Monday, June 20, 2011

იაკობ გოგებაშვილი სამოქალაქო აზროვნების შესახებ

კრწანისის ომის პანაშვიდი ტფილისში. 1895 წ.


დაბალი ღობე ერთა შორის

"მზე და მთვარე რომ ჩემსკენ იყვნენ, ვარსკვლავებს სულაც არ შევეპოვებიო", ძველად უთქვამს ჩვენს ქართველებსა და თავისი ცხოვრებაც თანახმად ამ ანდაზისა მოუწყვიათ. წინანდელი ქართველი არც ერთს ვარსკვლავს ნებას არ მისცემდა წაერთმია მისთვის რომელიმე უფლება, მზისა და მთვარისაგან მონიჭებული. რასაც-კი მას ხელმწიფე და კანონი არგუნებდა, მტკიცედ, შეუპოვრად იცავდა, თუნდა მთელი გუნდი მოხელეებისა მოწადინებული ყოფილიყო ხელიდგან გამოეგლიჯა მინიჭებული უფლება და დაებრიყვებინა.ახლა რაღასა ვხედავთ? სრულიად წინააღმდეგს სურათსა: ყოველს ბჟუტა ვარსკვლავს შეუძლიან ხმა ამოუღებლივ წაართვას ჩვენის დროის ქართველს უფლება, ნაბოძები მზისა და მთვარისაგან, დაიბრიყოს იგი, დაბალ ღობედ გახადოს და ქელოს. და განა მარტო ვარსკვლავსა? რომელსამე უკანასკნელს ცთომილსა, მოკლებულს საკუთარს სინათლესა და ძალასა, ადვილად შეუძლიან ესევე ოინი დაგვიწიოს.

 როცა რომელიმე უფლება უმაღლესი სახელმწიფოს ძალის მიერ ჩამორთმეული აქვს ადამიანსა, ან მთელს ერსა, და ესენი იძულებულნი არიან დაემორჩილნონ თავისს ბედსა, ეს უძლურებას და არაფრობას მორჩილისას როდი მოასწავებს, თუნდაც ეს ჩამორთმევა უსამართლოდ მომხდარიყოს. მოგეხსენებათ, რომ ძალა აღმართსაცა ხნავსო და ლომსაც ჰბოჭავსო. გარნა ამის გამო არც აღმართი იქცევა დაღმართად, არც ლომი – კურდღლად. მაგრამ თუ ადამიანი, ან ხალხი სიტყვა-ამოუღებლივ, ქედ-მოდრეკით ემორჩილება დაბალი ღობის ბედსა, რადაც, წინააღმდეგ კანონისა, გაუხდიათ იგი წვრილ-ფეხობა მოხელეებსა, ეს იმისი უტყუარი ნიშანია, რომ მონობას, ყურმოჭრილს ყმობას შეუპყრია საზოგაროების სული და გული, ამაზედ მომაკვდინებული სენი აღარ იქმნება ერისათვის, ეს სწორედ განგრენაა, მჭამელაა, საშინელი შინაგანი ავადმყოფობა, რომელიც ხალხს ათანასწორებს წირით შეპყრობილ პირუტყვ-ნახირთანა, და ემუქრება გაუქარწყლოს მას ყოველი მომავალი.

თუ ხალხს სადმე მკურნალნი მოეპოვება, ამ სენის განკურნას უნდა მოანდომონ მათ თავისი მთავარი ცოდნა და ძალა. თუ გულშემატკივარნი, გულ-მხურვალე მოღვაწენი ჰყავს, ამ დამღუპველის ნაკლის მოსპობაზედ უნდა ზრუნავდნენ უპირველესად ყოვლისა. თუ ერს ჰყავს მწერალნი, გულისა და ჭკუის პატრონნი, მათ დაუძინებლივ უნდა გამართონ ღაღადება ამ საშინელის სატკივრის წინააღმდეგ.

 რას სჩადიან ჩვენი ერის მკურნალნი, მოღვაწენი, მწერალნი? იქცევიან ისე, როგორც შეჰფერის გულ-მხურვალე და გაბედულ მოღვაწეთა, თუ იგინი მოგვაგონებენ საარაკო ყვავსა და ახირებულს სკვითსა. ყვავს თურმე თვალებსა სთხრიდნენ და ის წამწამებსა ნანობდა, თვალის ჩინს კი არ სჩიოდა, წამწამების გადარჩენას ევედრებოდა. სკვითს თავს აგდებინედნენ და მდუღარე ცრემლსა ღვრიდა, რაზედ? თავზედ? სრულიადაც არა. მას გულს უკლავდა მხოლოდ თმების დაკარგვა, თავი კი სრულიადაც არა. ამას გულს უკლავდა მხოლოდ თმების დაკარგვა, თავი კი სრულიად დავიწყებული ჰქონდა.
 ჩვენი მოქმედნი დასნი მოგაგონებთ სწორედ ამ ყვავსა და სკვითსა, მათ საარაკო საქციელსა. უმთავრესნი ნაკლნი ჩვენის არსებობისა, დამჩაგვრელნი პირობანი ჩვენის ცხოვრებისა, დიდნი ნაღველნი მივიწყებულნი არიან, უყურადღებოდ დატოვებულნი, ზურგ-შექცეულნი. ჩვენი უნარი, ნიჭი და ძალა უნდება წვრილმანს რამეებსა, უმნიშვნელო საგნებსა, ჩინჩხვარ-მინჩხვარსა. ნამდვილი მიზეზები ჩვენის დამხობისა ხელშეუხებელნი რჩებიან, - წვრილმანს შედეგებს, და მხოლოდ მათ, მიუპყრიათ ჩვენი ყურადღება. შიგნეული ავადმყფობა და მისი წამლობა არავის არ აფიქრებს, არავის არ აწუხებს; გარეგანი ძიძიბოები და მათზედ მალამოს წაცხება – აი ჩვენი უმთავრესი საქმე, ჩვენი დიდი ღვაწლი. საითკენაც უნდა მიიხედო, ყოველი მხრიდგან თვალში გეჩხირება გულსაკლავი ჩხირ-კედელაობა, ნაცარ-ქექიობა. და ყველაზედ სავალალო ის არის, რომ ამ ნაცარ-ქექიობას და ჩხირ-კედელაობას დიდს საქმეთა ვსთვლით, დაუფასებელ ღვაწლადა ვრაცხთ სამშობლოს წინაშე...

ჩვენ ვითმენთ ხმა-ამოუღებლივ, ლაჩრად, ამისთანა მდგომარეობას ბევრის მხრივ, რომლის მსგავსი მთელს ხმელეთზედ ძვირად მომხრადა და იშვიათად გაგონილა. ვითმენთ მაშინ, როდესაც შეგვეძლო მათი თავიდან აცილება, რადგანაც, ვიმეორებ, ჩვენი დამჩაგვრელი გარემოებანი უმთავრესად დაბადებულან და არსებობენ ხელმწიფისა და კანონის წინააღმდეგ.

სად თქმულა და გაგონილა, რომ ხალხს, რომელიც თავისივე ფულით თხოულობს სასულიერო პურსა და გონებრივს ნათელსა, აჩეჩებდნენ ხელში ქვასა და სიბნელესა, აშორებდნენ ღმერთსაცა და განათლებასაცა, არჩენდნენ მას ორ-წყალ შუა და აველურებდნენ, წინააღმდეგ პირდაპირი კანონისა. გადაიკითხეთ უმთავრესი წესდებულება შესახებ სახალხო სკოლების მოწყობილობისა რუსეთის იმპერიაში უცხო ტომთა შორის, რომელიც კანონად სდებს მშობლიო ენაზედ სწავლებას ყველა საგნებისას პირველ დაწყებითს სკოლებში, გაიხსენეთ კავკასიური სამოსწავლო გეგმა, შედგენილი ადგილობრივი მზრუნველისაგან და დამტკიცებული ნამესტნიკისაგან, წაიკითხეთ სასკოლო გეგმა, გამოცემული უწმინდესის სინოდისაგან ქართულის სამრევლო სკოლებისათვის, შემდეგ ინახულეთ რავდენიმე საერო და სამრევლო პირველ-დაწყებითი სკოლები, მიაქციეთ ყურადღება, თუ ერს, რა ენაზედ და როგორ ასწავლონ, და თქვენ დარწმუნდებით, რომ კანონის სურვილი, რათა ხალხს, თანახმად მისსივე მოთხოვნილებისა და კანონისა, ეძლეოდეს გონებრივი პური, არა სრულდება და ნაცვლად ამ პურისა, ჩინოვნიკურს წვრილფეხობას ხალხთან მოაქვს მოუნელებელი ქვა და ჰხდის ამ ხალხს სულის სიმშილის მსხველპლად.

 სად თქმულა და სად გაგონილა, რომ სახელმწიფოში ყველა ჯურის სარწმუნოება, ყველა გვარი ეკლესია, ქრისტიანული, თუ არა ქრისტიანული, სარგებლობდეს სრული თვითმართველობით და მწყემსებად ჰყავდეს თავისივე ღვიძლი შვილნი, ხოლო ამ უფლებას მოკლებული იყოს მთელს სახელმწიფოში მატრო ერთად ერთი ერი, ნებაყოფლობით შეერთებული სახელმწიფოსთან, ერთმორწმუნე მთავარ-ხალხის, და ერთგული მიმდევარი პოლიტიკურის ერტობისა. ჩავიდეთ ქვევით. რომელ ენაზე ისწავლება საღმთო სჯული მთელს რუსეთის საბრძანებელში ქრისტიანთა და არა ქრისტიანთა შორის? მიუცილებლად დედა-ენაზე გამოუკლებლივ. ვინ არიან აქ მომძღვარნი? ღვიძლი შვილები იმ ერისა, რომლის ძენი და ასულნი იზრდებიან ამ სასწავლებლებში. ჩვენში? საღმთო სჯულს ასწავლიან სლავიანურს-რუსულს ენაზე და ასწავლიან იმისთანა უცხო პირნი, რომელნიც მოკლებულნი არიან ყოველს კავშირს საქართველოს ერთან. და ამ უკიდურესი უსამართლობის წინააღმდეგ როდისმე აღიმაღლოს ხმა ან ჩვენებურმა ეპისკოპოზებმა და სამღვდელოებამ, ან თავად-აზნაურობამ და ან ქართველმა ოჯახობამ? არასოდეს, რატომ? ეწყინებათო.
  სად მომხდარა, თქვენი ჭირიმე, ამისთანა მასხარად აგდება ენისაცა და ერისაცა, რომ ს ა შ უ ა ლ ო ს ა ს წ ა ვ ლ ე ბ ე ლ ში მშობლიო ენის ერთად ერთს სახელმძღანელოდ იყოს ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი? თვრამეტის წლის განვითარებულს ვაჟკაცებს ასწავლიდნენ, აღეჭვინებდნენ იმ პირველ დაწყებითს წიგნსა, რომელიც მათ გაუთავებიათ, როცა შვიდი-რვა წლის ბაღანანი ყოფილან? ხომ ყოვლად მოუფიქრებელი ამბავია? აბა ეხლა მიბრძანდით მოსე ხონელის სამშობლოში, შედით იქაურს საოსტატო სემინარიაში, დაესწარით ქართულის ენის გაკვეთილებსა და თქვენ დარწმუნდებით, რომ ერთად-ერთი ქართული წიგნი, რომელიც იქ იხმარება ყველა კლასებში, არის "დედა-ენა" და ესეც თურმე ებევრებათ, ერთი ორად უნდა შემოკლდესო. და ამ სამარცხვინო სისტემის განმახორციელებელი გახლავთ არა რომელიმე გადამთიელი, არამედ ნიჭიერი და განვითარებული ქართველი ბ-ნი უთურგაური, რომელიც ბოლოს წლებში სავსებით გაიჟღინთა ჩინოვნიკური ზედ-მეტი ერთგულებით და გახდა ყურმოჭრილი ყმა სამოსწავლებო ბიუროკრატიისა?

და სად თქმულა და გაგონილა, რომ დროებითი დამოკიდებულება გლეხთა და მემამულეთა შორის დაუსრულებლად დამოკიდებულად გადაქცეულიყოს, ორივე მხრის სატანჯველად, საზარალოდ და ერთმანეთის მტრობის გასაძლიერებლად? ჩვენში კი ამას ვხედავთ 1864 წლიდან, წინააღმდეგ ხელმწიფის სურვილისა და კანონის მოთხოვნილებისა.

  სად მომხდარა და სად ნახულა, რომ ღირსეული პასუხით უკუქცეულ არ ყოფილიყოს ამისთანა ბრიყვული იერიში რომელისამე ერის წინააღმდეგ: წარსულს წელში რუსეთიდან ჩამოვიდა ჩვენს ქვეყანაში ოფროსი მღვდელი სამხედრო ნაწილისა მ. ჟელიაბოვსკი. როცა პეტერბურგში დაბრუნდა, მოახდინა კრება სამხედრო სამღვდელოებისა და უთხრა: უმთავრესი ნაკლი კავკასიის სამხედრო სამღვდელოებისა ის არის, რომ მათ შორის ქართველი მღვდლებიც ურევიანო. მართალია იგინიც ჩვენი სარწმუნოებისანი არიან, მაგრამ თავისი საკუთარი თვისებანი აქვთ, იქმნება არა ცუდნიცა (დახეთ თავაზიანობასა!), მაგრამ, ყოველს შემთხვევაში, ჩვენი ფარიდგან არ არიან (”не из нашего стада”). ამიტომ, უპირველესად ყოვლისა ეს შეცდომა უნდა იქმნას გასწორებული, ქართველი მღვდლები დათხოვნილნიო. ეს სიტყვა დაბეჭდილ იქმნა სამხედრო სასულიერო ჟურნალში და იქიდგან დაიბეჭდა სხვა რუსულს პერიოდულს გამოცემებში, მაგალითად: ”Церковныя Ведомости”. დაუპირდაპირეთ ამას სხვა-და-სხვა დროს წარმოთქმულნი უზენაესნი სიტყვანი, მეტადრე საბადურის სიტყვა, რომელშიაც თვითმპყრობელმა აღიარა, რომ მისს გულში რუსებსა და ქართველებს სწორი ადგილი უჭირავთ და მათ ერთმანეთში არ არჩევს, და შეიგნეთ, რომ მღვდელი ჟელიაბოვსკი თამამად და კადნიერად გვართმევს მას, რაც უზენაესს ნებას მოუნიჭებია ჩვენთვის.
 სად თქმულა და გაგონილა, რომ დაბალმა მოხელეებმა ერს მოჰგლიჯონ ღვიძლი ნაწილი, მთელი მხარე, გაჰყარონ შეხორცებულნი ერთად ღვთისა და ბუნების ნებით, გასწყვიტონ ათასის წლის ძმური კავშირი, ორივ მხრის შესასუსტებლად და ჩასაყლაპავად, და უბრძანონ მთელს მხარესა, კარგა ბლომს ნაწილს ქვეყნისასა: აღარ გაიხსენო შენი ნათესაური დამოკიდებულება და ძმური ურთი-ერთობა დედა-ქვეყანასთანა, ილაპარაკე მხოლოდ შენს შინაურს კილოზედ, ზურგი შეაქციე შენს მთავარს დედა-ენასა, და დაივიწყე იგი, გადააგდე იქით მშობლიური ანბანი, შენი მონაწილეობით მოგონილი, უარჰყავ სამშობლო ლიტერატურა, რომლის სალაროში არც ერთს ძმაზედ შენ ნაკლები არ შეგიტანია, გააუქმე შენი საღმთო მეტყველება, რომელთანაც შეხორცებულია შენი სარწმუნოება, დაივიწყე შენი ათასის წლის ისტორიული არსებობა და გადაიქეც ველურ ხალხად, რომელმაც ყველაფერი თავიდგან უნდა დაიწყოსო. განა უმაგალითოა და ყოვლად შეუძლებელი სხვაგან სადმე ეს ამბავი? ჩვენში? გაიხსენეთ, რაც შავი ზღვის პირად სამეგრელოში ხდება ეს რავდენიმე წელიწადია და შეუძლებელი სხვაგან ჩვენ შორის განხორციელებული ამბავი გამოდგება.

სად თქმულა და გაგონილა... მაგრამ სად ჩამოვთვალოთ ყოველგვარი ჩვენი დაბრიყვება, ქელვა, მიწასთან გასწორება, კადნიერად ჩამორთმევა და გაქარწყლება ბევრის ჩვენის კანონიერის უფლებისა?!

ჭირს მოვლა უნდა, დაბრიყვებას ღირსეული კანონიერი წინააღმდეგობა, შავს ბედს ბრძოლა. მაგრამ სად არის ფხიზელი და მოუღალავი დაცვა დათრგუნული უფლებებისა ქართველთა მოღვაწეთა მიერ? სად არის მხურვალე და დასაბუთებული ღაღადება ჩვენს მწერლობაში? სად არის ხმა-ამაღლებული ქადაგება, მიმართული დასაკმაყოფილებლად ჩვენთა უმთავრესთა მოთხოვნილებათა?
არსად.

მხდალი, დაძაბუნებული მონებივით შევსცქერით ჩვენს დამცირებასა, ჩვენს აბუჩალაკად აგდებასა, ჩვენს დაბალ-ღობედ გადაქცევასა. მართალია, ვსჩივით, ხშირად ვსჩივით, მაგრამ სად? ჩვენს გულში და ოთხკედელ შუა. როგორ? ჩურჩულით, ტუტუნით და დიდი სიფრთხილით, რომ ჩვენ კანონიერს ჩურჩულს არავინ მოჰკრას ყური და მორჩილი მონის მაგიერად ადამიანად არ ჩაგვთვალოს.

მეკალმენი რაღას ჩავდივართ? იმასვე. ან არაფერსა ვსწერთ, და თუ ვსწერთ, წვრილმან რამეებზედ, უმნიშვნელო საგნებზედ. უმთავრესნი ჩვენი მოთხოვნილებანი, დიდნი ვარამნი, ან სრულიად მივიწყებული გვაქვს, ან შევეხებით ხოლმე მხოლოდ ხანდახან, როცა ბრმა შემთხვევა მოიტანს, ისიც შევეხებით ხოლმე გაკვრით და კილოკავად. წამწამებზედ და თმებზედ დაუსრულებელი ბაასის გაბმა ვიცით, ხოლო თვალები და თავი კი მუდამ გვავიწყდება. და არც კი გვრცხვენიან, რომ ამ გვარი ჩვენი ყვავური, თუ სკვითური, ქცევით ჩვენ საზოგადოებას-კი არ ვაფხიზლებთ, უფრო მეტად ვაძინებთ, ვაუძლურებთ.

და ამ გვარს ჩვენს სამარცხვინო და დამღუპველს ქცევას როდი ვაბრალებთ ჩვენს სილაჩრეს, ჩვენის გრძნობისა და აზრის სიუძლურეს, უნარის უქონლობას. ეს მართალი იქნებოდა და სიმართლე კი ჩვენ თვალებსა გვწვავს. თავზედ ვახვევთ ჩვენს საკუთარს ბრალს სხვა რასმე, სახელდობრ-ესრედ წოდებულს ჩვენზედ დამოუკიდებელს გარემოებასა. კაი სამსახურს გვიწევს ეს “გარემოება”. სწორედ გასაძევებელ თხად გვყავს გადაქცეული. როგორც ძველი ურიები ამორჩეულს მამალს თხას მიაყრიდნენ ხოლმე ტყეში, რომ იგი მგელს, მათ მაგივრად, დაესაჯა, ისე ამ  “დამოუკიდებელს გარემოებას” ვახვევთ თავზე ჩვენს სიგლახეს და სილაჩრესა. ცბიერებაა, მოტყუებაა. ღირსეულს და დასაბუთებულს დაცვას რომელიმე კანონიერის უფლებისას არას დროს წინ ვერ გადაეღობება ეს “ დამოუკიდებელი მიზეზი”, და თუ გადაეღობება, მისი თავიდან აცილება და გზის გაკვლევა არც ისე ძნელია თავისი ერის უფლების მარჯვე დამცველისათვის.

 გნებავთ ამისი შეუვალი და შეურყეველი საბუთი წარმოგიდგინოთ? ჩვენდა სამარცხვინოდ და სავალალოდ, ჩვენში ბლომად მოიპოვებიან ქვეშმძრომნი სულიერნი, რომელნიც ჩვენს წინაშე მხურვალე მამულიშვილის, 96 პრობის პატრიოტის როლსა თამაშობენ, და სხვაგან კი ყოველს ჩვენს საუნჯეს, ყოველს ჩვენს ეროვნულს უფლებას ძირს უთხრიან, ჩინების და ჯილდოს გულისათვის. და როდესაც ეს საძაგელნი არსებანი ჩვენთან მოდიან და როსკიპული ღრეჭით ხელს გვაწვდენენ, მათ სულ-მოკლე მონასავით ხელს ვართმევთ და მეგობრულად ვექცევით. ამით ჩვენ ხელებს ვიტალახიანებთ, თავს ვიმცირებთ და ვირცხვენთ. ქვემძრომებს ვაქეზებთ მოღალატეობაში, პატიოსან მოღვაწეთ გულს ვუკლავთ და საზოგადოებას გახრწნილებაში ვაგდებთ. რომელი ჩვენზედ დამოუკიდებელი მიზეზი გვეღობება წინა, რომ ამ ქვემძრომებს მივუწყოთ ის, რისაც ღირსნი არიან: ხელი კი არ მივსცეთ, მოვატრიალოთ, ჯერვანი პანჩურებით დავასაჩუქროთ და ჩვენი წრიდგან სამუდამოდ გავაზეოთ ეს საზიზღარი კეთროვანნი. ვიმეორებ, რომელი დამოუკიდებელი გარემოება გვიშლის აქ ღირსეულად, ადამიანურად მოვიქცეთ?

 დროა, დიდი ხანია დროა, ბოლო მოეღოს ამ ფრიად სათაკილო და დამამხობელს ჩვენს მდგომარეობასა. დროა, მონურს ლაჩრობას ზურგი შევაქციოთ და ადამიანური უნარი გამოვიჩინოთ. დროა გავაჩაღოთ დაუღალავი, ფხიზელი დაცვა ყოველის ჩვენის დათრგუნულის უფლებისა, საარსო მოთხოვნილებისა, გავაჩაღოთ არამარტო ჩვენს ენაზედ, არამედ სახელმწიფო ენის ლიტერატურაშიაც, გავაცნოთ ჩვენი გაჭირვებული მდგომარეობა დაწინაურებულს დასს რუსეთისას, დავიხმაროთ იგი და დავიბრუნოთ ღირსეული სახელი და ადგილი კავკასიონის ერთა შორის. დროა დაბალი ღობის მდგომარეობა სამარცხვინოდ მივიჩნიოთ ყველამ და მაღალ ღობედ ჩვენს გადაქცევას მხნედ და გაბედვით ვემსახუროთ.

დროა, თორემ ზეგ და მაზეგ გვიან-ღა იქმნება.




გოგებაშვილი იაკობ: რჩეული თხზულებანი ხუთ ტომად: ტ. 2: თბ. "განათლება" 1990: გვ. 102-109

Tuesday, June 7, 2011

მიხეილ ჯავახიშვილი, ქალთა მოძრაობის ისტორიიდგან

მეცხრამეტე საუკუნეში ევროპისა და ამერიკის სახელმწიფოთა დემოკრატიზაციამ ცოტად თუ ბევრად ფრთა შეაკვეცა ხეპრულ ძალის ბატონობას და სამართლიანობის პრინციპს სახელმწიფოში უფრო მეტი ადგილი და მნიშვნელობა მისცა, ვიდრე მას ჰქონდა წინა საუკუნეებში. ამ დემოკრატიზაციამ დიდი ცვლილება და გაუმჯობესება შეიტანა დედაკაცის მდგომარეობაშიაც. ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებამ ალაგ-ალაგ უტოპისტების მოლოდინსაც კი გადააჭარბა და ზოგიერთ სახელმწიფოში (ამერიკის ზოგიერთ შტატებში, ავსტრალიის ფედერაციაში) ქალებსაც ისეთივე პოლიტიკური უფლებანი მიანიჭა, როგორც მამაკაცებს.

დედაკაცის მდგომარეობის ისტორიას რომ თვალი გადავავლოთ, ნათლად დავინახავთ, რომ დღემდის მიზეზი დედაკაცის დაბეჩავებისა იყო უფლება ძლიერისა. ძლიერის უფლება არც დღეს მოსპობილა და არც ამ ახლო მომავალში მოისპობა. მაგრამ ის კი ცხადია, რომ თანდათან სამართლიანობა ამარცხებს ძალის უფლებას და, იმედია, ერთ დროს სრულიად მოსპობს მას.

პირველი სერიოზული აგიტაცია ქალთა სასარგებლოდ ეკუთვნის დიდებულ საფრანგეთის რევოლუციას. ამერიკის განმათავისუფლებელ მოძრაობის მაგალითით აღფრთოვანებულმა საფრანგეთის ქალმა კარგად ისარგებლა რევოლუციის დროს საერთო გატაცებით და ხმამაღლა მოითხოვა თავისი ადამიანური უფლებანი. დედაკაცებიც აჰყვნენ მამაკაცების მაგალითს და შეადგინეს საკუთარი ''დეკლარაცია დედაკაცის უფლებათა'', დაარსეს საკუთარი კლუბი და ენერგიულად შეუდგნენ აგიტაციას. ქალთა მოძრაობას მხარს უჭერდა იმ დროის შესანიშნავი ფილოსოფოსი კონდორსე, რომელიც მის შესახებ სწერდა: ''რომელ პრინციპისა და რომელ უფლების ძალით სჩაგრავენ დედაკაცს რესპუბლიკურ სახელმწიფოში? საერო წარმომადგენლობა ნიშნავს მთელი ერის წარმომადგენლობას. მაგრამ განა დედაკაცი ერის ნაწილი არ არის? ლაპარაკობენ, ვითომ დედაკაცებისა და მამაკაცების პოლიტიკური გათანასწორება დედაკაცს ოჯახს მოაშორებსო. შორიდან ეს საბუთი თითქო მართალია, მაგრამ ნამდვილად იგი ერთ გროშადაც არა ღირს. ეს საბუთი სრულიად არ შეეხება იმ ქალთა აუარებელ ჯარს, რომელიც არც გათხოვილნი არიან და არც საკუთარი ოჯახი აქვთ. მაგრამ თუ ზემოხსენებულ საბუთს სამართლიანად აღვიარებთ, მაშინ ამავე საბუთის ძალით ქალებს უნდა ავუკრძალოთ მოსამსახურეობა და ვაჭრობა-მუშაობა, რადგან ვაჭრობაც და ქარხნებში მუშაობაც, ქალს საკუთარ ოჯახს აშორებს!''

ნაპოლეონის დროს ქალთა მოძრაობა მიყუჩდა, ხოლო რესტავრაციამ იგი თითქმის სულ მოსპო. წარსულ საუკუნის შუა წლებში, ეგრედ წოდებულ ქალთა ემანსიპაციის ხანაში, ლიტერატურაში ხელახლად აღიძრა ქალთა მოძრაობაზე ლაპარაკი. მწერალი ქალი ჟორჟ ზანდი, ლაბულე და ლეგუვე მძლავრი დამცველები იყვნენ დედაკაცის უფლებისა. მაგრამ მეორე რესპუბლიკის დროს, ნაპოლეონ III-ის გავლენით, ისევ მიყუჩდა აგიტაცია ქალთა სასარგებლოდ. მეორე იმპერიის დროს ქალთა მოძრაობა მხოლოდ იმაში გამოიხატა, რომ დაარსდა რამდენიმე საქალებო ''კურსები'' (ეხლანდელი გიმნაზიები), რომელთაც შესამჩნევი სარგებლობა მოუტანეს საფრანგეთის ქალებს, რომელნიც იმ დრომდის მხოლოდ იეზუიტურ მონასტრებში იღებდნენ განათლებას.

ინგლისს პირველობა ეკუთვნის ქალთა მოძრაობის ისტორიაში. ჯერ კიდევ მე-XVII საუკუნეში ''რობინზონ კრუზოს'' ავტორმა დანიელ დეფოიემ გამოსცა შესანიშნავი პამფლეტი ქალების უფლებათა დასაცავად, რომელმაც დიდი აყალ-მაყალი და მითქმა-მოთქმა ასტეხა მთელ ინგლისში. მას აქეთ მოძრაობა ხან სუსტდებოდა და ხან ძლიერდებოდა, მაგრამ გარკვეული კალაპოტი მიიღო მხოლოდ წარსულ საუკუნის მეოცე წლებში, როდესაც, ხანგრძლივ რეაქციის შემდეგ, ლიბერალიზმმა გაიმარჯვა და ქალთა საკითხიც ხელმეორედ გამოვიდა საზოგადოებრივ ასპარეზზე. მესამოცე წლებში ქალთა მოძრაობა გამარჯვების გზას დაადგა; გამოვიდა სპეციალური ჟურნალი, რომელიც დღესაც გამოდის, და დაარსდა კერძო საქალებო სასწავლებლები. მე-70 წლებში დაარსდა უმაღლესი საქალებო სასწავლებელი, განსაკუთრებული საზოგადოებანი, რომელთაც სქესთა პოლიტიკურ თანასწორობის მოპოვება ჰქონდათ მიზნად, და საზოგადოებრივი აზრი შესამჩნევად გადიხარა ქალებისაკენ. ქალთა მოძრაობას დიდი სარგებლობა მოუტანა განთქმულმა ფილოსოფოსმა და ეკონომისტმა ჯონ სტიუარტ მილლმა, რომელიც ლონდონის საქალებო საზოგადოების თავმჯდომარედ ითვლებოდა. მეოთხმოცე წლებში ქალთა მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესდა. გათხოვილ ქალების უფლებები გაფართოვდა, საზოგადოებრივ და ადგილობრივ დაწესებულებებში დედაკაცმაც შესდგა ფეხი.

ამერიკაში ქალთა მოძრაობამ პირველად თავი იჩინა განმათავისუფლებელ მოძრაობის დროს. ამერიკის განთქმულ რევოლუციაში დედაკაცს დიდი წილი უდევს. რევოლუციის გათავების შემდეგ, როდესაც დაიწყო ხანა აღორძინებისა და სახელმწიფოს მოწყობისა, ქალები არ დაივიწყა მხოლოდ ნიუ-ჯერსის შტატმა, რომელმაც საერთო წარმომადგენელთა არჩევაში დედაკაცსაც ისეთივე უფლებები მიანიჭა, როგორიც მამაკაცს ჰქონდა. სხვა შტატები ასე შორს არ წავიდნენ და ცოტაოდენ რეფორმებით ჩააჩუმეს ამერიკელი ქალები. მხოლოდ ეს იყო დროებითი ჩაჩუმება, ვინაიდან ქალთა მოძრაობა ამერიკაში შემდეგაც არ დამცხრალა. გამუდმებულ ბრძოლით ამერიკელმა ქალმა XIX საუკუნეში ისეთი უფლებები მოიპოვა და იმდენად გაიუმჯობესა თავისი მდგომარეობა, რომ ევროპიელი ქალი გაცილებით შორს ჩამორჩა მას და დღესაც ვერ დასწევია თავის ამხანაგს.

სამწუხაროდ, ადგილი ნებას არ გვაძლევს დაწვრილებით განვიხილოთ დედაკაცის მოქალაქეობრივი უფლებანი, რომელნიც შესამჩნევად განსხვავდებიან ერთმანეთისგან სხვა და სხვა სახელმწიფოებში. მარტო გერმანიის კანონმდებლობამ შეიმუშავა ასამდე მაგალითი ქონებრივ ურთიერთობისა მეუღლეთა შორის. საზოგადოდ შეიძლება ითქვას, რომ წარსულ საუკუნის მეორე ნახევრის დამდეგამდის დედაკაცი გათხოვების შემდეგ ჰკარგავდა ყოველგვარ უფლებას. იმ დროს ინგლისში ქმარი და ცოლი იურიდიულ ერთეულს წარმოადგენდენ. ქმარს ნება არ ჰქონდა ცოლისთვის ეჩუქებინა რამე, ან რაიმე ხელშეკრულება დაედო მასთან, რადგან თავის თავთან ხელშეკრულების დადება არ შეიძლებაო. თუ ქალი გათხოვებამდის ვალს დაიდებდა, გათხოვების შემდეგ ეს ვალი ქმარს უნდა გაესტუმრებინა. ერთის სიტყვით ცოლის პირპვნება იურიდიულად გაუქმებული იყო ქმრის უფლებებით. შემდეგში, 1870 და 1882 წლების კანონებით, დედაკაცის მდგომარეობა ინგლისში არსებითად შეიცვალა. ის კანონები, რომელნიც დედაკაცის უფლლებს ზღუდავდენ, თანდათან გააუქმეს და ქმარიანი დედაკაცი ქმრის მზრუნველობისგან გაანთავისუფლეს. საგულისხმო ის არის, რომ დედაკაცი არა თუ გაანთავისუფლეს, -  ქმართან შედარებით, უპირატესობის მქონეც გახადეს. მაგალითად: თუ გასათხოვარმა ქალმა ვალი დაიდო, გათხოვების შემდეგ მისი ქმარი მოვალეა ეს ვალი გაისტუმროს. ამავე დროს თუ ქმარს ვალი დაედო, მევალე იმის ცოლის ქონებას ხელს ვერ ახლებს, თუნდაც დამტკიცდეს, რომ ვალი ოჯახის საჭიროებისთვის იყო აღებული, მაშასადამე, ცოლიც სარგებლობდა ნასესხით.

ასევე შესამჩნევი ცვლილებები მოხდა ამერიკისა, ავრსტრალიისა, კანადისა, შვეიცარიისა და იტალიის დედაკაცთა მდგომარეობაში. უკანასკნელ 50 წლის განმავლობაში ყველგან დიდი ნაბიჯი წარსდგა წინ დედაკაცმა და შესამჩნევად გააუმჯობესა თავის სასარგებლოდ კანონები შესახებ ქონებრივ ურთიერთობისა მეუღლეთა შორის.

აგიტაცია დედაკაცის პილიტიკურ უფლებების შესახებ ყველაზე ადრე ისევ ინგლისში დაიწყო. 1867 წელს ინგლისის პარლამენტმა განიხილა ჯონ სტიუარტ მილლის მიერ შეტანილი წინადადება ქალთა პოლიტიკურ უფლებების შესახებ და 196 ხმის უმეტესობით წინადმდეგ 73 ხმისა უარჰყო იგი. 1892 წელს პარლამენტმა ხელმეორედ განიხილა ეს საკითხი და ისევ უარჰყო ქალთა უფლების გაფართოვება, მაგრამ ქალთა მომხრე აღმოჩნდა 179 კაცი, წინააღმდეგი კი მხოლოდ 202. 1897 წელს პარლამენტი მესამედ დაუბრუნდა ამ საკითხს. კანონპროექტის ხელმეორედ გადასინჯვის დროს უმეტესობამ 71 ხმით მიიღო ბილლი, მაგრამ სხვა და სხვა მიზეზების გამო, კანონპროექტის მესამედ წაკითხვა არ მოხდა და ბილლი კანონად ვერ გადაიქცა. ინგლისელი ქალი დღესაც მონაწილეობას არ იღებს საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ სხვა გვარად სასოფლო, სამოქალაქო და საგრაფოების არჩევნებში იგი მამაკაცთან გათანასწორებულია. მას მინიჭებული აქვს აქტივური და პასივური საარჩევნო უფლება, ე. ი. შეუძლიან აირჩიოს და არჩეულ იქმნას. ეჭვს გარეშეა, რომ დღეს თუ ხვალ ინგლისელი ქალი პოლიტიკურად ყოველ მხრივ გაუთანასწორდება მამაკაცს და პარლამენტში ისეთსავე ძალას მოიპოვებს, როგორიც დღემდის მამაკაცებს ეკუთვნოდა.

ამ მხრით ინგლისს არც ნორვეგია ჩამორჩება. ნორვეგიელ ქალს შეუძლიან მონაწილეობა მიიღოს მრავალ სამოქალაქო და საზოგადოებრივ დაწესებულების არჩევნებში. პარლამენტმა რამდენჯერმე განიხილა საკითხი შესახებ იმისა, რომ დედაკაცსაც მიეცეს უფლება პარლამენტის (სტორტინგის) არჩევნებში მონაწილეობის მიღებისა და ხმის უმეტესობით დაადგინა დედაკაცის და მამაკაცის პოლილიკურ უფლებების გათანასწორება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება კანონად ვერ გადაიქცა, რადგან ნორვეგიის კონსტიტუციით ასეთ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა პარლამენტის 2/3-ის თანხმობა.
ამ საქმეში საფრანგეთი და გერმანია ძალიან ჩამორჩენ ინგლისსა და ნორვეგიას. გერმანიაში კანონით დედაკაცს პოლიტიკურ კრებებსა და მიტინგებზე დასწრებაც კი აკრძალული აქვს.

ქალთა უფლებების გაფართოვების მხრივ ყველა ქვეყნებს წინ გაუსწრო ავსტრალიის ფედერაციამ. 1893 წელს ავსტრალიის ქალებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა პარლამენტის წევრთა არჩევნებში და პირველადვე აჯობეს მამაკაცებს: არჩევნებს დაესწრო ქალების 90%, ხოლო მამაკაცებისა 70%. საგულისხმო ის არის, რომ ქალების მონაწილეობამ არჩევნებში არაფრით არ შესცვალა ავსტრალიის პოლიტიკური ცხოვრება და ოთხჯერ მომხდარი არჩევნები (1893, 1896, 1899, 1902 წ.) იმავე ლიბერალურ მთავრობის სასარგებლოდ გათავდა, რომელმაც პოლიტიკური თანასწორობა მიანიჭა ავსტრალიის ქალებს. 1900 წელს, როდესაც ავსტრალიის კოლონიებმა ფედერაცია შეადგინეს, ქალებს, საფედერაციო დეპუტატების გარდა, საფედერაციო სენატის წევრთა არჩევის უფლებაც მიეცათ. ასე გადაწყვიტა საკითხი ქალთა პოლიტიკურ უფლებების შესახებ თანამედროვე სახელმწიფოთა შორის ყველაზე უფრო დემოკრატიულმა ავსტრალიამ.



ჯავახიშვილი მიხეილ: ქალთა მოძრაობის ისტორიიდგან: გაზ. "ივერია" 1906, # 9: გვ. 14-15

Saturday, June 4, 2011

მიხეილ ჯავახიშვილი. დამოუკიდებელი სასამართლო

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო არსებობს, ყოველ მთავრობას სამნაირი დანიშნულება აქვს: საკანონმდებლო, სამმართველო და სამოსამართლო. სადაც არ არის კანონმდებლობა, მმართველობა და სასამართლო, იქ არც სახელმწიფოა. როგორც უნდა იყოს წარმომდგარი სახელმწიფო: დაპყრობით, უზურპაციით თუ კავშირით, სულ ერთია, იქ უეჭველად უნდა იყოს სამივე დარგი მთავრობისა. შეიძლება მათ შორის გაბატონდეს ერთი რომელიმე დარგი, რომელმაც, შეიძლება, დაიმორჩილოს მეორე მხარე, ან თავის უფლებას გადააჭარბოს, შეიძლება სამივე დარგის დანიშნულება ერთმა დაწესებულებამ მიითვისოს, მაგრამ ყოველთვის სჩანს მთავრობის ამა თუ იმ მოქმედებაში ან კანონმდებლობა, ან მმართველობა, ან მოსამართლეობა. ჯერ კიდევ არისტოტელმა შენიშნა ეს მოვლენა, მაგრამ იმაზე კი არაფერი სთქვა, თუ რა დამოკიდებულება უნდა იყოს მათ შორის. ეს საკითხი დაწვრილებით გამოიკვლიეს მხოლოდ მეთვრამეტე საუკუნეში საფრანგეთის მოაზრეებმა და მეცნიერებმა, რომელნიც გულდასმით შეუდგენ იმის ძიებას, თუ როგორ უნდა მოეწყოს სახელმწიფო, რაგვარი ურთიერთობა უნდა დამყარდეს მთავრობის სამნაირ დარგთა სორის, რომ შეიძლებოდეს უზრუნველყოფა მოქალაქეთა თავისუფლებისა და მმართველ წრეების ალაგმვა.

დიდებულ რევოლუციამდის საფრანგეთში მთავრობის ბოროტმოქმედებამ, თვითნებობამ და ძალმომრეობამ უმაღლეს წერტილამდე მიაღწია და აზრი მთავრობის ალაგმვისაც პირველად იქ დაიბადა. ეს საკითხი საუცხოვოდ და დაწვრილებით შეიმუშავა მონტესკიემ თავის განთქმულ თხზულებაში "კანონების სული". მონტესკიე ბრწყინვალედ ამტკიცებს, რომ როცა ერთი და იგივე დაწესებულება ორნაირ დანიშნულებას ასრულებს, როცა იგი კანონმდებელიც არის და მისი აღმასრულებელიც, ასეთ შემთხვევაში მოქალაქეთა თავისუფლება შეუძლებელია. თავისუფლება შეუძლებელია აგრეთვე იქ, სადაც სასამართლო გამოყოფილი არ არის საკანონმდებლო და აღმასრულებელ მთავრობისგან. თუ მოსამართლეც და კანონმდებელიც ერთი და იგივე პირია, მოქალაქეთა თავისუფლებას საფრთხე მოელის, რადგან მოსამართლეს ყოველთვის შეუძლიან ამა თუ იმ შემთხვევაში კანონი შესცვალოს და ისეთი კანონი გამოსცეს, როგორიც საჭიროა მისთვის. სასამართლო და აღმასრულებელი დაწესებულებანი რომ ერთად აურიოთ, ყოველ მოსამართლეს შეუძლიან ტირანად გადაიქცეს, _ მმართველობის დროს ის ყოველ ნაბიჯზე დაარღვევს კანონს და სასამართლოში თავის თავს თვითონ გაასამართლებს.

მონტესკიეს იდეა სავსებით შეითვისა საფრანგეთის რევოლუციის დროის მოწინავე თაობამ და 1791 წელს, როცა გამოცხადებულ იქმნა მოქალაქისა და ადამიანის უფლებები, ეროვნულმა კრებამ დაადგინა, რომ ის "საზოგადოება კონსტიტუციური არ არის, სადაც უზრუნველყოფილი არაა უფლებები და დანაწილებული არ არის მთავრობა", ესე იგი ასეთ საზოგადოებას არა აქვს თავისუფალი დაწესებულებანი.

იდეა სასამართლოს დამოუკიდებლობის თანდათან ფეხს იკიდებდა და ეხლა გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ იმ ქვეყანაში, სადაც სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, თავისუფლება არ არსებობს. სასამართლოს დამოუკიდებლობა დამყარებულია იმ პრინციპზე, რომ ყველა სადავო საქმე შეეხება მხოლოდ და მხოლოდ ჩვეულებრივ სასამართლოს. მთავრობის არც ერთ სხვა დარგს არ შეუძლიან სასამართლოს საქმეში ჩაერიოს. არ შეიძლება დაარსება ისეთ განსაკუთრებულ სასამართლოეების, რომელნიც ჩვეულებრივ სასამართლოს ექიშპებიან, არც ერთ მოქალაქეს არ უნდა წაერთვას უფლება მიმართოს ჩვეულებრივ სასამართლოს იმ შემთხვევაში, როცა მისი უფლება დარღვეული და შელახულია. ყოველნაირ დავას არჩევს ჩვეულებრივი სასამართლო და ყველა მოქალაქენი თანასწორნი არიან მის წინაშე. - ეს არის საფუძველი დამოუკიდებელ სასამართლოსი ყოველ განათლებულ და თავისუფალ ქვეყანაში.

სასამართლოს მთავარი დამახასიათებელი თვისება ის არის, რომ იგი - ტოკვილისა არ იყოს -  შუამავალია მოდავეთა შორის. იგი შუამავალია აგრეთვე მთავრობისა და ხალხის შორის, იგი არკვევს და ანიჭებს უფლებას ამა თუ იმ მხარეს, როცა უფლება სადავო ხდება, იცავს ამ უფლებებს, როცა იგი ვისიმე მხრით დარღვეულია და არ დასდევს იმას, თუ ვინ დაარღვია უფლება, - მთავრობამ თუ ხალხმა.

სასამართლო, მოქალაქეთა კერძო უფლებების გარდა, იცავს საზოგადოებისა და სახელმწიფოს უფლებას და ამ შემთხვევაში მთავრობის წარმომადგენელი სასამართლოსგან თხოულობს უფლების დამრღვევის დასჯას და დარღვეულ უფლების აღდგენას. მაგრამ ხშირად თვითონ მთავრობაც არღვევს მოქალაქეთა უფლებებს, არღვევს მის თავისუფლებისა და პიროვნების ხელუხლებლობის უფლებას და სხ. ამ შემთხვევაში მოქალაქეს ნება უნდა ჰქონდეს სასამართლოს მიმართოს და სთხოვოს მისი უფლების აღდგენა და მთავრობის წარმომადგენელის დასჯა.

იქ, სადაც ზემოხსენებული სამი დარგი სასამართლოსი ჩაბარებული აქვს ჩვეულებრივ სასამართლოს, იგი დამოუკიდებელ სასამართლოდ უნდა ჩაითვალოს. ასეთ ქვეყანაში სასამართლო დამცველია კანონიერებისა და მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებისა. ასეთი მნიშვნელობა აქვს სასამართლოს ინგლისსა და ამერიკაში. ეს უფლება ხალხმა მედგარ ბრძოლის შემდეგ მოუპოვა სასამართლოს. ფეოდალურ წესწყობილების დროს მოსამართლის დანიშნულებას თვითონ მეფეები ასრულებდენ. შემდეგ ეს უფლება გადასცეს თავის მოხელეებს, რომელნიც მეფის სახელით ასამართლებდენ ხალხს. აქედან წარმოსდგა მეფის უფლება შესახებ განსაკუთრებულ სასამართლოების დანიშვნისა. სწორედ აქედანვე იწყება აუარებელი ბოროტმოქმედება სასამართლოს მხრივ. XVII საუკუნეში ინგლისში გაძლიერდა საიდუმლო სასამართლო, რომელიც თავზარს სცემდა ხალხს. ასეთ სასამართლოს ხალხმა იმით დაუწყო ბრძოლა, რომ იგი უარჰყოფდა მეფის მხრით გასამართლების უფლებას და თხოულობდა მუდმივ და ჩვეულებრივ სასამართლოს.

ერთხელ მეფემ იაკობ I-მა მოინდომა სასამართლოს საქმეში ჩარევა. მოსამართლე კუკმა ასეთი პასუხი გასცა მის წარმომადგენელს: "პირადათ მეფეს არ შეუძლიან არც სისხლისა და არც სამოქალაქო საქმის გარჩევა, რადგან ყოველი სადავო საქმე უნდა გაარჩიოს მოსამართლემ თანახმად ინგლისის კანონებისა და ჩვეულებისა. მეფეს უფლება აქვს დაესწროს მხოლოდ უმაღლეს სასამართლოს კრებას, მაგრამ საქმეს მაინც ის კი არ გაარჩევს, არამედ სასამართლო". რევოლუციის შემდეგ ინგლისის პარლამენტმა დაადგინა, რომ არც მეფესა და არც მის საბჭოს არავისი გასამართლება არ შეუძლიანთ და ეს უფლება ეკუთვნის მხოლოდ ჩვეულებრივ სასამართლოს.

საფრანგეთის კონსტიტუციამ 1791 წელს უფრო ნათლად აღნიშნა სასამართლოს მოვალეობა. მაშინდელ კონსტიტუციაში ნათქვამი იყო, რომ ვისიმე გასამართლება არ შეუძლიან არც კანონმდებელ დაწესებულებას და არც მეფეს. მოქალაქეთა გასამართლების უფლება აქვს მხოლოდ კანონით დაწესებულ სასამართლოს და არც ერთი მოსამართლე არ უნდა დაემორჩილოს რომელიმე სხვა განსაკუთრებულ სასამართლოსაო.

ევროპის კონტინენტზე სასამართლოს ერთი მხრით არა აქვს ისეთი ფართო უფლება, როგორც აქვს ინგლისისა და ამერიკის სასამართლოს. ევროპაში სასამართლოს უფლება არა აქვს მთავრობის აგენტებიც ისეთივე წესით გაასამართლოს, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს ასამართლებს. ზოგ სახელმწიფოში მოხელეთა გასამართლებისათვის განსაკუთრებული დაწესებულება არსებობს, ზოგში კი მოხელის გასამართლებისთვის საჭიროა მთავრობის ნებართვა, ურომლისოდ სასამართლოს უფლება არა აქვს მოხელე გაასამართლოს. ჯერ კიდევ რევოლუციის დროს საფრანგეთში ისეთი წესი შემოიღეს, რომ სასამართლოს არ შეეძლო სახელმწიფო საბჭოს ნებადაურთველად მოხელის გასამართლება ისეთი მოქმედებისათვის, რომელიც იმის სამსახურს შეეხებოდა. ეს წესი საფრანგეთში დღესაც არსებობს. სხვათა შორის აქ ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოს წევრებს ნიშნავს და ითხოვს რესპუბლიკის პრეზიდენტი.

ინგლისში მთავრობის უმაღლეს მოხელეთა წინააღმდეგ სამოქალაქო დავის აღძვრა კანონით შეიძლება მხოლოდ მეფის ნებართვით, ფაქტიურად კი ასეთ ნებართვას მეფე ყოველთვის იძლევა. ხოლო სხვა მოხელეთა წინააღმდეგ დავის აღძვრა ყველას შეუძლიან უნებართვოდ. ყველა მოხელე ერთნაირად აგებს პასუხს იმ დანაშაულობის გამო, რომელიც მან ჩაიდინა კერძო ცხოვრებაშიაც და სამსახურშიაც. ორივე შემთხვევაში პირადად ის არის პასუხიმგებელი და არ შეუძლიან თავი იმით იმართლოს, ვითომ მე მხოლოდ ჩემი უფროსის ბრძანება შევასრულეო. თუ სალდათმა აფიცრის ბრძანებით მოკლა კაცი, მას არ შეუძლიან თავის გამართლება ბრძანების ასრულებით: ის პირადად აგებს პასუხს და ვერავითარი ბრძანება ვერ იხსნის მას. თუ პოლიციელმა უფროსის ბრძანება შეასრულა და უკანონოდ დააპატიმრა ვინმე, ის პასუხისმგებელია სასამართლოს წინაშე პიროვნების ხელუხლებლობის კანონის დარღვევისთვის. კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს ინგლისის სასამართლო მტკიცედ იცავს. ინგლისში იშვიათია სამსახურის დროს ბოროტმოქმედების ჩადენის მაგალითი, რადგან ყველა მოხელემ კარგად იცის, რომ ის სასტიკად დაისჯება დანაშაულობისთვის და ამიტომ ერიდება კანონის დარღვევას, მაგრამ ინგლისის სასამართლოს ყოველ წლობით უხდება მაინც ისეთ საქმეების გარჩევა, რომელიც შეეხებიან პოლიციისა და ადმინისტრაციის მხრით კანონის დარღვევას, და დამნაშავეს სასტიკად სჯის.

ამას წინად მანჩესტერში ნაფიც ვექილთა სასამართლომ გაარჩია საქმე პირველ მინისტრის სოლსბიურისა, რომელსაც დეპუტატი ბრიენი დიფამაციას უჩიოდა. ცოტა ხნის შემდეგ ჟურნალისტმა სიმსმა საჩივარი აღძრა დედოფლის ძმისწულისა და ბრიტანიის ჯარების მთავარსარდლის, კემბრიჯის ჰერცოგის წინააღმდეგ, რომელმაც უცაბედად ხელი ჰკრა სიმსს. მოსამართლემ უარი უთხრა სიმსს, საკმარისი საბუთი არა გაქვსო, მაგრამ უმაღლესმა სასამართლომ საჩივარი მიიღო და მისმა თავმჯდომარემ ასე დაასაბუთა სასამართლოს გადაწყვეტილება: "საჭიროა ინგლისელებმა იცოდენ, რომ კანონის წინაშე დედოფლის ყველა ქვეშევრდომნი, რაც უნდა მაღლა იდგენ ისინი წოდებითა და ხარისხით, თანასწორნი არიანო". თუ ადმინისტრაცია რაიმე უსამართლობას ჩადის, სასამართლო აფრთხილებს მას, და თუ ამან არ გასჭრა, კანონის დამრღვევს სასამართლო ბრალსა სდებს იმაში, რომ ის არ დაემორჩილოს დადგენილებას, და აპატიმრებს.
ერთხელ ინგლისის მატროსი, ვინმე ფლოიტი სამსახურიდან გაიქცა, პოლიციამ მის მაგივრად შეცდომით ვინმე ტომსონი დააპატიმრა და გაგზავნა ერთ სამხედრო გემზე, რომლის უფროსმა მის პროტესტს ყურადღება არ მიაქცია და დააპატიმრა. სასამართლომ მაშინვე ბრძანება გაუგზავნა გემის უფროსს, პატიმარი წარმოადგინეთ და მისი დაპატიმრების ბრძანების ქაღალდიც მოიტანეთო. გემის უფროსმა ტომსონი სასამართლოში გაგზავნა, თვითონ კი არ მივიდა. სასამართლომ მოითხოვა დაპატიმრების ბრძანება, საადმირალოს წარმომადგენელს კი მხოლოდ მისი პირი ჰქონდა. ამის გამო მოსამართლეთა და მას შორის ასეთი დიალოგი მოხდა:

მოსამართლე. ჩვენ გვსურს ტომსონის დაპატიმრების ბრძანება მივიღოთ.
მეორე მოსამ. თქვენ არ ემორჩილებით ბრძანებას. თქვენ დოკუმენტი პასუხთან ერთად უნდა მოგეტანათ. თქვენ ამბობთ, არა მაქვსო და არც პასუხს იძლევით. რატომ? თქვენ შეურაცხყოფთ სასამართლოს.
ადმინისტრაციის წარმომადგ. ბრძანება თან არა მაქვს.
მოსამართლე. ამ შემთხვევაში სასამართლოში არ უნდა მოსულიყავით და ასეთი სისულელე არ გეთქვათ. ჩვენ ეხლავე დავაპატიმრებთ გემის კაპიტანს. არ შეიძლება ინგლისის კანონების არ ცოდნით იმართლოთ თავი და ასე მასხარად აიგდოთ მოქალაქობრივი თავისუფლება.

მეორე დღეს გემის კაპიტანი, ჰერცოგი ველიგტონი დააპატიმრეს და, როცა სასამართლოში გაგზავნეს, მოსამართლემ უთხრა: "თქვენი წარმომადგენელი იმით გამართლებდათ, რომ თქვენ თქვენი უფროსის ბრძანებით მოქმედებდით. ეგ საბუთი არ არის თქვენ დიდად შეურაცხყავით სასამართლო. ჩვენ შეგვეძლო თქვენი დაპატიმრება, მაგრამ ჯერ 12 000 მანეთით გაჯარიმებთ".

ინგლისის სასამართლოს უფლება აქვს სატუსაღოში ჩასვას ის კაცი, რომელიც შეურაცხყოფს სასამართლოს. კანონში ნათქვამი არ არის დაპატიმრების ვადა, ასე რომ სასამართლოს შეუძლიან თავის შეურაცხმყოფელს უვადო დაპატიმრება გადაუწყვიტოს. ეს სასჯელი იმით არის საშინელი დასჯილთათვის, რომ მეფესაც კი არ შეუძლია მას სასჯელი აპატიოს.

მაგრამ სასამართლო ისე დამოუკიდებელი და დემოკრატიულად მოწყობილი არსად არ არის, როგორც ამერიკაში. იქ სასამართლო ორ ნაწილად იყოფება: შტატებისა და საერო, ფედერატიული, რომელიც ისეთ საქმეებს არჩევს, რომელნიც შეეხებიან ფედერატიულ კანონების დარღვევას. ორივე სასამართლოს უფლება აქვს მთავრობის მოხელეთა საქმეები გაარჩიოს და ვისიმე დაუკითხავად დასაჯოს. ყველა მოქალაქეს შეუძლიან ყველა დიდ და პატარა მოხელეს ბრალი დასდოს და სამართალში მისცეს. ამერიკის სასამართლო იმით განსხვავდება სხვა ქვეყნების სასამართლოებისაგან, რომ მას უფლება აქვს იხელმძღვანელოს უფრო კონსტიტუციით, ძირითად კანონებით, ვიდრე უბრალო საკანონმდებლო დაწესებულების მიერ გამოცემულ კანონებით, რომელნიც, შეიძლება, კონსტიტუციას არ ეთანხმებოდენ. ეს უფლება ამერიკის სასამართლოს გარდა არც ერთ სხვა სასამართლოს არა აქვს. დიდი უფლება აქვს მინიჭებული კავშირის სასამართლოს, რომელიც ხშირად შტატების დავასაც არჩევს ხოლმე. "როგორღაც მეხამუშა, - ამბობს ერთი ფრანგი, რომელიც დაესწრო ამ სასამართლოში საქმის გარჩევას, - როცა სასამართლოს ბოქაულმა განაცხადა: ნიუ-იორკის შტატი ოგაიოს შტატს დავას უცხადებსო". ერთ შტატში ერთი მილიონი მცხოვრებია, მეორეში -  ორი. აქედან ცხადია, თუ რა დიდი პასუხის მგებლობა აწევს სასამართლოს. კავშირის სასამართლო აერთებს შტატებს და უზრუნველ ჰყოფს ფედერაციის არსებობას. მას ხშირად მიჰმართავს ხოლმე მთავრობა, როცა იგი თავის უფლებას დარღვეულად სცნობს; მას მიჰმართავს ხოლმე საკანონმდებლო დაწესებულება, როცა მისი უფლება ირღვევა ვისიმე მხრით.

სასამართლოს დამოუკიდებლობა მოითხოვს, რომ მისი წევრები ყოველ მხრით დამოუკიდებელი იყვენ. ამისთვის დაწესებულია: 1) წესი მოსამართლის არჩევისა, 2) მოსამართლის გამოცვლა არავის არ შეუძლია სასამართლოს გარდა 3) მოსამართლის ისეთ პირობებში ჩაყენება, რომ ის სავსებით მიუდგომელი იყოს. ამისთვის მას არ შეუძლიან სხვა რაიმე საქმე იკისროს, სხვაგან იმსახუროს, საჩუქარი მიიღოს ვისიმე მხრით. მას ნება არა აქვს მთავრობის მხრით მიიღოს ხარისხი, ჯამაგირი, ჩინი და სხ.; მას ეძლევა საკმაოდ დიდი ჯამაგირი.

მოსამართლეს თვითონ ხალხი ირჩევს, მაგრამ იქ, სადაც სავსებით არ არის აღიარებული საზოგადოდ ხალხის უმაღლესი უფლება, მოსამართლეთა არჩევაც ხალხს არა აქვს მინდობილი. ევროპაში მხოლოდ შვეიცარიის მოსამართლეებს ირჩევენ, მაგრამ ხალხი კი არა, არამედ მისი წარმომადგენელნი - ფედერატიული კრება. მოსამართლეთა არჩევანი დემოკრატიული წესით განხორციელებულია ავსტრალიის ფედერატიულ რესპუბლიკაში და ამერიკის დეფერაციის ზოგიერთ შტატებში. იქ თვითონ ხალხი ირჩევს მოსამართლეებს და ისეთივე უფლებებს აძლევს მათ, როგორც პარლამენტის წევრებს. მაგრამ ინგლისშიაც მოსამართლე ავსტრალიისა და ამერიკის მოსამართლეზე ნაკლებად არ არის დამოუკიდებელი. ეს იმით აიხსნება, რომ ინგლისში მტკიცედ არის დაცული მოსამართლის გამოუცვლელობის პრინციპი და მისი უზრუნველყოფა. უწინ ინგლისის სასამართლო პირველი მონა და მოსამსახურე იყო გაბატონებულ კლასისა, ეხლა კი, როცა ორივე პალატის გარდა არავის არ შეუძლიან მოსამართლის გამოცვლა, როცა მოსამართლემ სრული ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა ხალხის თვალში და როცა მოსამართლე საპატიო პირად ითვლება საზოგადოებაში, სასამართლო ძირიან-ფესვიანად შეიცვალა და მისი ავტორიტეტი იმდენად გამტკიცდა, რომ ინგლისის სასამართლოს ვერავინ უსაყვედურებს მიდგომას და ამა თუ იმ კლასის მოსამსახურეობას.
ინგლისის მოსამართლეს არ შეუძლიან სამსახურში წინ წაწევა და ჯილდოს მიღება. ის ქონებრივად უზრუნველყოფილია, ხოლო უფლებით შეუზღუდველი. ამერიკის სასამართლოზე ვიღამაც ასეთი აზრი გამოსთქვა: "პრეზიდენტის შეცდომა ზარალს ვერ მიაყენებს სახელმწიფოს, რადგან მისი უფლება შეზღუდულია. შეიძლება კონგრესიც შესცდეს. ამის გამო ფედერაცია არ დაიღუპება, რადგან კონგრესის შეცდომას გაასწორებს საარჩევნო კრება, რომელიც გამოსცვლის მის წევრებს, მაგრამ, თუ ამერიკის უმაღლეს სასამართლოში უგუნური და უზნეო მოსამართლენი მოხვდენ, ფედერაციას ან ანარქია მოელის, ან სამოქალაქო ომიო".

ასეთი მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელ სასამართლოს. ჩვენ შეგვეძლო რუსეთსაც შევხებოდით, მაგრამ მეტად მიგვაჩნია იმის განმეორება, რაც ყველამ იცის. რუსეთის სასამართლო, რომელიც, მინისტრიეს ლანსკისა არ იყოს, "შეკაზმული ჰყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს", ნიმუშია ფეოდალურ დროის სასამართლოსი. აუარებელი სამხედრო, საეკლესიო, სავაჭრო და საგლეხო სასამართლოების არსებობა საკმაოდ ამტკიცებს მხოლოდ იმას, რომ რუსეთში ყოველ წოდებისთვის და კლასისთვის ცალკე სასამართლო არსებობს.


ჯავახიშვილი მიხეილ: დამოუკიდებელი სასამართლო: გაზ. "ივერია" 1906, # 20: გვ. 10-13