Wednesday, September 22, 2010

კიტა აბაშიძე, ცხოვრება და ხელოვნება


რა არის ხელოვნება? ცხოვრების გარეშე დგას იგი, ცხოვრების ზედმეტი ბარგია, მისი აუცილებელი და არსებითი ნაწილია, თუ მასზედ უმაღლესი და მისი გამამშვენიერებელი? ანდა ხელოვნება იქნებ თვით ცხოვრება იყოს, დარგი ცხოვრებისა, ურომლისოდაც ცხოვრება არ არის სრული? ცხადია, რომ ცხოვრება სრული და მაღალი ისევე შეუძლებელია გარეშე ხელოვნებისა, ვით სიცოცხლე უმზეოდ. ძველი საბერძნეთის ცხოვრება განა დასახიჩრებული და დამახინჯებული, რაღაც უშნო დღენაკლული მოვლენა არ იქნებოდა, რომ მას არა ჰყოლოდა სოფოკლე და პრაქსიტელი, ესქილი და ფიდიოსი? რა იქნებოდა ეს ცხოვრება, და ან მისი მეათასედი მომხიბვლელობა ექნებოდა, რომ არა ჰქონოდა სოფოკლესა და ესქილის ტრაგედიები, პრაქსიტელის და ფიდიოსის სტატუები?

მაშასადამე, ხელოვნება არის ცხოვრების განუკვეთელი და განუყრელი დარგი. კიდევ მეტი, ხელოვნების შესწვალა თქვენ ნათლად შეგაგნებინებთ ამა თუ იმ კულტურის სიმაღლესა და სიმდაბლეს, მის ძლიერებასა და სისუსტეს.

ცხოვრების უფრო ინტენსიური მაგალითები იმ ცხოველში ჩანს, რომელიც ცხოველთა სამეფოს უმაღლეს საფეხურზე დგას. ადამიანი არის საუკეთესო და უმაღლესი ტიპი ცხოველისა, რომელიც შეუქმნია დღემდე ბუნებას; ამასთან, ადამიანთა ცხოვრების უმშვენიერესი და უდიდებულესი სახე ხელოვნებაში ჩანს. ცხოვრება იმ ხალხისა, რომელსაც ხელოვნება არა აქვს, ნადირთა ცხოვრებაა. უმაღლესი ხელოვნება - უმაღლესი კულტურისა და ცხოვრების შექმნილია. რუსო და ვოლტერი, ჰიუგო და ჟორჟ სანდი, ბაირონი და შელი, მიქელანჯელო და რაფაელი, დანტე და რუსთაველი - ყველანი დიდის კულტურის ნიშანია. ისინი იმ ეპოქაში ცხოვრობდნენ, როცა კულტურის ერთი ხანა უმაღლეს წერტილამდე იყო მისული. ხელოვნების დაცემა ნიშნავს კულტურის დაცემას, ცხოვრების გავერანებასა და გაველურებას.

ხელოვნება ცხოვრების უფრო გრძნობიერი დარგია. ყოველივე ცვლილებას ცხოვრებაში მასზე ისეთივე გავლენა აქვს, როგორც ბარომეტრზე ატმოსფეროს ცვლილებას. როცა ცხოვრების ესა თუ ის ძარღვი ლპება, როცა ცხოვრებას ახალი სული დაბერავს ხოლმე, ამას პირველად ხელოვნება აღნიშნავს. ხელოვნების მეუფენი ის გენიოსნი არიან, რომელნიც თითქმის საუკუნეებით ადრე გრძნობენ, რომ ძველი ცხოვრება დამპალია, ახალმა უნდა გაიდგას ფესვი.

რუსო და ვოლტერი საფრანგეთის რევოლუციის წინამორბედნი იყვნენ. ბაირონი და სხვა რომანტიკოსნი პირადობის უმაღლესი თავისუფლების მოსარჩლენი იყვნენ. ეს თავისუფლება პირადობისა დღესაც სალტოლველი და სანეტარო საგანია.


განახლების ეპოქის ხელოვნება მშვენიერი და დიდებული წინასწარმეტყველი იყო ახალი კუტლურისა, რომელიც აშენებული უნდა ყოფილიყო ბერძნულ-რომაული კულტურისა და საქრისტიანო კულტურისაგან. დღევანდელი მწერლობა ევროპისა, ანუნციო, მეტერლინკი, უალდი, დღევანდელი რუსული ლიბერალურა ახალი ცხოვრების მაარობელნი არიან, ახალი ცხოვრებისა, რომელიც ადამიანის ყოველგვარი მოთხოვნილების სრული დაკმაყოფილების მიმდევარი იქნება. დღევანდელი ლიტერატურა თვალსაჩინოს ხდის, რამდენად დამპალი აქვს ძირები თანამედროვე საზოგადოებას, მის კულტურასა და პრინციპებს. თანაც ეს ლიტერატურა იმავე ცხოვრებაში მიგვითითებს სანუგეშო მოვლენაზე, რომ მშვენიერი მხეცი და ადამიანი გონიერი ერთ ხორც და ერთ სულ, განუყრელად შექმნიან მომავალ ცხოვრებას, აღსავსეს სიხარულითა და ბედნიერებით, გაცისკროვნებულს, თავისუფალს უსაზღვროებამდე, სადაც ადამიანი თავისი მისწრაფებით, სურვილით, აზრით, ხორცით და სულით იქნება თავის სრული უფალი და ბატონი.

ამგვარი დიდი მნიშვნელობა აქვს ხელოვნებას ცხოვრებისათვის... ან კი რას ვამბობ, ხელოვნება თვით ცხოვრებაა, მისი საუკეთესო ნაწილი, მისი სულისჩამდგმელი. ხელოვნებაშია გამოხატული ის იდეალი, რომელიც ცხოვრებასა აქვს დასახული, ხელოვნებაშია შედუღებული ის ფორმა და შინაარსი, რომლის შეუხამებლობა ქმნის ტრაგედიას ცხოვრებისას. ხელოვნებამ მიაღწია იმ ჰარმონიას სულსა და ხორცს შორის, რომლის გარეშე ცხოვრება უბადრუკი რამ არის. ხელოვნებამ გვაჩვენა, თუ რა შეუძლია ადამიანის ღვთაებრივობას, მის დიდებულ გონებას. იგი ასწორებს და ამშვენიერებს იმ ცხოვრებას, რომელიც რაღაც აბსოლუტური მიუწვდომელი ინდიფერენტიზმის შექმნილია.

ვენერა მილოსელი ანდა ბელვედერის აპოლონი, ოლიმპის ჰერმესი - ეს იდეალია ზეკაციასა, რომელიც ახალმა ფილოსოფიამ ისეთის სიმტკიცით დაუსახა ცხოვრებას. რომეო და ჰამლეტი, ჯულიეტა, დეზდემონა, ოფელია, ავთანდილი და ტარიელი, ნესტანი და თინათინი, განდეგილის მწყემსი ქალი, - ის უმაღლესი იდეალია სრული კაცისა (რასაკვირველია, დროისა და გარემოების მიხედვით), ის ვარსკვლავია ცხოვრებისა, რომელიც ღვთიურმა ნიჭმა და წინასწარმეტყველურმა გონებამ ადამიანისა იგრძნო და შექმნა; - ცხოვრებაც აქეთ მიისწრაფვის, აქეთ აქვს ბედის ვარსკვლავი. ვინც დღევანდელ ხელოვნებას თვალყურს ადევნებს, ხედავს, თუ რა ღრმა, რა ძლიერი რევოლუცია, რა უსაზღვრო ცვლილება ხდება ცხოვრების ძირში, რომელიც ნაგრძნობი აქვს და შეგნებული ცხოვრების წინასწარმეტყველს - მწერალს, მხატვარს, მოქანდაკესა და მუსიკოსს. იგი ხედავს ახალი ცხოვრების მოხაზულობას: ეს ცხოვრება მშვენიერი იქნება, სიმშვენიერე სულისა და ხორცისა ერთ საფეხურზე იქნება დადგენილი; კაცის სიამოვნება და ბედნიერება, მისი სიხარული და ნეტარება იქნება ცხოვრების ერთადერთი იდეალი, ერთადერთი მიზანი. მაგრამ ამ მხიარული ცხოვრებით უნდა ისარგებლოს არა ერთმა და ორმა, ქურდულად, გინდ ყაჩაღურად, - ეს შეუძლებელიც არის.

ბედნიერება საერთო უნდა იყოს. საერთო ფერხული უნდა იქნეს მომავალი ცხოვრება, ვინაიდან არ არის სიამოვნება იქ, თუ შენს ახლო კვნესა და ტანჯვა ისმის, თუ შენს ყურს, საამო ჰანგების სასმენელად გამზადებულს, ჩაგრულისა და უძლურის მოთქმა ესმის. ყოველი მხიარულება მოწამლულია იქ, სადაც შუაგულ ლხინში ტირილის ხმა ისმის; ყოველი მხიარულება ორკეცდება და ათასკეცდება, თუ შენს ირგვლივ ყველა მონაწილეა შენი ბედნირებისა და სიხარულის.

მაშ, თაყვანი ვცეთ ხელოვნებას, როგორც ჩვენს გამამხნევებელს, მომავალი ბედნირების გამომხატველს და ვიამაყოთ მით, ვინაიდან იგია კაცის ღვთაებრივობის შეურყეველი საბუთი.

No comments: