ფიქრები
(ხოლერის გამო)
ვგონებ შაჰ-აბაზის შემოსევამაც არ ააყაყანა ისე საქართველო, როგორც ხოლერის გაჩენამ. ხოლერა სიკვდილის მომასწავებელია და ჩვენ ხომ სიცოცხლის მეტის-მეტად მოყვარულნი ვართ და ანკი რას არ აგვაყაყანებდა. მართლაც, ვინც ანა-ბანა არ იცოდა, ახლა ისწავლა, რომ ხოლერაზედ რამ მოიწეროს გაზეთში. ვისაც გაზეთი მხოლოდ ყუთით გაუგონია, განაღამც წაეკითხოს, ან დაეწეროს რამ, დღეს კორესპონდენციას სჩალხავს და ჰგზავნის გაზეთში დასაბეჭდად. ესეც კაი საქმეა. თუ ხოლერა არა, თქვენი მტერი, თავის დღეში კალამს არ აიღებდა ხელში. ხოლერა ჭირია სხეულისა, სიცოცხლის მტერი და, რა თქმა უნდა, ცოცხალს თვალებს გაახილებინებს, აალაპარაკებს. ეს საკვირველიც არ არის. ამიტომ ცოცხალნი ღონისძიებას ეძებენ, როგორმე თავიდან აიცდინონ, წამალი მოუძებნენ; ვისაც წამლის იმედი არა აქვს და არც ის უწყის, რომ თავი და თავი წამალი ხოლერისა სისუფთავეა და ზომიერება ყველაფერში, სხვა ღონე არ დარჩენია, უნდა გაიქცეს და ტურასავით ტყეში დაიმალოს, თავის ქოხ-მახს, თავის სარჩო-საბადებელს სტოვებს ღვთის ანაბრობაზე და გარბის; იმას-კი აღარა ფიქრობს, რომ ერთი და იგივეა, მგელი შესჭამს, თუ მგლის შვილი. ესეც რაც არის-არის, მადლობა უფალს. ეს მე არ მიკვირს, საკვირველი უფრო სასტიკი, უფრო მავნებელი. ნეტავი ერთს დღეს მაინც ამ მეორე ხოლერამ ისე ააყაყანოს ხალხი, როგორც ეს ბაცილა-ბაქტერიების დედა აყაყანებს ქვეყანას ამ სამი-ოთხის თვის განმავლობაში. ერთის მხრით რომ იფიქროს კაცმა, იმას დაასკვნის, რომ ალბათ სხვა არაფერი არა უწირს რა ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას და იმიტომ არავინა ყაყანებს. არავინ რას ამბობს, მაგრამ ამგვარი ფიქრი ტყუილი ფიქრი გამოდგება. მაშ სხვა ხოლერა არ ბდობს ჩვენში და არ გვმუსრავს?!
აბა გადავავლოთ ჩვენს მხარეს თვალი, აბა კარგად დავუკვირდეთ ჩვენს გარემოებას, ჩვენს წამხდარს საქმეს, თუ მართლა უარესის ხოლერით არ ვიყოთ ავად. ამ ხოლერას ვერ უპოვნეთ ვერსაიდან წამალი, იმაზედ არც სისუფთავე სჭრის, არც დეზინფექცია. აბა ხოლერა, ნამდვილი ხოლერა ეს გახლავთ. ეს ისეთი ხოლერაა, რომ განა ორი ათასსი ათასს მოჰკლავს და ათასი გადარჩება?! არა, ყველას იმსხვერპლებს, მთელს ერს მუსრს გაავლებს. რატომ ამ ხოლერაზედ არა ყაყანებს, არა ჰღაღადებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოძმე? იქნება ის ხოლერა არსად არსებობდეს და მე მეჩვენებოდეს მარტო?
არა, არსებობს, მაგრამ იმდენი ვერა ჰხედავს იმას, ამ “ბაცილების” დედას, და იმდენი ხმაურობა, ჟრიამული იმიტომ არც ისმის ამ მეორე ჯურის ხოლერაზედ.
ათასი უსამართლოდ დაჩაგრული დღევანდელ ჩვენის ცხოვრების გარემოებათაგან, იგივე ხოლერის მსხვერპლი, მისგან მოკლული არ არის?
მოვიგონოთ ასი-ათასობით უმეცარნი, უსწავლელნი, უბირნი, ცხოვრებას რომ ეთრევინებიან, სცხოვრობენ მხოლოდ იმიტომ, რომ ათენ-აღამონ, იგივე ხოლერისაგან მოკლულნი არ არიან?! მაგალითები შორს წაგვიყვანენ და, ვგონებ, ოცი თაბახიც არ ეყოფა იმათ ჩამოსათვლელად მეფელეტონეს, განაღამც ერთი გაზეთის ფელეტონი, და ამიტომ მეც თავს დავანებებ და მხოლოდ მკითხველსა ვსთხოვ ამ გზით იფიქროს და თვითონაც მრავალი წარმოუდგებოდა თვალწინ.
დიაღ, ბატონებო, ასე გახლავსთ. საცა უსამართლობა მძვინვარებს, საცა აჯამობა დაყიალობს, საცა უაზრობა და უგრძნობელობაა, ნამდვილი ხოლერაც იქა ბუდობს. მიკვირს და ვფიქრობ: თუ ეს სიცოცხლის მომსპობი ხოლერა გვაყაყანებს მეთქი, ის ხოლერა, რომელიც კაცს ცოცხალს მკვდრადა ჰხდის, რატომ არაფერს გვათქმევინებს, ხმას არ ამოგვაღებინებს ისეთის ჭექა-ქუხილით, როგორც პირველი ჯურის ხოლერა?! რად მინდა ისეთი სიცოცხლე, რომ ვგრძნობდე თავის სიკვდილს, მკვდარი ვარო, ვამბობდე? აქ არის ხოლერა, აქა!
ამ წინაზედ ჩემის მეგობრის წერილი მომივიდა. ხოლერა ჩვენც გვესტუმრებაო, მწერდა, იქნება მეც მიმსხვერპლოს და ეს ჩემი წერილი უკანასკნელი_ღა იყოსო. სიკვდილი სიკვდილიაო, მაგრამ რად უნდა მოვკვდე ისე, რომ ჯერ არაფერი გამიკეთებია, ჩემის ქვეყნისათვის არაფერი მირგიაო. ამ სიტყვებმა დამაფიქრა, მართლაც, ესეც ერთი უმადურობა უნდა იყოს წუთისოფლისა: გაისტუმროს ისეთები, ვისაც რამ შეუძლიან არგონ ქვეყანას, ვისავ გული ერთი-ორად სტკივა სიკვდილის დღეს, ვკვდები და კი არაფერი გამიკეთებიაო, არაფერს კეთილად მოსაგონებელს არა ვსტოვებ წუტისოფელშიო. სიკვდილი ხომ სიკვდილია, და ამ ფიქრის გამო, სიკვდილს მეორე სიკვდილიც ზედ ერთვის.
დღეს შევიტყვე, რომ ჩემი მეგობარი ხოლერას გადარჩენია, არც ტყეში გაქცეულა დასამალად, როგორც სხვები გარბოდნენ თხებივით, და ვნახოთ ერთი, რა საქმეს დაიწყებს ქვეყნის სასარგებლოდ. თუ მართლა გააკეთა რამ, ნეტავი ჩემს ორსავ თვალებს და, თუ ტყუილი აღთქმა გამოდგა, მაშინ პირველი მე ვიტყვი, ნეტავი ხოლერას გადაეტანე, რაკი მაგისთანა უკეთური გამოხვიდოდი-მეთქი. მაშინ ასკარად დავრწმუნდები, რომ ჩემს მეგობარს მარტო ქვეყნის მოტყუილება სდებია გულში და “უკანასკნელად” იმიტომ სწერდა წერილს, რა არის ის წერილი, თუ ვინიცობაა ჩემს მეგობარს ხოლერა შეიწირავდა. მე გაზეთში გამომექვეყნებინა: აი, რასა მწერდა ესა და ეს, რა წადილი ჰქონდა გულში და რა საქმე გვიყო ამ წყეულ-შეჩვენებულმა ხოლერამ, რა კაცი დაგვაკლოვო. სხვა ან-კი რა მეთქმებოდა?! ესეც სახელია, მაგრამ წუთისოფლისათვის მოპარული, დაუმსახურებელი, არამი სახელი.
დღეს ერთი ხოლერა მიიპარება, თითქმის გაიპარა კიდეც; გვრჩება მხოლოდ მეორე ჯურის ხოლერა და ახლა იმას ვებრძოლოთ, იმის წამალიც მოვსძებნოთ, იმაზედაც ვიფიქროთ: გაზეთებმაც დროა პირველს თავი დაანებონ და მეორეს მიაპყრან თვალი, იმ ჩუმ-ჩუმად მძრომელს, რომელიც სისხლს არ აჩენს, მაგრამ მკვდრებს კი ამრავლებს. ეგები ესეც მოვიშოროთ თავიდამ. მაშინ ვნახოთ, თუ სიტყვა ხოლერა, როგორც მისი წარმომადგენელი, არ აღიგავოს, არ ამოიფხვრას დედამიწის ზურგიდამ. აქაც საჭიროა ყაყანი და იგივე ყაყანი; მასთან ერთად ხელებისა და ტვინის ფათურიც, თორემ მარტო ცარიელს ყაყანში არაფერი მოიხვეტება, როგორც კალიისაგან განადგურებულს მიწაზე.