Tuesday, January 11, 2011

ილია ჭავჭავაძე მედიის უფლება–მოვალეობებზე, 2

ყალბი და ნამდვილი

ლოღიკა თითქო ბაჟს რასმე ემალებაო, სადღაც გაექცა, სადღაც დაეკარგა ადამიანსა. ღრმად დაკვირვება არ არის საჭირო, კაცმა დაინახოს, რომ ადამიანის ჭკუას რაღაც გაუტყდა, ბუნებური მართულები მოეშალა, რაღაც სალტე ან მოჰშვებია, ანუ უფრო მეტად წასჭერია, რაღაც სოლი ამოვარდნია და ძირით თხემამდე თავი და
ბოლო დაჰბნევია. კაცს ეხლანდელ დროში ვერა გაუგია რა, ვერა გამოურკვევია რა, ხედვით ერთსა ჰხედავს, სმენით სულ სხვა ესმის. არის ერთი არეულობა. იპარვენ პატიოსნების სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად პატიოსნება და სად მპარაობა?

აბეზღებენ და ცილსა სწამებენ გულმტკივნეულობის სახელითა და არავინ ჰკითხულობს, სად ცილი და ბეზღი და სად გულმტკივნეულობა? ჰღალატობენ საქმეს, ჰღალატობენ ერთმანერთსა ერთგულობის სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად ღალატი და სად ერთგულება? სხვის ნაკლს, სხვის უბედურობას თვის ღირსებად, თვის ბედნიერებად, თვის სიხარულად სთვლიან კაცთმოყვარეობის სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად
სხვის ნაკლის და უბედურობის გამო სიხარული და ცეკვა და სად კაცთმოყვარეობა?
სტყუიან, ცრუობენ სიმართლის სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად ტყუილი და სად სიმართლე?

კაცს სამარცხვინო ბოძზედ ტყუილ-უბრალოდ გასაკრავად არა ჰზოგვენ, არ
ჰთაკილობენ, და იძახიან კი, ადამიანის ღირსება, ადამიანობა ხელშეუხებელია,
სათაყვანებელიაო და გამკითხავი არავინ არის: სად ტყუილ-უბრალოდ ადამიანის
თავზე ლაფის დასხმა და სად ხელშეუხებელობა ადამიანის ღირსებისა?
ათასს ამისთანას ჩამოგითვლით, საცა თქმა საქმეს არ ებმის და საქმე თქმას არ
ემსგავსება, არ ეთანხმება. ყველაფერი ეს ცარიელის სახელით გადის და სახრავს კი
არავინ დაგიდევთ. ფიცი სწამთ და ბოლო კი არავის აკვირვებს, თქმა ერთია და ქმნა
სხვა. ნუთუ ამას არ ეთქმის, რომ ლოღიკა დაკარგულია, ხელიდამ წასულია, სადღაც
ბარდებშია განაბული?...

ეს ყოფა და ამბავი დიდი ჭირია. ამ ჭირს კაცთა კერძო ცხოვრების
ერთმანერთობაში ადამიანი კიდევ როგორც იქმნებოდა, ვაითა და ვაგლახით
აიტანდა, გაუძღვებოდა. ვიდრე ქვეყანაზე კაცია, ბოროტიც არის და ბოროტი ხომ
იმითია მარტო სულდგმული, რომ თქმა ერთი აქვს და ქმნა სხვა. უამისოდ იგი ერთს
დღესაც ვერ გაიჭაჭანებდა კაცთა შორის, ერთს დღესაც ვერ გააბამდა თავის
სამაცდურო ბადესა კაცთა საჭერად. თუმცა ესეა, მაგრამ ეს ბოროტი, ეს ჭირი ასე თუ
ისე ადვილად მოსანელებელია, ადვილად სახდელია, როცა შინაობაში,
ერთმანერთობაში ცალკე კერძო კაცი მოგვივლენს ხოლმე.
სულ სხვაა და დიდი და მეტისმეტი უბედურებაა, როცა ეს ბოროტი, ეს ჭირი
გზას გაიხსნის, მოედანს მოიპოვებს იქ, სადაც თქმა და ქმნა ერთი უნდა იყოს, სადაც
ჭეშმარიტება უნდა ჭეშმარიტობდეს, მართალი ჰმართლობდეს, კეთილი
ჰკეთილობდეს და პატიოსნება ჰპატიოსნებდეს, სადაც ხმა ერისაა და მაშასადამე,
ღვთისაცა. ამისთანა ”წმიდა წმიდათა” ლიტერატურაა, საცა ჭკვათამყოფელი,
უკეთესი, თავანკარა ნაწილი ერისა უნდა მეტყველებდეს აშკარად, უფერუმარილოდ,
უტყუილოდ და უხვანჯოდ. ლიტერატურას სხვათა შორის ერთი შვილი ჰყავს,
რომელიც დღეს ყველა სხვა შვილებზე უფრო გაძლიერებულია, უფრო გავლენიანია.
ამ შვილს ”ჟურნალ-გაზეთობას” ეძახიან. ამ ჟურნალ-გაზეთობაზე, რომელიც სხვა არა
არის რა გარდა ყოველდღიურის ცხოვრების სარკისა, ერი აჭდევს ხოლმე თავის
ავკარგიანობასა დღითი დღემდე.

აი სავაგლახო ის არის, როცა ზემოხსენებული ჭირი აქ, ამ ჟურნალ-
გაზეთობაშიაც დაიბუდება, როცა აქ თქმა და ქმნა ერთმანერთის განუყრელნი და-
ძმანი არ არიან. მაგრამ რა თქმა და რა ქმნა! დღევანდელ ჟურნალ-გაზეთობას სხვა რა
სჭირს კარგი, რომ ეგა სჭირდეს და თქმასა და ქმნას ერთმანერთს არ აშორებდეს და
ერთმანერთს არ უპირისპირებდეს. ჩვენ არ ვიცით არც ერთი შემაძრწუნებელი ზნე,
რომ დღეს ჟურნალ-გაზეთობაში არ დაბუდებულიყოს, ოღონდ, ავად თუ კარგად,
ჟურნალ-გაზეთობასთან მოსათავსებელი იყოს და ასე თუ ისე მოსახმარებელი.
გამოცინცვლა რისამე, გნებავთ ვისგანმე, იპოვით იმისთანა ჟურნალ-გაზეთს,
რომელიც მზაა სამსახურისთვის. სახელის გატეხა გინდათ ვისიმე, რამსიგრძეთაც
გნებავთ დაგრიხეთ ბაწარი ჭორებისა და იპოვით იმისთანა ჟურნალ-გაზეთს,
რომელიც სიხარულით დაგითმობთ ადგილსა და თავს მოიწონებს კიდეც
ლიბერალობითა. მაშ... ყველას ჰპენტავს და სწეწავს, ლიბერალობა არ არის, მა რა
ეშმაკია!... ჯავრის ამოყრა გინდათ ვისიმე, შესთხზეთ ერთი სამარცხვინო ამბავი
თქვენს გამჯავრებელზედ, მოაყარეთ პილპილი ცილისწამებისა, მარილი
ლაზათიანის გინებისა და გათავებულია საქმე. არიან იმისთანა გაზეთები, რომელნიც
არამცთუ ხელაღპყრობით მიგიღებენ, როცა მიუტანთ ამისთანა განძსა დასაბეჭდად,
არამედ თვით მოგნახვენ და თავს შემოგევლებიან, ოღონდ ხელიდამ არ წაუვიდეთ
თქვენ მიერ შეთითხნილი ლანძღვა-გინება.

ჭირთა ჭირი ეს არის, რომ აღარც მკითხველებსა აქვთ ხალისი და კბილი
უკეთესის კითხვისათვის. შეაჩვიეს ყური ამისთანა უწმაწურს ქარაფშუტობას და
ცუღლუტობას და ყოველივე ჭკუის გასამრჯელო, გრძნობის ამამაღლებელი
მოიძულეს, მოიწყინეს, თითქო სიტყვა ადამიანისა სამურველი იყოს, რომ მარტო
ყური ჰფხანოს და ჭკუას, გონებას, სულსა და გულს არ მიეკაროს არასგზით. დღეს
სიკეთეს თუ სიავეს მწერლობისას მარტო ამ საწყაოთიღა სწყვენ. ვაიც ამაშია და
ვაგლახიც დღევანდელის დღისა.

ძნელია, როცა სახელმძღვანელო დედააზრებს ფეხქვეშედამ მიწა გამოეცლება;
ძნელია, როცა თქმასა და ქმნას შუა ხიდი ჩატყდება. აი მაგალითი ამისთანა ყოფისა,
რომელმაც გამოიწვია ეს ჩვენი საუბარი და რომელიც ერთი მრავალთაგანია.
კითხულობთ ჟურნალ-გაზეთებს და გიკვირთ – რაზედ შემოსწყრომია მწერლობა
ლოღიკასაო? სად მიჰმალვია სახელმძღვანელო დედააზრი, რომ ესე არახუნებს
უთავბოლოდაო? აი რაშია საქმე.

ერთი რუსის მწერალია, რომლის სახელიც ბევრისათვის უცნობია და, სწორედ
რომ ვსთქვათ, არც კი დიდად საცნობელია. ამ მწერლის სახელი ა. გორშენევია. ამას
ბევრი რაღაცები საწვრილმანო უწერია სხვადასხვა გაზეთებში და ამის ნაწერები
აუღია და პატრონის დაუკითხავად გადაუბეჭდია გაზეთს ”Судебная Газета”-ს.
გორშენევსაც აუღია და უჩივლია სამართალში ამ გაზეთის რედაქტორზედ, ჩემი
საკუთრება მიითვისაო და საზღაურად ფასი მოითხოვა, რაცა ჰღირს ჩემი ნაწერები,
დამნაშავემ მომცესო. სამართალს შეუწყნარებია თხოვნა გორშენევისა და საზღაური
დაუდვია ”Судебная Газета”-ს რედაქტორისათვის გორშენევის სასარგებლოდ.
აქ, როგორც ხედავთ, არაფერი ნამუსისა და პატიოსნების წინააღმდეგი არა
არის რა. კაცს, ცუდია თუ კარგი, თავისი ნაამაგარ-ნაშრომი ნაწერები აქვს; ეგ მისი
კუთვნილებაა, მისი საკუთრებაა, მერე იმისთანა, რომელსაც დღეს რუსეთში მუქთად
არავინ არავის არ უთმობს და, ცოტაა თუ ბევრი, თავისი ფასი აქვს. ეს საკუთრება
მუქთად დაიჩემა მეორემ და პატრონმა ეს მუქთამჭამელობა არ დაუთმო და თავისი
მოითხოვა. აქ არაფერი უკადრისობა არ შეეწამება პატრონსა. პირიქით, ჩვენა გვგონია,
რომ პატრონმა ამ შემთხვევაში თვისი მოქალაქური მოვალეობა შეასრულა
საზოგადოების წინაშე, რომლის დედაბურჯი ის არის, რომ ყველამ თავისი
მოიხმაროს და თავისით ირჩინოს თავი და რომლის წინაშე ყველა დავალებულია,
რომ ეს წესი ცხოვრებისა არავის არ დაარღვევინოს დაუსჯელად.

ხომ ესეა და ესე უნდა იყოს უფრო იმისთანა გაზეთისათვის, რომელსაც
სახელად ”სამართლის გაზეთი” ჰქვიან და თვისის პროგრამმით სამართალს და
სამართლიანობას ემსახურება. მაგრამ სახელი ერთია და სახრავი სხვა ეხლანდელს
დროში; როგორც ეტყობა, აქაო და გორშენევმა ეს საქმე დამაწიაო, გაზეთს აუღია და
ერთი ლაზათიანი, თქვენი მოწონებული ზღაპარი გაუპრტყელებია თავის
ფურცლებზედ და ამ ზღაპარში საწყალი გორშენევი თავიდამ ფეხამდე ლაფში
ამოუტანტლავს და სამარცხვინოდ და სასაცილოდ გაუხდია, თუმცა სახელი კი
ნიშნობლივ არ უხსენებია.

ახლა რას იტყვით ამისთანა საქმეზედ, მკითხველო! როგორ გგონიათ: იმ
”Судебная Газета”-მ რომ ერთს ნატეხ პურის ქურდობაში სამის დღის მშიერ-
მწყურვალი გლახა-ღატაკი დაიჭიროს, ხომ ნაცარტუტას აადენს: ეს რა მოხდა, ჯვარს
აცვით ქურდი, ჯვარს აცვით!.. აქ კი დღის ნათელზედ თვითონ არა მშიერ-
მწყურვალმა ხელდახელ დაიჩემა სხვის ნაწვავ-ნადაგი, პატრონმა უსასყიდლოდ არ
დაანება თვისი კუთვნილება და იმან კი აიღო და ბოდიშის მაგიერად ჯავრი
ამოიყარა. რით? ლანძღვითა და თრევითა! ნუთუ დროთა ნიშანი არ არის ესეთი
თელვა ყოველის ლოღიკისა, დედააზრისა, ყოველის ადამიანობისა, ყოველის
მართებულობისა და უფლება-მოვალეობისა!..
ეხლაც არ დაგვეთანხმებით, რომ ლოღიკა საძებნელი და საპოვნელი გაუხდა
ადამიანსა ცალკედ და მწერლობასა საერთოდ! აბა ეხლა იანგარიშეთ, რამდენი
ამისთანა გაზეთია, რომელიც დედააზრობით ერთს გვეფიცება და საქმით კი სულ
სხვასა საქმობს. არ შეიძლება, რომ ჩვენ თვითონ არ ვაქეზებდეთ ამისთანა
მიმართულებას, თორემ დღეს-აქამომდე ამისთანა მწერლობას სული ათჯერ
ამოეხუთებოდა, რადგანაც, როგორც ჭირიანს, შემოეფანტებოდნენ მკითხველები და
მკითხველები იძლევიან მას, რითაც მწერლობაც ავად თუ კარგად იკვებება და
სულდგმულობს. რაკი ესეა, ბოროტიც ამ მხრით არის გაძლიერებული და ამაშია
დღის სავალალოც.


ილია ჭავჭავაძე. თხზულებანი ოც ტომად. თ. 5. თბ. 1991. გვ. 387–392

ილია ჭავჭავაძე მედიის უფლება–მოვალეობებზე, 1

საზოგადო საქმის მსახურთა სახელის დაცვისათვის 

ჩვენი გაზეთი მეტად ჰფრთხილობს, რომ არა რომელიმე კაცი არ იყოს გაბიაბრუებული, გაუპატიურებული არც მართლად და არც ტყუილუბრალოდ. გაბიაბრუება, გაუპატიურება ვისიმე საკადრისი არ არის არც ცალკე კაცისაგან, არც ლიტერატურისაგან, რომელიც მართებულობისა და რიგიანობის მაგალითი უნდა იყოს და თუ ან ერთი აკლია, ან მეორე, ღირსი არ არის წმინდა სახელი ლიტერატურისა ატაროს. ჭუჭყიანი სიტყვა-პასუხი, ჭუჭყიანი გულისნადები, რო-მელიც ზედ აბეჭდია ხოლმე ყოველს კაცს, სხვის გასაბიაბრუებლად გამოლაშქრებულს, მეტისმეტად ცხადი ნიშანია თვითონ მოლაშქრეს უწმინდურობისა და ჭუჭყისა.

ჩვენ ამის თაობაზედ არაერთხელ გვქონია ლაპარაკი და ისიც დაგვიმატებია, რომ ეს ჩვენი აზრი იმას კი არა ჰნიშნავს, ვითომც კაცი განკითხული არ უნდა იყოს, როცა გასაკითხავია. ხოლო განკითხვაც არის და განკითხვაც. განა განკითხვა ადამიანისა არ შეიძლება ზრდილობიანი, თავაზიანი, და მართებული იყოს?! დღეს ჭეშმარიტად განათლებული და გულით და გონებით განათლებისაგან გაფაქიზებული და გამწმენდილი კაცი ითხოვს, რომ ადამიანურად, ადამიანის ღირსების ძირს დაუშვებლად ექცევოდნენ თვით ავაზაკსაც კი, რომელიც უკვე წამოსკუპებულია დამნაშავეთა სკამზედ და მსჯავრი მის მიერ შეგინებულის სათნოებისა უკვე თავს დასტრიალებს სამართლიან ზღვევისათვის.
თუ ავაზაკს ესე უნდა მოვექცეთ, მაშ როგორ უნდა მოვექცეთ ერთმანერთს, როცა ბედი და გარემოება შეგვახვედრებს ხოლმე ერთმანერთის განსაკითხად? ცხადია, როგორც, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენში მართებულ, ზრდილობიან განკითხვისათვის ბევრს აკლია საფანელი, ბევრს გული და გონება ამისათვის საკმაოდ განწმენდილი, გაწურთვნილი არა აქვს. ამიტომაც ისეთს თავზედ ხელაღებულს ლანძღვა-თრევას, ისეთის სიხარულით კაცის ავად ხსენებას არსად ნახავთ, როგორც ჩვენში. საკმაოა ჩვენში კაცმა კაცს რაზედმე საბუთიანი უარი უთხრა, საკმაოა ერთს რომელსამე აზრზედ არ დაეთანხმო, საკმაოა შენი საკუთარი აზრი იქონიო, სხვის სიტყვას, სხვის საქმეს სამართლიანი წუნი დასდო, საკმაოა რაც იმას მოსწონს, თქვენ არ მოიწონოთ, ერთ-ერთი ამისთანა საკმაოა-მეთქი, რომ მომდურავმა კაცმა თავისი კალამი თუ ენა ლაფში ამოავლოს და ზედ თავზედ დაგაბერტყოთ. სამწუხარო ჭირთა ჭირი ის არის, რომ ამის მომქმედს ბარაქალის ქუდსა ვხურავთ და ისიც გაბღინძული და გამოჭიმული დადის და უსირცხვილოდ ჰქადულობს თავის სამარცხვინო საქციელს.
დღე არ გადის, რომ ზოგიერთი ადგილებიდამ ესე ლაფში ამოვლებულ კალმით დაწერილი კორრესპონდენციები არ მოგვდიოდეს. ზოგი ბაზარნიკსა ჰლანძღავს, ასეთი და ასეთიაო და სამსახურიდამ უნდა გაგდებულ იქმნასო, ზოგი მღვდელზედ, ზოგი ბლაღოჩინზედ, ზოგი მეზობელზედ, ზოგი მტერზედ, ზოგი მოყვარეზედ. ყოველის სტრიქონიდამ გამოჰკრთის, რომ აქ ნაწყენი, გადამტერებული, დამუქრებული გული მოქმედებს და არა გამკითხველი, გულდინჯი, ჭკუადამჯდარი მართალი.
ამ ლაფის წვიმის ქვეშ, რა თქმა უნდა, უფრო იმისთანანი ჰდგანან, რომელთაც უბედური სვე შეხვედრიათ და გამოსულან გასარჯელად საზოგადო მოედანზედ საზოგადო სამსახურისათვის შეძლებისამებრ. იმისთანა უნუგეშო, უმწეო, ხელთაღუპყრობელი კაცი არ არის ჩვენში, როგორც საზოგადო საქმის მოღვაწე. როგორც გადატეხილს ღობეს, დიდი და პატარა მისდგომია და სთელავს. არავის სტკენს გულს ეს ასეთი უსამართლო ქცევა, არავის ეზიზღება, არავის ეთაკილება. ისე გაბიაბრუებული, ისე გაუპატიურებული არავინ არის ჩვენში, როგორც სვეუბედური მსახური საზოგადო საქმისა. აქაოდა მოედანზედ სდგას და ნიშანში ადვილი ამოსაღებიაო, აღარაფერს ვერიდებით, ვასორსლებთ ტალახის გუნდას და პანტასავით თავზე ვაყრით.

უცდომელი არავინ არის და შესაძლოა საზოგადო მოღვაწე ბევრში სცდებოდეს, ბევრში არ ემარჯვოს, ბევრში იმედი გაუმტყუნდეს და ამასთანავე შესაძლოა, რომ გული, ნამუსი, სინიდისი წმინდა ჰქონდეს, სურვილი, განზრახვა, გულისნადები პატიოსანად ერჩოდეს. არ გამარჯვება, იმედთა გამტყუნება, შეცდომილება საზოგადო მოღვაწისა ჩვენ სასიხარულო ამბად მიგვაჩნია იმიტომ რომ შემთხვევას გვაძლევს ლანძღვის გუდას პირი მოვხსნათ და გაბიაბრუების, გაუპატიურების საწამლავში ამოვლებულ ისრით გული გავურღვიოთ და რამდენად უფრო სატკენია, საწყენია ეს ამბავი მოღვაწისათვის, მით უფრო ბევრს ბარაქალას ვეუბნებით მსროლელსა.

ამ ჭუჭყს მოვერიდნეთ. კმარა ასეთი სამარცხვინო ქცევის შეწყნარება. სამართლიანის გულისწყრომით ზურგი შევაქციოთ სხვის გამაუპატიურებელს და ყოველივე ლანძღვა-თრევით გაბიაბრუებული ჩვენს საფარველქვეშ მივიღოთ და სარჩლი გავუწიოთ. ამას ითხოვს ჯანმრთელობა საზოგადოებისა, ამას ითხოვს ნამუსი და პატიოსნება ყველასი ერთად და თვითვეულისა ცალკედ. გულმტკივნეულად მომქმედი მართებული განმკითხველია და არა შემაგინებელი და მლანძღავი. პირველს მხარი მივსცეთ და მეორე კი... მეორემ კი ილაწლაწოს, ვიდრე თვის საკუთარს ლაფში სული შეუგუბდება და დაირჩობა.


ილია ჭავჭავაძე. თხზულებანი ოც ტომად. ტ. 9. თბ. 2008. გვ. 648–651

Sunday, January 2, 2011

რა გითხრათ, რით გაგახაროთ? ილია ჭავჭავაძე

აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი... რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ? უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ ან ნანვითა ვთქვათ: „ჰოი, წამო სიხარულისავ, ესე სწრაფად სად წახვედი!“ წინ ვიყურებით და ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა მოსჩანს რა, რომ გული გულის ადგილსავე დაგვრჩეს, ან ნატვრით ვთქვათ: „მოვიდინ, დღეო სიხარულისაო!“ რა გითხრათ, რით გაგახაროთ?

ნუთუ ისევე ძველებურადვე თავი უნდა დაგიკრათ და მოგახსენოთ: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი...“ სულ წყალობა ღვთისა და წყალობა ღვთისა, ერთხელ ჩვენ თვითონაც თითი გავძრათ. ერთხელ ჩვენ თითონაც მივდგეთ-მოვდგეთ. წყალობა ღვთისა კარგია, მაგრამ რა ქმნას მარტო წყალობამ, თუ ღვთის მიერ ნაწყალობებს თითონ ადამიანი არა ჰრწყავს, არა სხლავს, არა ჰფურჩქნის, არ უვლის, არ ჰპატრონობს. ღმერთმა, რაც წყალობა იყო, უკვე მოიღო ჩვენზე. დანარჩენი თქვენ იცით და თქვენმა კაცობამაო. რა კაცობა გამოვიჩინეთ? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ჩვენთვის ღმერთს არა დაუშავებია რა, არა დაუზოგვია რა, არა დაუკლია რა; თუ ქვეყანაზე ერთი-ორი კუთხეა იმისთანა, რომ კაცს ეთქმოდეს - ქრისტე ღმერთმა თავისი კალთა უხვებისა აქ დაიბერტყაო, იმათში უკანასკნელი საქართველო არ არის. რაც ღვთის შემძლეობით არის და არა კაცისათი, ის ყველაფერი უკვე მოგვმადლა ღმერთმა. ხელთ გვიჭირავს ეს მშვენიერი ქვეყანა, რომლის მნახავთ შეუძლიათ სამართლიანად სთქვან: „სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა“. ამ სამოთხე ქვეყანაში მარტო ქართველს უგუბდება სული, გული ელევა, ხორცი ადნება... რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ტყე-მინდორი, მთა-ბარი, მიწა-წყალი, ჰავა-ჰაერი იმისთანა გვაქვს, რომ რა გინდა სულო და გულო არ მოიხვეჭო, არ იშოვო, არ გამოიყენო. აქ, ჩიტის რძეს რომ იტყვიან, ისიც იშოვება. ოღონდ ხელი გასძარ, გაისარჯე, იმხნევე, მუცელსა და გულის-თქმას ბატონად ნუ გაიხდი. იცოდე, დღეს მძლეთა მძლეა გარჯა, შრომა და ნაშრომის გაფრთხილება, შენახვა, პატრონობა, გამოზოგვა საჭიროებისამებრ და არა გაუმაძღარ სურვილისამებრ. ვართ კი ასეთნი? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

რა არ გადაგვხდენია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაი-ვაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ყველას გავუძელით, ყველას გავუმაგრდით. შევინახეთ ჩვენი თავი, შევინარჩუნეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი. ლანგ-თემურებმა ჩვენს საკუთარ სისხლში გვბანეს და მაინც დავრჩით და გამოვცოცხლდით. შაჰ-აბაზებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილშვილნი და მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით. აღა-მაჰმად-ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვა-ქვაზედ არ დაგვიყენეს, მოგვსრნეს, მოგვჟლიტეს და მაინც ფეხზედ წამოვდექით. მოვშენდით, წელში გავსწორდით. გავუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ-თურქებს, სპარსელებს, რჯულიანსა და ურჯულოს და დროშა ქართველებისა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ. ცოდვა არ არის, ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭამოს. დრო-ჟამი ამას გვიქადის... რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი. და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავიწირეთ, ცოლ-შვილნი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისათვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს - სამართლიანის თავმოწონებით ვეძახით. ცოდვა არ არის, ეს ერი მოსწყდეს; ცოდვა არ არის, ეს ლომი კოღომ საბუდრად გაიხადოს, ცოდვა არ არის, მელა-ტურამ გამოღრღნას, როგორც მძოვარი, როგორც ლეში. რათ? რისთვის? ვის რა ვირი მოვპარეთ? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ყველა ეს შევძელით და საკითხავად საჭიროა - რამ შეგვაძლებინა? რამ გვიხსნა? ჯვარცმულნი ქრისტესთვის როგორ გადავრჩით? წამებულნი და სისხლმთხეველნი მამულისათვის რამღა გვაცოცხლა, რამ გვასულიერა? მან, რომ ვიცოდით - იმ დროს რა უნდოდა, რა იყო მისი ციხე-სიმაგრე. მისი ფარ-ხმალი, ვაჟკაცობა უნდოდა, ვაჟკაცნი ვიყავით, ხმალი უნდოდა, ხმლის ჭედვა ვიცოდით, ომის საქმეთა ცოდნა უნდოდა, ომის საქმენი ვიცოდით. აი, რამ შეგვაძლებინა, რამ გვიხსნა, რამ შეგვინახა... იმ დროთა ჩარხზე გაჩარხულნი ვიყავით, იმ დროთა ქარ-ცეცხლში გამოფოლადებულნი, იმ დროთა სამჭედურში ნაჭედნი. „სილბო გვქონდა ნაქსოვისა“ - ვით ქრისტიანებს „და სიმტკიცე ნაჭედისა“ - ვით მეომრებსა და მამულიშვილებს. ამით გავიტანეთ თავი. დროთა შესაფერი ღონე ვიცოდით, დროთა შესაფერი ხერხი, დროთა შესაფერი ცოდნა გვქონდა, დროთა შესაფერი მხნეობდა და გამრჯელობა. წავიდა ის დრო: დაჩლუნგდა ხმალი, გაუქმდა ვაჟკაცობა, ეხლა ხმალი თაროზე უნდა შევდვათ, აღარაფრის მაქნისია; ეხლა ან ადლი უნდა გვეჭიროს ხელში, ან გუთანი, ან ჩარხი ქარხნისა, ან მართულები მანქანისა. ეხლა ვაჟკაცობა ომისა კი არ უნდა, რომ სისხლსა ჰღვრიდეს, ვაჟკაცობა უნდა შრომისა, რომ ოფლი ჰღვაროს. კიდევ ვიტყვით, ქვეყანა ეხლა იმისია, ვინც ირჯება და ვინც იცის წესი და ხერხი გარჯისა, ვინც უფრო უფრთხილდება ნაშრომს, ვინც იზოგავს ნაღვაწს. დღეს მძლეთა მძლეა მარტო ის, ვინც მცველია და ბეჯითი სულით და ხორცითა, ცოდნითა და მარჯვენითა. გვჭირს-კი დღეს რომელიმე ეს დროთა შესაფერი სიკეთე? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ხმლიანმა მტერმა ვერ დაგმათმობინა, ვერ წაგვართვა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ქვეყანა. ხმლიანს მტერს გავუძელით, გადავრჩით, ქვეყანა და სახელი შევინახეთ, სახსენებელი არ ამოვიკვეთეთ, შევირჩინეთ, საქოლავი არავის ავაგებინეთ. ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლო-რა - შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსული კი თან გაგვიტანს, ფეხ-ქვეშიდან მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვწყვეტს. სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება და ჩვენს მშვენიერს ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვანი დაეპატრონებიან. შრომასა და გარჯას, ცოდნასა და ხერხს ვერავინ-ღა გაუძლებს, თუ შრომა და გარჯა, ცოდნა და ხერხი წინ არ მივაგებეთ, წინ არ დავახვედრეთ, წინ არ დავუყენეთ. ვართ კი ყოველ ამისთვის მზად? ან გვეტყობა რაშიმე, რომ ყოველივე ეს ვიცით და ვემზადებით?.. რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ეხლაც ომია, ხოლო სისხლის ღვრისა კი არა, ოფლის ღვრისა, ომი უსისხლო, მშვიდობიანი, წყნარი. ამ ომმა არც ბუკი იცის, არც ნაღარა. უბუკ-ნაღაროდ სთესავს, უბუკ-ნაღაროდ მკის. კოკისებურ შხაპუნა ნიაღვარს კი არ ჰგავს, რომ მთა და ბარი თან წაიღოს, მოარღვიოს, მოღაროს და მოგრაგნოს, „მდუმარე წვიმისაებრ ნაყოფის გამომცემელია“. არც რბევა იცის, არც ძარცვა. ეს მის ბუნებაში არა სწერია, თუ თვითონ ადამიანმა გესლი ულმობელის სიხარბისა შიგ არ ჩააწვეთა, ბუნება არ მოუწამლა, არ მოუშხამა. ეს ომი შრომისაა, და ვითარცა შრომა - პატიოსანია, ნამუსიანია და ისეთივე თავმოსაწონებელი, თავ-გამოსაჩენი, როგორც უწინ თოფისა და ხმლის ომი იყო. ვაჟკაცობა ამისთანა ომში ბევრით წინ არის სისხლის ომის ვაჟკაცობაზე. ვაჟკაც გულადზე მშრომელი სამის გაფრენით მეტიაო, - იტყოდა გლეხკაცი თავისებურად ზედგამოჭრით, თუ მართალს ათქმევინებთ. რა გლეხკაცი, თითონ დღევანდელი დღე ამას გვეუბნება, ამას ჰღაღადებს და ჩვენ გვესმის კი ეს ღაღადი? ვაი რომ არა. მაშ რა გითხრათ, რით გაგახაროთ?

არ ვიცით - რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ - რანი ვართ, ვერ გამოგვისახია - რანი ვიქნებით. ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენ, ქართველების წინ და აინუშიაც არ მოგვდის. ამ თხრილის პირას ვდგევართ და საკმაოა ხელი გვკრან - და შინ გადავიჩეხებით დედაბუდიანად. ორბი, არწივიც კი ვეღარ გვიპოვის, ვეღარ დასწვდება ჩვენს ძვლებს, რომ გამოხრან, გამოსწიწკნონ, ისეთი ღრმაა ეს თხრილი, ისეთი უძირო. ვდგევართ და უღონოდა ვბზუით „მე ვარ და ჩემი ნაბადიო“ და ამ ბზუილიდან არა გამოდის-რა. იქნება იმიტომ, რომ ყველა ბუზი კი ბზუის, ფუტკართან კი ყველა ტყუის.

ახალო წელიწადო, თუ რამ შეგიძლიან, თვალი აგვიხილე, ყურებიდან ბამბა გამოგვაცალე, ფუტკრისგან გვასწავლე დროთა შესაფერი სამამაცო ზნენია, რომ ჩვენმა შემდეგმა მაინც აღარა სთქვს: რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ილია ჭავჭავაძე. თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად. ტ. 13. თბ. 1997. გვ. 492