ყალბი და ნამდვილი
ლოღიკა თითქო ბაჟს რასმე ემალებაო, სადღაც გაექცა, სადღაც დაეკარგა ადამიანსა. ღრმად დაკვირვება არ არის საჭირო, კაცმა დაინახოს, რომ ადამიანის ჭკუას რაღაც გაუტყდა, ბუნებური მართულები მოეშალა, რაღაც სალტე ან მოჰშვებია, ანუ უფრო მეტად წასჭერია, რაღაც სოლი ამოვარდნია და ძირით თხემამდე თავი და
ბოლო დაჰბნევია. კაცს ეხლანდელ დროში ვერა გაუგია რა, ვერა გამოურკვევია რა, ხედვით ერთსა ჰხედავს, სმენით სულ სხვა ესმის. არის ერთი არეულობა. იპარვენ პატიოსნების სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად პატიოსნება და სად მპარაობა?
აბეზღებენ და ცილსა სწამებენ გულმტკივნეულობის სახელითა და არავინ ჰკითხულობს, სად ცილი და ბეზღი და სად გულმტკივნეულობა? ჰღალატობენ საქმეს, ჰღალატობენ ერთმანერთსა ერთგულობის სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად ღალატი და სად ერთგულება? სხვის ნაკლს, სხვის უბედურობას თვის ღირსებად, თვის ბედნიერებად, თვის სიხარულად სთვლიან კაცთმოყვარეობის სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად
სხვის ნაკლის და უბედურობის გამო სიხარული და ცეკვა და სად კაცთმოყვარეობა?
სტყუიან, ცრუობენ სიმართლის სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად ტყუილი და სად სიმართლე?
კაცს სამარცხვინო ბოძზედ ტყუილ-უბრალოდ გასაკრავად არა ჰზოგვენ, არ
ჰთაკილობენ, და იძახიან კი, ადამიანის ღირსება, ადამიანობა ხელშეუხებელია,
სათაყვანებელიაო და გამკითხავი არავინ არის: სად ტყუილ-უბრალოდ ადამიანის
თავზე ლაფის დასხმა და სად ხელშეუხებელობა ადამიანის ღირსებისა?
ათასს ამისთანას ჩამოგითვლით, საცა თქმა საქმეს არ ებმის და საქმე თქმას არ
ემსგავსება, არ ეთანხმება. ყველაფერი ეს ცარიელის სახელით გადის და სახრავს კი
არავინ დაგიდევთ. ფიცი სწამთ და ბოლო კი არავის აკვირვებს, თქმა ერთია და ქმნა
სხვა. ნუთუ ამას არ ეთქმის, რომ ლოღიკა დაკარგულია, ხელიდამ წასულია, სადღაც
ბარდებშია განაბული?...
ეს ყოფა და ამბავი დიდი ჭირია. ამ ჭირს კაცთა კერძო ცხოვრების
ერთმანერთობაში ადამიანი კიდევ როგორც იქმნებოდა, ვაითა და ვაგლახით
აიტანდა, გაუძღვებოდა. ვიდრე ქვეყანაზე კაცია, ბოროტიც არის და ბოროტი ხომ
იმითია მარტო სულდგმული, რომ თქმა ერთი აქვს და ქმნა სხვა. უამისოდ იგი ერთს
დღესაც ვერ გაიჭაჭანებდა კაცთა შორის, ერთს დღესაც ვერ გააბამდა თავის
სამაცდურო ბადესა კაცთა საჭერად. თუმცა ესეა, მაგრამ ეს ბოროტი, ეს ჭირი ასე თუ
ისე ადვილად მოსანელებელია, ადვილად სახდელია, როცა შინაობაში,
ერთმანერთობაში ცალკე კერძო კაცი მოგვივლენს ხოლმე.
სულ სხვაა და დიდი და მეტისმეტი უბედურებაა, როცა ეს ბოროტი, ეს ჭირი
გზას გაიხსნის, მოედანს მოიპოვებს იქ, სადაც თქმა და ქმნა ერთი უნდა იყოს, სადაც
ჭეშმარიტება უნდა ჭეშმარიტობდეს, მართალი ჰმართლობდეს, კეთილი
ჰკეთილობდეს და პატიოსნება ჰპატიოსნებდეს, სადაც ხმა ერისაა და მაშასადამე,
ღვთისაცა. ამისთანა ”წმიდა წმიდათა” ლიტერატურაა, საცა ჭკვათამყოფელი,
უკეთესი, თავანკარა ნაწილი ერისა უნდა მეტყველებდეს აშკარად, უფერუმარილოდ,
უტყუილოდ და უხვანჯოდ. ლიტერატურას სხვათა შორის ერთი შვილი ჰყავს,
რომელიც დღეს ყველა სხვა შვილებზე უფრო გაძლიერებულია, უფრო გავლენიანია.
ამ შვილს ”ჟურნალ-გაზეთობას” ეძახიან. ამ ჟურნალ-გაზეთობაზე, რომელიც სხვა არა
არის რა გარდა ყოველდღიურის ცხოვრების სარკისა, ერი აჭდევს ხოლმე თავის
ავკარგიანობასა დღითი დღემდე.
აი სავაგლახო ის არის, როცა ზემოხსენებული ჭირი აქ, ამ ჟურნალ-
გაზეთობაშიაც დაიბუდება, როცა აქ თქმა და ქმნა ერთმანერთის განუყრელნი და-
ძმანი არ არიან. მაგრამ რა თქმა და რა ქმნა! დღევანდელ ჟურნალ-გაზეთობას სხვა რა
სჭირს კარგი, რომ ეგა სჭირდეს და თქმასა და ქმნას ერთმანერთს არ აშორებდეს და
ერთმანერთს არ უპირისპირებდეს. ჩვენ არ ვიცით არც ერთი შემაძრწუნებელი ზნე,
რომ დღეს ჟურნალ-გაზეთობაში არ დაბუდებულიყოს, ოღონდ, ავად თუ კარგად,
ჟურნალ-გაზეთობასთან მოსათავსებელი იყოს და ასე თუ ისე მოსახმარებელი.
გამოცინცვლა რისამე, გნებავთ ვისგანმე, იპოვით იმისთანა ჟურნალ-გაზეთს,
რომელიც მზაა სამსახურისთვის. სახელის გატეხა გინდათ ვისიმე, რამსიგრძეთაც
გნებავთ დაგრიხეთ ბაწარი ჭორებისა და იპოვით იმისთანა ჟურნალ-გაზეთს,
რომელიც სიხარულით დაგითმობთ ადგილსა და თავს მოიწონებს კიდეც
ლიბერალობითა. მაშ... ყველას ჰპენტავს და სწეწავს, ლიბერალობა არ არის, მა რა
ეშმაკია!... ჯავრის ამოყრა გინდათ ვისიმე, შესთხზეთ ერთი სამარცხვინო ამბავი
თქვენს გამჯავრებელზედ, მოაყარეთ პილპილი ცილისწამებისა, მარილი
ლაზათიანის გინებისა და გათავებულია საქმე. არიან იმისთანა გაზეთები, რომელნიც
არამცთუ ხელაღპყრობით მიგიღებენ, როცა მიუტანთ ამისთანა განძსა დასაბეჭდად,
არამედ თვით მოგნახვენ და თავს შემოგევლებიან, ოღონდ ხელიდამ არ წაუვიდეთ
თქვენ მიერ შეთითხნილი ლანძღვა-გინება.
ჭირთა ჭირი ეს არის, რომ აღარც მკითხველებსა აქვთ ხალისი და კბილი
უკეთესის კითხვისათვის. შეაჩვიეს ყური ამისთანა უწმაწურს ქარაფშუტობას და
ცუღლუტობას და ყოველივე ჭკუის გასამრჯელო, გრძნობის ამამაღლებელი
მოიძულეს, მოიწყინეს, თითქო სიტყვა ადამიანისა სამურველი იყოს, რომ მარტო
ყური ჰფხანოს და ჭკუას, გონებას, სულსა და გულს არ მიეკაროს არასგზით. დღეს
სიკეთეს თუ სიავეს მწერლობისას მარტო ამ საწყაოთიღა სწყვენ. ვაიც ამაშია და
ვაგლახიც დღევანდელის დღისა.
ძნელია, როცა სახელმძღვანელო დედააზრებს ფეხქვეშედამ მიწა გამოეცლება;
ძნელია, როცა თქმასა და ქმნას შუა ხიდი ჩატყდება. აი მაგალითი ამისთანა ყოფისა,
რომელმაც გამოიწვია ეს ჩვენი საუბარი და რომელიც ერთი მრავალთაგანია.
კითხულობთ ჟურნალ-გაზეთებს და გიკვირთ – რაზედ შემოსწყრომია მწერლობა
ლოღიკასაო? სად მიჰმალვია სახელმძღვანელო დედააზრი, რომ ესე არახუნებს
უთავბოლოდაო? აი რაშია საქმე.
ერთი რუსის მწერალია, რომლის სახელიც ბევრისათვის უცნობია და, სწორედ
რომ ვსთქვათ, არც კი დიდად საცნობელია. ამ მწერლის სახელი ა. გორშენევია. ამას
ბევრი რაღაცები საწვრილმანო უწერია სხვადასხვა გაზეთებში და ამის ნაწერები
აუღია და პატრონის დაუკითხავად გადაუბეჭდია გაზეთს ”Судебная Газета”-ს.
გორშენევსაც აუღია და უჩივლია სამართალში ამ გაზეთის რედაქტორზედ, ჩემი
საკუთრება მიითვისაო და საზღაურად ფასი მოითხოვა, რაცა ჰღირს ჩემი ნაწერები,
დამნაშავემ მომცესო. სამართალს შეუწყნარებია თხოვნა გორშენევისა და საზღაური
დაუდვია ”Судебная Газета”-ს რედაქტორისათვის გორშენევის სასარგებლოდ.
აქ, როგორც ხედავთ, არაფერი ნამუსისა და პატიოსნების წინააღმდეგი არა
არის რა. კაცს, ცუდია თუ კარგი, თავისი ნაამაგარ-ნაშრომი ნაწერები აქვს; ეგ მისი
კუთვნილებაა, მისი საკუთრებაა, მერე იმისთანა, რომელსაც დღეს რუსეთში მუქთად
არავინ არავის არ უთმობს და, ცოტაა თუ ბევრი, თავისი ფასი აქვს. ეს საკუთრება
მუქთად დაიჩემა მეორემ და პატრონმა ეს მუქთამჭამელობა არ დაუთმო და თავისი
მოითხოვა. აქ არაფერი უკადრისობა არ შეეწამება პატრონსა. პირიქით, ჩვენა გვგონია,
რომ პატრონმა ამ შემთხვევაში თვისი მოქალაქური მოვალეობა შეასრულა
საზოგადოების წინაშე, რომლის დედაბურჯი ის არის, რომ ყველამ თავისი
მოიხმაროს და თავისით ირჩინოს თავი და რომლის წინაშე ყველა დავალებულია,
რომ ეს წესი ცხოვრებისა არავის არ დაარღვევინოს დაუსჯელად.
ხომ ესეა და ესე უნდა იყოს უფრო იმისთანა გაზეთისათვის, რომელსაც
სახელად ”სამართლის გაზეთი” ჰქვიან და თვისის პროგრამმით სამართალს და
სამართლიანობას ემსახურება. მაგრამ სახელი ერთია და სახრავი სხვა ეხლანდელს
დროში; როგორც ეტყობა, აქაო და გორშენევმა ეს საქმე დამაწიაო, გაზეთს აუღია და
ერთი ლაზათიანი, თქვენი მოწონებული ზღაპარი გაუპრტყელებია თავის
ფურცლებზედ და ამ ზღაპარში საწყალი გორშენევი თავიდამ ფეხამდე ლაფში
ამოუტანტლავს და სამარცხვინოდ და სასაცილოდ გაუხდია, თუმცა სახელი კი
ნიშნობლივ არ უხსენებია.
ახლა რას იტყვით ამისთანა საქმეზედ, მკითხველო! როგორ გგონიათ: იმ
”Судебная Газета”-მ რომ ერთს ნატეხ პურის ქურდობაში სამის დღის მშიერ-
მწყურვალი გლახა-ღატაკი დაიჭიროს, ხომ ნაცარტუტას აადენს: ეს რა მოხდა, ჯვარს
აცვით ქურდი, ჯვარს აცვით!.. აქ კი დღის ნათელზედ თვითონ არა მშიერ-
მწყურვალმა ხელდახელ დაიჩემა სხვის ნაწვავ-ნადაგი, პატრონმა უსასყიდლოდ არ
დაანება თვისი კუთვნილება და იმან კი აიღო და ბოდიშის მაგიერად ჯავრი
ამოიყარა. რით? ლანძღვითა და თრევითა! ნუთუ დროთა ნიშანი არ არის ესეთი
თელვა ყოველის ლოღიკისა, დედააზრისა, ყოველის ადამიანობისა, ყოველის
მართებულობისა და უფლება-მოვალეობისა!..
ეხლაც არ დაგვეთანხმებით, რომ ლოღიკა საძებნელი და საპოვნელი გაუხდა
ადამიანსა ცალკედ და მწერლობასა საერთოდ! აბა ეხლა იანგარიშეთ, რამდენი
ამისთანა გაზეთია, რომელიც დედააზრობით ერთს გვეფიცება და საქმით კი სულ
სხვასა საქმობს. არ შეიძლება, რომ ჩვენ თვითონ არ ვაქეზებდეთ ამისთანა
მიმართულებას, თორემ დღეს-აქამომდე ამისთანა მწერლობას სული ათჯერ
ამოეხუთებოდა, რადგანაც, როგორც ჭირიანს, შემოეფანტებოდნენ მკითხველები და
მკითხველები იძლევიან მას, რითაც მწერლობაც ავად თუ კარგად იკვებება და
სულდგმულობს. რაკი ესეა, ბოროტიც ამ მხრით არის გაძლიერებული და ამაშია
დღის სავალალოც.
No comments:
Post a Comment