ობლებზე ზრუნვა დიდი და მძიმე ვალდებულებაა
ერთი დიდი და ფრიად მძიმე ვალდებულება სახელმწიფოსი ის არის, რომ მზრუნველობა, მფარველობა და პატრონობა გაუწიოს იმას, რომელსაც ან ბუნებითად, ან მცირეწლოვანებით, ან უთაურობით მოვლა და პატრონობა თავის თავისა და თავის ქონებისა არ შეუძლიან. ამათ შორის ყველაზედ მეტად გულშესატკივარნი არიან მცირეწლოვანი ობლები, რომელნიც იმ ასაკში არიან, რომ ვერასგზით ვერ გაუძღვებიან ვერც თავიანთს ზნეობითს საჭიროებას, ვერც ქონების მოვლასა და პატრონობას. ამათი უპატრონოდ დაგდება ორნაირს ვნებას უქადის სახელმწიფოს და საზოგადოებას. ჯერ ერთი იმას, რომ, შესაძლოა, კაცი კაცად ვერ დამთავრდეს და სასარგებლო კაცის მაგიერ გაიზარდოს ავი კაცი, უზნეო, უხეირო და ზოგჯერ ავაზაკიცა და ამით გაძლიერდეს ავზნეთა კაცთა რაზმი, რომელსაც დღე და ღამ ებრძვის სახელმწიფო და საზოგადოება წესისა და მშვიდობიანობისათვის. მეორე იმას, რომ ცალკე სიმდიდრე ობლისა, რომელიც საზოგადო ერის სიმდიდრის ნაწილია, შესაძლოა, გაიფლანგოს, გაქარწყლდეს უპატრონობით და ამ გზით ავალა მიეცეს ღარიბთა გამრავლებას, რომელთა შენახვა და გამოკვება ბოლოს სამძიმოდ უხდება სახელმწიფოსაცა და საზოგადოებასაც. ამას აღარ ვიტყვით, რომ ხშირად ეგ სიღარიბე სათავედ უხდება ათასნაირს ავკაცობასა და წარამარობას.
სახელმწიფოს ყველგან საჭიროდ დანახული აქვს და თავის ვალდებულებადაც ცნობილი, პატრონობა მცირეწლოვან ობლებისა და ამისათვის მთელი ნაწილია კანონებისა ამ საჭიროებაზედ გამოჭრილი და მიქცეული. ჩვენშიაც ეგრეა, მხოლოდ არ შეგვიძლიან არ ვაღიაროთ, რომ ამ ნაწილის კანონები ვერა სწვდებიან იმ კეთილს განზრახვას, იმ საქვეყნოდ სასარგებლო სურვილს, რომელიც ამ შემთხვევაში სახელმწიფოს წინ მიუძღვის. ეგ ნაწილი კანონებისა მთელს რუსეთში დაწუნებულია იმ მხრით, რომ კეთილს განზრახვას სახელმწიფოსას საკმაოდ ვერ ემსახურებაო. თუ ეს ასეა შიგნით რუსეთში, საცა ამ კანონთა გამგებელი დაწესებულება, რაც უნდა იყოს, უფრო რიგსა და წესშია ჩაყენებული, მაშ რაღა უნდა ითქვას ჩვენში, საცა არც ეგ რიგია და წესი თავის გზაზედ დაყენებული და საცა ამგვარებში თვითნებობა "აპეკუნებისა" უფრო მეუფობს, ვიდრე წესი და კანონი. ჩვენში "აპეკაში" მიღება ობლისა და მისის ქონებისა მომასწავებელია ვაისა და ვაგლახისა და არა სიხარულისა, რომ ობოლს და მის ქონებას პატრონი აუჩინესო, აპეკუნი დაუნიშნესო და აბა სწორედ ეხლა დაიღუპა საწყალი ობოლიო! ამას იტყვიან ხოლმე მართლად გულშესატკივარნი კაცნი.
ამ სახით ეს მშვენიერი და გულშემატკივარი კანონები ობლების მოვლისა და პატრონობისა არამც თუ უქმად არიან ჩვენში, არამედ ხშირად და ძალიან ხშირადაც ვნება მოაქვთ იმათთვის, ვის სასარგებლოდაც დადგენილან. დღეს რუსეთში მთავრობა შესდგომია ამ კანონების შეკეთებას და ისეთის წესების შემოღებას, რომ "აპეკუნები" მართლა მფარველად და პატრონად ექმნენ ობლებსა და არა მძარცველად და მყვლეფავ-მგლეჯავად. რაკი დღეს ეს საქმე შეცვლისა და შეკეთების გზაზედ სდგას რუსეთში მთავრობის თაოსნობით, ნუთუ მეტი იქნება, რომ ჩვენც ჩვენის მხრით გვეზრუნა, მოგვეფიქრნა რამ ამ საქმის შესახებ. ერთი ჩვენის ქვეყნის საჭიროებაზედ გამოჭრილი პროექტი გამოგვერკვია და წარგვედგინა მთავრობისთვის ყურადღების მისაქცევლად. მთავრობაც დაგვიმადლებდა, თუ საკეთილოდ რასმე ვიტყოდით და ქვეყანაც.
ამ საქმეს რომ თაოსნობა გაუწიონ ჩვენმა მარშლებმა, არა გვგონია მათ მიერ წამოდგენილმა პროექტმა ყურადღება არ მიიქციოს მთავრობისა, მით უფრო, რომ ამგვარებში ადგილის კაცია ყოველგვარი რჩევა და აზრი მთავრობისათვის დიდად სასურველი. მარშლებს იმიტომ ვავალებთ ამას, რომ "აპეკის" უწესობით ისე არავინა ჰზარალობს, როგორც თავადაზნაურობა, რომელსაც ცალკე თვისთა წევრთა ობლობის გამო და ცალკე სხვადასხვა მიზეზთაგან უფრო ხშირადა ჰხვდება ხოლმე "აპეკის" ხელში ჩავარდნა და თუ "აპეკის" საქმეთა უხეირობისაგან ვნება ეძლევა ვისმე, თავადაზნაურობას ყველაზედ მეტი.
ილია ჭავჭავაძე. თხზულებათა აკადემიური გამოცემა. ტ. X. თბ. 1988
1 comment:
ილიამ "გლახის ნაამბობით" სცადა ამ საკითხის გადაწყვეტა– "აპეკუნობას" გვერდი აუარა და საზოგადოება ჩართო ამგვარი ობლების აღზრდის საკითხში, მაგრამ ვერც აქ მიიღო შედეგი. რაღაც "ოქროს შუალედი" უნდა მოფიქრებულიყო. დღეს? რამდენად სრულყოფილია დღეს კანონი?
Post a Comment