Monday, December 27, 2010

ბავშვთა უფლებებისა დაცვა. ილია ჭავჭავაძე

ობლებზე ზრუნვა დიდი და მძიმე ვალდებულებაა 

ერთი დიდი და ფრიად მძიმე ვალდებულება სახელმწიფოსი ის არის, რომ მზრუნველობა, მფარველობა და პატრონობა გაუწიოს იმას, რომელსაც ან ბუნებითად, ან მცირეწლოვანებით, ან უთაურობით მოვლა და პატრონობა თავის თავისა და თავის ქონებისა არ შეუძლიან. ამათ შორის ყველაზედ მეტად გულშესატკივარნი არიან მცირეწლოვანი ობლები, რომელნიც იმ ასაკში არიან, რომ ვერასგზით ვერ გაუძღვებიან ვერც თავიანთს ზნეობითს საჭიროებას, ვერც ქონების მოვლასა და პატრონობას. ამათი უპატრონოდ დაგდება ორნაირს ვნებას უქადის სახელმწიფოს და საზოგადოებას. ჯერ ერთი იმას, რომ, შესაძლოა, კაცი კაცად ვერ დამთავრდეს და სასარგებლო კაცის მაგიერ გაიზარდოს ავი კაცი, უზნეო, უხეირო და ზოგჯერ ავაზაკიცა და ამით გაძლიერდეს ავზნეთა კაცთა რაზმი, რომელსაც დღე და ღამ ებრძვის სახელმწიფო და საზოგადოება წესისა და მშვიდობიანობისათვის. მეორე იმას, რომ ცალკე სიმდიდრე ობლისა, რომელიც საზოგადო ერის სიმდიდრის ნაწილია, შესაძლოა, გაიფლანგოს, გაქარწყლდეს უპატრონობით და ამ გზით ავალა მიეცეს ღარიბთა გამრავლებას, რომელთა შენახვა და გამოკვება ბოლოს სამძიმოდ უხდება სახელმწიფოსაცა და საზოგადოებასაც. ამას აღარ ვიტყვით, რომ ხშირად ეგ სიღარიბე სათავედ უხდება ათასნაირს ავკაცობასა და წარამარობას.

სახელმწიფოს ყველგან საჭიროდ დანახული აქვს და თავის ვალდებულებადაც ცნობილი, პატრონობა მცირეწლოვან ობლებისა და ამისათვის მთელი ნაწილია კანონებისა ამ საჭიროებაზედ გამოჭრილი და მიქცეული. ჩვენშიაც ეგრეა, მხოლოდ არ შეგვიძლიან არ ვაღიაროთ, რომ ამ ნაწილის კანონები ვერა სწვდებიან იმ კეთილს განზრახვას, იმ საქვეყნოდ სასარგებლო სურვილს, რომელიც ამ შემთხვევაში სახელმწიფოს წინ მიუძღვის. ეგ ნაწილი კანონებისა მთელს რუსეთში დაწუნებულია იმ მხრით, რომ კეთილს განზრახვას სახელმწიფოსას საკმაოდ ვერ ემსახურებაო. თუ ეს ასეა შიგნით რუსეთში, საცა ამ კანონთა გამგებელი დაწესებულება, რაც უნდა იყოს, უფრო რიგსა და წესშია ჩაყენებული, მაშ რაღა უნდა ითქვას ჩვენში, საცა არც ეგ რიგია და წესი თავის გზაზედ დაყენებული და საცა ამგვარებში თვითნებობა "აპეკუნებისა" უფრო მეუფობს, ვიდრე წესი და კანონი. ჩვენში "აპეკაში" მიღება ობლისა და მისის ქონებისა მომასწავებელია ვაისა და ვაგლახისა და არა სიხარულისა, რომ ობოლს და მის ქონებას პატრონი აუჩინესო, აპეკუნი დაუნიშნესო და აბა სწორედ ეხლა დაიღუპა საწყალი ობოლიო! ამას იტყვიან ხოლმე მართლად გულშესატკივარნი კაცნი.

ამ სახით ეს მშვენიერი და გულშემატკივარი კანონები ობლების მოვლისა და პატრონობისა არამც თუ უქმად არიან ჩვენში, არამედ ხშირად და ძალიან ხშირადაც ვნება მოაქვთ იმათთვის, ვის სასარგებლოდაც დადგენილან. დღეს რუსეთში მთავრობა შესდგომია ამ კანონების შეკეთებას და ისეთის წესების შემოღებას, რომ "აპეკუნები" მართლა მფარველად და პატრონად ექმნენ ობლებსა და არა მძარცველად და მყვლეფავ-მგლეჯავად. რაკი დღეს ეს საქმე შეცვლისა და შეკეთების გზაზედ სდგას რუსეთში მთავრობის თაოსნობით, ნუთუ მეტი იქნება, რომ ჩვენც ჩვენის მხრით გვეზრუნა, მოგვეფიქრნა რამ ამ საქმის შესახებ. ერთი ჩვენის ქვეყნის საჭიროებაზედ გამოჭრილი პროექტი გამოგვერკვია და წარგვედგინა მთავრობისთვის ყურადღების მისაქცევლად. მთავრობაც დაგვიმადლებდა, თუ საკეთილოდ რასმე ვიტყოდით და ქვეყანაც.
ამ საქმეს რომ თაოსნობა გაუწიონ ჩვენმა მარშლებმა, არა გვგონია მათ მიერ წამოდგენილმა პროექტმა ყურადღება არ მიიქციოს მთავრობისა, მით უფრო, რომ ამგვარებში ადგილის კაცია ყოველგვარი რჩევა და აზრი მთავრობისათვის დიდად სასურველი. მარშლებს იმიტომ ვავალებთ ამას, რომ "აპეკის" უწესობით ისე არავინა ჰზარალობს, როგორც თავადაზნაურობა, რომელსაც ცალკე თვისთა წევრთა ობლობის გამო და ცალკე სხვადასხვა მიზეზთაგან უფრო ხშირადა ჰხვდება ხოლმე "აპეკის" ხელში ჩავარდნა და თუ "აპეკის" საქმეთა უხეირობისაგან ვნება ეძლევა ვისმე, თავადაზნაურობას ყველაზედ მეტი.

ილია ჭავჭავაძე. თხზულებათა აკადემიური გამოცემა. ტ. X. თბ. 1988 

Thursday, December 23, 2010

დედათა ემანსიპაციის შესახებ. ილია ჭავჭავაძე

თეთრი სახლის პიკეტირება.   1917 წ.
ერთს დროს დიდი და გაცხარებული ლაპარაკი ჰქონდა ევროპიის ლიტერატურას და ნამეტნავად რუსეთისას ეგრეთწოდებულ "დედათა ემანსიპაციის" თაობაზედ. მომხრენი ამ საქმისა ჰხედავდნენ, რომ ეხლანდელი ურთიერთობა მამათა და დედათა სქესისა ვერ არის სამართლიანად მოწყობილი და აშენებულია უმართლო მოძღვრებაზედ, ვითომ დედაკაცი მამაკაცთა ტყვე და მონა არისო და ამის გამო ბევრში უფლებას თავისუფალის ადამიანისას მოკლებულიაო. ამის მიხედვით დაჩაგრულთა დედათა მომხრენი სწერდნენ და ჰქადაგობდნენ, რომ ქალებს უნდა მიენიჭოთ ყოველივე უფლება, რაც მამაკაცთა აქვთ მინიჭებული, ასე რომ ამ ორ სქესთა შორის ურთიერთობა სამართლიანის თანასწორობით დადგენილ იქმნას კაცთა ცხოვრებაშიო.


ბევრი კარგი რამ ითქვა ამაზედ, ბევრი საბუთიანი "ჰო" და "არა" გამომჟღავნდა და ბევრიც უქმი, წინდაუხედავი სიტყვა დაიხარჯა. მაინცდამაინც საბუთი აქვს კაცს სთქვას, რომ ეს საგანი საკმაოდ გამორკვეულია დღეს და თეორიულად მრავალკეცად და გონებადასმით გარჩეული და გაჩხრეკილი. ჩვენ ეს ბუნება და ისტორია ამ ფრიად საყურადღებო საქმისა აქ დღეს ორიოდე სიტყვით მოვიხსენიეთ, იმიტომ რომ აზრად არა გვაქვს ამ საგნის ბუნება და ისტორია დაწვრილებით გამოვიკვლიოთ.

იაპონელი სუფრაჟისტები. მე–20 ს. 20–იანი წლები
ჩვენ მარტო ის გვინდა ვსთქვათ, რომ ამ თეორიულად საკმაოდ კარგად გარჩეულმა საქმემ საზოგადოების ყურამდე სრულის სავსებით ვერ მიაღწია. ბევრს კაცსა, თუ ქალსა ჰგონია დღესაც რომ აქ მარტო იმაზეა ლაპარაკი, ვითომც ამ ემანსიპაციის საქმეში სხვა არა არის რა, გარდა იმისა, რომ ქალთა, თუ დედათა მხოლოდ უფლება მიენიჭოთ და იმას კი აღარავინა ჰფიქრობს, რომ არ არის არც ერთი იმისთან უფლება კაცთა ურთიერთობაში, რომელსაც არ მოსდევდეს მოვალეობაცა. მართალია, მამაკაცს ეხლანდელს ცხოვრებაში ბევრი იმისთანა უფლება აქვს, რომელიც სამართლიანად ქალსაც ეკუთვნის, მაგრამ მამაკაცი ამასთანავე მსახურია სახელმწიფოსი, ქვეყნისა, საზოგადოებისა, ოჯახისა და ყოველგვარი მძიმე ტვირთი ადამიანთა რთულის ცხოვრებისა კისრად ადევს. დღეს ქალები რომ იძახიან, _ მოგვეცით უფლებაო, ეს ძახილი თუმცა სამართლიანია, მაგრამ ჰრჩება ხმად მღაღადებლად უდაბნოსა შინა: იმიტომ რომ ყველანი ჰხედვენ, რომ ქალები ბევრწილად უქმნი და უვარგისნი არიან იმ მოკლედ შემოხაზულ წრეშიაც კი, რომელშიაც დღეს იმყოფებიან, და იმ მცირეოდენს მოვალეობასაც ვერ უძღვებიან, რაც დღეს მიზომილი აქვთ საზოგადოებასა, თუ ოჯახობაში.

ეს დღევანდელი უქმობა და უვარგისობა ქალებისა ხელზედ დახვეული აქვთ ყველას, ვინც კი დედათა ემანსიპაციას არ ემხრობა და ეწინააღმდეგება. თითო-ოროლა მაგალითი საქმითა და გამჭრიახობით გამოჩენილ ქალებისა ამ წინააღმდეგობის საბუთს ბევრს არას არღვევს. ამ მაგალითებს მარტო ბედნიერ შემთხვევად სთვლიან და უფროს-ერთს ქალზედ კი ისევ ის უვარგისობის აზრი ჰრჩება.

ამერიკაში იგრძნეს ქალებმა, რომ ეს ასეა და სამართლიანის ემანსიპაციის მოსაპოვებლად იმას აღარა სჯერდებიან, რომ იძახონ: უფლება მოგვეცითო. იმათ უფრო უკეთესი სახსარი, უკეთესი გზა ამოურჩევიათ. იმათ უფიქრნიათ, რომ ქვეყანას უნდა დავანახვოთ, რომ ჩვენც შეგვიძლიან რადმე ყოფნა ქვეყანაზედ, ჩვენც შეგვიძლიან ყველა მოვალეობას ადამიანისას გავუძღვეთ, ჩვენც შეგვიძლიან არამც თუ ხელით გარჯა, შრომა, საქმის კეთება, არამედ გონებითაც, ჭკვითაც და არც ერთსა და არც მეორეში მამაკაცს არ ჩამოვუვარდებითო. ამ პატიოსანს გაზრახვას შესდგომიან და, როგორც ჰნახავთ, საკვირველის ძლევამოსილობითაც შეუსრულებიათ.

1917 წ. მარტი.  ნიუ–იორკელი ქალების აქცია 
ამის დასამტკიცებლად ჩვენ მოვიყვანთ საოცარს ამბებს, ერთის გერმანულის ჟურნალიდამ ამოკრებილს. ამ ამბების მიხედვით უტყუარად გამოარკვევს კაცი თუ, რის შემძლებელი არის ქალი და რა მონაწილეობას ჰღებულობს იგი ამერიკაში საზოგადო ცხოვრების წარსამატებლად და რარიგად ეცილება მამაკაცს ცხოვრების მოედანზედ, სატეხნიკო სარბიელზედაც კი. ეს ამბები მით უფრო საკვირველია, რომ ქალის გამჭრიახობასა და შემძლებელობას იმისთანა საქმეში გვიჩვენებს, რომელიც დღეს აქამომდე ქალისათვის უფრო ხელმიუწვდომელი ეგონა ადამიანს.

იგი გერმანული ჟურნალი ამბობს: ჩრდილო-ამერიკის არხივებიდამ ამოკრებილიაო ცნობანი, რომ ქალებს ამერიკაში 1900 პატენტი მიუღიათ მათ მიერ მოგონილ სხვადასხვა მაშინების გამო. ერთი ამ საქმის მცოდნე ამერიკელი უმატებს: ის კი ანგარიშში არ მოგვყავს, რომ ბევრი ქალი დაჰხმარებია მამაკაცს ამისთანა საქმეშიო. ეს ხომ საოცარია და საოცარი, უფრო საკვირველი ის არის, რომ იქაურ ქალებს იმისთანა საქმეშიც გამოუჩენიათ თავი, რომელიც ქალის ცხოვრებაზედ ერთობ შორს არის და ქალის ბუნებას უნდა ეუცხოვებოდეს. მაგალითებრ, ერთს ქალს, გვარად მატერს, ნიუიორკში მოუგონია ტელესკოპი მიწის ქვეშეთისათვის (подземный телескоп), ქალს გვარად მონტგომერს _ ფოლადის ჯავშანი საომარ ხომალდისათვის, ქალს გოშამს _ ახალგვარი ზარბაზანი, ქალს ბიზელს _ წყლისაგან გადასარჩენი ნავი, ქალს ტანნეის _ მაშინა ზღვაში დაღუპულ ხომალდების ამოსაღებად და სხვანი. საქალო საქმეშიაც გამოუჩენიათ თავი. მაგალითებრ, ქალს როზენტალს უფრო უკეთესი საკერავი მაშინა მოუგონია, ვიდრე აქამომდე იყო.
ყოველივე ეს, რასაკვირველია, ძლიერი საბუთია `დედათა ემანსიპაციის~ მომხრეთათვის და ამისთანა საბუთს სიტყვას შეუბრუნებს მხოლოდ კერპობა და ჯიუტობა ადამიანისა. არ იქნება ურიგო, რომ ჩვენმა ქალებმაც ყური ათხოვონ ამისთანა მაგალითებს და ხალისი მოიპოვონ ამისთანა მოღვაწეობისა და მოქმედებისათვის.

ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა აკადემიური გამოცემა, ტ. X, თბ. 1988

Thursday, December 16, 2010

რა არის თავისუფლება. ილია ჭავჭავაძე

თავისუფლება იგი ყოფა-მდგომარეობაა ადამიანისაო, ამბობს ბოსსუეტი თავის მსოფლიო ისტორიაში, საცა ყოველი ემორჩილება მარტო კანონსა და საცა კანონი უძლიერესია ყოველ ცალკე კაცზედაო; ასეთის თვალით უყურებდა თავისუფალებას ძველი რომაელი და ძველი ბერძენიო. ეს ჭეშმარიტი და ზედმიწევნილი მნიშვნელობა თავისუფალებისა ეხლაც ცნობილია და აღიარებული ეხლანდელ მეცნიერთა და სახელმწიფოთაგან. ჭეშმარიტი, რიგიანი აგებულება და წყობილება კაცთა საზოგადოებისა სწორედ ამ ქვაკუთხედზედ უნდა იყოს ამოყვანილი. საცა ეგ არ არის, იმ კაცთა საზოგადოებური ცხოვრება, რომელიც ერთმანეთზედ დამოუკიდებლად და გადუბმელად შეუძლებელია, მარტო ძალმომრეობაა, ერთმანეთის თელვაა, ერთმანეთის ჩაგვრა და ძარცვაგლეჯა. მაშინ ყოფა ადამიანისა ნადირთ ყოფაა და ადამიანი, ეგ კერძი ღვთისა, ნადირად გადაქცეულია, იმიტომ, რომ თვითვეულის სვე-ბედი თვითვეულის ფარ-ხმლით საგერი და სატევია და არა საერთო მფარველობისა და შემწეობისაგან ნათავდებები და დაკუთვნებული. ამ ყოფით ცხოვრება ცნობიერს და ჭკვათამყოფელს სულიერს არ შეუძლიან და თვით იმ კრებულს ჭკვათა-მყოფელს სულიერთა, რომელსაც ჩვენ კაცთა საზოგადოებას ვეძახით, მიზეზი არსებობისა და ყოველივე მნიშვნელობა ეკარგება და უბათილდება.

ხოლო კაცმა რომ იმისთანა პატივსაცემი და მართალი, ადამიანისათვის თავმოსაწონი თავისუფალება იქონიოს, როგორსაც ბოსსუეტი ამბობს, საკმაო არ არის მარტო არსებობა კანონებისა. კანონი რჯულია ცხოვრებისა და ამიტომაც იგი სამართლისაგან ამოწვდილი ხმალიც არის ურჩთათვის და ფარიც არის საგერად და სახსნელად ჩაგრულთათვის. თუ ხმლობაში კანონს უსამართლოდ ჰხმარობს ვინმე, მაშინ ფარობამ კანონისამ თავი უნდა იჩინოს საგერად. კანონი მაშინ არის კაცთათვის მადლის მიმნიჭებელი, როცა ამ ორნაირს უწმინდაეს მნიშვნელობას მისას ჰპატრონობს თვითონ საზოგადოება, თვითვეული წევრი, თვითვეული კაცი. როცა კანონის სახელით მისევა თუ მოგერიება ჰბღალავს, ჰლახავს გრძნობას მართლიერებისას, მაშინ მე ვიჩაგრები ამისაგან, თუ სხვა, მაინც მოვალე ვარ თავი გამოვიდო, კანონის სახელი ძირს არ დავცე და არ გავაქელვინო, იმიტომ, რომ კანონი ყველასი ფარ-ხმალია და, მაშასადამე, ჩემიცა. აქ სიდიდე საქმისა არაფერს შუაშია. შეიძლება საქმე ჩალის ფასადაც არა ჰღირდეს, მაგრამ გალახული, გაუპატიურებული გრძნობა სიმართლისა კი მაინც ალაპარაკდეს და კანონს გამოესარჩლოს. ეს მარტო მაშინ არის შესაძლებელი, როცა გრძნობა სიმართლისა, ეგ ერთადერთი თავდები კაცთა საზოგადოების ბედნიერებისა, ყველას გაღვიძებული აქვს და ყარაულად უდგა თვით კანონს.

სწორედ ესეც არის ყველგან, საცა კი ერთი ამ მხრით საზოგადოებურ ცხოვრებაში წარმატებულია. აი, თუნდა ამისი მაგალითი, რომელიც ჩვენებურს კაცს იქმება სასაცილოდაც არ ეყოს და რომელსაც კი, ჩვენის აზრით, დიდძალი მნიშვნელობა აქვს, იმოდენად დიდძალი, რომ უამისოდ ყოველივე კანონი, რაც უნდა კარგი იყოს, უქმი თამასუქია. ბრესლავში (პრუსიის ქალაქია) ერთი მდიდარი სოვდაგარია თურმე. მას ეხლახან ჯვარი დაუწერია, პატარძალი შინ მიუყვანია და პოლიციისათვის კი არ შეუტყობინებია, რომ სახლში ახალი ადამიანი დაუბინავებია. პრუსიის კანონებით კი ყოველი პატრონი სახლისა მოვალეა აცნობოს პოლიციას სამის დღის განმავლობაში, თუ ვინმე უცხო კაცი თავის ბინაში დააბაინავა. პოლიციამ ამ კანონის დარღვევისათვის მანათზედ ცოტა მეტი ჯარიმა დააწერა სოვდაგარსა. სოვდაგარმა ჯარიმის გადახდევინება უსამართლოდ იცნა და პოლიციას უჩივლა. სასამართლოში სოვდაგარი ამტკიცებდა, რომ პოლიციას ამ შემთხვევაში ხელი არა ჰქონდა ჯარიმა გადაეხდევინებინა ჩემთვისაო, იმიტომ, რომ კანონში მოხსენებულია, რომ თუ უცხო კაცი დავაბინავე ჩემს სახლში და პოლიციას არ შევატყობინე, მაშინ უნდა გადამხდეს ჯარიმაო; ცოლი კი, არც კანონით და არც საღვთო წერილის ძალით, უცხო კაცად არ ჩაითვლება ქმრისთვისაო. არც სასამართლომ, არც სასამართლოს პალატამ არ შეიწყნარა სოვდაგარის საბუთი და ზემოხსენებული ჯარიმა, სულ ერთი მანათი და ერთი შაური, მჯავრად განუჩინა. სოვდაგარმა მაინც თავისი არ დაიშალა და გადიტანა საჩივარი დიდს სახელმწიფო სამართალში, რომელსაც რეიჰსგერიხტი ჰქვიან.

სასაცილოა განა, მკითხველო, ასეთი დავიდარაბა ერთის მანათის გულისათვის, მერე ვისგან? მდიდარის სოვდაგარისაგან. ჩვენებური კაცი მაშინვე ამოიღებდა ქისიდამ ერთს მანათს და მაშინვე დაამწყრალებდა პოლიციას. მაგრამ აქ საქმე განა მარტო ერთს მანათზეა! რა არის ერთი მანათი სოვდაგარისათვის, ხელის ჭუჭყია, მტვერია და სხვა არაფერი. მაგრამ, აბა, ახლა შიგ ჩაიხედეთ ამ საქმეში, გუნება და ბუნება გაუგეთ, მაშინ სიცილის მაგიერ გრძნობა პატივისცემისა მიგახედებთ ამ სოვდაგარზედ. ცხადია, მდიდარს სოვდაგარს ის კი არ ანაღვლებს, რომ ერთი მანათი ერთმევა, არამედ ის, რომ, მისის აზრით, კანონი და სამართალი ირღვევა და კანონი და სამართალი კიდევ მისის თავისუფლების ციხე-სამაგრე იმოდენად ძვირფასია, რომ განურჩევლად, განუკითხველად ხელს არავის ახლებინებს. აი, ნამდვილი, ჭეშმარიტი მოქალაქობრივი თავგამოდება, აი ჭეშმარიტი ქველობა კაცთა საზოგადოების წევრისა. ამოდენა დავიდარაბაში, სამს სამართალში საქმის გატარებაში ერთი მანათი კი არა, იქნება ასი მანათიც დაეხარჯოს, მაგრამ იგი, ერისათვისაც იღწვის, მისთვის ყოველს ქონებაზედ უფრო ძვირფასია. კაცმა, მისის აზრით, უსამართლოდ მოაწვდინა მასზედ კანონის ხმალი და იგი იმავ კანონსა თავის კაცურის კაცობის ფასად წინ უყენებს და განკითხვას სამართლისაგან ელის. კაცური, ადამიანური ცხოვრებაც ამას ჰქვიან: ამისთანა კაცთა შორის ყველა შეკრულია ბოროტისათვის და ყველა გზა გახსნილია სიკეთისათვის. თავისუფლებაც ადამიანისა სხვა არა არის რა, რომ ბოროტისათვის სრულად შეკრული იყოს და სიკეთისათვის უხვად გზაგახსნილი.

ილია ჭავჭავაძე. თხზულებათა აკადემიური გამოცემა. 9.  თბ. 1988  

Thursday, November 25, 2010

დიმიტრი ყიფიანი. ადამიანის უფლებები

მოცემულ ტექსტში თურქმენული ცხენი  დიმიტრი ყიფიანი მსჯელობს ადამიანის უფლებათა სავალალო მდგომარეობის შესახებ სპარსეთსა და თურქეთში. ის განიხილავს, ზოგადად, აღმოსავლურ ეთოსსა და კულტურას, თუმცა, სიუჟეტის გაუცხოურების მეთოდით ირიბად მიუთითებს და ზოგან პირდაპირ მსჯელობს ქალთა უფლებების შელახვასა და კანონის დარღვევაზე მე–19 საუკუნის ქართულ ყოფაში.


ფრაგმენტი

ეს მოხდა ჩყკ-სა [1820] ზოგი სპარსეთში და ზოგი თურქისტანში.
ახლა ამ მოთხრობაში მეორე კარია შესაღები. მანამდისინ ამ კარს შევაღებდეთ, როგორ მოითმინოს კაცმა, რომ პატარა ხანს არ შეფიქრდეს, ასაღებ-დასადები, გამოსარკვევი და კაცობრივის მსჯელობით შესაწონი საგანი საქმეში ურიცხვი არის ხოლმე და ამ მოთხრობაშიაც არის, რასაკვირველია. ამბავი რაც უნდა შემოკლებული იყოს, კაცი თუ ყოველსავე გამოსაკიდებელს გამოეკიდა, შეიძლება „ყარამანიანის“ ოდენი წიგნი დაიწეროს. მაგრამ მე რომ შენი ხასიათი ვიცი, აქ შენს ყურადღებას მარტო ორს საგანზედ მოვითხოვ:

უფლება და სამართალი არის რამე იმ ქვეყანაში თუ არა, რომ ალლაიარის მდგომარეობაში მყოფმა კაცმა მთავრობას მიჰმართოს და იმისგან ითხოვოს სამართალი ამგვარის მტაცებლობისა? - ეს ერთი.

ნურ-აღასგან რომ აქ კრინტი არა ამოღებულა-რა, სხვა ქალებიც ამ მდგომარეობაში არიან იქა, თუ მარტო იმას დაემართა, რაც დაემართა? - ეს მეორე.

დიაღ მართალია, რომ ამ ორი საგნის გამოძიება მაგდენად არაფრად არის საჭირო არც შენთვის, ჩემო უძვირფასესო თეიმურაზ, და არცა ჩემთვისა; მაგრამ ცოდნა ვის მოჰსჭარბებია და აქ რომ ცოტაოდენი ვილაპარაკოთ რამე, ზარალი მაინც ვის რა მოუვა.
 მართვა და მსჯელობა, უეჭველია, ყოველს ქვეყანაში არის, მაგრამ იმდენნაირი, რამდენნაირიც ხალხი და საზოგადოებაა ქვეყანაზედ, სხვა და სხვა ტომისა და სხვა და სხვა ჰსჯულისა.

ალლაიარს სპარსეთში მოსტაცეს ცოლი და თურქისტანში გაიყვანეს. სპარსეთში და თურქისტანში, მოგეხსენებათ, თემის მმართველნიც არიან, მაზრისაცა და სოფლისაცა; იმათი დაწყობილებაც ისე არის შეთანხმებული იქაურს ადგილ-მდებარეობასთან, ქვეყნის ჩვეულებასთან და საზოგადო მსჯელობასთანა, როგორც ყოველგან სხვაგანა. იმათი ხელმწიფობითი წესდებულება და იმათი სამართლის კანონები ქართულს ენაზედ რომ გადმოთარგმნილი წინ გედვას და გულისყურით წაიკითხო, ასე იტყვი: რას ემართლებიან იმ ქვეყნებსა, ყოველივე დაწყობილება დიაღ კარგი ჰქონიათო. მაგრამ საქმით კანონი უღონოა და ბოროტმოქმედება იქაურის მმართველობის მოსამსახურეებისა იქამდინ არის გავრცელებული, რომ თვითმნებლობა უძევს საფუძვლად ყოველს მმართველსა და მსაჯულსა. ქვეყნის სიკეთისა და მშვიდობიანობისათვის რომ იქ გულით ჰზრუნავდეს ვინმე, თვითანვე იტყვის „ერთი კაცმა მკითხოს, მე რაღაზედ ვიცივებ თავსაო“. ასე იტყვის კაცი, თუ რომ სვინიდისი, ეს ზეციერისაგან მიჩენილი მოსამართლე, არ დაჰსდუმებია და გული არ გაჰქვავებია. მანამდისინ საზოგადო თვისება არ მოგვაგონდება ადამიანის ხასიათისა, ასე უნდა ვიტყოდეთ: ქვეყანაზედ არა იქნება-რა არც სახიარება და სათნოება ისეთი, არცა სიბილწე და სიმყრალე ზნეობითი, რომ კაცს იმისი შეჩვევა გაუჭირდებოდეს. საოცარი ქმნილება არის კაცი: მფლობელი არის აუარებელის ნიჭისა და, თუ მოიწადინა, შეუძლია ძლიერება უძლეველი და სიწმინდე ანგელოზის შესადარებელი შეიმოსოს. თუ არადა შეუძლია დამდაბლდესცა სულითა და ხორცით უმდაბლეს ყოვლად საზიზღარის ქვეწარმავალისა.

თურქისტანშიც ისეა ხალხი შეჩვეული მმართველების უსვინდისოებასა და ბოროტმოქმედებასა, რომ, ზემოთ რომ ვჰთქვით, „მე რაღაზე ვიცივებ თავსაო“ - ამას კი აღარავინ იტყვის - სხვა რასმე ღონისძიებას მოიხმარს თავისის წადილის შესასრულებელსა; ისეთ ღონისძიებასა, რომ საზოგადო ზნეობითს გარყვნილებას შეეფერებოდეს.

ალლაიარს რომ თურქისტნის მთავრობისათვის მიემართა, მოურავებისა, დივანბეგებისა, ბეგლარ-ბეგებისა, მსაჯულებისა და მსაჯულთ-უხუცესების კარებების ცვეთას მოუნდებოდა თვითანაცა და ყოველი იმისი საცხოვრებელიცა, ამიტომ რომ, - აღორძინდით და განმრავლდითო, - ამის მაგიერად სხვა სიტყვა არის ჩვეულებით ჰსჯულად დადებული იქაურს მოხელეებში: „ისარგებლეთ და იცხოვრეთ, გვასარგებლეთ და გვაცხოვრეთო“. ალლაიარმა კარგათ იცოდა ეს ჩვეულება ჰსჯულთუმტკიცესი და მიანება დრომდის თავი გულის დამჩაგვრელს თავისს საქმესა.

ახლა, ნურ-აღამ რატომ ხმა აღარ ამოიღოო, მასრ-ულლა რომ იტაცებდაო. ნურ-აღა, - ნუ დავივიწყებთ ამასა, - ქალი იყო და სადაც კი კაცის ბუნებაზედ „ყარამანიანის“ ოდენი წიგნი დაიწერება, იქ ქალის თვისებასა და ქალის მნიშვნელობას არც ოთხი წიგნი ეყოფა ასაწერად და განსამარტებლად.

რაც ამაზედ სხვა და სხვა საქვეყნო ჩვეულებაში სხვა და სხვა აზრი არსებობს, რამდენსამე უმთავრესს აქ მოგახსენებ და იმედი მაქვს, რასაც აქ სხარტულად გამოგიხატავ, ისიც საკმაო იყოს ფილოსოფიურის მსჯელობის შესაფიქრებლად. სადაც წარმართობა და კერპთ თაყვანისცემა არსებობს, იქ ქალისას იტყვიან: იმისთვის არის გაჩენილიო, რომ გულისთქმა მამრისა, ან ასე ვთქვათ, ბუნებითი მიზიდულება სქესებრი მოიოხებოდეს და შესრულდებოდესო. სხვა არცა-რა მნიშვნელობა აქვს იმათში ქალსა და არც არა ღირსება კაცობრივი. ზოგან ისეა ქალი ჰსჯულით დამდაბლებული, რომ დაქვრივებული ცოლი სახმილში თან უნდა ჩაჰყვეს ცოცხალი მიცვალებულს ქმარსა და იმასთან ერთად უნდა დანაცრდეს.

მაჰმადიანები ცოტა უფრო მაღალს ხარისხზედ აყენებენ ქალის მნიშვნელობასა. მართალია, ქალს იმათში არც საზოგადო საუბარში გარევა შეუძლია, სამსჯელო თუ სამეცნიერო ბაასში, და არცარა ქვეყნის გამოსადეგი მოქმედება რამე, რადგან ჭკუა მოკლე აქვსო, ასე ამბობენ და ჰსჯერათ კიდეცა, რასაც ამბობენ, მაგრამ შინაობაში სახლის მართვა და ბატონის ქმრის სიამოვნება ქალსა აქვს მითვისებული. კანონი აღიარებს ქალსა საშინაო მომსახურედ და მემცხედრედ ქმრისათვის, ან, ასე ვჰსთქვათ, ცოლად (თანაწოლად, თანამწოლად) და კაცს ნება აქვს, სამი ერთად იყოლიოს ამგვარი ცოლი კანონიერად და რამდენისაც რჩენა შეეძლოს, იმდენი უკანონოდ. არც კანონიერთაგანსა და არც უკანონოთაგანს ქმართან ხმა სულ არა აქვს არც შინ და არც გარეთ. ბძანება ქმრისა უცვალებელი არის.

ქრისტიანენი, სწორეთ ღვთიურის ჰსჯულის აღმსარებლები, ვამბობთ, რომ სული ქალისა თანასწორ არიანო ღვთისა წინაშე. ქალი არის მეუღლე, შეტოლებული მეგობარი კაცისა, იმდენად პატივცემული, რომ ზოგიერთს საქვეყნოს ჩვეულებაში უწინ ისინი იხსენებიან: დედ-მამა, ცოლ-ქმარი, ცოლ-შვილი, ქალ-ვაჟი. აღვიარებთ, რომ ქალის ნიჭიერება ხანდახან გადააჭარბებს კიდეცა კაცის ნიჭიერებასა, და ქალი არის ის ქვა ოთხკუთხედი, რაზედაც ეფუძნება ამ წუთის სოფელში სიამოვნება და ბედნიერება კაცისა და მეგობრობითად წარიმართება ხელი სათნოდ ცხოვრებისათვის.
 ქალებზედ ეს არის უმთავრესი მოძღვრება ჩვენი სარწმუნოებისა და სარწმუნოებაზედ დამყარებულის ჩვეულებისა და სხვას არას ჰსჯულში არ არის ქალის მნიშვნელობა ამ სიმაღლემდის აყვანილი.

მაგრამ ჩვენს ქრისტიანობაშიაც რამდენნაირად არის შეიწროებული თუ გავრცელებული კაცობრივი სამართალი ქალისა, ამას ვინ მოჰსთვლის. ზოგან პატივი შესაბამი ჰსძევს ქალსა, მაგრამ წრე იმის მოქმედებისათვის არის სახლი, გათხოვებამდინ სამშობლო და გათხოვების შემდეგ-საქმრო. ზოგან გათხოვებამდინ სრულიად არაფერი ნება არა აქვს-რა ქალსა და რომ ქმარს შეირთავს, მაშინ კი თავისუფალია და წევრი საზოგადოებისა. ზოგან გათხოვებამდინა აქვს სრული თავისუფლება ქალსა. როგორც ჩვენში საცოლო ყმაწვილი კაცები, ისე იქ გასათხოვარი ქალები თავისუფლებით ჰმსვლელობენ და პატივი ჰსძევთ ისეთი, რომ მაგალითად, მრთელი ამერიკა რომ მარტო შემოიაროს ერთმა ქალმა, ყოველი კაცი მოსამსახურეა იმისი და ხელის გამმართავი და დიაღ ძვირათ მოჰხდება შეგინება იმის პატიოსნებისა ან დარღვევა იმის კეთილ ზნეობისა, თუ არ შეამჩნიეს-გავარდნილთაგანი არისო. და რა რომ ეს ქალი, თავის ნებით და აღრჩევით, ქმარს შეირთავს, იმ დღეიდამ მოკიდებული, თითქმის სულ ხელაღებულია ქვეყნიერებაზედაცა და საზოგადოებაზედაც. ყოველი ზრუნვა და ყურადღება შინაურს საქმეებზედა აქვს მაშინ მიქცეული და შვილების აღზრდაზედ. ევროპიულმა განათლებამ მხოლოდ ამერიკაში დააყენა ქალი ამ  საპატიო ხარისხზედ.

ახლა მგონია ადვილათ დავიჯეროთ, რომ ნურ-აღა ვერცა რას იტყოდა და ვერცა რას გაჰბედავდა, სადაც ერთის მხრით ქმარი ეგულებოდა სრულის უფლების მექონი და მეორეს მხრით მეტოქე ქმრისა, კაცი, რომლისაგან, ვინ იცის, იქნება უფრო მეტს გამოელოდა ალერსსა და ფუფუნებასა.

1862 წელი 

Sunday, November 14, 2010

ცხოველთა უფლებები ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობაში

ხატაური ჩემია
 

      სვიმონიანთ ეზოში გაზაფხულის ერთს მშვენიერ დილას საიდგანღაც გამოღონღიალდა პატარა გამხმარი, ტურტლიანი, თვალებამოწირპლული კატის კნუტი. შიმშილისაგან ძლივს დალასლასებდა.ივანიანთ სანზარეულოდგა მწვადის სუნი ეცა და იქითკენ გაემართა, მზარეულს საცოდავად შეჰკნავლა, მოწყალება სთხოვა, მზარეულმა ქაფქირი მოუღერა და ეს საცოდავი მშიერი კარში გაუძახა. კნუტი მეორე მეზობლის ღია ფანჯარასთან აკნავლდა, დიასახლისმა საშინელი, მწუხარე, მისუსტებული კნავილი რომ გაიგონა, ფანჯრიდან გამოიხედა, მაგრამ წირპლიანი, ტუტყიანი კნუტი რომ დაინახა, ზიზღით გააფურთხა და შეჰყვირა.
       __ აცხა, აცხა, შე ოხერო! იქით დაიკარგე, ქეციანი იქნები...
ციცუნა ახლა სხვა ღია კარს მიადგა, მაგრამ იქაც დაუტატანეს და გამოაგდეს. თავჩაღუნული, შეწუხებული, შიმშილისაგან ილაჯგაწყვეტილი დაჯდა უკანა ფეხებზედ შუა ეზოში და საშინელი კნავილი გააბა.
       მაღლა აივანზედ პატარა მარო იდგა, გემრიელი ნაზუქის ყუას ძმუძნიდა და აქეთ-იქით იცქირებოდა, თან რაღაცას ღიღინებდა. კნავილზედ დაბლა ჩაიხედა, დაინახა საბრალო მშიერი არსება და თავისის ბავშვურის გულით მიხვდა იმისს მწუხარებას. საჩქაროდ მოუტეხა ნახევარი თავისის ყუისა და გადაუგდო. კნუტი გიჟივით მივარდა ლუკმას. ფაცაფუცით, თითქმის დაუღეჭავად გადაყლაპა და ისევ შეჰკნავლა თავისს პატარა მოწყალეს. მარო მზარეულ დედაკაცთან გაექანა, პატარა ხორცის ნაჭერი სთხოვა კატისთვის. დედაკაცმა გადახედა ,,ქეციანს“ და დაუტატანა:
       __აცხა, აცხა!შე ოხერო!
      მერე მარიკოს დარიგება მისცა:
       __ხელი არ ახლო, ხელი არ ახლო, გენაცვალე, თორემ კატისაგან ხელებზედ ქეცი გადაგედება, შენც ქეციანი შეიქნები და ახლო აღარავინ მოგეკარება!
       მარო დაღონდა, ქეცის გადადებამ შეაშინა და შინ შებრუნდ.
       მეორე დილით “ქეციანი“ კიდევ აკნავლდა სვიმონიანთ ეზოში, კიდევ ყველამ შეთათხა და უმოწყალოდ გააგდო. მარომ კი ვერ მოითმინა, დედის და მზარეულის ჩუმად ერთი დიდი ნაჭერი, გუშინდელი სადილის ნარჩენი, შემწვარი ხორცი გამოიღო განჯინიდგან და სამბრალო მშიერს გადაუგდო.
       კნუტი ხორცის დანახვაზედ სიხარულით გადაირია. მოიტაცა და ისე დაბღუჯა, თითქო ართმევს ვინმეო, ბრჭყალებში მოიგდო, თვალები გიჟსავით დააჭყიტა, აიბურძგნა, ფხუკუნ-ბღუილი დაიწყო, უკან-უკან დაიწია და მერე საშინელი სისწრაფით სახლის სახურავზედ შეხტა და თავისის ძვირფასის ნაშოვნით მიიმალა.
       მესამე დღესაც ეწვია ციცუნა ეზოს, მაგრამ ახლა სხვას აღარავის მიმართა,__პირდაპირ აივნის წინ ჩაცუცქდა და კნავილი დაიწყო. მარო მალე გამოვიდა თავისის მოწყალე ხელით სავსე ლამბაქი რძე და ქადის ნატეხი გამოუტანა.
       მთელი ორი კვირა კნუტი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს აკნავლდებოდა და მაროც მაშინვე საზრდოთი იქ გაჩნდებოდა.
       პატარა ქეციანი გასუქდა, თეთრი და მოწითალო ზოლებიანი ბეწვი დაეწმინდა, წირპლიანი თვალები სრულებით მოეწმინდა. თავჩაღუნული აღარ იყო და, სუსტი ლასლასის მაგივრად სულ კუნტრუში დაიწყო; მაროს დანახვაზედ გაექანებოდა, შეახტებოდა, დაუწყებდა თამაშობას, კრუტუნით მიუს-მოუსვამდა და თავს მაროს ხელებზედ და თვალებში შეაჩერდებოდა ხოლმე სიხარულით გაბრწყინვებულის მწვანე თვალებით. მაროს ჯერ ეშინოდა ქეცის შეყრისა, მორიდებით იყო, ვერ ბედავდა ხელში აეყვანა. მაგრამ კატის ალერსმა მალე დაავიწყა სიფრთხილე. კატა და ბავშვი დიდად დამეგობრდნენ.
      ციცუნა ახლა უფრო ხშირად მოდიოდა, მერე აღარც კი იმალებოდა სახლის სახურავში და ერთს მშვენიერ დღეს მაროს ოთახშიაც კი გაბედა შესვლა. მარომ სიყვარულით აიყვანა ხელში, ყელზედ ლურჯი ლენტი შეაბა, მაგიდაზედ ლამბაქით რძე დაუდგა და იმისს სლაპასლუპით რძის თქვლეფას სიხარულით შეჰყურებდა. მერე ძაფზედ დახვეული ქაღალდი გამოაბა, გაუქნივ-გამოუქნია. კატა წამოხტა, გამოეკიდა ქაღალდს, დაიჭირა, მერე მაღლა ააგდო თათებით და ისევ დაიჭირა. იმისი ყველა მოძრაობა ისეთი ცქვიტი და მოხდენილი იყო, რომ მარო ხმამაღლა ხარხარებდა.
       __რა ამბავია, რა გახარხარებს, გოგონაჯან!__ამ სიტყვებით შევიდა მაროს ოთახში დედა და თვითონაც პირს ღიმილი მოუვიდა მშვენიერი ხატაურის ცელქობაზე.
       __ რა კარგი ციცუნიაა, რა მშვენიერი ზოლები აქვს, სწორედ ვეფხვსა ჰგავს! ვინ გაჩუქა, გენაცვალოს დედა?
       __ ხატაური ჩემია! მე თვითონ ვიპოვნე, მოვარჩინე! ხედავ, დედაჯან, ქეციანი აღარ არის, აღარც თვალები სტკივა! ახლა ხომ შეიძლება ყოველთვის ჩემთან იყოს?!
       __ “ქეციანი!“ ნუთუ ეგ ის წირპლიანი, მოთხუპნულიკნუტია, მთელ ეზოს კნავილით აბეზრებდა თავს?
       __ ის არის, დედა, ის! ხომ ხედავ, როგორ გავასუქე, როგორ გავახარე. ახლა აღარ კნავის, აღარ დალასლასებს! სულ ხტის, თამაშობს, მალაყებს გადადის. არა, ჩემო ფისო, ჩემო ციცუნია?! აბა, ერთი ჰეი, გელდი. აბა, ერთი! __ შეჰყვირა მარომ, ძაფგამობმული ქაღალდი გადაუგდო და ციცუნიაც შეხტა, შეითამაშა, გაიქც-გამოიქცა, გადმოხტ-გადახტა და თავისი კეკლუცი მოძრაობით და ქესკუმობით მაროსთან ერთად იმის დედაც გაახარა.
დედამ შვილი გულში ჩაიკრა და ტკბილი ალერსით წაუტუტუნა:
       __ ღმერთმა ქნას, ჩემო მშვენიერო, რომ ბოლომდის შეგრჩენოდეს ეგ მოწყალე გული!

Thursday, October 28, 2010

ქართველთა ტოლერანტობის შესახებ საუბრობს იაკობ გოგებაშვილი

იაკობ გოგებაშვილის პუბლიცისტური წერილის ამ  ნაწყვეტმა, სადაც ავტორი საქართველოს ისტორიას აანალიზებს  ჰუმანისტური და ლიბერალური ფასეულობების პერსპექტივაში, არ უნდა გამოიწვიოს ჩვენში უსაფუძვლო ამპარტავნება. არაერთხელ მომიკრავს ყური ასეთი გამონათქვამებისთვის, "ევროპელები სად იყვნენ, ჩვენში რომ ტოლერანტობა არსებობდა". სამწუხაროდ, ჩვენს ყოფაში, ლიტერატურასა და, ზოგადად, კულტურაში შეუწყნარებლობის მაგალითებიც ბევრია. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც თანამედროვე პედაგოგიკაშია მიღებული, ჩვენ კარგ ნიმუშებს წარმოგიდგენთ, ცუდზე რატომ უნდა  გავამახვილოთ ყურადღება... :)


ნაწყვეტი
სასიქადულო კაცთ მოყვარეობა ქართველებს განასხვავებს თავიანთ ისტორიულის არსებობის ყოველ ხანაში. საქართველოს სამეფოში მოქცეულს ყოველ ხალხს ქართველებთან თანასწორი უფლება ჰქონდათ მინიჭებული და არასოდეს არ განუცდიათ შევიწროება არც სარწმუნოებაში და არც ენის საქმეში. მათ მხოლოდ მოეთხოვებოდათ სახელმწიფოს ერთგულება. საქართველოში ძველიდგანვე სცხოვრობდნენ ურიები, მაგრამ საშუალ საუკუნეებშიაც კი არ დასდგომიათ გაჭირვება ქართველთაგან, და ურიების დარბევა, რაც ასე ხშირად იყო და ეხლაც არის ევროპაში, არასოდეს არ მომხდარა საქართველოში. ებრაელებს საქართველოს მეფენი სამძიმო დიპლომატიურ საქმესაც კი მიანდობდნენ ხოლმე. თათრები ისე იყვნენ კმაყოფილნი თავიანთ ბედისა საქართველოს სამეფოში, რომ თავგანწირულად ებრძოდნენ შემოსეულ თათრებსვე. სომხები ყოველთვის შეადგენდნენ საქართველოს სამეფოს ბლომს ნაწილს, და არა თუ ქართველთაგან მტრობა არ განუცდიათ, არამედ ყოველთვის მინიჭებული ჰქონდათ სრული თანასწორობა ქართველებთან და, ასე გასინჯეთ, მემკვიდრეობითაც კი ეჭირათ ქართველთა სახელმწიფოში დიდ-დიდი თანამდებობა. შესანიშნავია, რომ რამდენიც უფრო ძლიერი იყო საქართველო, იმდენი უმეტესის სულგრძელობით და კაცთმოყვარეობით ეპყრობოდა თავის ქვეშევრდომ უცხო ხალხებსა...

თამარ მეფემ, რომლის დროსაც საქართველოს სამეფომ მიაღწია თავისის ძლიერების ზენიტსა, გააუქმა თავისს სამეფოში მეთორმეტე საუკუნეში არა თუ სიკვდილით დასჯა, არამედ სხეულის სასტიკი სასჯელიცა, შთამომავლობისა და სარწმუნოების განურჩევლად ყოველის ქვეშევრდომისათვის ერთნაირად... ამის გამო თამარის მეფობამ ისე განვლო, რომ არ ყოფილა სიკვდილით დასჯილი არც ერთი თათარი, არც ერთი ურია, მით უმეტეს ქრისტიანი. ეს კაცთმოყვარული სამართლიანობა სხვა სჯულის ხალხების შესახებ მით უფრო შესანიშნავია, რომ ქართველები წინა საუკუნოებში ყოველთვის აღგზნებულნი იყვნენ ძლიერი სარწმუნოებრივი გრძნობით.
რაოდენი ძალა უნდა ჰქონოდათ ქართველებს მოწყალებისა და კაცთმოყვარეობისა, თუ იმათს მხურვალე სარწმუნოების ერთგულებასაც კი ქედი უნდა მოეხარა ამ კაცთმოყვარეობის ძალის წინაშე!
ქართველებს ამჟამად არაფერი სწადიათ მის მეტი, რომ მათ მიუწყონ იმავე საწყაოთი, როგორითაც ისინი მიუწყავდნენ ყოველთვის სხვებსა...

იაკობ გოგებაშვილი

Thursday, October 21, 2010

განსხვავებულთა თანაარსებობა

ჩვენი განათლებული თუ ნახევრად განათლებული საზოგადოების საგრძნობ ნაწილში ხშირად გაიგონებთ ყოვლად ველურ და უხეშ აზრსა და გამოთქმებს ეროვნულ უმცირესობათა შესახებ. ეს არათუ ქრისტიანული საქციელი არ არის, არამედ დიდი შეცდომაცაა. ეს ჩვენი ნამდვილი უბედურებაა... დროა, დიდი ხანია დროა, გავიგოთ, რომ მრავალფეროვნების საწყისი მხოლოდ ავსებს და ანაყოფიერებს ერთიანობის საწყისს. სრედნევსკის საუცხოო გამოთქმით, თავისებურება, რომელიც თითოეული ხალხის ცხოვრებასა და მეტყველებას ახასიათებს, შეიძლება მუსიკალური ტონების თავისებურებას შევადაროთ; ყოველი მათგანი საჭირო და თვითმყოფადია, თუმცა იგი სხვა ტონებსაც უკავშირდება.

იაკობ გოგებაშვილი


ამ აზრს ეხმიანება და მის შინაარსს განავრცობს გრიგოლ რობაქიძის სიტყვა:

ყოველი ხალხი რომელიმე განსაკუთრებული სახით აცნაურებს მსოფლიოს. სხვაა ჰომიროსის სამყარო, სხვაა რუსთაველისა, სხვაა გილგამეშისა, სხვაა ათარვაბედასი, ჰინდუსთა. ამიტომ ყოველი ნამდვილი კულტურა ინდივიდუალურია, რამდენად ინდივიდუალურია კულტურა, იმდენადვე უნივერსალურია იგი. შეეყრებიან, მაგალითად: ზემოდხსენებული სამყარონი ერთიმეორეს, იხილავენ ერთიმეორეში მთელს სამყაროს, იხილავენ, ვინაიდგან თითოეული მათგანი, თუმცა ერთი სახით, აცნაურებს მსოფლიოს, იმავე დროს ასარკულად ამცნევს უკანასკნელს, როგორც მთელს.

გრიგოლ რობაქიძე

Wednesday, September 29, 2010

ლიბერალების ტრიადა აკაკი წერეთლის ლექსში


"ძმობა, ერთობა, თანასწორობა" – ეს იყო რუსი დეკაბრისტების ლოზუნგი. ლიბერალიზმის იდეოლოგიით შთაგონებულმა ამ ტრიადამ შთაბეჭდილება მოახდინა სტუდენტებზე, რომლებიც პეტერბურგში იღებდნენ განათლებას და რომლებიც ქართულ ლიტერატურაში იწოდებიან "სამოციანელებად".


  – – –
მთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის
იყოს წყეული... ის იყოს კრული,
ვისაც არ სწამდეს და არ უნდოდეს:
"ძმობა, ერთობა და სიყვარული".
საერთშორისო მტკიცე კავშირი,
ეს არის ქრისტეს სწავლა და მცნება,
საყოველთაო, სამარადისო,
და არ საწუთო სიზმარ-ოცნება.
ვისაც ესა სწამს წრფელის განზრახვით
და ჭეშმარიტად არს გამსჭვალული,
მას შეერგება ციურ მანანად
"ძმობა, ერთობა და სიყვარული".
ვინც გაიძახის ცარიელ სიტყვებს
და გულში სულ სხვა აქვს დამარხული,
ამაო არის მისი ნათქვამი
"ძმობა, ერთობა და სიყვარული".
მთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის
იყოს წყეული... ის იყოს კრული,
ვინც მხოლოდ სიტყვით დაიძახოდეს:
"ძმობა, ერთობა და სიყვარული".



 
„ძმობა“, „ერთობა“ და „სიყვარული“


მსურს, რომ ქვეყანა გულში მივიკრა
და გახსნილი მაქვს ყველასთვის გული!
დაბადებიდან თან ჩამესახა:
„ძმობა“, „ერთობა“ და „სიყვარული“.
მაგრამ მერე რა? ვიღას-ღა უნდა
„ძმობა“, „ერთობა“ და „სიყვარული“?
დღეს სუყველგანა და ყველასათვის
კუჭია მხოლოდ გამეფებული.
ძალმომრეობა და მტაცებლობა
კანონი არის და სამართალი.
ვინც დამარცხდება-ის მტყუანია,
ვინც გაიმარჯვებს-ის კი მართალი!
აი, ხომ ხედავთ, ჩემზე რომ მოდის?
სახლიკაცია და მეზობელი...
უნდა ჩემს სახლ-კარს დაეპატრონოს
და ზედ დამაკლას ჩემი მშობელი.
ნუთუ სკვითი კი არ მეყოფოდა,
ახლა რომ მოდის კიდევ სხვა მეხი?
ჩემს მიწა-წყალზე ჰსურს დაესახლოს
და მოიმაგროს სამკვიდროდ ფეხი!
ვხედავ, ვუყურებ, მაგრამ მე მარტოს
არ მაქვს საბრზოლო ძალი და ღონე...
ვიწვევ მოძმეებს დაუფარავად
და არვინ არის მათში გამგონე.
მაშ, რას მიშველის გულგახსნილობა,
დამშვიდებული რომ არ მაქვს სული
და რად ვატარო?მ ვისთვის და რისთვის,
„ძმობა“, „ერთობა“ და „სიყვარული“?
 

სხვადასხვა ერი
(ფრანგები)

ფრანგებმა თავის წილ–ხვედრი
სხვადასხვარიგად გამართეს,
ბევრიც იშფოთეს და შემდეგ
წითელი დროშა ამართეს...


დასწერეს: „თავისუფლება,
ძმობა და სიყვარულიო,
ვისაც არ ჰსურდეს ქვეყნისთვის,
ღვთისაგან იყოს კრულიო!“
სწავლა და ხელოვანება,
სიბრძნე და მეცნიერება
მისათვის უნდათ, რომ სხვებსაც
მისცენ მით ბედნიერება!
შრომობენ შესანიშნავად,
გულდასმით, პირმომცინარედ
და ჯერ არავის უნახავს
უსაქმურად და მძინარედ.
ჭირში და ლხინში ერთგვარად
მაღალსულობით ქებულან,
ბევრჯერც ჰქონიათ შავი დღე,
მაგრამ არ შეშინებულან!
სითკენაც უნდა ისროლოთ,
ვით კატა, ფეხზედ სდგენიან!
რა ჭირიც უნდა მიადგესთ,
სხვის შემწედ ემზადებიან.
კისრულიც ბევრჯერ უქნიათ,
არ დამტვრევიათ ფეხები...
და სჩანს, რომ ვერას დააკლებს
მათ, გინდ აწვიმოს მეხები.





გამოტეხილი სიტყვა

მთელ საუკუნის ბატონ-მონობამ
დაგვიბორკილა ხელი და ფეხი
და რჯულთან ერთად ეროვნებასაც
საშვილიშვილოდ თავს დასცა მეხი.
აიმღვრა ჩვენი ცხოვრების წყარო
და აირია მით მონასტერი!
ვსწყევლი და ვჟუჟავ ავსულსა ბატონს
და იმავე დროს მიწასაც ვსტირი.
გზადაბნეული, როგორც რომ ცხვრები,
მივდივართ, მივხტით, არა გვყავს მწყემსი;
დიდგულას თოფი ზარბაზნად მიგვაჩნს
და დიდ მახვილად პატარა ნემსი.
არა, ჩვენ უნდა ჩვენი ბორკილი
შეერთებულად ჯერ ავიყაროთ
და მერე უნდა „ძმობა-ერთობით“
და თანასწორობით ჩვენც გავიხაროთ.