Friday, March 11, 2011

დედები, ანასტასია ერისთავ-ხოშტარია


ანასტასია ერისთავ-ხოშტარია 
I
 გაციაგებული დილა იყო. ღრუბლები მისცურავდნენ ცაზე, რომელიც აქა-იქ ლაჟვარდ ზოლებად დასერილიყო. დროდადრო მზე გამოიჭიატებდა, მაგრამ ისევ მალე იმალებოდა ღრუბლებში, ბუნებას უნდოდა ცრემლებით დაღვრილიყო, მაგრამ თითქო რიღასიც რცხვენიანო, ვერ ბედავდა.

ქალაქი ჩვეულებრივად ხმაურობდა, ღელავდა, ქუჩები ხალხით ავსილიყო. დესიკო მიდიოდა ქვაფენილზე წყნარათ. გახუნებულ მოსასხამის კალთებს მალ-მალ წინა სწევდა, თითქო ცდილობდა მთელი თავისი არსება მოსასხამში ჩაემალა. დესიკოს მიმზიდველი, გამხდარი სახე მოქანცულიყო, რაღაც ნაღველს ხატავდა. ხშირათ შრიალით ჩამოუვლიდნენ ახალგაზრდა უზრუნველი ქალები, კოხტათ გამოწყობილი ყმაწვილები, ამაყათ გამომყურე მდიდრები, წელში მოხრილი დაავადებულნი, სნეულნი. დესიკო არავის უყურებდა, იმას არავისთვის სცალოდა.

მაგრამ აგერა დესიკოს ყურში შეესმა აბრეშუმის კაბის შრიალი, თავ აიღო, რომ სული მოეთქვა და მოქანცულის თვალებით შეაჩერდა მშვენიერის ჟუჟუნა თვალებს. მშვენიერის ჟუჟუნა თვალებიც დაკვირვებით უყურებდნენ დესიკოს, დასცურავდნენ მის გახუნებულ მოსასხამზე. მშვენიერს წარბებშუა გაუკეთდა ოდნავათ შესამჩნევი ნაკეცები, ლამაზმა ტუჩებმა გარშემო ჩრდილი შემოიყენეს, დესიკომ ცხადათ ამოიკითხა მის თვალებში: „ვითომ შენც რამე ხარ ამ ქვეყანაზეო?..“

ამ დროს მშვენიერს წამოეწია კოხტა ყმაწვილი კაცი, ქალმა კეკლუცათ მიიღო მისი სალამი. დესიკომ კვალად შეხედა მშვენიერს და მისმა თვალებმაც უსიტყვოთ გადასცეს მაგიერი პასუხი: „მებრალები, საცოდავო, რომ ცხოვრებას არ იცნობ!“
 კვალად სურათი სურათმა შესცვალა, შთაბეჭდილებანი მოქუჩდნენ და ერთმანეთში გაურკვევლად აირივნენ.

დესიკო უკვე მიახლოებოდა ქალაქის ბაღს. შეუხვია ქვაფენილიდან.
 დესიკომ იგრძნო, რომ თითქო ცოტათი შემსუბუქდა, ფეხქვეშ ეგებოდა რბილი, ფხვიერი დედამიწა, რომელიც ბილიკებათ მიდიოდა მწვანე ქუჩებსა და მაღალ ხეებშუა. ბუჩქებს გარს ევლებოდნენ წვრილი მავთულები, რომელნიც იფარავდნენ ათასფრად გამომყურე ყვავილებს შეხებისაგან. ხეებქვეშ სკამებზე მოსჩანდნენ ახალგაზრდანი, ზოგან დარბაისელნიც. დესიკო აქეთ-იქით იყურებოდა, ეძებდა ცარიელ სკამს, მაგრამ ადგილი დაჭერილი იყო.

- რა დროს დასვენებაა! ისინი ყოველთვის ქვევით ბაღში არიან ხოლმე, - გაიფიქრა დესიკომ და გადაიარა ქუჩა, რომელიც შუაზე ჰყოფდა ბაღს. მართლაც აქ სკამებზე ჩამწკრივებულნი იყვნენ ქალები, რომლებიც გამვლელ-გამომვლელს შესჩერებოდნენ.
- დესიკომ ფეხს აუჩქარა. მივიდა ერთ სკამთან, რომელზედაც ცარიელი ადგილი დარჩენილიყო და დაჯდა. დაღალვისგან გული ასდი-დასდიოდა, ხელსახოცით ოფლს იწმენდავდა, კარგა ხანს ხმას ვერ იღებდა. აგერა დესიკომ მოხედა ქალებს და ღიმილით ჰკითხა: - თქვენში მოსამსახურეთ ხომ არავინ დგება?
ყველანიც ვეძებთ ადგილს, - მოისმა პასუხი. დესიკომ ჩამოათვალიერა ქალები.
- თქვენ როგორი მოსამსახურე გნებავთ: მზარეული,. მოახლე, მოსარეცხე, თუ ყმაწვილების მომვლელი? - ჰკითხა ბოხი ხმით ერთმა შავკაბა შუახნის ქალმა, რომელსაც სახე ჭარხალივით გასწითლებოდა, ცხვირის ნესტოები ბურნუთით გამუროდა.
- მე მინდა იმისთანა, რომ რაც საჭირო იქნება, ყველაფერი გამიკეთოს, სადილი მომიმზადოს, სარეცხი დამირეცხოს, ოთახები დამილაგოს, - უპასუხა დესიკომ.
- ყმაწვილები გყავთ?
- მყავს.
- რამდენი?
- ორი.
- დიდები თუ პატარები?
- უფროსი ხუთი წლისაა, უმცროსი სამისა. ბავშვებს მე თვითონ ვუვლი. მარტო მაშინ თუ დაიჭერს მათზე თვალს, როდესაც რამე საქმისთვის მომიხდება სადმე წასვლა.
- ჯამაგირს რას იძლევით? - ჰკითხა კვალად შავკაბა ქალმა და სახეზე დამცინავმა ღიმილმა გადაურბინა.
- თუმანს.
- მაგდენი საქმე და თუმანი? ... თავი მოსაკლავი ვის აქვს!. ოხერი თუ იქნება ვინმე, თორემ მაგ ფასში ვინ დაგიდგებათ?
 ამის გაგონებაზე სხვა ქალებმა სახე აარიდეს დესიკოს და იქით მიბრუნდნენ.
- მაგას რათ ამბობ, ჩემო დედა, ყველას თავისი ანგარიში აქვს. ვისთვისაც სასარგებლო არ არის ამ ფასში წამოსვლა, რასაკვირველია, არ წამოვა, მაგრამ ყველა ხომ შენებურათ არა სჯის? თვეში თუმანი არც ცოტაა, რო აგრე სუბუქათ დაიჭირე. ვისაც როგორც უჭირს, ისე უღირს! - დაუმატა დესიკომ და გადახედა ქალებს.

დესიკოს  არ მოსწონდა შავკაბა ქალი და გადასწყვიტა, კიდევაც რომ წამოჰყოლოდა, არ აეყვანა და ახლა სხვებს მიმართა.

არც ერთის აქ მყოფის შეხედულება დესიკოს გულს არ იკარებდა. რომელნიც უფრო ყმაწვილები იყვნენ ფერ-უმარილისაგან სახე ულაპლაპებდათ, ტუჩები შეეღებათ, თავიდან მოსახვევი გადასცურებოდათ და შუბლზე გამოჩენილი ხუჭუჭები გადმოწეწოდათ. მათი თვალები ხშირად იხედებოდნენ იმ მხრისკენ, საითაც ახალგაზრდა ბიჭები შეგროვილიყვნენ და ერთმანეთში ლაზღანდარობდნენ. ეტყობოდათ, ისინიც ადგილების მძებნელნი იყვნენ და ცუდოობის გამო ლაპარაკით თავს იქცევდნენ.
- შენ რაღას აკეთებ აქ? - მიუბრუნდა დესიკო ახალგაზრდა ქალს, რომელიც საშინლად გამხდარიყო, სახეზე სიკვდილის ფერი დასდებოდა.
- ესეც ადგილს ეძებს... მიატანეს აქეთ-იქიდან ქალებმა.
- ადგილსო? მერე სად შეუძლია ადგილზე დადგომა, როდესაც ავადმყოფია?
- მე ავათ აღარა ვარ, ქალბატონო, მოვრჩი. ორი დღეც იქნება, რაც საავადმყოფოდან გამოვეწერე! - დაილაპარაკა სუსტის ხმით ქალმა და ვედრებით შეხედა დესიკოს, თითქო სთხოვდა აეყვანა. დესიკოს შეეცოდა და თანაგრძნობით ჰკითხა:
- რითი იყავი ავათ?
- ალბათ გავცივდი - უპასუხა ქალმა.

სხვა ქალებმა პირზედ ხელი აიფარეს, თითქო სიცილს იკავებდნენ. დესიკო მიხვდა, რომ სნეული ქალი სტყუოდა. მის თავს სხვა უფრო სახიფათო იყო და თვალი მოაშორა, ის დარწმუნდა, რომ ამ სკამზე მისთვის არც ერთი გამოსადეგარი არ იყო და ადგა ზეზე.
თხუთმეტი მანეთი მობოძეთ და მე წამოგყვებით, - შეევაჭრა ისევ შავკაბა ქალი.
- არა, არა! საჩქაროთ მიატანა დესიკომ და მოშორდა სკამს.
- შენისთანა გახუნებულ ქალბატონისაგან მეტსაც არ უნდა მოელოდეს ადამიანი, - მოესმა უკანიდან, მაგრამ დესიკომ ყური არ ათხოვა ამ სიტყვებს და სხვა სკამთან მივიდა, მაგრამ სხვა ქალებმაც იცოტავეს დესიკოს ჯამაგირი.
- თუ გნებავთ, მოახლეთ წამოვალ, - უთხრა ტუჩების კვნეტით ახალგაზრდა ქალმა.
- ჯერჯერობით ერთი დედაკაცი მეყოლება და მერე ამ ცოტა ხანში ძიძის შოვნაც დამჭირდება, - განაგრძო დესიკომ.
- ძიძაც დაგჭირდებათ? - იკითხა მეორე ქალმა, რომელიც აქამდის ხმას არ იღებდა.
- ჰო, დამჭირდება, - მიუგო დესიკომ.
- მაშ მე წამოგყვები, ქალბატონო, - სთქვა ისევ იმ ქალმა და წყალში გაიმართა.
- მე ეხლა ძიძას არ ვეძებ...
- არა, ქალბატონო, წინანდელ პირობაზე გიახლებით.
- შენ მისდევ, ნატო? - გაოცებით შეეკითხნენ ქლები და უკმაყოფილოდ შებღვირეს.
- მარტო წასვლა კი არ არის. საქმე პირობის შესრულებაა.
- თუ ვიკისრებ, კიდევაც შევასრულებ, - უპასუხა მკვახედ ქალმა და ისევ მიუბრუნდა დესიკოს, რომელსაც გული მოსდიოდა ქალების მეტიჩრობაზე.
- ბავშვი ხომ არ არის, თავის საქმე თვითონ უფრო არ იცის!.. რაკი თქვენ არ გინდათ წამოსვლა, სხვას რაღათ უშლით? - მოუთმენლად ჰკითხა დესიკომ.
- ჩვენ რა... ჩვენ რა გვენაღვლება! წაიბურტყუნეს დედაკაცებმა.
- მაშ ყველაფერი შეგიძლიან გამიკეთო თვეში თუმნათ?- ჰკითხა ნატოს დესიკომ.
- ყველაფერი.
- ბილეთი ხო გაქვს?
- მაქვს.
- მაშ წავიდეთ.
-აი გიახლებით, - უპასუხა მორჩილებით ნატომ, წამოდგა, შალი გაისწორა და გამოჰყვა.


II
- დედა მოვიდა, დედა!
- რა მოგვიტანე, დედიკო?
ჟრიამულით გამოეგებნენ ბავშვები დესიკოს.
- არაფერი, შვილო, ბაზარში არ ვყოფილვარ! - უთხრა ღიმილით დესიკომ.
- უი, და, და, და! .. რა მარგალიტი ყმაწვილები გყოლიათ, გენაცვალე ქალბატონო!
- შესძახა ნატომ.
ბავშვებმა რომ უცხო დედაკაცი დაინახეს, შერცხვათ და უკან გადგნენ.
- უჰ, დავიღალე! - სთქვა დესიკომ და მოქანცული დაეშვა ტახტზე.
-აქ ბინადარი მცხოვრები ბრძანდები, ქალბატონო, თუ დროებით ჩამობრძანებულხარ? - იკითხა ნატომ და თვალი მოავლო ოთახს.
- კარგა ხანია, რაც აქა ვართ. ჩემი ქმარი სახაზინო პალატაში მსახურობს.
- კაი სრული, ნათელი ოთახები კია, რას აძლევთ!
- თვეში ხუთ თუმანს.
- რამდენი თვალია? - აღარ ჩერდებოდა ნატო.
- სამი, - მოკლეთ უგებდა პასუხს დესიკო, რომელიც ამ წუთებში ლაპარაკის გუნებაზე არ იყო. - წაიყვანეთ, შვილო, ნატო სამზარეულოში, საბედას უთხარით დროზე სადილი დააჩქაროს, საცაა მამაც მოვა, მანამ მეც ცოტათი დავისვენებ, - მიუბრუნდა ღიმილით დესიკო შვილებს.
- მართლა, აბა ერთი წავიდეთ, გენაცვალეთ, ვნახო ჩემი საქმე რა არის, რომ ბარემ ხელი მოვკიდო, - მიატანა ნატომ.
- ლაპარაკი ძალიან ჰყვარებია, სხვაში თუ რამე ხეირი აქვს. - გაიფიქრა დესიკომ და წამოწვა ტახტზე.
- აქ წამო, მოდი აქ, აგერა ჩვენ სადა გვძინავს!..ტიტინებდა სამი წლის თიკა, ნატოსთვის კაბაში ხელი ჩაევლო და მიჰყავდა. მეორე ბავშვიც სიცილით უკან მისდევდა. ნატო შეიყვანეს ფართო ოთახში, სადაც საწოლები ჩამწკრივებულიყო.
- აი ამაში არჩილსა სძინავს, აქ მე, აქ დედასა, აქაც მამასა.
- მართლა, გენაცვალე! იშ, იშ, რა მშვენიერი დივნებია, და, და, და! .. მე არ ჩამაწვენთ?
- ჩაგაწვენთ!..თავს უქნევდა თიკა. ბავშვები ახლა სამზარეულოსკენ გაუძღვნენ ნატოს.
- საბედ, ამას შეხედე... აი დედამ ვინ მოიყვანა... - შესძახა არჩილმა.
ხანში შესულმა ქალმა, რომელიც ხორცსა კეპავდა, მოიხედა და გაიღიმა.
- რაღა გიშავთ! ხვალის იქით მეც ვეღარ დავდგებოდი... კაი დროს მოგესწროთ,
- სთქვა მან და აუყენა დანებს კაკუნი.
- შენ რისთვის მიდიხარ? - ჰკითხა ნატომ და ჩამოჯდა სკამზე.
- სახლში მიბარებენ, უფროსი შვილი ავათ გამხდომია.
- დროებით მიდიხარ თუ? - ჰკითხა კვალად ნატომ?
- რაკი წავალ, იქიდან ვიღა გამომიშვებს. ეხლა საქმის დროა.
- ქალაქში გაჩვეული სოფელში როგორღა გასძლებ?
საბედამ გაოცებით შეხედა ნატოს.
- ჩემ სახლში ვერ გავძლებ?.. ჩემ სახლში რომ ნაცარი ვშუშო, სხვის კარებზე ნაზუქების ჭამას მირჩევნია. ამ ოჯახის გარდა მე ჯერ არსად არა ვყოფილვარ, ღმერთმა აცოცხლოთ, პატიოსანი ხალხია, თვითონ ქალბატონი ჩვენი მხრელია, მაგრამ მაინც ჩემ სახლში მირჩევნიან. ჩემი პატარა ბიჭის პალიას დანახვა მთელ ქვეყნათ მიღირს, - სთქვა საბედამ და სიამოვნებით გაიღიმა. - შენ სადღაური ხარ, ქალო? - ჰკითხა ბოლოს საბედამ, როდესაც დაინახა ჩაფიქრებული ნატო.
- მე?.. სოდან ვარ.
- ბეჩა და ჩვენი მეზობელი ყოფილხარ. რომელ ოჯახიდან?
ნატო დაიბნა, კარგა ხანს ვერ ახერხებდა სიტყვის თქმას.
- ანდრუაშვილიანთაგან, - ბოლოს წარმოსთქვა მან.
- რა ვქნა, ვერ მომიაზრებია... მე იქაურებს თითქმის ყველას ვიცნობ... ჩვენ სოფელში ხშირათ ჩამოდიან ხოლმე.
- მე კაი ხანია რაც აქა ვარ... ბარე... ბარე ათი წელიწადი იქნება. რაი ჩემს სოფელს მოვშორებივარ, - სთქვა ფიქრიანად ნატომ და გვერდზე გაიხედა.
- მას აქეთ მოჯამაგირეთ დადიხარ?.. მაგისთანა ყმაწვილ ქალს ან ქმარი არა გკითხულობს, ან შვილი?.. არა გვანებიან ჩემ მოხუცებულ კაცსა. ეხლაც ლამის კბილით შემჭამოს, მეჩხუბება, სხვასთან რათა ხარო...
- ქმარი?.. განა ყველას ქმარი ქმარია!.. ჩემმა ქმარმა დიდი ხანია ხელი აიღო ჩემზე და აღარც კი იცის, სადა ვარ. რაში ვეკითხები, სწორე გითხრა, ეხლა აღარც მე მეკითხება, დაუმატა ნატომ და მძიმეთ ამოიოხრა.
- შვილები არა გყავს?- ჰკითხა საბედამ და გაკვირვებით მიაჩერდა ნატოს.
- ერთი ბიჭი მყავს და ისიც მამასთან არის.
- ის მაინც აღარ გაგონდება?
- ეჰ, ჩემო დაო, სადაც ჩემთვის სიკეთე არ არის, იქ ყველას თვალებიც გამოხეთქია, - უპასუხა ნატომ იმნაირ ხმაზე, თითქო ამითი უნდოდა მოესპო ეს უსიამოვნო ბაასი.
ბავშვებს მოსწყინდათ დედაკაცების ლაპარაკი, გამოვიდნენ აივანზე და დაიწყეს თამაშობა, ამასობაში სადილობაც მოახლოვდა, საბედამ სუფრა გაშალა; მიიშველია ნატოც, ნატოსთვის ბევრი ჩიჩინი საჭირო არ იყო, ეტყობოდა, სამსახური კარგათ იცოდა.
- ეს დედაკაცი მარჯვე ჩანს, მაგრამ როგორღაც ამისი შეუფერებელი სისრულე თვალში მეჩხირება... ესეც ხომ ქალბატონივით მძიმეთ არ არის?.. ფიქრობდა საბედა და კვალათ დაკვირვებით მისჩერებოდა ნატოს.


III
საბედა იმ დღესვე წავიდა. დარჩა დესიკო ნატოს ამარა, რომელმაც ჩინებული მზარეულობა გამოიჩინა და ბავშვებსაც ეფერებოდა.
დესიკო დამშვიდდა, დარწმუნდა, რომ ნატოსაც არა უშავდა რა, მაგრამ რაც დრო მიდიოდა, ნატოს სახე უნაღვლიანდებოდა და ხშირად ოხრავდა. დესიკომ შეამჩნია ეს ცვლილება. ნატო თანდათან დაზანტდა და წინანდელის ხალისით ვეღარ ჰკიდებდა საქმეს ხელს.
- ნატო, ავათა ხარ? - ჰკითხა ერთ საღამოს დესიკომ, როდესაც ბავშვებმა დაიძინეს.
ნატო შეკრთა, ფერმა გადაჰკრა, მაგრამ მაინც მივიდა ქალბატონთან და ჩაჯდა მის გვერდით.
- ეჰ, ქალბატონო, არც კარგათა ვარ, - სთქვა მან ნაღვლიანათ და მძიმეთ ამოიოხრა.
- მე დიდი ხანია გატყობ, რომ კარგა არა ხარ. ღამე ცუდათ გძინავს?..
- ათასი დარდი და ვარამი რა ძილს გააჩერებს ჩემთან. ქალბატონო!.. თქვენ როდის მოელით მორჩენას? - ჰკითხა მან შემდეგ და ნიდაყვზე სახე დაანდო.
- მე?..მალე..ამ ცოტა ხაში...
- თქვენა ბრძანეთ, ძიძა უნდა დავიჭიროო?
- ჰო, საუბედუროთ რძე არ დამყვება ხოლმე და რა მეტი ღონეა!.. ნაღვლიანათ უპასუხა დესიკომ.
- მაშ..მაშ, ქალბატონო, მე დაგიდგებით ძიძათ! გაუბედავათ წარმოსთქვა ნატომ.
- შენ ძიძათ?! განა შენც მძიმეთა ხარ?! ჰკითხა გაოცებით დესიკომ.
- დიახ, მაგრამ.. ეჰ, ქალბატონო, აღარ შემიძლიან მოვითმინო, რომ ჩემი გაჭირვება არ გითხრათ, - განაგრძო ნატომ. - მძიმეთ იყავი და აქამდის არ მითხარი!.. ეგ კარგათ ვერ მოგივიდა, ჩემო ნატო, - უსაყვედურა დესიკომ.
- დალოცვილო, მერე ამითი რა გავაფუჭე? საქმეს ხომ გიკეთებ. მელოგინეს მოგივლი, ბავშვებს მივხედავ და სხვაც ამაზე მეტს რას გასიამოვნებდა?
- ეგეები როგორ უნდა შესძლო?.. შენ თვითონ რომ მოინდომო, მე როგორ უნდა გაგსარჯო, თუ მე არ შემიძლიან არაფრის გაკეთება, შენც ხომ ჩემს მდგომარეობაში ხარ?
- იი, შენ კი გაიხარე, ქალბატონო! შენი საქმე და ჩემი ერთი არ არის. შენთანაც რომ არ ვიყვე, გულხელდაკრეფილს ვინ დამსვამს?.. საქმე უდნა გავაკეთო, სანამ...ლოგინში ჩავეგდებოდე.
- როდის ელოდები მორჩენას?-ჰკითხა შიშით დესიკომ, რადგან წარმოიდგინა, რომ შეიძლებოდა სწორედ საჭირო დროს დარჩენილიყო მარტოთ.
- ამ თვეს გავიყვან. ფიქრი ნუ გაქვს ნურაფრისა, ე ლოგინიდან კი აგაყენებ და მერე რაც უნდა მომივიდეს.
- სად აპირებ მორჩენას? თუ ჩემი იმედი გაქვს, ხომ ხედავ, რომ თვითონაც რა გაჭირვებაში ვარ... დაიწყო ნაწყვეტ-ნაწყვეტათ დესიკომ და თან თვითონვე ეძნელებოდა გაჭირვების დროს დახმარების უარის თქმა...

განა მე თვითონ არ ვიცი, ქალბატონო, მაგითი როგორ შეგაწუხებ, მაგრამ სიტყვით ერთ რამეში კი უნდა დამეხმარო.
სთქვი...თუ კი შემიძლიან, დიდის სიამოვნებით.

- გენაცვალე, ქალბატონო, არ შეიძლება მომიხერხო, რომ მშობიარეების სახლში უფულოთ მომალოგინონ... გამიგონია, საწყლებისთვის არის ის სახლიო, და ჩემზე საწყალი ვინღაა?
- რატომ. ერთი ნაცნობი ბებია ქალი მყავს და მოველაპარაკები, მაგრამ, საკვირველია, შენმა ქმარმა როგორ გამოგიშვა მაგ მდგომარეობაში მყოფი გარეთ? 
- დაუმატა დესიკომ და შეხედა ნატოს.
- ეჰ, სადღა მყავს ქმარი ან სხვა ვინმე!.. წყალსა და მეწყერს უზიდნიათ ჩემი ცოდვით. ბარე ხუთი წელიწადია, რაც ჩემი ოჯახი თვალით არ დამინახავს, იმ უბედურათ სატარებელმა გამომაგდო. სამი წელიწადია ერთ კაცთან ვცხოვრობ აქ, ქალაქში... ერთი შვილი იმასთან მყავს. ახლა მეორეზე რომ დავმძიმდი, მანაც სახლში აღარ დამაყენა, - დაუმატა ნატომ და თვალებში ცრემლები მოერია. დესიკო თანაგრძნობით უყურებდა ნატოს.
- ახლა რა უნდა ჰქნა, შე საწყალო?.. ჰკითხა მან.
- ქალბატონო, მართალია, რომ თავშესაფარში ბავშვებს მიაგდებენ ხოლმე ჩემისთანა გაჭირვებულები და ისინიც ზრდიან?- ჰკითხა ნატომ.
- მართალია, მაგრამ შენთვის მაინც სამძიმო იქნება.
- რა, გენაცვალე?..
- ის, რომ შენთვის სამუდამოდ დაიკარგება ბავშვი, აღარ გეცოდინება ვისთან არის, ან როგორია!
- ეჰ, დალოცვილო, აბა თუ ჩემ ხელში დარჩა, ვინ იცის რა სანუკვრებს არ გამოულევ. ე ჩემ ხელშიაც კარგი არა დაეყრება და აზირ ის არა სჯობიან, არ ვიცოდე იმათ ხელში რა მოუვა? ერთი შვილი პირველ ქმართან დამიტოვებია, მეორე მეორე კაცთან და თუ კი უიმათოთა ვძლებ, ეს რაღა ნატვრის თვალი იქნება! ნეტაი კი მომიხერხდებოდეს, თორემ მაგაზე არ შევწუხდები, - სთქვა ნატომ და ამოიოხრა.
- რას ამბობ, ტანო, მაგას?!-შესძახა დესიკომ.

ნატომ შეხედა ქალბატონს, რომელსაც წარბები შეჰკროდა, ლოყები დასწითლებოდა, სახეზე აღშფოთება ეტყობოდა.
- გული რას გეუბნება?-კვალად დაეკითხა დესიკო.
- გულიც იმას მეუბნება, რასაც სიტყვებით ვამბობ... - დაუდევრათ უპასუხა ნატომ.
- ნატო, იმათ ხომ ხედავ!-შესძახა აღელვებით დესიკომ და ხელი გაუწვდინა იქით, საიდანაც მოისმოდა მშვიდობიანი სუნთქვა ბავშვებისა.
- ორი შვილი მყავს, მესამესაც ახლა ველი; შეიძლება კიდევაც თან გადავყვე, მაგრამ მე მაინც უიმათოთ ერთ დღესაც ვერ ვიცოცხლებ. ვერ წარმომიდგენია, რა უნდა ვიყვე უიმათოთ?..
- არ გაგჭირვებიათ და იმიტომ.
- რაც უნდა გამიჭირდეს, ლუკმაც რომ არა მქონდეს, მაინც ჩემს შვილებს გულიდან ვერ მოვიხსნი და მათთან ერთად შიმშილით მოვკვდები.
- თქვენი საქმე სხვაა, ქალბატონო? დარცხვენით წარმოსთქვა ნატომ.
- რა სხვა?განა შენც ჩემისთანა ქალი არა ხარ, განა შენც დედა არა ხარ?..
- ეჰ, ჩემი ბედი ასეთი ყოფილა და რა ვქნა..
- ამ წუთამდის მეცოდებოდი, მაგრამ ახლა...-ვეღარ გაათავა სიტყვა დესიკომ და აღელვებისაგან ხმა ჩაუწყდა.
- განა ახლა კი საბრალო არა ვარ? -ყრუთ ჩაილაპარაკა ნატომ და ჩაჩუმდა. როდესაც დესიკომ გაიგონა მისი უკანასკნელი სიტყვები, შეჩერდა, გულშივე ჩაიბრუნა სათქმელი სიტყვა.
- მე შემეძლო არა გამემხილა რა, მაგრამ როდესაც დაგინახე, რომ კეთილი იყავ, მეგონა მართალს რომ გეტყოდი, უფრო შემიბრალებდი და დამეხმარებოდი...
- წარმოსთქვა ნატომ. დესიკო ღელავდა, ვიღარას ამბობდა. მაგრამ ბოლოს კარგა სიჩუმის შემდეგ უფრო ლმობიერად მიმართა ნატოს.
- ვთქვათ, კიდევაც დაგეხმარე და თავშესაფარში მიგიღეს, მერე რას აპირებ?..
- ბავშვს იქ მივიყვან და თუ მიმიღებ, ძიძათ მოვალ შენთან.
- ოჰ, არა?.. მე შენ ძიძათ არ გამომადგები!..-შესძახა აღშფოთებით დესიკომ.
- რატომ? ძიძებს მაინც თან არ მოჰყავთ გასაზრდელებთან თავიანთი შვილები.
- ისინი შვილებს თავის ოჯახში სტოვებენ და ქუჩაში არა ჰყრიან?
- თქვენა გგონიათ ყველანი?
- ალბათ.
- არა, ქალბატონო, ბევრი მათგანი სტყუის, იგონებს, ისევე იქცევა, როგორც მე... იმათ იყვანენ იმიტომ, რომ სტყუიან და მე კი, რაკი მართალი ვთქვი, უარს მეუბნები?.. მაგრამ თქვენი ნებაა, რახან თქვენ არ ამიყვანთ ძიძათ, სხვასთან არ წავალ და ისევ იმასთან დავბრუნდები...
- ვისთან?..ჰკითხა დესიკომ.
- ჩემ საყვარელთან, - დამშვიდებით უპასუხა ნატომ.
- როგორ?!-შესძახა შეშფოთებით დესიკომ.-შენ კიდევ მიდიხარ იმასთან, ვინც გაგაუბედურა და არ შეგიცოდა?..ვისი წყალობით შვილს ქუჩაში აგდებ?.. ან მიგიღებს კია?..
- უბავშვოთ მიმიღებს. რა ვქნა, ქალბატონო, მაინცდამაინც რომ სთქვას კაცმა, არც მე ვარ იმასთან სულ პირნათელი.
- როგორ?
- ეს ბავშვი მისი როდია?
- მაშ ვისია?
- მე თვითონაც არ ვიცი, რომელია მისი მამა.
- ღმერთო, ეს რეები მეყურება? დაღუპული, უბედური ყოფილხარ და მართლაც საცოდავი ხარ. რო იცოდე, ნატო, მაგ ცხოვრებას რა საშინელი ბოლო მოსდევს?.. თვითონვე შეძრწუნდები!..
- რაც იქნება იქნება. ალბათ, ბედი ასეა და რას ვიზამ!-კვლავ გაიმეორა ნატომ და სახეზე დაუდევრობა გამოეხატა.

 მათი ლაპარაკი შეწყდა, რადგან ამ დროს დათიკო შემოვიდა ოთახში. მთელ ღამეს არ მოუსვენია დესიკოს. მუდამ თვალწინ უდგა ნატო და მაზე ფიქრობდა. სწყევლიდა იმ შემთხვევას, რომელმაც ის დესიკოს სახლში შემოიყვანა და მის საშინელ საქციელში თითქო უნებური თანამოზიარე გახადა.
- მაშ უნდა დავეხმარო?..უნდა დავეხმარო, გზა გავუწმინდო, რომ ყველა ეს სისაძაგლე მოახდინოს?! ოჰ, არა, არა! მე ნება არა მაქვს! ძალზე სძგერდა, კვნესოდა დესიკოს გული. წამს თვალწინ წარმოუდგა უბედური ჩვილი ყრმა, რომელიც ქუჩაში სადმე კუთხეში იყინება, წარმოუდგა უზრუნველი ნატო, გარეული გარყვნილ ხალხში...
 „განა უფრო არ უნდა შემიბრალო?!" ჩაესმა ამ დროს ყურში ნატოს ხმა და დესიკო კიდევ უფრო აღშფოთდა.
- არა, მე მას ხვალვე დავითხოვ! ფულს ვაჩუქებ, მაგრამ მაინც დავითხოვ! იმეორებდა დესიკო თავის გულში.
- თავშესაფარში რომ ვერ შევიდეს, რას იზამს?.. შეიძლება კიდევაც მოჰკლას, დაარჩოს და ისე გაინთავისუფლოს თავი მისგან!.. -ამ გახსენებაზე დესიკოს გონება მთლად აერია და შეშინებული საჩქაროთ დაუბრუნდა იმავე აზრს, რომ როგორმე თავშესაფარში ადგილი უშოვოს.
ტანჯვა-წამებას გამოვლილი დესიკო ლოგინში იწვა.  ერთი კვირა იყო, რაც მას ვაჟი შეძენოდა, ქმარ-შვილი გარს ეხვია, ხელს უწყობდნენ, რომ ავადმყოფისთვის მოვლა არ დაეკლოთ. ნატო იქ აღარა სჩანდა, დათიკომ ბევრი ცდის შემდეგ მოუხერხა ნატოს თავშესაფარში შესვლა და ფულიც აჩუქა. დესიკომ ძლივს შვებით ამოისუნთქა, როცა ნატო წავიდა.

აგერა დესიკოს წინ დგას ჭრელ შალში შეხვეული ლამაზი, თვალჟუჟუნა ქალი. მას გვერდით მოსდგომია მაღალი, უშნო, უხეში შავგრემანი კაცი, რომლის შავი თვალები მოუსვენრათ იყურებოდნენ შუბლქვეშ.
- მაშ ეგრე? უსათუოდ თორმეტ მანეთს თხოულობთ?-წარმოსთქვა სუსტის ხმით დესიკომ.
- რა ვქნათ, ქალბატონო, ამასაც იმიტომ ვაშორებ ოჯახს, შვილს, რომ სახლში ორიოდ გროში შევიტანო და ხელი მოვინაცვლო. ბავშვის ამყვანსაც საძიძური უნდა, მანდედგან აბა რა დაგვრჩება?-ამბობდა კაცი და ხელებდაჭდობილი უყურებდა დესიკოს. ქალი გაჩერებული იდგა და მალ-მალ წითლდებოდა, თვალებს ძირს ხრიდა. -ახალი ძუძუს პატრონია, თორმეტ მანეთშიაც თქვენი ხათრით ვაყენებ, მეზარება უკან წაყვანა, თორემ, რომ გავიყვანო კიდეც, იმედი მაქვს კაი თხუთმეტს მომცემენ, -განაგრძობდა ის.

დესიკო და დათიკო გაჩუმებულები უსმენდნენ; გრძნობდნენ, რომ მართალს ამბობდა, რადგან ძიძას ყოველთვის კაი ფასი ჰქონდა, მაგრამ სამი ხელი ტანისამოსი და თვეში თორმეტი მანეთი ძალიან ებევრებოდათ. კარგი ვაჭრობის შემდეგ ნონემ, ასე ერქვა ძიძის ქმარს, მაინც არ დაუკლო და მეტი ღონე არ იყო, სხვაფრივ უნდა შევიწროვენულიყვნენ და მართა აეყვანათ.
- რა გაეწყობა, დარჩეს!..-უთხრა დათიკომ.
- ძალიან კარგი, შენი ჭირიმე, მაგრამ ორი თვისა წინდაწინ უნდა მიბოძოთ,
- შეეხვეწა ნონე.
- კარგი, მოგცემ! ახლა წადი სამზარეულოში, ცოტა დაისვენე და პურიც ჭამე, 
- უპასუხა დათიკომ. ნონემ თავი დაუკრა და გავიდა ოთახიდან.
ძიძამ მოიხსნა შალი და ღიმილით წავიდა პაწაწა ბავშვის სანახავად.
- კეთილი იყვეს ჩემი ხელის მოკიდება, წარმოსთქვა მართამ და აიყვანა ხელში მძინარე ბავშვი, თან თვალები აემღვრა, ტუჩები აუთრთოლდა, მაგრამ თავს ძალა დაატანა და კვალად გაიღიმა.
- პირველი გამოსვლაა შენი კარზე, მართა?-ჰკითხა ღიმილით დესიკომ.
- დიახ, გენაცვალე, უპასუხა ქალმა და ამოიოხრა.
- ბავშვი პატარა გყავს?
- სამი თვისაა, წარმოსთქვა მართამ, მთლად გაწითლდა და თავი ჩაღუნა. ახლა კი თვალებში ცრემლები წამოადგნენ.

დესიკომ შენიშნა, რომ სამძიმო იყო მისთვის ოჯახის მოგონება და არჩია გაჩერებულიყო. ნონეს გულუხვათ გაუმასპინძლდნენ და დიდი კმაყოფილი იყო, რომ ამისთანა კარგი ადგილი უშოვა ცოლს.
- აბა თქვენ იცით, ქალბატონო, თუ მართას კარგათ შეინახავთ, ეგეც ცუდი ხასიათისა არ არის და იმედი მაქვს გასიამოვნებთ, - წარმოსთქვა ნონემ, როდესაც გამოსათხოვრათ ოთახში შემოვიდა.
- მაგაზე ნუ სწუხარ, ჩემო ნონე, მართა ჩვენთან ისე იქნება, როგორც თავის ოჯახში, არა გაუჭირდება რა,- უთხრა დესიკომ და ნონეც გავიდა ოთახიდან. მართა ქმარს გაჰყვა სამზარეულოში.
- ნონე, მაშ შენ ორი თვის ჯამაგირს თხოულობ?-ჰკითხა დათიკომ, რომელიც აგრეთვე შემოვიდა სამზარეულოში.
- დიახ, ბატონო, ამ ორ თვეში ვეღარ ჩამოვალ და ამ თავშივე ოჯახს რამეს შევმატებ, უპასუხა ნონემ, რომელსაც სიხარბისაგან თვალები გაუბრწყინდნენ. გულხელდაკრეფილი მართა ნაღვლიანათ შესჩერებოდა დათიკოს, როცა ეს ხელში უთვლიდა ნონეს ოცდახუთ მანეთს. ნონეს კი სიამოვნების ღიმილი მოსდიოდა ტუჩებზე, ცოლს არც კი უყურებდა.
- აბა, მართა, ჭკვიანათ იყავ, არ იდარდო, თორემ რძე დაგაკლდება,-უთხრა ნონემ ცოლს, როდესაც დათიკო გამოვიდა.
- ნონე, ჩემი შაქრო დამიკოცნე, გაუფრთხილდი...წარმოსთქვა მართამ და თვალებზე ხელსახოცი მიიფარა.
- შენ ჭკვიანად იყავ, შაქროს არაფერი უშავს.იქ არა ვართ მე და დედაჩემი!..მშვიდობით...დაუმატა ნონემ, ჩამოართვა მართას ხელი და აჩქარებით გამოვიდა.
თვალცრემლიანი მართა შებრუნდა ოთახში. დესიკო ხედავდა მართას მწუხარებას და გულში უხაროდა, რომ ეს ნატოსთანა არ იყო.
- მაინც ხომ არ აგცილდებოდა ძიძათ გამოსვლა, მართა, სჯობიან, რომ ჩვენთან მოხვედი; მართალია, შენ შვილს ვერ ხედავ, მაგიერათ ქმარი მალ-მალ შეგატყობინებს მის ამბავს.შენც ფულს მოუყრი და ოჯახს გაახარებ. სახლში გამოცდილი დახედული ადამიანი გეგულება და რა გაწუხებს! ეუბნებოდა დესიკო. მართა ამ სიტყვების ზეგავლენით თანდათან მშვიდდებოდა.
- მე შენ ლამაზ კაბას გიყიდი, საცვლებს შეგიკერავ, სუფთად ჩაგაცმევ, შეესმოდა მართას დესიკოს მომხიბლავი სიტყვები და მართა კიდევაც იღიმებოდა.

დესიკომ აუსრულა თავისი დანაპირები; როგორც კი შესძლო კარზე გამოსვლა, რაც საჭირო იყო, ყველაფერი უყიდა. მართას მაინც ფარული ნაღველი არ შორდებოდა, თვალწინ განუშორებლათ უდგა თვისი სახლ-კარი, პატარა შაქრო. პაწია, ახლათ დაბადებული ბავშვი ვერ ავიწყებინებდა ექვსი თვის გაფუნჩულ შაქროს, რომელსაც ხელში ძლივს იმაგრებდა, მერცხალივით ფართხალებდა, ჭყივილით დედის გულს ახარებდა.


 V
მართა ოსის ქალი იყო. ოჯახი, რომელმაც მართა რძლათ მოიყვანა, სხვებზე ღარიბათ ცხოვრობდა, თუმცა მართას ქმრის გარდა სახლში ორი ვაჟკაცი კიდევ ტრიალებდა. მეზობლები სავსენი იყვნენ საქონლით, სპილენძეულობით, ამათ კი ორი უღელი ხარის მეტი არ უჩნდათ და კიდევ ცხრა წლის ბიჭს ათიოდე თხა დაუდიოდა მინდვრად.

- ჩვენი ბარაქა იმ ოხერმა ურადმა თან გაიტანა. რა ყევარი ხარკამეჩი დაგვაკლდა და კიდევ ვინ იცის, როდის დაგავრჩებით!..იტყოდა ხოლმე ბაბედა, მართას დედამთილი.
- უფროს რძალში უღელი ხარი და ერთი საარაყე ქვაბი წაიღეს, ახლა ზამთარში და შემოდგომაზე კიდევ ტატეა დასაქორწინებელი... იმას საიდგანღა გამოვუძებნოთ!.. ე კაცები რასაც ხნამენ და თესენ, საჭმელადაც არა გვყოფნის!დაუმატებდა ბაბედა და საყვედურით გადახედავდა ორივე რძალს, რომელნიც ამ დროს ოჯახში ფუსფუსებდნენ. მეტადრე უფროს რძალს, მაიკოს, ხშირად ხვდებოდა საყვედური.
- რის მაქნისია, გენაცვალეთ! შვილი მაინც გასჩენოდა, ძიძათ წავიდოდა და სახლში რასმეს შემოიტანდა!..

ამ სიტყვების გაგონებაზე მაიკო მძიმეთ ამოიოხრებდა და ხმას კი არ გაიღებდა. ხუთი წელიწადი იყო, რაც რძლათ მოსულიყო და რახან აქამდის შვილი არ გასჩენოდა, მერეც იმედი აღარა ჰქონდა. თვითონ მაინც სწუხდა თავის უბედურობას, მაგრამ წუხილით ვერას აწყობდა.
- ადე, ქალო, წისქვილში წადი, ტომრით ფქვილი მოიტა!..-მოუბრუნდებოდა მას უკმეხათ ქმარიც, თვითონ კი ცეცხლაპირას ზარმაცათ წამოწოლილი ჩიბუხს აბოლებდა.
მაიკო ხედავდა, რომ არც ქმარი იყო მისით კმაყოფილი. მართა ხედავდა ყველაფერ ამას და შიშით გული უძგერდა, ვაითუ ისიც უშვილო გამომდგარიყო და მით თავზე ოჯახის რისხვა დაეტეხა.
მალე მართას შიში გაიფანტა, ის უკვე მოელოდა შვილს და სახლში მყოფებმაც დაუწყეს ფერაობა.
- მართა ძიძით უნდა წავიყვანო, თვეში ათ-თორმეტ მანეთს, თავათ მეტსაც ავიღებ. კაცო, ეხუმრები, თვეში თორმეტი მანეთი რომ შემოვიდეს ოჯახში!.. ამაყათ იტყოდა ხოლმე ნონე. უმცროსი ძმები ღიმილით ეთანხმებოდნენ, მარტო მაიკოს ქმარი ხმას არ იღებდა, შურით გადახედავდა მართას და შემდეგ გაბღვერდა მაიკოს, რომელიც დამნაშავესავით კერასთან მოკუნტულიყო.

მართას გონება დიდხანს არ ჩერდებოდა ქალაქში წასვლაზე. ის კმაყოფილი იყო მით, რომ ოჯახი მას სწყალობდა და მომავალს მორჩილებით მოელოდა.

გავიდა დრო. მართა დედა გახდა, თავდავიწყებით დახაროდა ძვირფას, პაწია არსებას, მაგრამ, რაც უფრო დრო გადიოდა, გული მოუსვენრათ უშფოთავდა...
- ძიძათ რომ წავიდე, ხომ თავი უნდა დავანებო ჩემ პაწია შაქროს!..-ამ გახსენებით მართას გული მწვავეთ გაისერებოდა.არა, არ შემიძლიან!..მე უშაქროოთ ვერ გავძლებ...დაუმატებდა მართა და მაგრა მიიკრავდა გულში შვილს. რა ოხრათ დავარჩენ ფულს!..ფული კი არა, სიცოცხლეც არ მინდა უჩემბიჭოდ; არა, ნონეს ვეტყვი, რომ არ წამიყვანოს,ამბობდა გულში მართა.

ზამთარი ილეოდა, მაგრამ სუსხი მაინც წინანდელი შერჩენოდა და გარემოს ჰყინავდა. დიდი ჭდეულში შუა ადგილზე ცეცხლი ენთო, მთელი ოჯახი გარს შემოსხდომოდა, კაცებს თავი მოეყარათ, ბაბედა ჩოხის შალსა ჰქსოვდა და თან ფეხით აკვანს არწევდა. ამ დროს კარმა გაიჭრიალა, ოთახში შემოვიდნენ წელში მოხრილი მაიკო და მართა, რომელთაც ზურგზე წამოეკიდათ შეშის ვეება გუდურები და ხვნეშით დაჰყარეს კუთხეში. ქალებს სიცივისაგან სახე დალურჯებოდათ.
- ცივაა!..კანკალით წარმოსთქვა მართამ და თამამათ გადავიდა ცეცხლისკენ. მაიკო კი მოკრძალებით, შეუმჩნევლად მიუჯდა მართას გვერდით და დაიწყეს ხელების თბოდა. 
- უფრო თბილათ ჩაიცვამდი, ქალო, - მიუბრუნდა ბაბედა აკანკალებულ უმცროს რძალს, მაიკოსთვის კი არც კი შეუხედია. ამ დროს შაქრომ აკვანში დაიტირა და მართაც გაუბრუნდა.
- ნეტა ჩქარა გავიდეს ეს ოხერი თვეც, მოუთმენლათ სთქვა ნონემ.
- ზაფხული კარგია, ზამთარში მუშა ტყუილათ სცდება... დაუმატა მეორე ძმამ.
- გაზაფხულდება თუ არა, მე და მართა ქალაქისკენ გავწევთ სთქვა ნონემ.
ამის გაგონებაზე მართა შეკრთა და ქმარს მიაჩერდა, მას თითქო კიდევაც დავიწყებოდა, რომ ძიძათ უპირებდნენ წაყვანას.
- ნეტაი შენა, მართა, რომ ქალაქში მიდიხარ! რო იცოდე, რამდენ რამეს ნახავ, რარიგათ ანებივრებენ ძიძას, რა ტანისამოსს აცმევენ! სხვა მოსამსახურესავით კი არ არის აგდებული, ძიძა ქალბატონზე ნებიერია, დაილაპარაკა ბაბედამ და ძაფს გასწია.
- მართა მე ერთ საახალოხეს გამომიგზავნის.
- მე ქუდს...გაისმა ბიჭებში.
მართა შეინძრა. მიაჩერდა პატარა შაქროს, რომელსაც ოდნავათ პირი გაეხსნა და უზრუნველათ ეძინა.
- მაშ ქალაქში მივდივარ!..შაქროს თავს ვანებებ? გაიფიქრა და თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა, მაგრამ საჩქაროთვე მოიწმინდა, რომ იქ მყოფთ არ შეენიშნათ. შემკრთალმა მართამ გადახედა მათ, მაიკო დაღონებული შემოჰყურებდა რძალს, უსიტყვოთ შენატროდა, მართას გულმა კი კვალად დაიკვნესა და ცრემლებმა წამწამები დაუსველეს.
- შაქრო მაშინ ხუთი თვისა იქნება, რძესაც კარგათა სჭამს,-სთქვა ბაბედამ.
ნონეს არც კი შეუხედნია მართასთვის, ის წინ-წინ ანგარიშობდა ძიძობაში აღებულ ფულს და მოთხოვნილებას იკმაყოფილებდა.
- ნონემ რომ ხელიც არ გაანძრიოს, მაინც გაუჭრებლად იცხოვრებს...მართა ახალგაზრდაა, უშვილო არ გამოადგა და დიდხანს, დიდხანს ივლის ძიძათ...ამ გახსენებით ნონემ ალერსით გადახედა ცოლს, რომელიც თვალებძირსდახრილი დაღონებული იჯდა.
აგერა მართა დარჩა ქმართან მარტოდ. მართა მოვიდა ქმართან, მხარზე დაადო ხელი და შეხედა თვალებში.
- ნონე, წარმოსთქვა მან, ნონე, ნუ წამიყვან ქალაქში...სახლში დამტოვე ჩემ შაქროსთან...მართას ხმა უკანკალებდა, ცრემლებსა ჰყლაპავდა.
ნონემ გაოცებით შეხედა ცოლს.
- რატომ, მართა?.. შენი ქალაქში წასვლა ჩვენთვის ძალიან საჭიროა, უთხრა ძალდატანებულის სიმშვიდით ნონემ.
- მე უშაქროოთ ვერ გავძლებ, ნონე, შაქროც უჩემოთ იდარდებს.
- ნუ სულელობ..შაქროს ბევრი გაეგება..პაწიაა, არც კი დაახსოვდები...შენც ასე გაჭირვებაში არ იქნები, როგორც აქა ხარ.. ემანდა, კაბა არა გაქვს რომ ჩაიცვა, ეუბნებოდა ნონე.
- მე საქმე არ მაშინებს, ნონე არც სიღარიბე. დღეის იქით უფრო მოვუმატებ საქმეს, თავს გავსწირავ, ოღონდ..ქალაქში ნუ წამიყვან...განაგრძობდა ვედრებას მართა.
- დარჩები და შენც მაიკოზე უარესი დღე  დაგადგება. ყველა მოგიძულებს, იქნება სახლიდანაც გაგაგდონ, ჩემს გარდა სხვებიც არიან ოჯახში...უთხრა უკმაყოფილოთ ნონემ.
მართამ იგრძნო, რომ ნონესთან ვერას გახდებოდა და დაიწყო ტირილი.
- რა დიდხანს შენ იქნები ძიძათ, წლისთავზე ისევ სახლში მოხვალ, იქნება უფრო ადრეც. ახლა სოფელში რო დარჩე, პაპანაქება სიცხეში მინვრათ უნდა დაიწვა, არ გირჩევნიან ქალბატონივით ოთახში იყვე?..

ნონეს სიტყვები ცივადა ხვდებოდნენ მართას გულს და უფრო აკვნესებდნენ. მართა ჩამოეცალა ქმარს. ახლა ის ფარულად შესთხოვდა ღმერთს, რომ ზამთარი ხელახლა დაბრუნებულიყო, გასასტიკებულიყო, მაგრამ ამის ჯიბრზე დღეები გარბოდნენ, თოვლი დნებოდა, ჰაერი თბებოდა, გაზაფხული ახლო იყო.
- ზეგისთვის მოემზადე ქალაქში წასასვლელად! ..- უთხრა ნონემ ერთხელ ცოლს, როდესაც შემოვიდა სახლში. მის ხმაში უფრო ბრძანება იხატებოდა. მართა გაფითრდა და სახე გვერდზე მიიღო.
- გესმის თუ არა!.. მოემზადე-მეთქი!..შესძახა ახლა კი წყრომით ნონემ და სახეზე მხეცური მეტყველება გამოეხატა.
მართა შეშინდა და მოუბრუნდა ქმარს.
- მესმის... ყრუდ წარმოსთქვა მან.
- ჰოდა, გესმოდეს რასაც გეუბნებიან! 
- მაიკო, ჩემი შაქრო გებრალებოდეს, მოვალ და მერე მე ვიცი მაგიერი პატივისცემა! -ეუბნებოდა წასვლის დროს თვალცრემლიანი მართა რძალს.
 - ფიქრი ნუ გაქვს, მართა, მე შენს შაქროს გავუფრთხილდები. შენ მშვიდობით იყავი და გული გაიმაგრე...თანაგრძნობით ეუბნებოდა მაიკო და თვალებიდან ცხარე ცრემლსა ღვრიდა; გრძნობდა, რომ ურძლოთ ცხოვრება ერთიორად აუტანელი იქნებოდა მისთვის.
- ნახვამდის, მართა! შეესმოდა აქეთ-იქიდან, მართაც მათ ცივათ აძლევდა პასუხს,თითქო ყველანი შესძაგებოდნენ. აგერა მართა მივიდა აკვანთან, რომელშიც შაქროს ეძინა, მართას მუხლები აუკანკალდნენ და მძინარე ბავშვს დაემხო გულზე. გაისმა გულშემზარავი ქვითინი, რომელსაც ხმას აძლევდა ბავშვის განწირული ტირილი.
- მართა!.. გამოდი დროზე!.. მრისხანეთ შემოსძახა გარედან ნონემ. მართამ რამდენჯერმე აკოცა შეშინებულ-ატირებულ ბავშვს და მოშორდა...
მეორე დღეს მართა ქალაქის ბაღში იჯდა, საიდანაც მალე წაიყვანეს დესიკოსთან.


VI
დესიკო თანდათან მოღონიერდა და ოჯახი წინანდელ რიგზე მოაწყო. ავადმყოფობის დროს როგორც ბავშვებს, ისე თითოეულ საგანს დაჰკლებოდათ მისი თავდაუზოგავი ზრუნვა-მოვლა.

დესიკო ღარიბი დედ-მამის შვილი იყო, შესჩვეოდა შრომას, სანაქებოდ დაამთავრა საშუალო სასწავლებელი და დიდი დროც არ გასულა, რაც დათიკო ქამიშვილს მისთხოვდა.  

დესიკო თავს ბედნიერადა სთვლიდა, ქმრის ოჯახში სრული თავისუფალი იყო და დათიკოც თვალ-წარბში შეჰყურებდა და თავს ევლებოდა. კმაყოფილი დესიკო სულაც არ ფიქრობდა მასზე, თუ მცირე ჯამაგირი ოდესმე აგრძნობინებდა მათ რაიმე გაჭირვებას.
- გაჭირვება რას ქვიან?..კაცი თუ ირჯება და მუქთახორა არ არის, როგორ უნდა გაუჭირდეს?! ფიქრობდა ის. 

დესიკოს პირველ წელიწადშივე გაუჩნდა შვილი. მას მოჰყვა მეორე, მესამე, კიდევ ზედ დაერთო უძუძურობა და დესიკომ ნაღვლიანათ დახარა თავი ძირს.

ბევრჯერ დააპირა შესულიყო რაიმე სამსახურში და შვება მიეცა ოჯახისთვის, მაგრამ როდესაც წარმოიდგენდა თავის შვილებს უცხოების ხელში, შეკრთებოდა და წუთს გაუფრთხებოდა ამ მოსაზრებას. ბევრჯერ უნახავს მოახლეების ხელში ჩაცვივნული ბავშვები როგორ ისჯებოდნენ და რა უწესო საქციელების მოწამეთ ხდებოდნენ. ჯერ კიდევ ქალიშვილობაში დესიკო ჰკიცხავდა იმ დედას, რომელიც აგრე რიგად არ აქცევდა ყურადღებას შვილებს, განზე იყურებოდა პირადის სიამოვნებისთვის.

- ღმერთმა ნუ ქნას, შვილი ვისმეს ჩავუგდო ხელში, მე თვითონ აღვზრდი ისე, რომ სხვისთვის მაგალითი იყვეს-ხშირად უთქვამს ეს და ნუთუ დღეს კი ისე უნდა მოიქცეს, როგორც იქცევიან მისგან გაკიცხული დედები!..არა! ვერ იზამს დესიკო ამას. სხვაფრივ გაიჭირვებს საქმეს, თითქმის საზრდოსაც მოვიკლებ, ჩასაცმელს, ყოველგრავ სიამოვნებას, რომელსაც არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ქმარ-შვილთან შედარებით და ოჯახიდან კი გარეთ არ გავალ...

დესიკოს გაგიჟებით უყვარდა შვილები, დღე თუ ღამ მათთვის ფიქრობდა, კიდევაც დავიწყებოდა, თუ შვილების გარდა კიდევ სხვა არსებობდა რამ, მთელი დღეები სახლში ტრიალებდა, ძიძის დახმარებით ოჯახს უვლიდა, ხარშავდა საჭმელს, ოთახებს ალაგებდა, ჰკერავდა, შემდეგ ჩაუჯდებოდა შვილებს, უამბობდა ზღაპრებს, წიგნებს უკითხავდა...ბევრჯერ დაღალვისაგან სახეზე ოფლი ასკდებოდა, სხეული თხოულობდა დასვენებას, მაგრამ ის მაინც არ ჩერდებოდა და შრომას განაგრძობდა. დესიკოს გულსა და გონებაში ღრმად ჩასწვდენოდა დედობრივი მოვალეობა, იცოდა, რა ფაქიზად, სათუთად უნდა მოჰქცეოდა ბავშვის ნორჩ, წრფელ გონებასა და ხშირად ოხრავდა, როდესაც გრძნობდა, რომ უსაშუალებობა ბევრნაირათ უკანა სწევდა მის მისწრაფებას შვილების აღზრდის შესახებ, მაგრამ მაინც არ ტყუვდებოდა და კვალად გამხნევებული დაუმატებდა:

- არა უშავს რა! ღმერთი მოწყალეა!..საკმარისია შვილები შევაჩვიო პატიოსან შრომას, მოთმინებას, დანარჩენი ღვთით ყველაფერი კარგათ იქნება...
- ბედნიერი დედა ხარ, დესიკო, მფარველი ანგელოზი თავს გადგია და გიფარავს ათას განსაცდელისაგან. გაიხსენე ნატო, თუნდ მართა, წარმოიდგინე მათი მდგომარეობა...შესჩურჩულებდა ხშირად გონება.
- ღმერთმა იმ დღეს ნუ მომასწროს, რომ იმათ დღეში ჩავვარდე როდისმე! თუ ჩემ ქმარ-შვილს არ უყურებ, რათ მინდა სიცოცხლე! უიმათოთ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნიერებას?-დაუმატებდა დესიკო, ამაყად აიღებდა თავს და მიმოიხედავდა, გადახედავდა შვილებს. შემდეგ გასწევდა იმ ოთახში, სადაც ეზინა პაწია სოსოს. დესიკო კარგა ხანს აღტაცებით დასჩერებოდა მას, გონებას გამოეპასუხებოდა:
- ვინა სთქვა, რომ მე ღარიბი ვარ?..არა, სცდებიან, მე ღარიბი არა ვარ...მე მდიდარი ვარ მით, რომ დედა ვარ...ბედნიერი დედა!..
უცბათ დესიკოს სახეზე აღტაცებისაგან ზრუნვის ჩრდილი შემოერეოდა და ყურში ჩასჩურჩულებდა.
- იბრძოლე, იშრომე, ვიდრე შენ მოვალეობას შეასრულებდე!..ვიდრე შენი შვილები აუგებენ ქვეყანას სიყვარულის, სათნოების, მეცნიერების ტაძარს...
დესიკოს აღტაცებულ გულ-გონებას მოენატრებოდა, რომ მისი შვილები ასულიყვნენ მაღალ მწვერვალზე; მათ ფერხთაქვეშ ტანჯვით სული დაელიათ, გახრწნილიყვნენ შური, მტრობა, ძალმომრეობა და უზნეობა, მეორეს მხრივ უღრუბლო ცაზე დიადათ ამოსულიყო მზე და უჩვეულო ბრწყინვალე სხივებში შეეხვია ტანჯული ქვეყანა!..


 VII
მართა შეეჩვია ახალ მდგომარეობას. ბავშვები უზრუნველად ეტიტინებოდნენ და დროებით გულიდან აშორებდნენ ჯავრსა და ვარამს. მეზობლებს სოფლიდან ხშირათ მოჰქონდათ სახლის ამბავი. სიცხეს უჩვევი მართა ცხელ ზაფხულისაგან პირველში მომეტებულად შეწუხდა, მაგრამ მერე და მერე იმასაც თითქო შეეჩვია.რძე კარგი ჰქონდა, ბავშვი ჯანსაღი იყო. დესიკოც აფასებდა მართას ღირსებას და მეტ პატივსა სცემდა. ამასობაში ზაფხული ილეოდა, ნონემ ჩამოუტანა შაქროს მშვიდობის ამბავი, მაგრამ ოჯახს ცოტა ზარალი მოსვლოდა, მაიკო ვიღაცას გაჰყოლოდა და სადღაც გადაღუპულიყო. მართას ძალიან დაენანა რძალი, რომელთანაც შეჩვეული იყო და რომელიც, როგორც ესმოდა, შაქროს ყურს კარგად უგდებდა.
- ის თუ იქ არ იქნა, ოჯახი დაიღუპება, არა? დედაჩემი არც კი აგებინებს შაქროს უდედობას, ეუბნებოდა ნონე.
მართას შურდა, რომ მის შვილს სხვა დაჰპატრონებოდა.
- წინანდელი სულ ვალს მოუნდა, არც კი ეყო,- უპასუხა ცოტა დარცხვენით ნონემ.
- მაშ მაგითი მაინც შეიტანე რამე სახლში. ჩემ შაქროს ქუდი წაუღე, - დაუმატა მართამ. 

ორი კვირის შემდეგ მართა  სტიროდა, ხელში ეჭირა უმცროსი მაზლის წერილი, რომლიდგანაც გაეგო, რომ ნონეს როგორც წინანდელი, ისე მერე აღებული ფული სულ მთლად გაეფანტა და ხუთიოდ მანეთის მეტი არ აეტანა შინ. ბავშვიც ტიტველი დარჩენილიყო და სთხოვდა მისთვის მაინც დროზე გაეგზავნა ტანისამოსი.
-  რახან მაგისთანა უბედური ყოფილა, ფულს ნუღარ მიცსემ, დაიტოვე და შენ თვითონ წაიღე,- ამშვიდებდა დესიკო, მაგრამ მართას ნაღველი ამითი არ მსუბუქდებოდა, რადგან იცოდა, რო ნონეს დაბრიალებული თვალები და მოღერებული მუშტები ადვილათ არ აპატიებდნენ წინააღმდეგობას. მეტი ღონე არ იყო, უნდა დამორჩილებოდა მართა თავის ბედს.

დადგა შემოდგომა და დესიკოც ფრთხილათ ცოტ-ცოტათი აჩვევდა პატარას რძესა და ფუას, მაგიერათ ძუძუს ჯერს უკლებდა ისე, რომ ბავშვი შეუმჩნევლად გადადიოდა საჭმელზე.
- ერთი თვის უკან, ჩემო მართა, სოსოს ძუძუ აღარ დასჭირდება, -უთხრა დესიკომ მართას, რომელსაც ჯერ ეწყინა. მაგრამ როდესაც გაახსენდა, რომ მალე სახლში წავიდოდა შვილს ნახავდა, გულმა სიხარულისაგან უწყო ძალზე ძგერა.
- მაშ ჩემ შაქროსთან წავალ!!..-ხშირათ ფიქრობდა მართა და ამ სურვილს დღედაღამ თავს ევლებოდა.
- მართა, ნონე მოვიდა! - დაუძახა არჩილმა ერთხელ, როდესაც მართას ჩვეულებრივათ ხელში ეჭირა სოსო და აივანზე დადიოდა. მართას სიამოვნებისაგან სახე შეუწითლდა და წავიდა ოთახისკენ, რომ ბავშვი დედისთვის მიეცა.
- ოჰ, ნონე, რა ამბებს იტყვი?..გულის ფანცქალით შეეკითხა სამზარეულოში სკამზე ჩამომჯდარ ქმარს მართა და ხელი  ჩამოართვა.
- მშვიდობას.
- შაქრო რასა იქს?
- რა უშავს, ფეხზე დარბის.
- უი, და, და,და!..ნეტაი კი ახლა იქა მქნა და!..- შესძახა აღტაცებით მართამ.
- შენ როგორღა ხარ?..- საჩქაროთ მიატანა ნონემ, რომ მართას აღარაფერი ეკითხა სახლზე, რომელიც ისეც მოსწყენოდა.
- მე, რა მიშავს...
- ძუძუ ხომ სამყოფი გაქვს?..
- ძუძუ?..ძუძუ ეხლა მაგდენი აღარა სჭირდება ბავშვს, რადგან საჭმელზე გადაჰყავთ.
- რაო?..მაშ ძუძუს აღარ აძლევ? - შესძახა ნონემ, რომელსაც სახეზე შიში და უკმაყოფილება დაეტყო.
 - ვაძლევ, მაგრამ იმდენს აღარა. დღეში მარტო ორ ჯერს ვაწოვებ. ქალბატონი ამბობს, ერთი თვის შემდეგ სულ აღარ უნდა ძუძუო.
 - გადირიე, დედაკაცო? მერე ხომ გაშრი?..- შესძახა ნონემ, რომელიც არ მოელოდა ასეთ ამბავს. წამოვარდა ზეზე, გაჩუმდა რამდენსამე ხანს და შემდეგ, თითქო თავს ძალა დაატანა დამშვიდებულიყო, თავშემაგრებით უთხრა ცოლს:
 - მაშ შენ საქმე აღარა გქონია, უნდა წამოხვიდე!
 - საქმე?! საქმე როგორ არა მაქვს?.. ჯერ ხომ კიდევ ვაძლევ ძუძუს?..უპასუხა შემკრთალმა მართამ.
 - მართა!..შენ თუ ძუძუ გაგშრობია, იცოდე მოუკლავი არ გადამირჩები!..  - დაუმატა ნონემ, რომელსაც სიბრაზისგან ფერმა გადაჰკრა სახეზე.

მართამ თავი ჩაღუნა. ის თითქო კიდევაც გრძნობდა, რომ წინადებურათ რძე აღარა ჰქონდა და ამ ერთი თვის შემდეგ ხომ, რასაკვირველია, უფრო დააკლდებოდა. მართა ვერ მიმხვდარიყო, რად უნდოდა ნონეს, რომ მართას რძე არ გაშრობოდა. აქედან ხომ სახლში წავიდოდა და შაქრო კი დიდი იყო. ახლა მას ძუძუ აღარა სჭირდებოდა!..
-ქალბატონი და ბატონი აცოცხლა ღმერთმა! - წარმოსთქვა ნონემ, როდესაც ოთახში შემოვიდა, უკან მოსდევდა გაფითრებული მართა.

დესიკოს ხელში ხტოდა სოსო, ჭყროპინებდა, დათიკო კი მისჯდომოდა მაგიდას და რაღაცას სწერდა. მათ რომ დაინახეს ნონე, გაუღიმეს, მოიკითხეს.
- ბატონო, შენი ჭირიმე, მართლა მართა თქვენთვის აღარ არის საჭირო?..- იკითხა ნონემ და მორჩილებით ხელები დააჭდო ერთმანეთს, თუმცა მისი აღშფოთებული თვალები სულ წინააღმდეგს აცხადებდნენ.
- ვინ გითხრა, რომ საჭირო არ არის? ბავშვი ჯერ კიდევ ძუძუსა სჭამს, -უპასუხა დამშვიდებით დესიკომ.
- თუკი საჭმელს აძლევთ, ძუძუ იმდენი რაღად დასჭირდება?..იკითხა კვალად ნონემ.
- მართალია, მაგრამ ძუძუს უცბად არ ვაშვებინებ ხოლმე, ერთი თვის შემდეგ მართა თავისუფალი იქნება.
- დალოცვილო და მანამ ხომ კიდევაც გაშრება!..
- შეიძლება.
- მერე ცოდო არ არის, ახალი ძუძუ რომ გაშრეს?.. ჩვენი ცოდო რათ გინდათ?...
ცოლ-ქმარმა გაოცებით შეხედეს ერთმანეთს, თითქო ვერ მიმხვდარიყვნენ ნონეს ლაპარაკს.
- რა ცოდო, რას ამბობ, კაცო?..ჩვენ მართა ძიძათ დაგვიჭერია და მანამა გვყავს, სანამ საჭიროა. მგონი ჩვენ პირობას არ გადავსულვართ!..-უთხრა დათიკომ.
- მართალსა ბრძანებ, შენი ჭირიმე, მაგრამ მეშინიან ძუძუ არ გაუშრეს, თუკი არ გაუშრება, რა მენაღვლება, ერთი თვეც იყვეს...მერეც წავიყვან.
- მაგის პირობას ვერ მოგცემთ, რომ ძუძუ არ გაუშრეს. ბავშვს ხელმეორეთ აღარ დავაბრუნებთ ძუძუზე და, რასაკვირველია, რძე შედგება, როდესაც ბავშვი აღარ მოსწოვს...- უთხრა დესიკომ.
- კარგი, შენი ჭირიმე, თქვენ კარგადა ბრძანდებოდეთ, მაგრამ რახან ასეა საქმე, სჯობს ახლავე წავიყვანო ჩემი ცოლი.
- რაო?.. რა დროს წაიყვანაა, კაცო, როდესაც ჯერ ძიძობა არ გაუთავებია?.. - შესძახა დათიკომ და წამოდგა ზეზე, დესიკოსაც წყენა დაეტყო.
- ძიძის წაყვანა არც აგრე ადვილია, ჩემო ნონე,-ახლა კი გულმოსულმა დათიკომდა წამოდგა ზეზე, დესიკომ და მთლად გაწითლდა.
- დალოცვილო, ჩემი ცოლი ჩემი ნებაა, ხომ არ გიყიდიათ!..თუ ძიძათ გინდოდათ, ხომ ძიძათაც იქნებოდა ახლა, რაღასთვის უნდა გაჩერდეს და ტყუილათ ძუძუ გაიშროს?..
- აგრე ძალიან რათ უფრთხილდები მაგის ძუძუს?..
სახლში არ მიგყავს?..
- სახლში რომ წავიყვანო, რა უნდა გამირიგოს!..აი ახლაც შემომხვდა დალალი დედაკაცი, რომელმაც მკითხა, ძიძა ხომ არ იცი, ადგილია და თხუთმეტ მანეთს იძლევიანო...
ამის გაგონებაზე სასოწარკვეთილებაში შესული მართა უიმედოდ დაეშვა სკამზე და ანგარიშმიუცემლად იწყო პირდაპირ ყურება...ის თითქო ვეღარას ხედავდა, ყურს უგდებდა ძალზე აკვნესებულ გულს, რომელიც შინისკენ ეწეოდა. მას ხელიდან ეცლებოდა დიდი ხნის ნატვრა: შაქროს ჯერ კიდევ ვერ ნახავდა!...
- ეს სხვაა, თუ ადგილზე აყენებ, რასაკვირველია, ახლავე გიჯობს წაიყვანო,-უთხრა დათიკომ, რომელსაც სიბრაზემ გაუარა და კარგა ფიქრს შემდეგ გადასწყვიტა, რომ არა ღირდა აქ ძალის გამოჩენა.- რას იტყვი, დესიკო, წაიყვანოს?..ჰკითხა მან ცოლს.
- წაიყვანოს, მაინცდამაინც სოსოსთვის ძუძუ ძალიან საჭირო არ არის, -უპასუხა დესიკომ.
- მართა, მაშ წაყე შენ ქმარს. თავისუფალი ხარ...- უთხრა დათიკომ მართას და არც კი შეხედა. დესიკო კი დაკვირვებით უყურებდა გაჩუმებულ მართას, რომელსაც თუჩები უთრთოდა, თვალები ძირს დაეხარა...მაგრამ როდესაც გაიგონა დათიკოს უკანასკნელი სიტყვები, მან აიღო მაღლა თავი და განწირულებით მიაჩერდა ქმარს, რომელიც შუბლშეკრული იდგა.
- ნონე, მე ახალ ადგილზე არ წამოვალ...თუ წამიყვან, სახლში წამიყვანე, თუ არა და ისევ აქ დავრჩები!..- წარმოსთქვა მან ათრთოლებულის ხმით და უფრო გაფითრდა...
ნონემ გაოცებით შეხედა ცოლს, თითქო უკვირდა, არ ეჯერა, თუ მართა უბედავდა წინააღმდეგობის გამოცხადებას...

ნონეს თვალებმა საშიშრათ გაიელვეს, მან ტუჩები მაგრა მოკუმა და ხმა არ გასცა, ცხადათ ეტყობოდა, ღელავდა და ცდილობდა თავს მორეოდა, დამშვიდებულიყო..
- გაგვისწორდით, ბატონო, თუ გვერგება რამე..გვიბოძეთ..ნაწყვეტ-ნაწყვეტად დაილაპარაკა ნონემ...
- ჯამაგირი წინდაწინ გქვთ წაღებული, ათი მანეთი კიდევ გერგებათ...უთხრა ცივათ დათიკომ და გადასცა ფული ნონეს, რომელიც ნელ-ნელა, ზანტად გამოვიდა ოთახიდან...მართა იდგა დესიკოს წინ და ცხარე ცრემლით სტიროდა.
-  შენ გენაცვალე, ქალბატონო, ჩემგან ნუ გეწყინება...მე რომ შემეძლოს, დავრჩებოდი, სანამ საჭირო ვიყავი, მაგრამ რა ვქნა მე უბედურმა...მეგონა აქედან სახლში წამიყვანდა...ვეღირსებოდი შვილის ნახვას...მაგიერათ კიდევ სადღაც მიმათრევს...ეჰ, ვითომც მეც დედა ვარ! ვითომც მეც შვილი მყავს!...ქვითინებდა მართა...
- ნუ წაჰყვები ახალ ადგილზე, თუკი რ გინდა...ნუთუ შენც ადამიანი არა ხარ, მართა? ნუთუ შენც უფლება არა გაქვს, რომ შენი თავი დაიცვა?!ნუ წაჰყვები, მაგიერად სახლში წადი... ამბობდა გულმოსული, აღშფოთებული დესიკო, რომელსაც თანაგრძნობის ცრემლები უკრთოდნენ თვალებში.
-  ვინ გამიგონებს?..ქვითინებდა მართა...ნონე კი მოუთმენლად ელოდა კარებზე მართას, რომ დროზე ან ახალ ადგილზე წაეყვანა, ან კარდაკარ ეტარებინა.