მოცემულ ტექსტში თურქმენული ცხენი დიმიტრი ყიფიანი მსჯელობს ადამიანის უფლებათა სავალალო მდგომარეობის შესახებ სპარსეთსა და თურქეთში. ის განიხილავს, ზოგადად, აღმოსავლურ ეთოსსა და კულტურას, თუმცა, სიუჟეტის გაუცხოურების მეთოდით ირიბად მიუთითებს და ზოგან პირდაპირ მსჯელობს ქალთა უფლებების შელახვასა და კანონის დარღვევაზე მე–19 საუკუნის ქართულ ყოფაში.
ფრაგმენტი
ეს მოხდა ჩყკ-სა [1820] ზოგი სპარსეთში და ზოგი თურქისტანში.
ახლა ამ მოთხრობაში მეორე კარია შესაღები. მანამდისინ ამ კარს შევაღებდეთ, როგორ მოითმინოს კაცმა, რომ პატარა ხანს არ შეფიქრდეს, ასაღებ-დასადები, გამოსარკვევი და კაცობრივის მსჯელობით შესაწონი საგანი საქმეში ურიცხვი არის ხოლმე და ამ მოთხრობაშიაც არის, რასაკვირველია. ამბავი რაც უნდა შემოკლებული იყოს, კაცი თუ ყოველსავე გამოსაკიდებელს გამოეკიდა, შეიძლება „ყარამანიანის“ ოდენი წიგნი დაიწეროს. მაგრამ მე რომ შენი ხასიათი ვიცი, აქ შენს ყურადღებას მარტო ორს საგანზედ მოვითხოვ:
უფლება და სამართალი არის რამე იმ ქვეყანაში თუ არა, რომ ალლაიარის მდგომარეობაში მყოფმა კაცმა მთავრობას მიჰმართოს და იმისგან ითხოვოს სამართალი ამგვარის მტაცებლობისა? - ეს ერთი.
ნურ-აღასგან რომ აქ კრინტი არა ამოღებულა-რა, სხვა ქალებიც ამ მდგომარეობაში არიან იქა, თუ მარტო იმას დაემართა, რაც დაემართა? - ეს მეორე.
დიაღ მართალია, რომ ამ ორი საგნის გამოძიება მაგდენად არაფრად არის საჭირო არც შენთვის, ჩემო უძვირფასესო თეიმურაზ, და არცა ჩემთვისა; მაგრამ ცოდნა ვის მოჰსჭარბებია და აქ რომ ცოტაოდენი ვილაპარაკოთ რამე, ზარალი მაინც ვის რა მოუვა.
მართვა და მსჯელობა, უეჭველია, ყოველს ქვეყანაში არის, მაგრამ იმდენნაირი, რამდენნაირიც ხალხი და საზოგადოებაა ქვეყანაზედ, სხვა და სხვა ტომისა და სხვა და სხვა ჰსჯულისა.
ალლაიარს სპარსეთში მოსტაცეს ცოლი და თურქისტანში გაიყვანეს. სპარსეთში და თურქისტანში, მოგეხსენებათ, თემის მმართველნიც არიან, მაზრისაცა და სოფლისაცა; იმათი დაწყობილებაც ისე არის შეთანხმებული იქაურს ადგილ-მდებარეობასთან, ქვეყნის ჩვეულებასთან და საზოგადო მსჯელობასთანა, როგორც ყოველგან სხვაგანა. იმათი ხელმწიფობითი წესდებულება და იმათი სამართლის კანონები ქართულს ენაზედ რომ გადმოთარგმნილი წინ გედვას და გულისყურით წაიკითხო, ასე იტყვი: რას ემართლებიან იმ ქვეყნებსა, ყოველივე დაწყობილება დიაღ კარგი ჰქონიათო. მაგრამ საქმით კანონი უღონოა და ბოროტმოქმედება იქაურის მმართველობის მოსამსახურეებისა იქამდინ არის გავრცელებული, რომ თვითმნებლობა უძევს საფუძვლად ყოველს მმართველსა და მსაჯულსა. ქვეყნის სიკეთისა და მშვიდობიანობისათვის რომ იქ გულით ჰზრუნავდეს ვინმე, თვითანვე იტყვის „ერთი კაცმა მკითხოს, მე რაღაზედ ვიცივებ თავსაო“. ასე იტყვის კაცი, თუ რომ სვინიდისი, ეს ზეციერისაგან მიჩენილი მოსამართლე, არ დაჰსდუმებია და გული არ გაჰქვავებია. მანამდისინ საზოგადო თვისება არ მოგვაგონდება ადამიანის ხასიათისა, ასე უნდა ვიტყოდეთ: ქვეყანაზედ არა იქნება-რა არც სახიარება და სათნოება ისეთი, არცა სიბილწე და სიმყრალე ზნეობითი, რომ კაცს იმისი შეჩვევა გაუჭირდებოდეს. საოცარი ქმნილება არის კაცი: მფლობელი არის აუარებელის ნიჭისა და, თუ მოიწადინა, შეუძლია ძლიერება უძლეველი და სიწმინდე ანგელოზის შესადარებელი შეიმოსოს. თუ არადა შეუძლია დამდაბლდესცა სულითა და ხორცით უმდაბლეს ყოვლად საზიზღარის ქვეწარმავალისა.
თურქისტანშიც ისეა ხალხი შეჩვეული მმართველების უსვინდისოებასა და ბოროტმოქმედებასა, რომ, ზემოთ რომ ვჰთქვით, „მე რაღაზე ვიცივებ თავსაო“ - ამას კი აღარავინ იტყვის - სხვა რასმე ღონისძიებას მოიხმარს თავისის წადილის შესასრულებელსა; ისეთ ღონისძიებასა, რომ საზოგადო ზნეობითს გარყვნილებას შეეფერებოდეს.
ალლაიარს რომ თურქისტნის მთავრობისათვის მიემართა, მოურავებისა, დივანბეგებისა, ბეგლარ-ბეგებისა, მსაჯულებისა და მსაჯულთ-უხუცესების კარებების ცვეთას მოუნდებოდა თვითანაცა და ყოველი იმისი საცხოვრებელიცა, ამიტომ რომ, - აღორძინდით და განმრავლდითო, - ამის მაგიერად სხვა სიტყვა არის ჩვეულებით ჰსჯულად დადებული იქაურს მოხელეებში: „ისარგებლეთ და იცხოვრეთ, გვასარგებლეთ და გვაცხოვრეთო“. ალლაიარმა კარგათ იცოდა ეს ჩვეულება ჰსჯულთუმტკიცესი და მიანება დრომდის თავი გულის დამჩაგვრელს თავისს საქმესა.
ახლა, ნურ-აღამ რატომ ხმა აღარ ამოიღოო, მასრ-ულლა რომ იტაცებდაო. ნურ-აღა, - ნუ დავივიწყებთ ამასა, - ქალი იყო და სადაც კი კაცის ბუნებაზედ „ყარამანიანის“ ოდენი წიგნი დაიწერება, იქ ქალის თვისებასა და ქალის მნიშვნელობას არც ოთხი წიგნი ეყოფა ასაწერად და განსამარტებლად.
რაც ამაზედ სხვა და სხვა საქვეყნო ჩვეულებაში სხვა და სხვა აზრი არსებობს, რამდენსამე უმთავრესს აქ მოგახსენებ და იმედი მაქვს, რასაც აქ სხარტულად გამოგიხატავ, ისიც საკმაო იყოს ფილოსოფიურის მსჯელობის შესაფიქრებლად. სადაც წარმართობა და კერპთ თაყვანისცემა არსებობს, იქ ქალისას იტყვიან: იმისთვის არის გაჩენილიო, რომ გულისთქმა მამრისა, ან ასე ვთქვათ, ბუნებითი მიზიდულება სქესებრი მოიოხებოდეს და შესრულდებოდესო. სხვა არცა-რა მნიშვნელობა აქვს იმათში ქალსა და არც არა ღირსება კაცობრივი. ზოგან ისეა ქალი ჰსჯულით დამდაბლებული, რომ დაქვრივებული ცოლი სახმილში თან უნდა ჩაჰყვეს ცოცხალი მიცვალებულს ქმარსა და იმასთან ერთად უნდა დანაცრდეს.
მაჰმადიანები ცოტა უფრო მაღალს ხარისხზედ აყენებენ ქალის მნიშვნელობასა. მართალია, ქალს იმათში არც საზოგადო საუბარში გარევა შეუძლია, სამსჯელო თუ სამეცნიერო ბაასში, და არცარა ქვეყნის გამოსადეგი მოქმედება რამე, რადგან ჭკუა მოკლე აქვსო, ასე ამბობენ და ჰსჯერათ კიდეცა, რასაც ამბობენ, მაგრამ შინაობაში სახლის მართვა და ბატონის ქმრის სიამოვნება ქალსა აქვს მითვისებული. კანონი აღიარებს ქალსა საშინაო მომსახურედ და მემცხედრედ ქმრისათვის, ან, ასე ვჰსთქვათ, ცოლად (თანაწოლად, თანამწოლად) და კაცს ნება აქვს, სამი ერთად იყოლიოს ამგვარი ცოლი კანონიერად და რამდენისაც რჩენა შეეძლოს, იმდენი უკანონოდ. არც კანონიერთაგანსა და არც უკანონოთაგანს ქმართან ხმა სულ არა აქვს არც შინ და არც გარეთ. ბძანება ქმრისა უცვალებელი არის.
ქრისტიანენი, სწორეთ ღვთიურის ჰსჯულის აღმსარებლები, ვამბობთ, რომ სული ქალისა თანასწორ არიანო ღვთისა წინაშე. ქალი არის მეუღლე, შეტოლებული მეგობარი კაცისა, იმდენად პატივცემული, რომ ზოგიერთს საქვეყნოს ჩვეულებაში უწინ ისინი იხსენებიან: დედ-მამა, ცოლ-ქმარი, ცოლ-შვილი, ქალ-ვაჟი. აღვიარებთ, რომ ქალის ნიჭიერება ხანდახან გადააჭარბებს კიდეცა კაცის ნიჭიერებასა, და ქალი არის ის ქვა ოთხკუთხედი, რაზედაც ეფუძნება ამ წუთის სოფელში სიამოვნება და ბედნიერება კაცისა და მეგობრობითად წარიმართება ხელი სათნოდ ცხოვრებისათვის.
ქალებზედ ეს არის უმთავრესი მოძღვრება ჩვენი სარწმუნოებისა და სარწმუნოებაზედ დამყარებულის ჩვეულებისა და სხვას არას ჰსჯულში არ არის ქალის მნიშვნელობა ამ სიმაღლემდის აყვანილი.
მაგრამ ჩვენს ქრისტიანობაშიაც რამდენნაირად არის შეიწროებული თუ გავრცელებული კაცობრივი სამართალი ქალისა, ამას ვინ მოჰსთვლის. ზოგან პატივი შესაბამი ჰსძევს ქალსა, მაგრამ წრე იმის მოქმედებისათვის არის სახლი, გათხოვებამდინ სამშობლო და გათხოვების შემდეგ-საქმრო. ზოგან გათხოვებამდინ სრულიად არაფერი ნება არა აქვს-რა ქალსა და რომ ქმარს შეირთავს, მაშინ კი თავისუფალია და წევრი საზოგადოებისა. ზოგან გათხოვებამდინა აქვს სრული თავისუფლება ქალსა. როგორც ჩვენში საცოლო ყმაწვილი კაცები, ისე იქ გასათხოვარი ქალები თავისუფლებით ჰმსვლელობენ და პატივი ჰსძევთ ისეთი, რომ მაგალითად, მრთელი ამერიკა რომ მარტო შემოიაროს ერთმა ქალმა, ყოველი კაცი მოსამსახურეა იმისი და ხელის გამმართავი და დიაღ ძვირათ მოჰხდება შეგინება იმის პატიოსნებისა ან დარღვევა იმის კეთილ ზნეობისა, თუ არ შეამჩნიეს-გავარდნილთაგანი არისო. და რა რომ ეს ქალი, თავის ნებით და აღრჩევით, ქმარს შეირთავს, იმ დღეიდამ მოკიდებული, თითქმის სულ ხელაღებულია ქვეყნიერებაზედაცა და საზოგადოებაზედაც. ყოველი ზრუნვა და ყურადღება შინაურს საქმეებზედა აქვს მაშინ მიქცეული და შვილების აღზრდაზედ. ევროპიულმა განათლებამ მხოლოდ ამერიკაში დააყენა ქალი ამ საპატიო ხარისხზედ.
ახლა მგონია ადვილათ დავიჯეროთ, რომ ნურ-აღა ვერცა რას იტყოდა და ვერცა რას გაჰბედავდა, სადაც ერთის მხრით ქმარი ეგულებოდა სრულის უფლების მექონი და მეორეს მხრით მეტოქე ქმრისა, კაცი, რომლისაგან, ვინ იცის, იქნება უფრო მეტს გამოელოდა ალერსსა და ფუფუნებასა.
1862 წელი