე დადგომა, როდესაც ავადმყოფია?
- მე ავათ აღარა ვარ, ქალბატონო, მოვრჩი. ორი დღეც იქნება, რაც საავადმყოფოდან გამოვეწერე! - დაილაპარაკა სუსტის ხმით ქალმა და ვედრებით შეხედა დესიკოს, თითქო სთხოვდა აეყვანა. დესიკოს შეეცოდა და თანაგრძნობით ჰკითხა:
- რითი იყავი ავათ?
- ალბათ გავცივდი - უპასუხა ქალმა.

სხვა ქალებმა პირზედ ხელი აიფარეს, თითქო სიცილს იკავებდნენ. დესიკო მიხვდა, რომ სნეული ქალი სტყუოდა. მის თავს სხვა უფრო სახიფათო იყო და თვალი მოაშორა, ის დარწმუნდა, რომ ამ სკამზე მისთვის არც ერთი გამოსადეგარი არ იყო და ადგა ზეზე.
თხუთმეტი მანეთი მობოძეთ და მე წამოგყვებით, - შეევაჭრა ისევ შავკაბა ქალი.
- არა, არა! საჩქაროთ მიატანა დესიკომ და მოშორდა სკამს.
- შენისთანა გახუნებულ ქალბატონისაგან მეტსაც არ უნდა მოელოდეს ადამიანი, - მოესმა უკანიდან, მაგრამ დესიკომ ყური არ ათხოვა ამ სიტყვებს და სხვა სკამთან მივიდა, მაგრამ სხვა ქალებმაც იცოტავეს დესიკოს ჯამაგირი.
- თუ გნებავთ, მოახლეთ წამოვალ, - უთხრა ტუჩების კვნეტით ახალგაზრდა ქალმა.
- ჯერჯერობით ერთი დედაკაცი მეყოლება და მერე ამ ცოტა ხანში ძიძის შოვნაც დამჭირდება, - განაგრძო დესიკომ.
- ძიძაც დაგჭირდებათ? - იკითხა მეორე ქალმა, რომელიც აქამდის ხმას არ იღებდა.
- ჰო, დამჭირდება, - მიუგო დესიკომ.
- მაშ მე წამოგყვები, ქალბატონო, - სთქვა ისევ იმ ქალმა და წყალში გაიმართა.
- მე ეხლა ძიძას არ ვეძებ...
- არა, ქალბატონო, წინანდელ პირობაზე გიახლებით.
- შენ მისდევ, ნატო? - გაოცებით შეეკითხნენ ქლები და უკმაყოფილოდ შებღვირეს.
- მარტო წასვლა კი არ არის. საქმე პირობის შესრულებაა.
- თუ ვიკისრებ, კიდევაც შევასრულებ, - უპასუხა მკვახედ ქალმა და ისევ მიუბრუნდა დესიკოს, რომელსაც გული მოსდიოდა ქალების მეტიჩრობაზე.
- ბავშვი ხომ არ არის, თავის საქმე თვითონ უფრო არ იცის!.. რაკი თქვენ არ გინდათ წამოსვლა, სხვას რაღათ უშლით? - მოუთმენლად ჰკითხა დესიკომ.
- ჩვენ რა... ჩვენ რა გვენაღვლება! წაიბურტყუნეს დედაკაცებმა.
- მაშ ყველაფერი შეგიძლიან გამიკეთო თვეში თუმნათ?- ჰკითხა ნატოს დესიკომ.
- ყველაფერი.
- ბილეთი ხო გაქვს?
- მაქვს.
- მაშ წავიდეთ.
-აი გიახლებით, - უპასუხა მორჩილებით ნატომ, წამოდგა, შალი გაისწორა და გამოჰყვა.


II
- დედა მოვიდა, დედა!
- რა მოგვიტანე, დედიკო?
ჟრიამულით გამოეგებნენ ბავშვები დესიკოს.
- არაფერი, შვილო, ბაზარში არ ვყოფილვარ! - უთხრა ღიმილით დესიკომ.
- უი, და, და, და! .. რა მარგალიტი ყმაწვილები გყოლიათ, გენაცვალე ქალბატონო!
- შესძახა ნატომ.
ბავშვებმა რომ უცხო დედაკაცი დაინახეს, შერცხვათ და უკან გადგნენ.
- უჰ, დავიღალე! - სთქვა დესიკომ და მოქანცული დაეშვა ტახტზე.
-აქ ბინადარი მცხოვრები ბრძანდები, ქალბატონო, თუ დროებით ჩამობრძანებულხარ? - იკითხა ნატომ და თვალი მოავლო ოთახს.
- კარგა ხანია, რაც აქა ვართ. ჩემი ქმარი სახაზინო პალატაში მსახურობს.
- კაი სრული, ნათელი ოთახები კია, რას აძლევთ!
- თვეში ხუთ თუმანს.
- რამდენი თვალია? - აღარ ჩერდებოდა ნატო.
- სამი, - მოკლეთ უგებდა პასუხს დესიკო, რომელიც ამ წუთებში ლაპარაკის გუნებაზე არ იყო. - წაიყვანეთ, შვილო, ნატო სამზარეულოში, საბედას უთხარით დროზე სადილი დააჩქაროს, საცაა მამაც მოვა, მანამ მეც ცოტათი დავისვენებ, - მიუბრუნდა ღიმილით დესიკო შვილებს.
- მართლა, აბა ერთი წავიდეთ, გენაცვალეთ, ვნახო ჩემი საქმე რა არის, რომ ბარემ ხელი მოვკიდო, - მიატანა ნატომ.
- ლაპარაკი ძალიან ჰყვარებია, სხვაში თუ რამე ხეირი აქვს. - გაიფიქრა დესიკომ და წამოწვა ტახტზე.
- აქ წამო, მოდი აქ, აგერა ჩვენ სადა გვძინავს!..ტიტინებდა სამი წლის თიკა, ნატოსთვის კაბაში ხელი ჩაევლო და მიჰყავდა. მეორე ბავშვიც სიცილით უკან მისდევდა. ნატო შეიყვანეს ფართო ოთახში, სადაც საწოლები ჩამწკრივებულიყო.
- აი ამაში არჩილსა სძინავს, აქ მე, აქ დედასა, აქაც მამასა.
- მართლა, გენაცვალე! იშ, იშ, რა მშვენიერი დივნებია, და, და, და! .. მე არ ჩამაწვენთ?
- ჩაგაწვენთ!..თავს უქნევდა თიკა. ბავშვები ახლა სამზარეულოსკენ გაუძღვნენ ნატოს.
- საბედ, ამას შეხედე... აი დედამ ვინ მოიყვანა... - შესძახა არჩილმა.
ხანში შესულმა ქალმა, რომელიც ხორცსა კეპავდა, მოიხედა და გაიღიმა.
- რაღა გიშავთ! ხვალის იქით მეც ვეღარ დავდგებოდი... კაი დროს მოგესწროთ,
- სთქვა მან და აუყენა დანებს კაკუნი.
- შენ რისთვის მიდიხარ? - ჰკითხა ნატომ და ჩამოჯდა სკამზე.
- სახლში მიბარებენ, უფროსი შვილი ავათ გამხდომია.
- დროებით მიდიხარ თუ? - ჰკითხა კვალად ნატომ?
- რაკი წავალ, იქიდან ვიღა გამომიშვებს. ეხლა საქმის დროა.
- ქალაქში გაჩვეული სოფელში როგორღა გასძლებ?
საბედამ გაოცებით შეხედა ნატოს.
- ჩემ სახლში ვერ გავძლებ?.. ჩემ სახლში რომ ნაცარი ვშუშო, სხვის კარებზე ნაზუქების ჭამას მირჩევნია. ამ ოჯახის გარდა მე ჯერ არსად არა ვყოფილვარ, ღმერთმა აცოცხლოთ, პატიოსანი ხალხია, თვითონ ქალბატონი ჩვენი მხრელია, მაგრამ მაინც ჩემ სახლში მირჩევნიან. ჩემი პატარა ბიჭის პალიას დანახვა მთელ ქვეყნათ მიღირს, - სთქვა საბედამ და სიამოვნებით გაიღიმა. - შენ სადღაური ხარ, ქალო? - ჰკითხა ბოლოს საბედამ, როდესაც დაინახა ჩაფიქრებული ნატო.
- მე?.. სოდან ვარ.
- ბეჩა და ჩვენი მეზობელი ყოფილხარ. რომელ ოჯახიდან?
ნატო დაიბნა, კარგა ხანს ვერ ახერხებდა სიტყვის თქმას.
- ანდრუაშვილიანთაგან, - ბოლოს წარმოსთქვა მან.
- რა ვქნა, ვერ მომიაზრებია... მე იქაურებს თითქმის ყველას ვიცნობ... ჩვენ სოფელში ხშირათ ჩამოდიან ხოლმე.
- მე კაი ხანია რაც აქა ვარ... ბარე... ბარე ათი წელიწადი იქნება. რაი ჩემს სოფელს მოვშორებივარ, - სთქვა ფიქრიანად ნატომ და გვერდზე გაიხედა.
- მას აქეთ მოჯამაგირეთ დადიხარ?.. მაგისთანა ყმაწვილ ქალს ან ქმარი არა გკითხულობს, ან შვილი?.. არა გვანებიან ჩემ მოხუცებულ კაცსა. ეხლაც ლამის კბილით შემჭამოს, მეჩხუბება, სხვასთან რათა ხარო...
- ქმარი?.. განა ყველას ქმარი ქმარია!.. ჩემმა ქმარმა დიდი ხანია ხელი აიღო ჩემზე და აღარც კი იცის, სადა ვარ. რაში ვეკითხები, სწორე გითხრა, ეხლა აღარც მე მეკითხება, დაუმატა ნატომ და მძიმეთ ამოიოხრა.
- შვილები არა გყავს?- ჰკითხა საბედამ და გაკვირვებით მიაჩერდა ნატოს.
- ერთი ბიჭი მყავს და ისიც მამასთან არის.
- ის მაინც აღარ გაგონდება?
- ეჰ, ჩემო დაო, სადაც ჩემთვის სიკეთე არ არის, იქ ყველას თვალებიც გამოხეთქია, - უპასუხა ნატომ იმნაირ ხმაზე, თითქო ამითი უნდოდა მოესპო ეს უსიამოვნო ბაასი.
ბავშვებს მოსწყინდათ დედაკაცების ლაპარაკი, გამოვიდნენ აივანზე და დაიწყეს თამაშობა, ამასობაში სადილობაც მოახლოვდა, საბედამ სუფრა გაშალა; მიიშველია ნატოც, ნატოსთვის ბევრი ჩიჩინი საჭირო არ იყო, ეტყობოდა, სამსახური კარგათ იცოდა.
- ეს დედაკაცი მარჯვე ჩანს, მაგრამ როგორღაც ამისი შეუფერებელი სისრულე თვალში მეჩხირება... ესეც ხომ ქალბატონივით მძიმეთ არ არის?.. ფიქრობდა საბედა და კვალათ დაკვირვებით მისჩერებოდა ნატოს.


III
საბედა იმ დღესვე წავიდა. დარჩა დესიკო ნატოს ამარა, რომელმაც ჩინებული მზარეულობა გამოიჩინა და ბავშვებსაც ეფერებოდა.
დესიკო დამშვიდდა, დარწმუნდა, რომ ნატოსაც არა უშავდა რა, მაგრამ რაც დრო მიდიოდა, ნატოს სახე უნაღვლიანდებოდა და ხშირად ოხრავდა. დესიკომ შეამჩნია ეს ცვლილება. ნატო თანდათან დაზანტდა და წინანდელის ხალისით ვეღარ ჰკიდებდა საქმეს ხელს.
- ნატო, ავათა ხარ? - ჰკითხა ერთ საღამოს დესიკომ, როდესაც ბავშვებმა დაიძინეს.
ნატო შეკრთა, ფერმა გადაჰკრა, მაგრამ მაინც მივიდა ქალბატონთან და ჩაჯდა მის გვერდით.
- ეჰ, ქალბატონო, არც კარგათა ვარ, - სთქვა მან ნაღვლიანათ და მძიმეთ ამოიოხრა.
- მე დიდი ხანია გატყობ, რომ კარგა არა ხარ. ღამე ცუდათ გძინავს?..
- ათასი დარდი და ვარამი რა ძილს გააჩერებს ჩემთან. ქალბატონო!.. თქვენ როდის მოელით მორჩენას? - ჰკითხა მან შემდეგ და ნიდაყვზე სახე დაანდო.
- მე?..მალე..ამ ცოტა ხაში...
- თქვენა ბრძანეთ, ძიძა უნდა დავიჭიროო?
- ჰო, საუბედუროთ რძე არ დამყვება ხოლმე და რა მეტი ღონეა!.. ნაღვლიანათ უპასუხა დესიკომ.
- მაშ..მაშ, ქალბატონო, მე დაგიდგებით ძიძათ! გაუბედავათ წარმოსთქვა ნატომ.
- შენ ძიძათ?! განა შენც მძიმეთა ხარ?! ჰკითხა გაოცებით დესიკომ.
- დიახ, მაგრამ.. ეჰ, ქალბატონო, აღარ შემიძლიან მოვითმინო, რომ ჩემი გაჭირვება არ გითხრათ, - განაგრძო ნატომ. - მძიმეთ იყავი და აქამდის არ მითხარი!.. ეგ კარგათ ვერ მოგივიდა, ჩემო ნატო, - უსაყვედურა დესიკომ.
- დალოცვილო, მერე ამითი რა გავაფუჭე? საქმეს ხომ გიკეთებ. მელოგინეს მოგივლი, ბავშვებს მივხედავ და სხვაც ამაზე მეტს რას გასიამოვნებდა?
- ეგეები როგორ უნდა შესძლო?.. შენ თვითონ რომ მოინდომო, მე როგორ უნდა გაგსარჯო, თუ მე არ შემიძლიან არაფრის გაკეთება, შენც ხომ ჩემს მდგომარეობაში ხარ?
- იი, შენ კი გაიხარე, ქალბატონო! შენი საქმე და ჩემი ერთი არ არის. შენთანაც რომ არ ვიყვე, გულხელდაკრეფილს ვინ დამსვამს?.. საქმე უდნა გავაკეთო, სანამ...ლოგინში ჩავეგდებოდე.
- როდის ელოდები მორჩენას?-ჰკითხა შიშით დესიკომ, რადგან წარმოიდგინა, რომ შეიძლებოდა სწორედ საჭირო დროს დარჩენილიყო მარტოთ.
- ამ თვეს გავიყვან. ფიქრი ნუ გაქვს ნურაფრისა, ე ლოგინიდან კი აგაყენებ და მერე რაც უნდა მომივიდეს.
- სად აპირებ მორჩენას? თუ ჩემი იმედი გაქვს, ხომ ხედავ, რომ თვითონაც რა გაჭირვებაში ვარ... დაიწყო ნაწყვეტ-ნაწყვეტათ დესიკომ და თან თვითონვე ეძნელებოდა გაჭირვების დროს დახმარების უარის თქმა...

განა მე თვითონ არ ვიცი, ქალბატონო, მაგითი როგორ შეგაწუხებ, მაგრამ სიტყვით ერთ რამეში კი უნდა დამეხმარო.
სთქვი...თუ კი შემიძლიან, დიდის სიამოვნებით.

- გენაცვალე, ქალბატონო, არ შეიძლება მომიხერხო, რომ მშობიარეების სახლში უფულოთ მომალოგინონ... გამიგონია, საწყლებისთვის არის ის სახლიო, და ჩემზე საწყალი ვინღაა?
- რატომ. ერთი ნაცნობი ბებია ქალი მყავს და მოველაპარაკები, მაგრამ, საკვირველია, შენმა ქმარმა როგორ გამოგიშვა მაგ მდგომარეობაში მყოფი გარეთ? 
- დაუმატა დესიკომ და შეხედა ნატოს.
- ეჰ, სადღა მყავს ქმარი ან სხვა ვინმე!.. წყალსა და მეწყერს უზიდნიათ ჩემი ცოდვით. ბარე ხუთი წელიწადია, რაც ჩემი ოჯახი თვალით არ დამინახავს, იმ უბედურათ სატარებელმა გამომაგდო. სამი წელიწადია ერთ კაცთან ვცხოვრობ აქ, ქალაქში... ერთი შვილი იმასთან მყავს. ახლა მეორეზე რომ დავმძიმდი, მანაც სახლში აღარ დამაყენა, - დაუმატა ნატომ და თვალებში ცრემლები მოერია. დესიკო თანაგრძნობით უყურებდა ნატოს.
- ახლა რა უნდა ჰქნა, შე საწყალო?.. ჰკითხა მან.
- ქალბატონო, მართალია, რომ თავშესაფარში ბავშვებს მიაგდებენ ხოლმე ჩემისთანა გაჭირვებულები და ისინიც ზრდიან?- ჰკითხა ნატომ.
- მართალია, მაგრამ შენთვის მაინც სამძიმო იქნება.
- რა, გენაცვალე?..
- ის, რომ შენთვის სამუდამოდ დაიკარგება ბავშვი, აღარ გეცოდინება ვისთან არის, ან როგორია!
- ეჰ, დალოცვილო, აბა თუ ჩემ ხელში დარჩა, ვინ იცის რა სანუკვრებს არ გამოულევ. ე ჩემ ხელშიაც კარგი არა დაეყრება და აზირ ის არა სჯობიან, არ ვიცოდე იმათ ხელში რა მოუვა? ერთი შვილი პირველ ქმართან დამიტოვებია, მეორე მეორე კაცთან და თუ კი უიმათოთა ვძლებ, ეს რაღა ნატვრის თვალი იქნება! ნეტაი კი მომიხერხდებოდეს, თორემ მაგაზე არ შევწუხდები, - სთქვა ნატომ და ამოიოხრა.
- რას ამბობ, ტანო, მაგას?!-შესძახა დესიკომ.

ნატომ შეხედა ქალბატონს, რომელსაც წარბები შეჰკროდა, ლოყები დასწითლებოდა, სახეზე აღშფოთება ეტყობოდა.
- გული რას გეუბნება?-კვალად დაეკითხა დესიკო.
- გულიც იმას მეუბნება, რასაც სიტყვებით ვამბობ... - დაუდევრათ უპასუხა ნატომ.
- ნატო, იმათ ხომ ხედავ!-შესძახა აღელვებით დესიკომ და ხელი გაუწვდინა იქით, საიდანაც მოისმოდა მშვიდობიანი სუნთქვა ბავშვებისა.
- ორი შვილი მყავს, მესამესაც ახლა ველი; შეიძლება კიდევაც თან გადავყვე, მაგრამ მე მაინც უიმათოთ ერთ დღესაც ვერ ვიცოცხლებ. ვერ წარმომიდგენია, რა უნდა ვიყვე უიმათოთ?..
- არ გაგჭირვებიათ და იმიტომ.
- რაც უნდა გამიჭირდეს, ლუკმაც რომ არა მქონდეს, მაინც ჩემს შვილებს გულიდან ვერ მოვიხსნი და მათთან ერთად შიმშილით მოვკვდები.
- თქვენი საქმე სხვაა, ქალბატონო? დარცხვენით წარმოსთქვა ნატომ.
- რა სხვა?განა შენც ჩემისთანა ქალი არა ხარ, განა შენც დედა არა ხარ?..
- ეჰ, ჩემი ბედი ასეთი ყოფილა და რა ვქნა..
- ამ წუთამდის მეცოდებოდი, მაგრამ ახლა...-ვეღარ გაათავა სიტყვა დესიკომ და აღელვებისაგან ხმა ჩაუწყდა.
- განა ახლა კი საბრალო არა ვარ? -ყრუთ ჩაილაპარაკა ნატომ და ჩაჩუმდა. როდესაც დესიკომ გაიგონა მისი უკანასკნელი სიტყვები, შეჩერდა, გულშივე ჩაიბრუნა სათქმელი სიტყვა.
- მე შემეძლო არა გამემხილა რა, მაგრამ როდესაც დაგინახე, რომ კეთილი იყავ, მეგონა მართალს რომ გეტყოდი, უფრო შემიბრალებდი და დამეხმარებოდი...
- წარმოსთქვა ნატომ. დესიკო ღელავდა, ვიღარას ამბობდა. მაგრამ ბოლოს კარგა სიჩუმის შემდეგ უფრო ლმობიერად მიმართა ნატოს.
- ვთქვათ, კიდევაც დაგეხმარე და თავშესაფარში მიგიღეს, მერე რას აპირებ?..
- ბავშვს იქ მივიყვან და თუ მიმიღებ, ძიძათ მოვალ შენთან.
- ოჰ, არა?.. მე შენ ძიძათ არ გამომადგები!..-შესძახა აღშფოთებით დესიკომ.
- რატომ? ძიძებს მაინც თან არ მოჰყავთ გასაზრდელებთან თავიანთი შვილები.
- ისინი შვილებს თავის ოჯახში სტოვებენ და ქუჩაში არა ჰყრიან?
- თქვენა გგონიათ ყველანი?
- ალბათ.
- არა, ქალბატონო, ბევრი მათგანი სტყუის, იგონებს, ისევე იქცევა, როგორც მე... იმათ იყვანენ იმიტომ, რომ სტყუიან და მე კი, რაკი მართალი ვთქვი, უარს მეუბნები?.. მაგრამ თქვენი ნებაა, რახან თქვენ არ ამიყვანთ ძიძათ, სხვასთან არ წავალ და ისევ იმასთან დავბრუნდები...
- ვისთან?..ჰკითხა დესიკომ.
- ჩემ საყვარელთან, - დამშვიდებით უპასუხა ნატომ.
- როგორ?!-შესძახა შეშფოთებით დესიკომ.-შენ კიდევ მიდიხარ იმასთან, ვინც გაგაუბედურა და არ შეგიცოდა?..ვისი წყალობით შვილს ქუჩაში აგდებ?.. ან მიგიღებს კია?..
- უბავშვოთ მიმიღებს. რა ვქნა, ქალბატონო, მაინცდამაინც რომ სთქვას კაცმა, არც მე ვარ იმასთან სულ პირნათელი.
- როგორ?
- ეს ბავშვი მისი როდია?
- მაშ ვისია?
- მე თვითონაც არ ვიცი, რომელია მისი მამა.
- ღმერთო, ეს რეები მეყურება? დაღუპული, უბედური ყოფილხარ და მართლაც საცოდავი ხარ. რო იცოდე, ნატო, მაგ ცხოვრებას რა საშინელი ბოლო მოსდევს?.. თვითონვე შეძრწუნდები!..
- რაც იქნება იქნება. ალბათ, ბედი ასეა და რას ვიზამ!-კვლავ გაიმეორა ნატომ და სახეზე დაუდევრობა გამოეხატა.

 მათი ლაპარაკი შეწყდა, რადგან ამ დროს დათიკო შემოვიდა ოთახში. მთელ ღამეს არ მოუსვენია დესიკოს. მუდამ თვალწინ უდგა ნატო და მაზე ფიქრობდა. სწყევლიდა იმ შემთხვევას, რომელმაც ის დესიკოს სახლში შემოიყვანა და მის საშინელ საქციელში თითქო უნებური თანამოზიარე გახადა.
- მაშ უნდა დავეხმარო?..უნდა დავეხმარო, გზა გავუწმინდო, რომ ყველა ეს სისაძაგლე მოახდინოს?! ოჰ, არა, არა! მე ნება არა მაქვს! ძალზე სძგერდა, კვნესოდა დესიკოს გული. წამს თვალწინ წარმოუდგა უბედური ჩვილი ყრმა, რომელიც ქუჩაში სადმე კუთხეში იყინება, წარმოუდგა უზრუნველი ნატო, გარეული გარყვნილ ხალხში...
 „განა უფრო არ უნდა შემიბრალო?!" ჩაესმა ამ დროს ყურში ნატოს ხმა და დესიკო კიდევ უფრო აღშფოთდა.
- არა, მე მას ხვალვე დავითხოვ! ფულს ვაჩუქებ, მაგრამ მაინც დავითხოვ! იმეორებდა დესიკო თავის გულში.
- თავშესაფარში რომ ვერ შევიდეს, რას იზამს?.. შეიძლება კიდევაც მოჰკლას, დაარჩოს და ისე გაინთავისუფლოს თავი მისგან!.. -ამ გახსენებაზე დესიკოს გონება მთლად აერია და შეშინებული საჩქაროთ დაუბრუნდა იმავე აზრს, რომ როგორმე თავშესაფარში ადგილი უშოვოს.
ტანჯვა-წამებას გამოვლილი დესიკო ლოგინში იწვა.  ერთი კვირა იყო, რაც მას ვაჟი შეძენოდა, ქმარ-შვილი გარს ეხვია, ხელს უწყობდნენ, რომ ავადმყოფისთვის მოვლა არ დაეკლოთ. ნატო იქ აღარა სჩანდა, დათიკომ ბევრი ცდის შემდეგ მოუხერხა ნატოს თავშესაფარში შესვლა და ფულიც აჩუქა. დესიკომ ძლივს შვებით ამოისუნთქა, როცა ნატო წავიდა.

აგერა დესიკოს წინ დგას ჭრელ შალში შეხვეული ლამაზი, თვალჟუჟუნა ქალი. მას გვერდით მოსდგომია მაღალი, უშნო, უხეში შავგრემანი კაცი, რომლის შავი თვალები მოუსვენრათ იყურებოდნენ შუბლქვეშ.
- მაშ ეგრე? უსათუოდ თორმეტ მანეთს თხოულობთ?-წარმოსთქვა სუსტის ხმით დესიკომ.
- რა ვქნათ, ქალბატონო, ამასაც იმიტომ ვაშორებ ოჯახს, შვილს, რომ სახლში ორიოდ გროში შევიტანო და ხელი მოვინაცვლო. ბავშვის ამყვანსაც საძიძური უნდა, მანდედგან აბა რა დაგვრჩება?-ამბობდა კაცი და ხელებდაჭდობილი უყურებდა დესიკოს. ქალი გაჩერებული იდგა და მალ-მალ წითლდებოდა, თვალებს ძირს ხრიდა. -ახალი ძუძუს პატრონია, თორმეტ მანეთშიაც თქვენი ხათრით ვაყენებ, მეზარება უკან წაყვანა, თორემ, რომ გავიყვანო კიდეც, იმედი მაქვს კაი თხუთმეტს მომცემენ, -განაგრძობდა ის.

დესიკო და დათიკო გაჩუმებულები უსმენდნენ; გრძნობდნენ, რომ მართალს ამბობდა, რადგან ძიძას ყოველთვის კაი ფასი ჰქონდა, მაგრამ სამი ხელი ტანისამოსი და თვეში თორმეტი მანეთი ძალიან ებევრებოდათ. კარგი ვაჭრობის შემდეგ ნონემ, ასე ერქვა ძიძის ქმარს, მაინც არ დაუკლო და მეტი ღონე არ იყო, სხვაფრივ უნდა შევიწროვენულიყვნენ და მართა აეყვანათ.
- რა გაეწყობა, დარჩეს!..-უთხრა დათიკომ.
- ძალიან კარგი, შენი ჭირიმე, მაგრამ ორი თვისა წინდაწინ უნდა მიბოძოთ,
- შეეხვეწა ნონე.
- კარგი, მოგცემ! ახლა წადი სამზარეულოში, ცოტა დაისვენე და პურიც ჭამე, 
- უპასუხა დათიკომ. ნონემ თავი დაუკრა და გავიდა ოთახიდან.
ძიძამ მოიხსნა შალი და ღიმილით წავიდა პაწაწა ბავშვის სანახავად.
- კეთილი იყვეს ჩემი ხელის მოკიდება, წარმოსთქვა მართამ და აიყვანა ხელში მძინარე ბავშვი, თან თვალები აემღვრა, ტუჩები აუთრთოლდა, მაგრამ თავს ძალა დაატანა და კვალად გაიღიმა.
- პირველი გამოსვლაა შენი კარზე, მართა?-ჰკითხა ღიმილით დესიკომ.
- დიახ, გენაცვალე, უპასუხა ქალმა და ამოიოხრა.
- ბავშვი პატარა გყავს?
- სამი თვისაა, წარმოსთქვა მართამ, მთლად გაწითლდა და თავი ჩაღუნა. ახლა კი თვალებში ცრემლები წამოადგნენ.

დესიკომ შენიშნა, რომ სამძიმო იყო მისთვის ოჯახის მოგონება და არჩია გაჩერებულიყო. ნონეს გულუხვათ გაუმასპინძლდნენ და დიდი კმაყოფილი იყო, რომ ამისთანა კარგი ადგილი უშოვა ცოლს.
- აბა თქვენ იცით, ქალბატონო, თუ მართას კარგათ შეინახავთ, ეგეც ცუდი ხასიათისა არ არის და იმედი მაქვს გასიამოვნებთ, - წარმოსთქვა ნონემ, როდესაც გამოსათხოვრათ ოთახში შემოვიდა.
- მაგაზე ნუ სწუხარ, ჩემო ნონე, მართა ჩვენთან ისე იქნება, როგორც თავის ოჯახში, არა გაუჭირდება რა,- უთხრა დესიკომ და ნონეც გავიდა ოთახიდან. მართა ქმარს გაჰყვა სამზარეულოში.
- ნონე, მაშ შენ ორი თვის ჯამაგირს თხოულობ?-ჰკითხა დათიკომ, რომელიც აგრეთვე შემოვიდა სამზარეულოში.
- დიახ, ბატონო, ამ ორ თვეში ვეღარ ჩამოვალ და ამ თავშივე ოჯახს რამეს შევმატებ, უპასუხა ნონემ, რომელსაც სიხარბისაგან თვალები გაუბრწყინდნენ. გულხელდაკრეფილი მართა ნაღვლიანათ შესჩერებოდა დათიკოს, როცა ეს ხელში უთვლიდა ნონეს ოცდახუთ მანეთს. ნონეს კი სიამოვნების ღიმილი მოსდიოდა ტუჩებზე, ცოლს არც კი უყურებდა.
- აბა, მართა, ჭკვიანათ იყავ, არ იდარდო, თორემ რძე დაგაკლდება,-უთხრა ნონემ ცოლს, როდესაც დათიკო გამოვიდა.
- ნონე, ჩემი შაქრო დამიკოცნე, გაუფრთხილდი...წარმოსთქვა მართამ და თვალებზე ხელსახოცი მიიფარა.
- შენ ჭკვიანად იყავ, შაქროს არაფერი უშავს.იქ არა ვართ მე და დედაჩემი!..მშვიდობით...დაუმატა ნონემ, ჩამოართვა მართას ხელი და აჩქარებით გამოვიდა.
თვალცრემლიანი მართა შებრუნდა ოთახში. დესიკო ხედავდა მართას მწუხარებას და გულში უხაროდა, რომ ეს ნატოსთანა არ იყო.
- მაინც ხომ არ აგცილდებოდა ძიძათ გამოსვლა, მართა, სჯობიან, რომ ჩვენთან მოხვედი; მართალია, შენ შვილს ვერ ხედავ, მაგიერათ ქმარი მალ-მალ შეგატყობინებს მის ამბავს.შენც ფულს მოუყრი და ოჯახს გაახარებ. სახლში გამოცდილი დახედული ადამიანი გეგულება და რა გაწუხებს! ეუბნებოდა დესიკო. მართა ამ სიტყვების ზეგავლენით თანდათან მშვიდდებოდა.
- მე შენ ლამაზ კაბას გიყიდი, საცვლებს შეგიკერავ, სუფთად ჩაგაცმევ, შეესმოდა მართას დესიკოს მომხიბლავი სიტყვები და მართა კიდევაც იღიმებოდა.

დესიკომ აუსრულა თავისი დანაპირები; როგორც კი შესძლო კარზე გამოსვლა, რაც საჭირო იყო, ყველაფერი უყიდა. მართას მაინც ფარული ნაღველი არ შორდებოდა, თვალწინ განუშორებლათ უდგა თვისი სახლ-კარი, პატარა შაქრო. პაწია, ახლათ დაბადებული ბავშვი ვერ ავიწყებინებდა ექვსი თვის გაფუნჩულ შაქროს, რომელსაც ხელში ძლივს იმაგრებდა, მერცხალივით ფართხალებდა, ჭყივილით დედის გულს ახარებდა.


 V
მართა ოსის ქალი იყო. ოჯახი, რომელმაც მართა რძლათ მოიყვანა, სხვებზე ღარიბათ ცხოვრობდა, თუმცა მართას ქმრის გარდა სახლში ორი ვაჟკაცი კიდევ ტრიალებდა. მეზობლები სავსენი იყვნენ საქონლით, სპილენძეულობით, ამათ კი ორი უღელი ხარის მეტი არ უჩნდათ და კიდევ ცხრა წლის ბიჭს ათიოდე თხა დაუდიოდა მინდვრად.

- ჩვენი ბარაქა იმ ოხერმა ურადმა თან გაიტანა. რა ყევარი ხარკამეჩი დაგვაკლდა და კიდევ ვინ იცის, როდის დაგავრჩებით!..იტყოდა ხოლმე ბაბედა, მართას დედამთილი.
- უფროს რძალში უღელი ხარი და ერთი საარაყე ქვაბი წაიღეს, ახლა ზამთარში და შემოდგომაზე კიდევ ტატეა დასაქორწინებელი... იმას საიდგანღა გამოვუძებნოთ!.. ე კაცები რასაც ხნამენ და თესენ, საჭმელადაც არა გვყოფნის!დაუმატებდა ბაბედა და საყვედურით გადახედავდა ორივე რძალს, რომელნიც ამ დროს ოჯახში ფუსფუსებდნენ. მეტადრე უფროს რძალს, მაიკოს, ხშირად ხვდებოდა საყვედური.
- რის მაქნისია, გენაცვალეთ! შვილი მაინც გასჩენოდა, ძიძათ წავიდოდა და სახლში რასმეს შემოიტანდა!..

ამ სიტყვების გაგონებაზე მაიკო მძიმეთ ამოიოხრებდა და ხმას კი არ გაიღებდა. ხუთი წელიწადი იყო, რაც რძლათ მოსულიყო და რახან აქამდის შვილი არ გასჩენოდა, მერეც იმედი აღარა ჰქონდა. თვითონ მაინც სწუხდა თავის უბედურობას, მაგრამ წუხილით ვერას აწყობდა.
- ადე, ქალო, წისქვილში წადი, ტომრით ფქვილი მოიტა!..-მოუბრუნდებოდა მას უკმეხათ ქმარიც, თვითონ კი ცეცხლაპირას ზარმაცათ წამოწოლილი ჩიბუხს აბოლებდა.
მაიკო ხედავდა, რომ არც ქმარი იყო მისით კმაყოფილი. მართა ხედავდა ყველაფერ ამას და შიშით გული უძგერდა, ვაითუ ისიც უშვილო გამომდგარიყო და მით თავზე ოჯახის რისხვა დაეტეხა.
მალე მართას შიში გაიფანტა, ის უკვე მოელოდა შვილს და სახლში მყოფებმაც დაუწყეს ფერაობა.
- მართა ძიძით უნდა წავიყვანო, თვეში ათ-თორმეტ მანეთს, თავათ მეტსაც ავიღებ. კაცო, ეხუმრები, თვეში თორმეტი მანეთი რომ შემოვიდეს ოჯახში!.. ამაყათ იტყოდა ხოლმე ნონე. უმცროსი ძმები ღიმილით ეთანხმებოდნენ, მარტო მაიკოს ქმარი ხმას არ იღებდა, შურით გადახედავდა მართას და შემდეგ გაბღვერდა მაიკოს, რომელიც დამნაშავესავით კერასთან მოკუნტულიყო.

მართას გონება დიდხანს არ ჩერდებოდა ქალაქში წასვლაზე. ის კმაყოფილი იყო მით, რომ ოჯახი მას სწყალობდა და მომავალს მორჩილებით მოელოდა.

გავიდა დრო. მართა დედა გახდა, თავდავიწყებით დახაროდა ძვირფას, პაწია არსებას, მაგრამ, რაც უფრო დრო გადიოდა, გული მოუსვენრათ უშფოთავდა...
- ძიძათ რომ წავიდე, ხომ თავი უნდა დავანებო ჩემ პაწია შაქროს!..-ამ გახსენებით მართას გული მწვავეთ გაისერებოდა.არა, არ შემიძლიან!..მე უშაქროოთ ვერ გავძლებ...დაუმატებდა მართა და მაგრა მიიკრავდა გულში შვილს. რა ოხრათ დავარჩენ ფულს!..ფული კი არა, სიცოცხლეც არ მინდა უჩემბიჭოდ; არა, ნონეს ვეტყვი, რომ არ წამიყვანოს,ამბობდა გულში მართა.

ზამთარი ილეოდა, მაგრამ სუსხი მაინც წინანდელი შერჩენოდა და გარემოს ჰყინავდა. დიდი ჭდეულში შუა ადგილზე ცეცხლი ენთო, მთელი ოჯახი გარს შემოსხდომოდა, კაცებს თავი მოეყარათ, ბაბედა ჩოხის შალსა ჰქსოვდა და თან ფეხით აკვანს არწევდა. ამ დროს კარმა გაიჭრიალა, ოთახში შემოვიდნენ წელში მოხრილი მაიკო და მართა, რომელთაც ზურგზე წამოეკიდათ შეშის ვეება გუდურები და ხვნეშით დაჰყარეს კუთხეში. ქალებს სიცივისაგან სახე დალურჯებოდათ.
- ცივაა!..კანკალით წარმოსთქვა მართამ და თამამათ გადავიდა ცეცხლისკენ. მაიკო კი მოკრძალებით, შეუმჩნევლად მიუჯდა მართას გვერდით და დაიწყეს ხელების თბოდა. 
- უფრო თბილათ ჩაიცვამდი, ქალო, - მიუბრუნდა ბაბედა აკანკალებულ უმცროს რძალს, მაიკოსთვის კი არც კი შეუხედია. ამ დროს შაქრომ აკვანში დაიტირა და მართაც გაუბრუნდა.
- ნეტა ჩქარა გავიდეს ეს ოხერი თვეც, მოუთმენლათ სთქვა ნონემ.
- ზაფხული კარგია, ზამთარში მუშა ტყუილათ სცდება... დაუმატა მეორე ძმამ.
- გაზაფხულდება თუ არა, მე და მართა ქალაქისკენ გავწევთ სთქვა ნონემ.
ამის გაგონებაზე მართა შეკრთა და ქმარს მიაჩერდა, მას თითქო კიდევაც დავიწყებოდა, რომ ძიძათ უპირებდნენ წაყვანას.
- ნეტაი შენა, მართა, რომ ქალაქში მიდიხარ! რო იცოდე, რამდენ რამეს ნახავ, რარიგათ ანებივრებენ ძიძას, რა ტანისამოსს აცმევენ! სხვა მოსამსახურესავით კი არ არის აგდებული, ძიძა ქალბატონზე ნებიერია, დაილაპარაკა ბაბედამ და ძაფს გასწია.
- მართა მე ერთ საახალოხეს გამომიგზავნის.
- მე ქუდს...გაისმა ბიჭებში.
მართა შეინძრა. მიაჩერდა პატარა შაქროს, რომელსაც ოდნავათ პირი გაეხსნა და უზრუნველათ ეძინა.
- მაშ ქალაქში მივდივარ!..შაქროს თავს ვანებებ? გაიფიქრა და თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა, მაგრამ საჩქაროთვე მოიწმინდა, რომ იქ მყოფთ არ შეენიშნათ. შემკრთალმა მართამ გადახედა მათ, მაიკო დაღონებული შემოჰყურებდა რძალს, უსიტყვოთ შენატროდა, მართას გულმა კი კვალად დაიკვნესა და ცრემლებმა წამწამები დაუსველეს.
- შაქრო მაშინ ხუთი თვისა იქნება, რძესაც კარგათა სჭამს,-სთქვა ბაბედამ.
ნონეს არც კი შეუხედნია მართასთვის, ის წინ-წინ ანგარიშობდა ძიძობაში აღებულ ფულს და მოთხოვნილებას იკმაყოფილებდა.
- ნონემ რომ ხელიც არ გაანძრიოს, მაინც გაუჭრებლად იცხოვრებს...მართა ახალგაზრდაა, უშვილო არ გამოადგა და დიდხანს, დიდხანს ივლის ძიძათ...ამ გახსენებით ნონემ ალერსით გადახედა ცოლს, რომელიც თვალებძირსდახრილი დაღონებული იჯდა.
აგერა მართა დარჩა ქმართან მარტოდ. მართა მოვიდა ქმართან, მხარზე დაადო ხელი და შეხედა თვალებში.
- ნონე, წარმოსთქვა მან, ნონე, ნუ წამიყვან ქალაქში...სახლში დამტოვე ჩემ შაქროსთან...მართას ხმა უკანკალებდა, ცრემლებსა ჰყლაპავდა.
ნონემ გაოცებით შეხედა ცოლს.
- რატომ, მართა?.. შენი ქალაქში წასვლა ჩვენთვის ძალიან საჭიროა, უთხრა ძალდატანებულის სიმშვიდით ნონემ.
- მე უშაქროოთ ვერ გავძლებ, ნონე, შაქროც უჩემოთ იდარდებს.
- ნუ სულელობ..შაქროს ბევრი გაეგება..პაწიაა, არც კი დაახსოვდები...შენც ასე გაჭირვებაში არ იქნები, როგორც აქა ხარ.. ემანდა, კაბა არა გაქვს რომ ჩაიცვა, ეუბნებოდა ნონე.
- მე საქმე არ მაშინებს, ნონე არც სიღარიბე. დღეის იქით უფრო მოვუმატებ საქმეს, თავს გავსწირავ, ოღონდ..ქალაქში ნუ წამიყვან...განაგრძობდა ვედრებას მართა.
- დარჩები და შენც მაიკოზე უარესი დღე  დაგადგება. ყველა მოგიძულებს, იქნება სახლიდანაც გაგაგდონ, ჩემს გარდა სხვებიც არიან ოჯახში...უთხრა უკმაყოფილოთ ნონემ.
მართამ იგრძნო, რომ ნონესთან ვერას გახდებოდა და დაიწყო ტირილი.
- რა დიდხანს შენ იქნები ძიძათ, წლისთავზე ისევ სახლში მოხვალ, იქნება უფრო ადრეც. ახლა სოფელში რო დარჩე, პაპანაქება სიცხეში მინვრათ უნდა დაიწვა, არ გირჩევნიან ქალბატონივით ოთახში იყვე?..

ნონეს სიტყვები ცივადა ხვდებოდნენ მართას გულს და უფრო აკვნესებდნენ. მართა ჩამოეცალა ქმარს. ახლა ის ფარულად შესთხოვდა ღმერთს, რომ ზამთარი ხელახლა დაბრუნებულიყო, გასასტიკებულიყო, მაგრამ ამის ჯიბრზე დღეები გარბოდნენ, თოვლი დნებოდა, ჰაერი თბებოდა, გაზაფხული ახლო იყო.
- ზეგისთვის მოემზადე ქალაქში წასასვლელად! ..- უთხრა ნონემ ერთხელ ცოლს, როდესაც შემოვიდა სახლში. მის ხმაში უფრო ბრძანება იხატებოდა. მართა გაფითრდა და სახე გვერდზე მიიღო.
- გესმის თუ არა!.. მოემზადე-მეთქი!..შესძახა ახლა კი წყრომით ნონემ და სახეზე მხეცური მეტყველება გამოეხატა.
მართა შეშინდა და მოუბრუნდა ქმარს.
- მესმის... ყრუდ წარმოსთქვა მან.
- ჰოდა, გესმოდეს რასაც გეუბნებიან! 
- მაიკო, ჩემი შაქრო გებრალებოდეს, მოვალ და მერე მე ვიცი მაგიერი პატივისცემა! -ეუბნებოდა წასვლის დროს თვალცრემლიანი მართა რძალს.
 - ფიქრი ნუ გაქვს, მართა, მე შენს შაქროს გავუფრთხილდები. შენ მშვიდობით იყავი და გული გაიმაგრე...თანაგრძნობით ეუბნებოდა მაიკო და თვალებიდან ცხარე ცრემლსა ღვრიდა; გრძნობდა, რომ ურძლოთ ცხოვრება ერთიორად აუტანელი იქნებოდა მისთვის.
- ნახვამდის, მართა! შეესმოდა აქეთ-იქიდან, მართაც მათ ცივათ აძლევდა პასუხს,თითქო ყველანი შესძაგებოდნენ. აგერა მართა მივიდა აკვანთან, რომელშიც შაქროს ეძინა, მართას მუხლები აუკანკალდნენ და მძინარე ბავშვს დაემხო გულზე. გაისმა გულშემზარავი ქვითინი, რომელსაც ხმას აძლევდა ბავშვის განწირული ტირილი.
- მართა!.. გამოდი დროზე!.. მრისხანეთ შემოსძახა გარედან ნონემ. მართამ რამდენჯერმე აკოცა შეშინებულ-ატირებულ ბავშვს და მოშორდა...
მეორე დღეს მართა ქალაქის ბაღში იჯდა, საიდანაც მალე წაიყვანეს დესიკოსთან.


VI
დესიკო თანდათან მოღონიერდა და ოჯახი წინანდელ რიგზე მოაწყო. ავადმყოფობის დროს როგორც ბავშვებს, ისე თითოეულ საგანს დაჰკლებოდათ მისი თავდაუზოგავი ზრუნვა-მოვლა.

დესიკო ღარიბი დედ-მამის შვილი იყო, შესჩვეოდა შრომას, სანაქებოდ დაამთავრა საშუალო სასწავლებელი და დიდი დროც არ გასულა, რაც დათიკო ქამიშვილს მისთხოვდა.  

დესიკო თავს ბედნიერადა სთვლიდა, ქმრის ოჯახში სრული თავისუფალი იყო და დათიკოც თვალ-წარბში შეჰყურებდა და თავს ევლებოდა. კმაყოფილი დესიკო სულაც არ ფიქრობდა მასზე, თუ მცირე ჯამაგირი ოდესმე აგრძნობინებდა მათ რაიმე გაჭირვებას.
- გაჭირვება რას ქვიან?..კაცი თუ ირჯება და მუქთახორა არ არის, როგორ უნდა გაუჭირდეს?! ფიქრობდა ის. 

დესიკოს პირველ წელიწადშივე გაუჩნდა შვილი. მას მოჰყვა მეორე, მესამე, კიდევ ზედ დაერთო უძუძურობა და დესიკომ ნაღვლიანათ დახარა თავი ძირს.

ბევრჯერ დააპირა შესულიყო რაიმე სამსახურში და შვება მიეცა ოჯახისთვის, მაგრამ როდესაც წარმოიდგენდა თავის შვილებს უცხოების ხელში, შეკრთებოდა და წუთს გაუფრთხებოდა ამ მოსაზრებას. ბევრჯერ უნახავს მოახლეების ხელში ჩაცვივნული ბავშვები როგორ ისჯებოდნენ და რა უწესო საქციელების მოწამეთ ხდებოდნენ. ჯერ კიდევ ქალიშვილობაში დესიკო ჰკიცხავდა იმ დედას, რომელიც აგრე რიგად არ აქცევდა ყურადღებას შვილებს, განზე იყურებოდა პირადის სიამოვნებისთვის.

- ღმერთმა ნუ ქნას, შვილი ვისმეს ჩავუგდო ხელში, მე თვითონ აღვზრდი ისე, რომ სხვისთვის მაგალითი იყვეს-ხშირად უთქვამს ეს და ნუთუ დღეს კი ისე უნდა მოიქცეს, როგორც იქცევიან მისგან გაკიცხული დედები!..არა! ვერ იზამს დესიკო ამას. სხვაფრივ გაიჭირვებს საქმეს, თითქმის საზრდოსაც მოვიკლებ, ჩასაცმელს, ყოველგრავ სიამოვნებას, რომელსაც არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ქმარ-შვილთან შედარებით და ოჯახიდან კი გარეთ არ გავალ...

დესიკოს გაგიჟებით უყვარდა შვილები, დღე თუ ღამ მათთვის ფიქრობდა, კიდევაც დავიწყებოდა, თუ შვილების გარდა კიდევ სხვა არსებობდა რამ, მთელი დღეები სახლში ტრიალებდა, ძიძის დახმარებით ოჯახს უვლიდა, ხარშავდა საჭმელს, ოთახებს ალაგებდა, ჰკერავდა, შემდეგ ჩაუჯდებოდა შვილებს, უამბობდა ზღაპრებს, წიგნებს უკითხავდა...ბევრჯერ დაღალვისაგან სახეზე ოფლი ასკდებოდა, სხეული თხოულობდა დასვენებას, მაგრამ ის მაინც არ ჩერდებოდა და შრომას განაგრძობდა. დესიკოს გულსა და გონებაში ღრმად ჩასწვდენოდა დედობრივი მოვალეობა, იცოდა, რა ფაქიზად, სათუთად უნდა მოჰქცეოდა ბავშვის ნორჩ, წრფელ გონებასა და ხშირად ოხრავდა, როდესაც გრძნობდა, რომ უსაშუალებობა ბევრნაირათ უკანა სწევდა მის მისწრაფებას შვილების აღზრდის შესახებ, მაგრამ მაინც არ ტყუვდებოდა და კვალად გამხნევებული დაუმატებდა:

- არა უშავს რა! ღმერთი მოწყალეა!..საკმარისია შვილები შევაჩვიო პატიოსან შრომას, მოთმინებას, დანარჩენი ღვთით ყველაფერი კარგათ იქნება...
- ბედნიერი დედა ხარ, დესიკო, მფარველი ანგელოზი თავს გადგია და გიფარავს ათას განსაცდელისაგან. გაიხსენე ნატო, თუნდ მართა, წარმოიდგინე მათი მდგომარეობა...შესჩურჩულებდა ხშირად გონება.
- ღმერთმა იმ დღეს ნუ მომასწროს, რომ იმათ დღეში ჩავვარდე როდისმე! თუ ჩემ ქმარ-შვილს არ უყურებ, რათ მინდა სიცოცხლე! უიმათოთ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნიერებას?-დაუმატებდა დესიკო, ამაყად აიღებდა თავს და მიმოიხედავდა, გადახედავდა შვილებს. შემდეგ გასწევდა იმ ოთახში, სადაც ეზინა პაწია სოსოს. დესიკო კარგა ხანს აღტაცებით დასჩერებოდა მას, გონებას გამოეპასუხებოდა:
- ვინა სთქვა, რომ მე ღარიბი ვარ?..არა, სცდებიან, მე ღარიბი არა ვარ...მე მდიდარი ვარ მით, რომ დედა ვარ...ბედნიერი დედა!..
უცბათ დესიკოს სახეზე აღტაცებისაგან ზრუნვის ჩრდილი შემოერეოდა და ყურში ჩასჩურჩულებდა.
- იბრძოლე, იშრომე, ვიდრე შენ მოვალეობას შეასრულებდე!..ვიდრე შენი შვილები აუგებენ ქვეყანას სიყვარულის, სათნოების, მეცნიერების ტაძარს...
დესიკოს აღტაცებულ გულ-გონებას მოენატრებოდა, რომ მისი შვილები ასულიყვნენ მაღალ მწვერვალზე; მათ ფერხთაქვეშ ტანჯვით სული დაელიათ, გახრწნილიყვნენ შური, მტრობა, ძალმომრეობა და უზნეობა, მეორეს მხრივ უღრუბლო ცაზე დიადათ ამოსულიყო მზე და უჩვეულო ბრწყინვალე სხივებში შეეხვია ტანჯული ქვეყანა!..


 VII
მართა შეეჩვია ახალ მდგომარეობას. ბავშვები უზრუნველად ეტიტინებოდნენ და დროებით გულიდან აშორებდნენ ჯავრსა და ვარამს. მეზობლებს სოფლიდან ხშირათ მოჰქონდათ სახლის ამბავი. სიცხეს უჩვევი მართა ცხელ ზაფხულისაგან პირველში მომეტებულად შეწუხდა, მაგრამ მერე და მერე იმასაც თითქო შეეჩვია.რძე კარგი ჰქონდა, ბავშვი ჯანსაღი იყო. დესიკოც აფასებდა მართას ღირსებას და მეტ პატივსა სცემდა. ამასობაში ზაფხული ილეოდა, ნონემ ჩამოუტანა შაქროს მშვიდობის ამბავი, მაგრამ ოჯახს ცოტა ზარალი მოსვლოდა, მაიკო ვიღაცას გაჰყოლოდა და სადღაც გადაღუპულიყო. მართას ძალიან დაენანა რძალი, რომელთანაც შეჩვეული იყო და რომელიც, როგორც ესმოდა, შაქროს ყურს კარგად უგდებდა.
- ის თუ იქ არ იქნა, ოჯახი დაიღუპება, არა? დედაჩემი არც კი აგებინებს შაქროს უდედობას, ეუბნებოდა ნონე.
მართას შურდა, რომ მის შვილს სხვა დაჰპატრონებოდა.
- წინანდელი სულ ვალს მოუნდა, არც კი ეყო,- უპასუხა ცოტა დარცხვენით ნონემ.
- მაშ მაგითი მაინც შეიტანე რამე სახლში. ჩემ შაქროს ქუდი წაუღე, - დაუმატა მართამ. 

ორი კვირის შემდეგ მართა  სტიროდა, ხელში ეჭირა უმცროსი მაზლის წერილი, რომლიდგანაც გაეგო, რომ ნონეს როგორც წინანდელი, ისე მერე აღებული ფული სულ მთლად გაეფანტა და ხუთიოდ მანეთის მეტი არ აეტანა შინ. ბავშვიც ტიტველი დარჩენილიყო და სთხოვდა მისთვის მაინც დროზე გაეგზავნა ტანისამოსი.
-  რახან მაგისთანა უბედური ყოფილა, ფულს ნუღარ მიცსემ, დაიტოვე და შენ თვითონ წაიღე,- ამშვიდებდა დესიკო, მაგრამ მართას ნაღველი ამითი არ მსუბუქდებოდა, რადგან იცოდა, რო ნონეს დაბრიალებული თვალები და მოღერებული მუშტები ადვილათ არ აპატიებდნენ წინააღმდეგობას. მეტი ღონე არ იყო, უნდა დამორჩილებოდა მართა თავის ბედს.

დადგა შემოდგომა და დესიკოც ფრთხილათ ცოტ-ცოტათი აჩვევდა პატარას რძესა და ფუას, მაგიერათ ძუძუს ჯერს უკლებდა ისე, რომ ბავშვი შეუმჩნევლად გადადიოდა საჭმელზე.
- ერთი თვის უკან, ჩემო მართა, სოსოს ძუძუ აღარ დასჭირდება, -უთხრა დესიკომ მართას, რომელსაც ჯერ ეწყინა. მაგრამ როდესაც გაახსენდა, რომ მალე სახლში წავიდოდა შვილს ნახავდა, გულმა სიხარულისაგან უწყო ძალზე ძგერა.
- მაშ ჩემ შაქროსთან წავალ!!..-ხშირათ ფიქრობდა მართა და ამ სურვილს დღედაღამ თავს ევლებოდა.
- მართა, ნონე მოვიდა! - დაუძახა არჩილმა ერთხელ, როდესაც მართას ჩვეულებრივათ ხელში ეჭირა სოსო და აივანზე დადიოდა. მართას სიამოვნებისაგან სახე შეუწითლდა და წავიდა ოთახისკენ, რომ ბავშვი დედისთვის მიეცა.
- ოჰ, ნონე, რა ამბებს იტყვი?..გულის ფანცქალით შეეკითხა სამზარეულოში სკამზე ჩამომჯდარ ქმარს მართა და ხელი  ჩამოართვა.
- მშვიდობას.
- შაქრო რასა იქს?
- რა უშავს, ფეხზე დარბის.
- უი, და, და,და!..ნეტაი კი ახლა იქა მქნა და!..- შესძახა აღტაცებით მართამ.
- შენ როგორღა ხარ?..- საჩქაროთ მიატანა ნონემ, რომ მართას აღარაფერი ეკითხა სახლზე, რომელიც ისეც მოსწყენოდა.
- მე, რა მიშავს...
- ძუძუ ხომ სამყოფი გაქვს?..
- ძუძუ?..ძუძუ ეხლა მაგდენი აღარა სჭირდება ბავშვს, რადგან საჭმელზე გადაჰყავთ.
- რაო?..მაშ ძუძუს აღარ აძლევ? - შესძახა ნონემ, რომელსაც სახეზე შიში და უკმაყოფილება დაეტყო.
 - ვაძლევ, მაგრამ იმდენს აღარა. დღეში მარტო ორ ჯერს ვაწოვებ. ქალბატონი ამბობს, ერთი თვის შემდეგ სულ აღარ უნდა ძუძუო.
 - გადირიე, დედაკაცო? მერე ხომ გაშრი?..- შესძახა ნონემ, რომელიც არ მოელოდა ასეთ ამბავს. წამოვარდა ზეზე, გაჩუმდა რამდენსამე ხანს და შემდეგ, თითქო თავს ძალა დაატანა დამშვიდებულიყო, თავშემაგრებით უთხრა ცოლს:
 - მაშ შენ საქმე აღარა გქონია, უნდა წამოხვიდე!
 - საქმე?! საქმე როგორ არა მაქვს?.. ჯერ ხომ კიდევ ვაძლევ ძუძუს?..უპასუხა შემკრთალმა მართამ.
 - მართა!..შენ თუ ძუძუ გაგშრობია, იცოდე მოუკლავი არ გადამირჩები!..  - დაუმატა ნონემ, რომელსაც სიბრაზისგან ფერმა გადაჰკრა სახეზე.

მართამ თავი ჩაღუნა. ის თითქო კიდევაც გრძნობდა, რომ წინადებურათ რძე აღარა ჰქონდა და ამ ერთი თვის შემდეგ ხომ, რასაკვირველია, უფრო დააკლდებოდა. მართა ვერ მიმხვდარიყო, რად უნდოდა ნონეს, რომ მართას რძე არ გაშრობოდა. აქედან ხომ სახლში წავიდოდა და შაქრო კი დიდი იყო. ახლა მას ძუძუ აღარა სჭირდებოდა!..
-ქალბატონი და ბატონი აცოცხლა ღმერთმა! - წარმოსთქვა ნონემ, როდესაც ოთახში შემოვიდა, უკან მოსდევდა გაფითრებული მართა.

დესიკოს ხელში ხტოდა სოსო, ჭყროპინებდა, დათიკო კი მისჯდომოდა მაგიდას და რაღაცას სწერდა. მათ რომ დაინახეს ნონე, გაუღიმეს, მოიკითხეს.
- ბატონო, შენი ჭირიმე, მართლა მართა თქვენთვის აღარ არის საჭირო?..- იკითხა ნონემ და მორჩილებით ხელები დააჭდო ერთმანეთს, თუმცა მისი აღშფოთებული თვალები სულ წინააღმდეგს აცხადებდნენ.
- ვინ გითხრა, რომ საჭირო არ არის? ბავშვი ჯერ კიდევ ძუძუსა სჭამს, -უპასუხა დამშვიდებით დესიკომ.
- თუკი საჭმელს აძლევთ, ძუძუ იმდენი რაღად დასჭირდება?..იკითხა კვალად ნონემ.
- მართალია, მაგრამ ძუძუს უცბად არ ვაშვებინებ ხოლმე, ერთი თვის შემდეგ მართა თავისუფალი იქნება.
- დალოცვილო და მანამ ხომ კიდევაც გაშრება!..
- შეიძლება.
- მერე ცოდო არ არის, ახალი ძუძუ რომ გაშრეს?.. ჩვენი ცოდო რათ გინდათ?...
ცოლ-ქმარმა გაოცებით შეხედეს ერთმანეთს, თითქო ვერ მიმხვდარიყვნენ ნონეს ლაპარაკს.
- რა ცოდო, რას ამბობ, კაცო?..ჩვენ მართა ძიძათ დაგვიჭერია და მანამა გვყავს, სანამ საჭიროა. მგონი ჩვენ პირობას არ გადავსულვართ!..-უთხრა დათიკომ.
- მართალსა ბრძანებ, შენი ჭირიმე, მაგრამ მეშინიან ძუძუ არ გაუშრეს, თუკი არ გაუშრება, რა მენაღვლება, ერთი თვეც იყვეს...მერეც წავიყვან.
- მაგის პირობას ვერ მოგცემთ, რომ ძუძუ არ გაუშრეს. ბავშვს ხელმეორეთ აღარ დავაბრუნებთ ძუძუზე და, რასაკვირველია, რძე შედგება, როდესაც ბავშვი აღარ მოსწოვს...- უთხრა დესიკომ.
- კარგი, შენი ჭირიმე, თქვენ კარგადა ბრძანდებოდეთ, მაგრამ რახან ასეა საქმე, სჯობს ახლავე წავიყვანო ჩემი ცოლი.
- რაო?.. რა დროს წაიყვანაა, კაცო, როდესაც ჯერ ძიძობა არ გაუთავებია?.. - შესძახა დათიკომ და წამოდგა ზეზე, დესიკოსაც წყენა დაეტყო.
- ძიძის წაყვანა არც აგრე ადვილია, ჩემო ნონე,-ახლა კი გულმოსულმა დათიკომდა წამოდგა ზეზე, დესიკომ და მთლად გაწითლდა.
- დალოცვილო, ჩემი ცოლი ჩემი ნებაა, ხომ არ გიყიდიათ!..თუ ძიძათ გინდოდათ, ხომ ძიძათაც იქნებოდა ახლა, რაღასთვის უნდა გაჩერდეს და ტყუილათ ძუძუ გაიშროს?..
- აგრე ძალიან რათ უფრთხილდები მაგის ძუძუს?..
სახლში არ მიგყავს?..
- სახლში რომ წავიყვანო, რა უნდა გამირიგოს!..აი ახლაც შემომხვდა დალალი დედაკაცი, რომელმაც მკითხა, ძიძა ხომ არ იცი, ადგილია და თხუთმეტ მანეთს იძლევიანო...
ამის გაგონებაზე სასოწარკვეთილებაში შესული მართა უიმედოდ დაეშვა სკამზე და ანგარიშმიუცემლად იწყო პირდაპირ ყურება...ის თითქო ვეღარას ხედავდა, ყურს უგდებდა ძალზე აკვნესებულ გულს, რომელიც შინისკენ ეწეოდა. მას ხელიდან ეცლებოდა დიდი ხნის ნატვრა: შაქროს ჯერ კიდევ ვერ ნახავდა!...
- ეს სხვაა, თუ ადგილზე აყენებ, რასაკვირველია, ახლავე გიჯობს წაიყვანო,-უთხრა დათიკომ, რომელსაც სიბრაზემ გაუარა და კარგა ფიქრს შემდეგ გადასწყვიტა, რომ არა ღირდა აქ ძალის გამოჩენა.- რას იტყვი, დესიკო, წაიყვანოს?..ჰკითხა მან ცოლს.
- წაიყვანოს, მაინცდამაინც სოსოსთვის ძუძუ ძალიან საჭირო არ არის, -უპასუხა დესიკომ.
- მართა, მაშ წაყე შენ ქმარს. თავისუფალი ხარ...- უთხრა დათიკომ მართას და არც კი შეხედა. დესიკო კი დაკვირვებით უყურებდა გაჩუმებულ მართას, რომელსაც თუჩები უთრთოდა, თვალები ძირს დაეხარა...მაგრამ როდესაც გაიგონა დათიკოს უკანასკნელი სიტყვები, მან აიღო მაღლა თავი და განწირულებით მიაჩერდა ქმარს, რომელიც შუბლშეკრული იდგა.
- ნონე, მე ახალ ადგილზე არ წამოვალ...თუ წამიყვან, სახლში წამიყვანე, თუ არა და ისევ აქ დავრჩები!..- წარმოსთქვა მან ათრთოლებულის ხმით და უფრო გაფითრდა...
ნონემ გაოცებით შეხედა ცოლს, თითქო უკვირდა, არ ეჯერა, თუ მართა უბედავდა წინააღმდეგობის გამოცხადებას...

ნონეს თვალებმა საშიშრათ გაიელვეს, მან ტუჩები მაგრა მოკუმა და ხმა არ გასცა, ცხადათ ეტყობოდა, ღელავდა და ცდილობდა თავს მორეოდა, დამშვიდებულიყო..
- გაგვისწორდით, ბატონო, თუ გვერგება რამე..გვიბოძეთ..ნაწყვეტ-ნაწყვეტად დაილაპარაკა ნონემ...
- ჯამაგირი წინდაწინ გქვთ წაღებული, ათი მანეთი კიდევ გერგებათ...უთხრა ცივათ დათიკომ და გადასცა ფული ნონეს, რომელიც ნელ-ნელა, ზანტად გამოვიდა ოთახიდან...მართა იდგა დესიკოს წინ და ცხარე ცრემლით სტიროდა.
-  შენ გენაცვალე, ქალბატონო, ჩემგან ნუ გეწყინება...მე რომ შემეძლოს, დავრჩებოდი, სანამ საჭირო ვიყავი, მაგრამ რა ვქნა მე უბედურმა...მეგონა აქედან სახლში წამიყვანდა...ვეღირსებოდი შვილის ნახვას...მაგიერათ კიდევ სადღაც მიმათრევს...ეჰ, ვითომც მეც დედა ვარ! ვითომც მეც შვილი მყავს!...ქვითინებდა მართა...
- ნუ წაჰყვები ახალ ადგილზე, თუკი რ გინდა...ნუთუ შენც ადამიანი არა ხარ, მართა? ნუთუ შენც უფლება არა გაქვს, რომ შენი თავი დაიცვა?!ნუ წაჰყვები, მაგიერად სახლში წადი... ამბობდა გულმოსული, აღშფოთებული დესიკო, რომელსაც თანაგრძნობის ცრემლები უკრთოდნენ თვალებში.
-  ვინ გამიგონებს?..ქვითინებდა მართა...ნონე კი მოუთმენლად ელოდა კარებზე მართას, რომ დროზე ან ახალ ადგილზე წაეყვანა, ან კარდაკარ ეტარებინა.