Tuesday, September 14, 2010

იეთიმ გურჯი


იეთიმ გურჯის ეს პოემა უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ მიეკუთვნება ეპოსის ჟანრს და მთავარი გმირის, რაინდის პოზიცია უკავია ქალს – ანას (აზერბაიჯანელებმა მას "ბაჯი", ანუ "და" შეარქვეს თავიანთი კეთილგანწყობის გამოსახატავად).
ანა ისტორიული პიროვნება იყო და ცხოვრობდა მე–17 საუკუნის ბოლოს. მის შესახებ მონათხრობებში ბევრია მითიური და ლეგენდა, თუმცა, როგორც ჩანს ის მართლაც გამორჩეულად გონებამახვილი და უჩვეულო ფიზიკური ძალის პატრონი იყო.


გმირი ანაბაჯის ლექსი
(ფრაგმენტი)


"ანამ სთქვა: მეტი სახელი
ბაჯი მაზედა მქვიანო,
მტერს რომ მეხივით ვუხვდები
მისთვის დას მეძახიანო."



ანა ქალის ქებას ვიტყვი, ყური იყოს გდებულია,
მის გმირობა ვის არ ახსოვს, ყველგან გაგონებულია.
თუმც მიწაში განისვენებს, სულით განათლებულია,
თფილისიდან სამხრეთითა სოფელ მუხათ დებულია,
კოდა სოფელს რომ იტყვიან მის გვერდ მოშენებულია,
ანა იყო თფილისელი, მუხათ გათხოვებულია,
მისი მსგავსი გმირი ქალი ჯერ არ დაბადებულია;
თათრები ბაჯის უძახდნენ, მისგან შეშინებულია,
ყაჩაღებსა თავსზარს სცემდა გული ფოლად გებულია
ავაზაკნი და მძარცველნი ჰყავდა დამონებულია,
მუხათისა გარეშემო რაც სოფლები დებულია,
ანაბაჯის წყალობითა იყვნენ გამარჯვებულია.
ღარი_ღატაკთ ფარად ედგა, მათთვის გადადებულია.
ყველა მის მზეს ლოცულობდა პირზედ მიკერებულია,
მის მშვენება რომ შევამკო და გმირობა ქებულია;
ტანმაღალი, შავთვალწარბა, შუბლი მირონცხებულია,
სახე გაბადრული მთვარის, ნიკაპ, ხალად ქებულია,
სიგრძე თმისა კოჭებამდის მეტად დამშვენებულია,
გული, მკერდი და მკლავები, როსტომ მიგვანებულია,
ჩვეულება მარცხნივ გვერდზე ხანჯალ დაკიდებულია,
ცხენზედ მჯდომი ვის უნახავს მისებრ გაჭენებულია,
მოთამაშე, მოჯირითე, ხმალი მოღერებულია,
ჭიდაობა, მუშტის გარტყმა, მისგან მოგონებულია.
ერთი გარტყმით წააქცევდა კამბეჩსა გაგიჟებულსა,
მთლად ვერავინ ადგებოდა მისი დახეთქებულია,
ზარის ხმაზედ იმღერიდა ტკბილად დაძახებულია.
მაგრამ სიკვდილს ვერ დასძლია, ახლა დავიწყებულია,
გვარი ბაჯიაშვილისა დღეს ხომ გამრავლებულია.
უკბდავია მის სახელი თვითონ დამიწებულია.
ანაბაჯის ამბავს მოვთვლი მსმენელნი ვალდებულია,
ახლა დავიწყებ მის ამბავს, ყურისგდება იყოს თქვენში,
თუ რა სახელი დატოვა ანამ თავის სიცოცხლეში.
ორი წლისა გათხოვილი იყო მეთვრამეტე წელში,
სტუმრად იყო მიწვეული მოკეთესთან სოფელ წყნეთში,
ისიც გითხრათ რა დრო იყო: სწორედ მარიამობის თვეში,
წყნეთის ქალ_რძალნი წავიდნენ, ანაც წაიყვანეს ტყეში.
შვინდსა კრეფდნენ, ხმაურობდნენ, მასხარობდნენ ერთმანეთში
ამ დროს ზაქარ მონადირის თოფმა დაიჭექა ხევში:
თურმე დათვსა დაახალა და მოარტყა უკან ფეხში.
ქალებსა ფერი ეცვალათ, როგორც მკვდართა სამარეში.
მტრის შემოსევა ეგონათ, როგორც წინათ იყო ჩვენში,
სუყველა ერთად შექუჩდნენ, იმ დიდ დაბურულ ფოთლებში.
სულგანაბულნი ერთმანეთს კი შესცქეროდნენ სახეში,
ამ დროს დაჭრილი დათუნა მათ მიაწყდა საფარეში.
თავსაშველად რომ გარბოდა დასამალად "საირმეში",
კაი ხარის ტოლა იყო, დაერია თან ქალებში.
წივილ_კივილი გააბეს, ეცნენ აქა_იქ ჭალებში.
დახე, ჩვენი ანაბაჯის, ვენაცვალე იმ მკლავებში!
"ნუ გეშინიათ, ქალებო, არვის შეგრცხვეთ თქვენ თქვენს ქმრებში."
ერთი მაგრა შეჰკივლა, და გასწორდა გმირად წელში,
გადახტა და დათუნასა მუშტი მიაკერა გვერდში:
რა რომ დათვმა შეუტია, ანა დასწვდა წინა ფეხში,
როგორც ბურთი, ისე დასცა, სუმთლად შეარყია ძვლებში,
შვინდისა ტოტი მოსტეხა, დაუშინა თავში, წელში,_
აგერ ზაქარაც გამოჩნდა, განთქმული მთელ სოფელშია
"დაჰკარ, ქალო, ყოჩაღ ქალო"! მორბოდა თოფით ხელშია.
ანამ ხანჯალი წაჰგლიჯა, დათვსა შეურჭო ყელში.
დაჰკრა, დაჰკრა, გამოუსვა, მარტო თავი შერჩა ხელში.
დათვი მოჰკლა ანა ქალმა, ხმა გავარდა მთელ სოფელში,
ეს სახელი შეიძინა სულ პირველად თვრამეტ წელში.
კოდასთან ახლო მინდვრისთავს კვირაცხოველი ჰქვიანო,
დღესაც ეტყობა ნიშნები, ნანგრევები ჰყრიანო;
აღდგომის სწორსა მლოცვანი დღეობით მოიყრიანო,
ყოველ წელს ხალხი მრავალი ხატის კარს ილხენიანო.
იქ იყო მისი დღეობა, ხალხნი საღმრთოსა ჰკვლიანო,
ურმების ძირში მიმსხდარან, ლურჯ საფარს გაიშლიანო,
სავსე ტიკები იცლება, ზოგნი სამწვადეს თლიანო,
მამაკაცები დამთვრალან, მრავალჟამს დასძახიანო.
გადი_გამოდის ყანწები, ძველსა მკვდრებს იხსენიანო,
ქალნი დაირას უკრავენ და თანაც გაუსვიანო,
იქ დასანიშნი ბიჭები სატრფოსა ინატვრიანო,
მეზურნეც უკრავს გმირულსა, ქადილსაც ემზადიანო,
ჩოხაჩაცმულსა ბიჭებსა, სარტყელი დამშვენიანო,
ყველა სოფელი იქ არის: "ჩვენ ვერვინ გაგვლახიანო",
ზოგნი ახლად მოდიან, ცხენებით მოჰქროლიანო.
ჰა, კიდეც დაჰკრეს გმირული, ბიჭები სწორდებიანო,
სხვადასხვა სოფლის გმირები მეიდან გამოდიანო,
ზოგი გმირულად უხვდება, ზოგი ძირს ეცემიანო,
"ჩვენმა აჯობა თქვენსასა", ერთმანეთს უყვირიანო
ახალი მოჭიდავები მზად დგანან ელოდიანო,
"ახალი ვინ ხართ, გამოდით," შუიდან იძახიანო,
ანაბაჯია ქმარ_შვილით, ისინიც იქ არიანო;
თავის ძვირფასი სტუმრებით ილხენენ, იმღერიანო,
ანა დამღერის ტკბილადა, იმის ხმას შენატრიანო,
ჭიდაობიდან ხმა ესმათ: "მუხათო ხომ გრცხვენიანო",
თქვენი ნაქები სიმონი გავლახეთ მუხათ ტიალო!
ანამ ეხვეწა მამამთილს: "მამავ, გენაცვა, ხნიანო,
ნება მომეცი გადავხტე, ვნახო, თუ ვინ არიანო!
სოფელი სოფელს უძახის და ძლიერ იკვეხნიანო,
ჩვენი სოფლელი სიმონი დასცეს და დაგვცინიანო.
წავლენ და დაიკვეხებენ მუხათს რა შეუძლიანო,
უნდა ვუჩვენო სეირი, თუ რომ მე ანა მქვიანო.
ჩვენი სოფელი მუხათის სახელი გავაძლიერო,
ან მეც გამლახონ ბარემღა, ან ყველა გავამტვრიანო".
"რას ამბობ, შვილო ანაო, აბა რა შეგიძლიანო!
მანდ ისეთი ბიჭებია ლომნიც კი გაურბიანო".
"აბა, თუ ლომნი ყოფილან, მეც ანას მეძახიანო,
დედა წამიწყდეს ძვირფასი თუ გასვლა დავაგვიანო."
წელთ შემოირტყა სარტყელი, ხალხი სულ გაჰკვირდიანო,
გადახტა მოედანზედა, ყველა მას შესცქერიანო.
ვისია რძალი, ლამაზი, ვიცოდეთ, რა სწადიანო:
საკოცნელადა მოსულა, თორემ რა შეუძლიანო?
"არა, მე გავალ, არა, მე," ერთმანეთს ეცილიანო,
რას შემომცქერით, ბიჭებო, ეს საჭიდაო ველია,
მე თფილისელი ქალი ვარ და რძალი მუხათელია.
რომ გამილახეთ სიმონი, ის ჩემი მეზობელია,
მუხათის ქალსაც დაუხვდით, ვისა გული გაქვთ მთელია.
აქედან ფეხს არ მოვიცვლი, რადგან რომ გამოველია,
სანამ არ დამცემთ მიწაზედ, ბარგს არ ამაკრავთ მტვერია
ვისაც გნებავდეთ, გადმოდით, ეხლა ჭიდილის ჯერია.
ერთმა თქვა: "მაგის მოხვევა ჯანისთვის მარგებელია,
თანაც ხომ ერთსაც ვაკოცებ, ისიც ზედ სარგებელია."
გადუთამაშა გიორგიმ, ნაქები თელეთელია;
ანამ დასტაცა, ძირს დასცა, ასო არ აჰყვა მთელია,
მეორედ ჩამოუარა სოსიამ, ბარბარელია.
მაგრამ ისეთი დაეცა ვერც კი მოჰკიდა ხელია;
გადმოფრინდა მესამე ივანე ვაშლოვნელია,
ისე ჩაემტვრა გვერდები_ექიმი საშოვნელია,
გადმოხტა ბიჭი ნაქები პოღოსა დურნუკელია.
ისიც ისეთი გაუშვა, თვალები დარჩა ბნელია.
ცალთვალა ბიჭი თამაშობს, უძახდნენ გმირი "ელია",
მასაც ცხვირიდან ადინა, რაც ესვა, რაც დაელია.
ვართანა მაგრად დახვდება, ის ბიჭი ყაზახელია!
მაგრამ ისეთი დაემხო, დასწყვიტა შინა წელია.
შაქრუა ბიჭი მოუხტა, მარდია, ქიზიყელია,
ისიც ასეთი დასთხლიშა, როგორც ნაბდისა ძველია,
ორიც ზედიზედ აგორა, ხეჩო და არაქელი.
კუმელი თედოც დაურთო, ყასაბი ქალაქელია,
სომეხ დაღეთელ ბიჭებს აღარ უვარგოდათ ტანი,
ოთხივე ისე აგორა, როგორც რომ ვირის კურტანი.
.................................
მუხათში ქორწილი იყო, ზურნა იკვროდა ხმიანი.
ლხინი იყო და თამაში, ღამე იყო Mმთვარიანი,
უცებ ვაშლოვნის მხრიდანა თოფებმა იწყეს გრიალი,
თანაც ხალხი გამორბოდა, ისმოდა რაღაც ღრიალი
არიქათ, მუხათელებო, სადა გყავთ ანა ღვთიანი.
თათრებმა ქალი მოგვტაცეს თამრო ლამაზი თმიანი
ეს რომ ანამ გაიგო, სისხლმან დაუწყო ტრიალი,
დედას გიტირებთ, თათრებო, თუ არ მოგაყენოთ ზიანი.
თუ თქვენ ქალი გაგატანოთ, დღე აღარ ვნახო მზიანი,
ხუდავერდიანთ ცხენი ჰყავდათ, სწრაფი იყო ვით ფრთიანი,
სამსა დღესა გაივლიდა, გზა რომ ჰქონოდა თვიანი.
ტეტველა ცხენს წამოახტა, მათრახი დასცხო მწვიანი
თან მარტო ხმალი წაიღო, ცხენმაც დაიწყო ბზრიალი
მარაბდის ბოლოში თათრებს წინ გადაუდგა ხმლიანი.
სად მიგყავთ ქალი, თათრებო, იქნებ გგონიათ ტიალი,
აბა, ახლა წაიყვანეთ, თუ ბიჭები ხართ ფხიანი,
დასჭყივლა ზარის ხმაზედა, ხმალმაც დაიწყო პრიალი,
თეზნ, ყაჩაღ ანა ყზიდრ, იქნებ გადავრჩეთ მთლიანი.
ქალი უშვეს და გაიქცნენ, ორი დარჩათ სისხლიანი,
ანამ მაჰმადთან გაგზავნა ერთი უბედურ დღიანი,
მეორეც თან მიჰყვებოდა, აღარც დრო ჰქონდა გვიანი.
ანამ ცხენზედ შემოისო თამრო თექვსმეყი წლიანი,
ცხენით ვაშლოვანს მოჰფრინდა, პატრონს მოჰგვარა მთლიანი.
სუყველა ანას ლოცავდა, ქალი ანა _ სწორსამართლიანი,
სიმართლისთვის დარი იყო, ბოროტისთვის ავდრიანი.

არჩილ ჯორჯაძე. ეროვნული პრობლემა საქართველოში


გთავაზობთ არჩილ ჯორჯაძის სტატიის "ეროვნული პრობლემა საქართველოში" ფრაგმენტებს. როგორც მოცემული ტექსტებიდან ჩანს, სტატიის ავტორი ოპონოირებას უწევს მეოცე საუკუნეში გავრცელებულ შეხედულებას, თითქოს "ერი" მხოლოდ ნაციონალობასთან იყოს კავშირში. არჩილ ჯორჯაძე საპირისპიროდ, ამკვიდრებს ამ ცნების ახლებურ გაგებას, რაც ახლო დგას ილია ჭავჭავაძის "საზოგადოებასთან" და თანამედროვე "სამოქალაქო საზოგადოებასთან".


"ხალხი შევიწროებული და შეხუთულია, ხოლო მოადგებოდა რა მას მტერი, იგი ივიწყებდა თავის ვარამს, ხელს აძლევდა თავის მჩაგვრელს და მასთან ერთად მტერს ებრძოდა. ეტყობა, ის გარეშე მტერი მას უფრო მავნებელ მტრად მიიაჩდა ვიდრე შინაური ბატონი, რომ მიუხედავად ნივთიერ უთანასწორებისა, ჩვენი გლეხი რაღაცით დაკავშირებული იყო სხვა წოდებასთან. მას შინაური მონობა ერჩია გარეშე ძალის მონობას. ეს რაღაც იყო – ენა, ზნე, ჩვეულება, სარწმუნოება, ისტორიული ტრადიცია და სხვა და ის სხვა – ის რასაც მეცნიერები ფსიზიკურ ფაქტორს უწოდებენ. მაშასადამე ჩვენი ხალხი თავის თავს იცავდა, იცავდა თავის მიწას და სარწმუნოვებას.
ყველა ამისი დაცვა მას თავისუფლების დაცვად მიაჩნდა და გარეშე მტერს იგი უყურებდა როგორც იმის სიცოცხლის და თავისუფლების დამამხობელს. ასე, რომ ძველ დროში ეროვნული კითხვა ქართველი ხალხის, სიცოცხლის და თავისუფლების კითხვა იყო. სიცოცხლე და თავისუფლება ხომ ხალხს თავისებურად ესმოდა.
სიცოცხლე – გამრავლების და ბედნიერების უფლება. თავისუფლება კი – ამ უფლების ხელშეუხებლობა, შურყევლობა...…ჩვენს დროში რაღა არის ეროვნული საკითხი? რა ნიადაგზე შეიძლება შეთანხმება ორგვარი მოვლენისა, ერთი მხრივ, ეროვნული თანხმობის, მეორეს მხრივ, თანამედროვე ეკონომიური წინაღმდეგობისა, განხეთქილებისა? რანაირად შეზავდეს ერთმანეთში კლასთა ბრძოლის პრინციპი და ეროვნება? ამ კითხვის გამოკვლევისთვის ჩვენ დაბეჯიტებით უნდა ვიცოდეთ ის თუ რა არის ეროვნება ანუ ნაციონალიზმი, შეგნება იმ აზრისა, რომ მე როგორც კერძო ადამიანს, მაქვს ნივთიერი და სულიერი კავშირი ჩემ ხალხთან. ხოლო საიდან წარმოდგება ეს კავშირი? იმ შეგნებიდან, რომ ეს კავშირი თავდებია სიცოცხლის, ბედნიერების და თავისუფლებისა. ისტორიულ მსვლელობაში ადამიანი ერთბაშად ვერ მიხვდა, რომ ყოველი ადამიანი ადამიანია, ვიდრე ის იმ აზრამდე მივიდოდა, მისთვის საჭირო იყო განვლილი გზა განევლო, ოჯახების შეერთებიდან თან-და -თან თემი შედგა, თემების შეერთებიდან – ხალხი და ხალხი ცნობიერების გაღვიძების წყალობით ერად იქცა. ასე რომ მხოლოდ ის ხალხი ჩაითვლება ერად, რომელსაც აქვს თავის ხალხოსნობის შეგნება, თვითცნობიერება. მაშასადამე ერი თვით მცოდნე ხალხია, ეროვნება – შეგნება ნათესაობის და კავშირისა განსაზღვრულ ადამიანთა შორის, შეგნება აგრეთვე იმ აზრისა, რომ ეგ კავშირი სხვა, უფრო ძლიერ მტერთან ბრძოლისთვის აუცილებელი და უსაჭიროესი იარაღია."


"...კიდევ ეროვნება და ეროვნების შესახებ ლაპარაკი! იფიქრებს მკითხველი
წარსულ საუკუნის მეორე ნახევარში ამ საგნის გარშემო ტრიალებდა ქართველი ინტელიგენციის აზრი. ბევრი წერილი დაწერილა, ბევრი სჯა-ბაასი გამართულა ამ პრობლემის შესახებ. გადავდგით ფეხი მეოცე საუკუნეში და ისევ აგვეტუზა თვალწინ ისევ იგივე საგანი, ისევ აგვალაპარაკა, ისევ ჩაგვაფიქრა და გამოურკვეველ მდგომარეობაში ჩაგვაგდო.
და უნდა ვსთქვათ, რომ წინად ეროვნების შესახებ ლაპარაკი ქართველ პუბლიცისტიკისთვის ერთგვარი გულის მოსაფხანი საშვალება იყო. ეხლა ამ ლაპარაკს საქმიანობის ელფერი დაეტყო. პუბლიცისტი აღარ ჰგოდებს, აღარ იმსჭვალვება სევდით, იგი ეძებს პრაქტიკულ გზას, პრაქტიკულ პირობებს, რომელშიაც მას სწადია ეროვნული ცხოვრების ჩაყენება.
დღეს ეროვნული პრობლემა არა მარტო თეორიულ და რომანტიულ ინტერეს წარმოადგენს, არამედ სამკვიდრო-საციცოცხლო საგანს, იმისთანა რამ საგანს, რომელიც ყოფს ქართველ ინტელიგენციას ორ დიდი ბანაკად, მაშინ როდესაც ამ საგანს ორ პროგრესულ პარტიათა შორის ქიშპობა და მძულვარება კი არ უნდა გამოეწვია, არამედ შეთანხმებული და ერთი აზრით გამსჭვალული მოქმედება.
დღეს ჩვენს საზოგადოებაში სხვადსხვა კლასიფიკაციის საფუძვლად ეროვნული პრობლემა გახდა. არავინ დაეძებს თუ რა მსოფლმხედველობის პატრონი ხართ საზოგადოდ, რა თვალით უყურებთ შრომის ორგანიზაცის საქმეს, რა გიყვართ ხელოვნებაში და რას ეძებთ, რას ესწრაფვით სიცოცხლეში. ყოველივე ეს დღეს საინტერესო არ არი. საინტერესოა მხოლოდ ერთი რამ, სახელდობრ ის თუ როგორ გესმით ეროვნული პრობლემა. ავტომონომისტი ხართ თუ ავტონომიის მოწინაღმდეგე. ამაყად ატარებთ ქართველი კაცის სახელს, თუ სირცხვილით იწვით, რომ განგებამ ქართველად გშობა და ქართულ ენაზე მოსაუბრე ადამიანად გაგაჩინა.
თუ აშკარაა და ნათელი ამ საგნის შესახებ თქვენი აზრი დანარჩენი ყველაფერი ნათლით იფინება, თუ თქვენ იმდენად გულუბრყვილო ბრძანდებით, რომ ქართველობა არ გეთაკილებად, არც გეზიზღებათ, იცოდეთ შავრაზმელთა ჯგუფში უნდა ჩაირიცხოთ, ნაციონალისტის სამარცხვინო სახელი უნდა ატაროთ და წყვდიადი და ბნელეთია მაშინ თქვენი ხვედრი და თუ გამოხვედით მოედანზე და შესძახეთ გულში ხელის ჩარტყმევით: ამხანაგებო წარსული მძულს და აწყმო მეზიზრებათქო იცოდეთ რომ თქვენი მომავალი უზრუნველყოფილია, შარავანდედით შეიმკობა თქვენი კოსმოპოლიტიკური გვამი და ქუჩაში გავლისას თქვენზე თითით მიანიშნებენ და იტყვიან: აი ჩვენი მხსნელი, აი თავისუფლების მოციქული და შავრაზმელ ნაციონალისტთა ამომგდებიო."

Monday, September 13, 2010

ქალთა უფლებები


მე–19 საუკუნეში აქტუალურია ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის პრობლემა. ამ საკითხებზე საუბრობენ ქართველი მოაზროვნეები თავიანთ პუბლიცისტიკაში. მათი მიზანია, წარმოაჩინონ, რომ საქართელოში ოდითგანვე იყო ქალის როლი და მოვალეობა სათანადოდო დაფასებული. ზოგიერთი მწერალი ხაზს უსვამს ქართველი ქალის ზნეობრივ თვისებებს, სხვანი კი გამოკვეთენ ფუნქციებს, რომელთაც ისინი ისტორიულად ითავსებდნენ:


"ახალციხის ქალთა უფასო სკოლა დაარსდა 1871 წელს ა. ვ. მუსხელიშვილის მზრუნველობითა და გონივრული ინიციატივით... ეს პირველ ხანებში თითქმის დაუძლეველ სიძნელეებს წარმოადგენდა. საჭირო იყო ადგილობრივ მცხოვრებთა წრეში სანახევროდ მაინც შექმნილიყო მოთხოვნილება მოზარდ ქალთა წერა-კითხვის ცოდნისა და განათლებისა; საჭირო იყო საზოგადოების ინტელიგენტურ ნაწილში გაღვიძებულიყო თანაგრძნობა სასწავლებლის დაარსებისადმი და მის მხრივ აქტიური მონაწილეობის გამოწვევა... იმედი ვიქონიოთ, რომ ახალციხის ქალთა უფასო სკოლა ჰპოვებს მიმბაძველებს ჩვენი კუთხის სხვა სამაზრო ქალაქებში და იქნება ნიმუში ქალთა უფასო სკოლების დაარსებისა და ორგანიზაციისა, რომელთა საჭიროება ყველგან ასე ძლიერ იგრძნობა".

იაკობ გოგებაშვილი


"...შეიცვალა კაცის აზრი, შეხედულობა ქალის დანიშნულებაზე; შეიცვალა კაცის უფლება ქალზე. პირველ საზოგადოებაში ქალი ავეჯათ მიაჩნდათ; იმას არც ხმა, არც ძალა, უფლება აქვს. შემდგომში ის თავისი შნოთი ცოტაოდენს გავლენას პოულობს და კაცი იმას მხოლოდ სილამაზისათვის, სიამოვნებისათვის ფასებას უწყებს. ქალის მდგომარეობა კეთდება, მისი ხასიათიც იცვლება და ქალი კაცობრიობის საქმეებში მონაწილეობას იღებს. ამ მდგომარეობაში მისი ბედი უწინდელს როდიღა ჩამოგავს... მის აზრს პატივის ცემას უწყებენ, მის ქონებას აფასებენ და საზოგადო და საშინაო საქმეში უიმისოთ აღარას შვრებიან... მაგრამ ზოგს რომ უთხრა: ”პეტერბურგში ქალებისათვის თანამდებობა მიუციათ, სამსახურში მიუღიათ და ანგარიშების წიგნები მიუბარებიათ... დღეს თუ ხვალ მათთვის იქნება სასწავლებელიც გამართონ, რომ ქალმაც იმდენი იცოდეს, როგორც კაცმა... იტყვიან: ”წახდა, თქვენმა სიცოცხლემ, ეს ქვეყანა! არა, თუ ღმერთი გწამთ, ეს ვისღა უნახავს, ქალი რომ დარბაზიდან გამოჰყავდეთ და ანგარიშის წიგნებს აბარებდენ? რა ვქნა, ეს ჩვენი წინაპრები, ის დალოცვილები, სულელ კაცათ არავის მიაჩნია, და თუ ქალს სამსახური მოუხდებოდა, ისინი კი ვერ მისცემდენ ადგილს? თუ არ მიუციათ, ცხადია, რომ სამსახური ქალის საქმე არააა..."

ნიკო ნიკოლაძე



"მოგვწონს და ის გვიხარიან, რომ ჩვენს ქალებს თავის თავის შველა მოუწადინებიათ და სათავედ დაუდვიათ საკუთარი მხნეობა, საკუთარი მეცადინეობა. უკეთესს სახსარს, უკეთესს ღონეს სხვას ვერას იპოვიან, თუ მართლა ჰსურთ საქმის გაკეთება... ჩვენ ეს ამბავი სიხარულით შეგვაქვს ჩვენს მატიანეში და მივულოცავთ ჩვენს ქალებს, რომ ჭეშმარიტს გზას დასდგომიან თავიანთ სვე-ბედის გასასწორებლად. მალე შეუსრულდებათ ეს კეთილი განზრახვა, თუ გვიან, _ დღეს საქმე იმაში არ არის. საქმე იმაშია, რომ თავიანთი საკუთარი მხნეობა, საკუთარი გამრჯელობა დაუდვიათ სათავედ თავიანთ მოქმედებისათვის და შესდგომიან, რომ თავის საკუთარის ხელითა და გარჯით გაიტანონ ცხოვრების მოედნიდამ თავიანთ სვე-ბედის ბურთი. რაც გინდ ბევრი დაბრკოლება აღმოუჩნდეს პირველ ხანებში ამ ქალებისაგან განზრახულს საქმეს, ბოლო მაინც გამარჯვებაა და გამარჯვება, რადგანაც იშვიათი ამბავია, რომ დაუღალავს მხნეობასა და საქმის ბოლომდე მედგრად მიყოლას თავი არ გაეტანოს. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენს ქალებს წესად მიუღიათ, რომ _ "თუ თვით არ ვიღწვით, ვერ ვპოვებთ კეთილსა შესაკრებულსა".

ილია ჭავჭავაძე



"ქართველი ქალი წინედ, როცა კი გარემოება მოითხოვდა, იჩენდა სწორედ ვაჟკაცურს უნარსა და უშიშრობასა. შორს რომ არ წავიდეთ, გავიხსენოთ ჯერ მეფე ერეკლეს ძლიერ უშიშარი ქალი, თეკლე ბიჭად წოდებული, მერე ანდრონიკაშვილის რძალი, რომელსაც წარსულის საუკუნის დამლევს, როცა თბილისიდგან მუხრანს მიდიოდა, მცეთის ზევით, ღართისკარში წინ გადაეღობა ლეკთა გუნდი, მაგრამ მან მამაცად თავისი ჯარით იერიში მიიტანა და გაფანტა და ეს გამარჯვება ქართველის ქალისა მთელმა თბილისმა იდღესასწაულა ჩირაღდნებით და საერთო ლხინით. მესამედ მარიამ დედოფალი, მეფე გიორგის მეუღლე, რომელმაც ხანჯლით მოჰკლა ლაზარევი და მეოთხედ კახეთის აჯანყება ამ საუკუნის მეთერთმეტე წელში. ეს აჯანყება ვინ მოახდინა? ქართველმა გლეხმა ქალმა, ქართველმა ქალებმა. ერთს მოკრთალე კახელს ქალზედ სალდათმა ძალა მიიტანა. შეურაცხყოფილმა და გაალმასებულმა ქალმა ჩამოიღო კედლიდგან თოფ-იარაღი, შეისხა ტანზე, მიიჭრა კაცების გროვასთან, მოხადა ქუდი თავისს ქმარსა, თავისი ლეჩაქი იმას მოახვია თავზედ, დაიხურა ქუდი და გაეშვა სალდათებისაკენ. მას მიჰყვნენ სხვა ქალები, მერმე კაცები და მთელი კახეთი აჯანყდა. ქართველის ქალის ამისთანა გაბედულობით სავსეა ჩვენი ისტორია და მეტადრე საინგილოს წარსული... საინგილო, როგორც განაპირა კუთხე საქართველოსი, ხშირად იყო ბრძოლის თეატრად. მას ეტანებოდნენ, იჩემებდნენ ერთი მხრივ ლეკები, მეორე მხრივ –სპარსელები, ყიზილბაშები... ქვეყანა აოხრდებოდა და განადგურდებოდა, მამაკაცთა ძალას რომ არ მიშველებოდა ქალთა ძალა. თავისი ნამუსის, ოჯახის და ქვეყნის დასაცველად ინგილო ქალი გაუხდა თავისს ქმარს მეუღლედ არა მარტო შინაობაში, არამედ ომშიაც. იმან ისწავლა მარჯვედ ხმარება თოფ-იარაღისა, ქალური ტანისამოსი გაიმარტივა, და კარზედ მიმხდარს მტერს დაუხვდებოდა ხოლმე ხანჯლით და ტყვია-წამლით... ამან დააკარგვინა მას ქართველის ქალის სიკეკლუცე, მაგრამ სამაგიეროდ მიანიჭა თითქმის ვაჟკაცური ძალ-ღონე და გამბედაობა."


იაკობ გოგებაშვილი

Wednesday, August 25, 2010

რატომ უნდა ვეძიოთ სამოქალაქო საზოგადოების ფასეულობები სასულიერო მწერლობაში

დამეთანხმებით, ძნელია ზღვარის გავლება იდეოლოგიათა ფუნდამენტურ ფასეულობებს შორის, რადგან არსებობს მარადიული და ზოგადადამიანური ღირებულებები, რომლებსაც ვერც ერთი რელიგიის თუ პოლიტიკური იდეოლოგიის კუთვნილებად ვერ მივიჩნევთ. დღეს ბევრს ვსაუბრობთ გენდერული თანასწორობის თემაზე "ვეფხისტყაოსანში" და ვეყრდნობით აფორიზმს "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია", თუმცა არაერთხელ აღინიშნა, რომ ამ ფრაზაში ძუ და ხვადი ლეკვების "სწორობაში" არა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის იდეაა აკუმულირებული, არამედ ხაზგასმულია,რომ ლომის (მეფის) ნაშიერთა შორის ძუ და ხვადი (ქალი, მამაკაცი) არ განირჩევა. ამდენად, თითოეულ ფრაზას სიღრმისეული ანალიზი და პასუხისმგებლობიანი მიდგომა სჭირდება.

რამდენად ლიბერალური – თავისუფალია ქართული მწერლობა ან ეფუძნება თუ არა ის ცალკეულ ლიბერალურ ღირებულებებს – ამ საკითხების კვლევისას უმთავრესად უნდა გადაგველახა დილემა – საჭიროა თუ არა ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებების კვლევა არადემოკრატიულ კულტურაში ან იმ ეპოქებში, როდესაც "ლიბერალიზმი", როგორც იდეოლოგია ჯერ არც დაბადებულიყო. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მიერ განსახილველად წარმოდგენილი მაგალითების გარკვეულ ნაწილში მოვიაზრებთ არა ლიბერალიზმსა და დემოკრატიას, არამედ ცალკეულ ფასეულობებს (რომლებიც, გარკვეულ ეტაპზე, თანხვდება ქრისტიანულ სათნოებებს). ხოლო კვლევის მიზანია, მის ბენეფიციარებს აჩვენოს, რომ ეს ფასეულობები ვითარდებოდა ქართულ კულტურაში, როგორც იმანენტური და თვითმყოფადი და არა მხოლოდ დასავლური კულტურების მიერ გადმოცემული.

ამდენად, მოვიხმობთ რამდენიმე მაგალითს შუასაუკუნეების ქართული ლიტერატურიდან, სადაც ყველაზე ნათლად იკვეთება ლიბერალური ფასეულობების არსებობა:

შუშანიკის წამება

ინდივიდის არჩევანის თავისუფლება – დედოფალი არ არის შვილების არჩევანზე ძალადობის მომხრე.

ეთნიკური შემწყნარებლობა – წმინდა შუშანიკი, რომელსაც მისი პიროვნული თვისებების და ღვაწლის გამო სამაგალითოდ პერსონად წარმოგვიდგენს ნაწარმოების ავტორი, ეროვნებით სომეხია.

საყოველთაო თანასწორობის იდეა – ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ღვთის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია და მხოლოდ პიროვნული თვისებების მიხედვით განიკითხება. ამ აზრს განავრცობს წმინდა შუშანიკი, როდესაც ამბობს: "განვისაჯნეთ მე და ვარსქენ პიტიახში მუნ... სადა არა არს რჩევა მამაკაცისა და დედაკაცისა... სადა მე და მან სწორი სიტყვა ვთქვათ წინაშე უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესა".


აბო თბილელის მარტვილობა

ეთნიკური შემწყნარებლობა – არაბი მოწამე იმდენად შეითვისა ქართულმა ეკლესიამ, რომ საეკლესიო კალენდარში "თბილელის" სახელით მოიხსენიება.

წმინდანთა ცხოვრებებსა და მარტვილობებში მთავარი პოზიცია ხშირად უკავიათ ეროვნებით არაქართველებს (წმინდა ნინო, წმინდა ევსტათი მცხეთელი, ცამეტი ასურელი მამა და ა.შ.). მე–5–8 საუკუნეების ლიტერატურაში ეთნოსის ცნებას არ აქვს ისეთი მნიშვნელოვანი დატვირთვა, როგორიც მომდევნო, მე9–12 საუკუნეებშო. ამ მოვლენას აქვს თავისი ლოგიკა – ნაციონალობა იდენტიფიცირებულია რელიგიურ კუთვნილებასთან. ქართულ საეკლესიო კალენდარში ქართველ წმინდანთა შორის თანასწორად მოიაზრებიან ეროვნებით სომეხი, სპარსი, კაბადოკიელი და სხვ., "სომეხად", "ფრანგად", სპარსად" კი მოიხსენიებოდა მონოფიზიტი, კათოლიკე, მუსლიმანი.


ყურადღებას იმსახურებს ის მოვლენა, რომ ქართული ქრისტიანობა განვითარების საწყის ეტაპებზეც ადგილობრივი კულტურის მიმართ არ ავლენს განსაკუთრებულ "სიმკაცრეს". მეტიც, ის ერწყმის ლოკალურს და ამ ღიაობით ახერხებს უფრო მნიშვნელოვანს – საბოლოოდ დამკვიდრებას და კულტურის სიღრმისეულ შრეებში შეღწევას. ამის მაგალითად შეიძლება გამოდგეს ქართული ხალხური სიმღერისა და ქართული გალობის სტილისტური მსგავსება; ქართული ჰიმნოგრაფიის მიერ სარგებლობა ქართული შაირის სალექსო საზომით, რომელიც იამბიკოსგან განსხვავებით, არ მოიაზრებოდა საკრალურ სალექსო საზომთა ე.წ. "ხმათა" შორის. მიუხედავად ამისა, რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ჰიმნი სწორედ შაირის საზომით არის შესრულებული. საინტერესოა წარმართული საკულტო სიმბოლოების ათვისება და გადააზრება ქრისტიანობის მიერ (მზე, ვაზი და სხვ.) (რ. სირაძე). გავიხსენოთ ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი წმინდა ნინოს ცხოვრებიდან, როდესაც წმინდანი არმაზის კერპის მსხვრევის შემდეგ მისგან იღებს ბივრილის თვლებს და ინახავს. შეიძლება, ვიფიქროთ, რომ ეს ეპიზოდი სწორედ ტოლერანტობის ალეგორიზებაა, რაც განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე გამოავლინა ქრისტიანობამ საქართველოში.

როგორც ცნობილია, პავლე მოციქული დამასკოში ქადაგების დროს ბერძენ ხალხს აუწყებდა, რომ უქადაგებდა ღმერთზე, რომელიც მათს პანთეონში არსებობდა და "უცნობი ღმერთის" სახელით იყო ცნობილი. ამით იგი, ერთი მხრივ, გამოხატავდა საკუთარ პატივისცემას უცხოთა მიმართ, მეორე მხრივ კი კეთილგანწყობითა და ღიაობით იწვევდა ქრისტიანობისადმი ინტერესს მათ შორის. პავლე მოციქულის ქადაგების ამ სტილზე საუბრობს იოანე ღვთისმეტყველი ერთ-ერთ ჰომილიაში. იგი სვამს კითხვას, თუ რატომ ეჩვენა შობის ღამეს ღმერთი მოგვებს ვარსკვლავის სახით და აღნიშნავს: "პავლეცა მოციქულმან ქმნა, ეტყოდა რაი ათინელთა; დაწყებაი სიტყვისა თვისისაი წესისა მისგან იყო, რომელსა იგინი ჩუეულ იყვნეს და ბომონნი სამსახურებელთა მათთა ახსენა და სიტყვანი მათთა მათ სიტყვის მოქმედთანი ახსენა წამებად თვისისა მის ქადაგებისა... რამეთუ ვინაითგან კაცადკაცადისა საყუარელ არს ჩუეულებაი და წესი თვისი, ამისთვის ღმერთიცა და მის მიერ მოვლინებულნი მოციქულნი ცხორებისათვის სოფლისა ამით სახითა განაწესებენ ქადაგებისა დაწყებასა."

ზემოთ ვახსენეთ ქართული საეკლესიო გალობა, რომელმაც შეინარჩუნა ხალხურ სიმღერასთან სიმჭიდროე და ფორმა, რომელიც არ გააუცხოებდა მსმენელს ლოცვასთან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შუასაუკუნეებშივე ყალიბდება საეკლესიო კედლის მხატვრობისა და იკონოგრაფიის თავისებური, თავისუფალი სტილი, რომელიც არ ექვემდებარება სასულიერო ხელოვნების მკაცრად განსაზღვრულ ნორმებს. ხალხური ხაზი განვითარებას პოვებს ქართულ საეკლესიო ხელოვნებაში. ეს დემოკრატიულობა წარმოაჩენს, რომ ქართული ქრისტიანობისთვის იყო ღირებული თითოეული ადამიანი, იქნებოდა იგი ღრმად რელიგიურად განსწავლული პიროვნება თუ უბირი გლეხი. შუასაუკუნეების ქართული კულტურის ეს თვისება სასიკეთოდ წაადგება დღესაც სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესს.

Tuesday, August 24, 2010

სამოციანელთა "გაზაფხული"

გაზაფხული

დღეს მერცხალი შემოფრინდა,
ჭიკჭიკითა გადმომძახა:
„გაზაფხული! გაზაფხული!“
გულს იმედი დამესახა.

მივდექ სარკმელს, გადვიხედე,
არემარე მესხვაფერა!
სასოებამ ფრთა გაშალა,
გულსა მკრა და ამიძგერა!

სუნი მეცა გაზაფხულის,
უცნაური ვიგრძენ ძალი...
ვსთქვი თუ: „გულსა რაღად ვიტეხ?
ახლოს არის მომავალი!

„მოვესწრები, რაც მინდოდა
ზამთრისაგან დაჩაგრულსა:
ვნახამ ქორწილს ბუნებისას,
გავიგონებ მის მაყრულსა.

„დავყნოს ვარდსა გადაშლილსა,
ვუჭვრეტ ნაზად დახრილ იას
და ბულბულიც გამაგონებს
მისებურად: „ტია, ტიას!“

აკაკი წერეთელი


საინტერესოა, რას შეჰნატროდა ამ ლექსით აკაკი წერეთელი... გაზაფხულმა, როგორც მეტაფორამ ფეხი მოიკიდა მეცხრამეტე საუკუნის ქართულ ეპიკასა და ლირიკაში, დამკვიდრდა რიტორიკაში და, ალბთ, არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ გაზაფხულის მომლოდინე სამყარო ნაციონალური თვითშემეცნების ერთგვარ ფორმულადაც იქცა. გაზაფხული, როგორც ლიტერატურული სახე, ერთგვარი ხარკია ამ პერიოდის ესთეტიკური კონიუნქტურის წინაშე. მხატვრული ტექსტი გვერდს ვერ უვლის ამ მეტაფორასთან გაიგივებულ სახე–სიმბოლოებს: მერცხალი, ჩიტი, ყვავილობა, კვირტი, ბუნების გაღვიძება / გაცოცხლება, სინათლის / სითბოს გამარჯვება სიცივესა და სიბნელეზე და მისთ.

ის ალეგორია, რაც მეტაფორით მოიაზრება, სხვადასხვა ინტერპრეტაციების მიუხედავად ინარჩუნებს უმთავრეს საზრისს: მონობისგან გათავისუფლება, მკვდრეთით აღდგომა

("ამდგარა ამირანიცა, / კლდეში დაბმული ჯაჭვითა. / დაუბღუჯია ხმლის ვადა / მოუღალავის მაჯითა, / კვლავ სთელავს დედამიწასა / თვალ-გაუწვდენის ლაჯითა; / სისხლს იძევს, ვინაც ტყვეობის / გმირი აწამა ბაჟითა." ვაჟა–ფშაველა "გაზაფხული";

"ჯერ ავდარია, ქვის სეტყვა მოდის, / მაგრამ, ვიმედობ, ადგება ქარი, / დაანიავებს შავთა ღრუბელთა, / მომზიანდება, დადგება დარი / და გაიღება, ერთხელც იქნება, / ბეჩავთათვისაც სამოთხის კარი." ვაჟა–ფშაველა "პასუხად #–ს";

"გახარებულმა ზეცამა / უხვად დაჰყარა ცვარია. / ტყდება მონობის ბორკილი, / ეშმაკს დაუდგეს თვალია!" ვაჟა–ფშაველა "ვარსკვლავი").

 
გულო, რას დაჰღონებულხარ
 (სიმღერა)

გულო, რას დაჰღონებულხარ,
რას იბურები ნისლითა?
განა სულ ესრე ვიქნებით
დაკრუნჩხვილები ყინვითა!
ჩქარა ზაფხული მოალის,
აყოვდებიან იანი,
გაიბანება წვიმითა
მთა და მინდორი მტვრიანი,
საფლავის ქვაზედ მოჯდება
ოფოფა სავარცხლიანი.
წერონიც გამოჩნდებიან,
დამამშვენებნი ცისანი:
გუგული-დ მერცხალიც მოვლენ
ფრინველნი შორის გზისანი.
დასადნობია, დადნება
მთას თოვლი, ხევში-ზვავია.
გამაიმტვრევა არაგვი,
გაზაფხულობით შავია,
მუქარით ანგრევს მიდამოს
გაბეზრებული, ავია.
მტკვარსაც ჩასძახებს მრისხანედ:
შენაც გაშალე მკლავია.



მოყვანილი ტექსტების ანალიზისას საბჭოური პერიოდის ლიტერატურულ კრიტიკასა და სასკოლო "გარჩევის" სახელმძღვანელოებში უმთავრესად, აპელირებდნენ მეფის რუსეთისა და ბატონყმობის უღელზე, თუმცა დღესდღეობით შეგვიძლია, უფრო საფუძვლიანად ჩავუკვირდეთ ამ ქარაგმას, რომლის მიღმაც, უმთავრესად, მოიაზრება ქრისტეს შობა და ქვეყნიერების გამოხსნა ბოროტების "ბორკილებისაგან".


ვარსკვლავი
(საშობაოდ)


უცხო დაბრწყინდა ვარსკვლავი,
კლდის თავზე დამცქერალია.
კლდის ეხში ჰკოცნის ბატარას
სხივმოფენილი ქალია.

გაჩუმებულა სამყარო,
შაყენებულა წყალია.
ბუნების არსთა ყველათა
კლდისაკე ჰრჩებათ თვალია.

გადახალისდა ქვეყანა,
უცხო რამ იგრძო ძალია.
„არ წასსწყმდებიო, არაო“,
ბუნებამ დაჰკრა ზარია.

შავეთში გადაგდებული
ადგომას ჰბედავს მკვდარია,
მაცხოვრის შობა შაიტყო,
შავეთის ტყდება კარია.

გახარებულმა ზეცამა
უხვად დაჰყარა ცვარია.
ტყდება მონობის ბორკილი,
ეშმაკს დაუდგეს თვალია!

ვაჟა–ფშაველა


ვნახოთ, რას წერს საშობაო წერილში ილია ჭავჭავაძე:
"ჩვენ გვესმის და ადვილად გამოსაცნობიც არის, რისთვის გვიხარიან იესო ქრისტეს შობის დღე, გვესმის ეს დიდი დღე რისთვის არის დიდი, რისთვის არის ყოველწლივ სიხარულით და მილოცვით მისაგებელი, რისთვის არის სადღესასწაულო დიდისა და პატარისათვის. ამ დღით დაიბადა სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუმენველიE და ცხოვრების მომნიჭებელი მაცხოვარი ქვეყნისა, ღმერთი ყოვლად მოწყალებისა და ყოვლად მხსნელის სიყვარულისა. ღმერთი ნუგეშისმცემელი უძლუროსა და უღონოსი, დავრდომილთა აღმადგენელი, სნეულთა მაურვებელი, ცოდვილთა შემწყნარებელი, მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა მეოხ-პატრონი და მწყალობელი. მან აღამაღლა ღირსება და პატივი ადამიანისა იქამდე, სადამდინაც მისდა მოსვლამდე ვერ მიმწვდარიყო ადამიანის შეშინებული გონება და გაუღვიძებელი გრძნობა. ,,ვით მამა ზეცის იყავ შენც სრულიო”, უმოძღვრა კაცს და ამით გვამცნო, რომ კაცი შემძლებელ არის აღსლვად ღვთაების სისრულემდე. რაოდენი დიდებაა და პატივი კაცის ბუნებისა ამ ექვს სიტყვაში, ღვთისა ბაგეთაგან წარმოთქმულში!.. იღვაწე და ღვთის სისრულემდე შენც შეგიძლია ახვიდე და მიახწიოო. ესოდენი განდიდება და აღმატება ადამიანის ღირსებისა ჯერ მინამდე არა ადამიანს არ გაეგონა და საკვირველია განა, რომ ყოველ ამის შემდგ ყოველწლივ იესო ქრისტეს შობის დღეს დიდებით ვადიდებთ, ერთმანეთს სიხარულით ვულოცავთ, ვმხიარულობთ და თვითოეულის გული მოწყალებისათვის და მადლისათვის სძგერს."

ნათლად ჩანს, რომ ილია ჭავჭავაძის ამ პუბლიცისტური წერილის მიზანია, გამოკვეთოს ადამიანის, უფრო ზუსტად კი – "კაცის" დანიშნულება, "საღვთო ვალი", რასაც ქრისტეს განკაცებასთან აკავშირებს (ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ქრისტეს განკაცების შედეგად ადამიანს შეუძლია განღმრთობა, ადამიანი აღარ არის ბოროტებისა და ცოდვის მონა).

ინდივიდის უფლებებისა და თავისუფლებების პრობლემას, რაც მე–19 საუკუნეში მწვავედ დადგა მსოფლიოს წინაშე, ილია ჭავჭავაძე არაერთ ნაწარმოებში ეხმიანება. მაგალითად, გავიხსენოთ, "აჩრდილიდან":  "შრომისა ახსნა – ეგ არის ტვირთი / ძლევამოსილის ამ საუკუნის. / კაცთა ღელვისა დიადი ზვირთი / ამ ახსნისათვის მედგრადა იბრძვის!". "ძველ კაცსა" და "ახალ კაცს" ერთმანეთისაგან განასხვავებს თავისუფლება. "გუთნისდედაშიც" მწერალი ამავე თემას ჩაუღრმავდება – ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია პიროვნული თავისუფლება, ვერ აღასრულებს უწმინდეს ადამიანურ "ვალს" და ცხოველისგან არ განსხვავდება ("ბელტი ბელტზედა გადავაწვინოთ / და შრომის ოფლი მიწას ვაწვიმოთ... / რად დამიღონდი? შენი უღელი / ჩემს უღელზედა არ არის ძნელი. / მეც შენებრ მიწას დავყურებ თვალით, / რადგანაც ზეცა წამართვეს ძალით..." – მიმართავს გუთნისდედა ხარს).


გლეხის სიმღერა
ვაჟა–ფშაველა

გლეხი ვარ, მიწას შევყურებ,
ბალღი რო დედის უბესა,
ის მე მაწოვებს ძუძუსა,
მიმრავლებს ქათამ-იხვებსა;
და მეც ვუსერავ გულ-მკერდსა,
ვაყენებ ოფლის გუბესა,
მიწის უბესა, კალთაზე
დილით მწუხრამდე მშრომელი:
ხან ვთიბ, ხან ვმკი, ხან ვთოხნი
მუშაკი დაუცხრომელი.
ბედნიერი ვარ, ჩემისა
შრომითა გაუძღომელი.

ნუ, ნუ მეძახით საწყალსა,
მწყინს ამისთანა ქართული:
მნახოდით ყანის მკაშია,
ვბრუნავდე შემოკალთული;
მაქვს საბძელ-კალო, გომური,
სახლი-მაქვს ერთი სართული;
კერაზე ცეცხლი მინთია,
ზედ შეშა არის დართული.
რაცა მაქვს, ჩემი შრომაა,
არავისთვის მაქვს წართმული.
ესა მწყინს მხოლოდ არა მაქვს
მე საკუთარი მამული.
შრომისთვის ნუ გებრალებით,
მე იმაში ვარ გართული.
ის შაიბრალეთ, ხელები
ვისაც აქვს გადახლართული
უკან სხვის ნაშრომს შეჰყურებს,
ბოლთას სცემს გამოპრანჭული.
ერთობის იმედი ჰქონდა,
ვაჰ, რო გაუწყდა მავთული!
დღეს თუ არ, ხვალე ვიქნები
ბატონი თავის შრომისა,
მიწის გულისთვის მოვკვდები,
არ მეშინიან ომისა,
არც თოფის, არც ზარბაზნების,
არც უფროსების წყრომისა.
ეყოფათ, რაც იუფროსეს,
მუქთად აჰკრიფეს ღალები.
ის აღარა ვარ, მენაცა
დღეს ავახილე თვალები.
ავიწევ, უეჭველია,
ცხოვრების განაწვალები.
მიწა მომეცით, შრომისთვის
ნურავის შაგებრალები.
შრომა თქვენ ცუდი გგონიათ,
კაცის ღირსების დამმცრობი?
თქვენ მაინც გულში იფიქრეთ,
ვინც შრომისა ხართ ნაცნობი.
მაშვრალისათვის მჭადიც კი
ქადაა, შაქრის პურია,
დურდო წყალიც კი ოლესი
ღვინოა, როცა სწყურია,
და ძილი იქვე მინდორში
ყველასთვის შესაშურია:
ნანას უმღერის ნიავი,
ცა ვარსკვლოვანი ჰხურია,
საღვთისმეტყველო ამბებსა
ისმენს მშრომელის ყურია,
წმინდა გრძნობებით იმსჭვალვის
მუშის გონება, გულია.
ესა მწყინს მხოლოდ, რადა ვარ
სხვის საწველავი ფურია?!

ინდივიდისა და მისი შრომის თავისუფლებაზეა ვაჟა–ფშაველას ეს ლექსებიც:


პასუხად #–ს

„გული მიკვდება“ - ნუ ამბობ ამას,
გულის სიკვდილი ხომ აუგია?!
იმას მოუკვდეს, ვისც არა უყვარს,
ვის ჭკვასთან გულიც ზედ წაუგია
და წარბსაც არ ჰხრის, ქედს მაღლა იღებს,
თვისი ცოდვები არ გაუგია.
ამოღებული უსისხლოდ ვაჟკაცს
ხმალი ქარქაშში არ ჩაუგია.
მე არ მიკვდება, უფროც მთელდება
ჩემ გულზე წყლული, ძველი იარა.
ციდამ ხმა მესმის ანგელოზების,
ცამ თვისი აზრი გამიზიარა:
„ბოლო კარგია“-და ჟრუანტელმა
თავით ბოლომდე ჩამომიარა.
და ამ ხმამ ტკბილმა ახლად დამბადა,
ბნელი კუნჭული გამიმზიანა.
ვერა, ვერ ვიტყვი, რომ აღმაფრენამ
ვითამ მავნო რამ, დამიზიანა.
„დრონი მეფობენ“-ძველთ ნათქვამია,
და მეც მრწამს ესა, რომ ასე არი.
ჯერ ავდარია, ქვის სეტყვა მოდის,
მაგრამ, ვიმედობ, ადგება ქარი,
დაანიავებს შავთა ღრუბელთა,
მომზიანდება, დადგება დარი
და გაიღება, ერთხელც იქნება,
ბეჩავთათვისაც სამოთხის კარი.



გაზაფხულის სურათები

გაზაფხულია, დაწვიმა,
გული დაულბო მიწასა;
იმისი მოსვლა ძალიან
გაჰხარებია ბიძასა.
გუთანში აბამს ხარებსა,
ბლომად გაჭიმა ხნულები.
ურჩება ცივის ზამთრისგან
გულს დაჩნეული წყლულები.
სხვანიც რომ იმას ჰბაძავენ:
გადაუყრიათ ცულები.
ყველა ბარ-სახნისს შეჰყურებს,
ბელტოს აწვენენ ბელტზედა,
არ დაეკარგვისთ ამაგი,
იმედოვნებენ ღმერთზედა:
მოწყალე არის უფალი,
კაცს არ უკარგავს ამაგსა,
სულ ოქრო-ვერცხლით შეჰმოსავს
მათ ოფლით მორწყულს ალაგსა.
მიწაცა ჰყვავის, ტყეც ჰყვავის,
გული მუშისაც ესია,
ერთი ათასად იქცევა,
რაც იმას დაუთესია.
ბალღებს ქალმები ჩაეცმის,
დიასახლისებს-კაბები,
დუქანში არ იჩხარუნებს
იმათ თანგირა ქვაბები
გირაოდ, როგორც წინადა
არბენინებდნენ ჩაფრები.
ცაზე მოფრინვენ წერონი,
მოაქვთ საამო ამბები
ახია შენზე ზამთარო,
ჰხედავ, გებნევა დავთრები!
ღამით დარდები აწუხებს,
დღისით ჩიტების ჟივილი.
ეზოს ვერ ჰნახავ, არ გესმას
კრუხთან წიწილის წივილი.
გავხედე მინდორს თვალ-უწვდენს,
ჰყვაოდა ათას ფერადა,
მზე ადგა ორმოც-თვლიანი,
მას უფროც გაეფერადა.
თავს დაჰბრუნავდა არწივი,
მისი მხარ-ბეჭი ელავდა,
რას დაეძებდა, არ ვიცი,
და ან რა ფიქრებს ჰკვერავდა.
ამ სურათების მნახველი
გული კაცისა ჰღელავდა.


საინტერესოა, რომ ილია ჭავჭავაძემ პარიზის კომუნის დაცემა ასე შეაფასა: "ტვირთმძიმეთ და მაშვრალთ მხსნელი / დიდი დროშა დაიშალა, / კვლავ ქვეყნისა მჩაგრავ ძალამ / იგი დროშა დასცა დაბლა", მაცხოვრის სიტყვების ალუზიით "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქვენ" (მათე 11, 28) ილია ჭავჭავაძემ ლიბერალური ფასეულობები ქრისტიანულ ღირებულებებს დაუკავშირა და საკუთარი პატივისცემა და მოწიწება გამოხატა ზემოხსენებული მოძრაობების მიმართ. იგი წერს: "კვლავ ძირს დასცეს იგი მცნება / ქვეყნის ხსნად მოვლინებული, / რომლისთვისცა თვითონ ღმერთი / იყო ტანჯულ და ჯვარცმული." ქრისტეს მცნება და ლიბერალიზმი რომ განუყოფელია ილიასთვის, ეს მან "ქართვლის დედაშიც" დაადასტურა: "საზრდოდ ხმარობდედ ქრისტესა მცნებას, / შთააგონებდე კაცთა სიყვარულს,/ ძმობას, ერთობას, თავისუფლებას..." (ძმობა, ერთობა, თანასწორობა – ლიბერალი დეკაბრისტების ტრიადა).

ლიბერალური და დემოკრატიული მოძრაობების გააქტიურება და "ახალი საზოგადოების" ჩამოყალიბების მცდელობა სამოციანელებისთვის პროგრესის, ქრისტეს მცნებასა და ქრისტიანულ სათნოებებზე დამყარებული თავისუფალი ინდივიდებისგან შემდგარი სამოქალაქო საზოგადოების საწინდარია. შესაბამისად, მათი "გაზაფხულიც" ამ საზოგადოებაზე ოცნების მხატვრული გარდათქმაა.

თუ დავესწრათ გაზაფხულსა,
ჩვენგან ნათესს აღმოსულსა,
მეტი ჯილდო რაღად გვინდა,
თუ ვსჭვრეტთ მამულს გაფურჩვნილსა?!
(ილია ჭავჭავაძე. ჩემი თარიარალი)



და ბოლოს, წავიკითხოთ ილია ჭავჭავაძის სააღდგომო წერილი, სადაც ჩვენი მსჯელობის შემდეგ პასუხგაუცემელ კითხვებსაც აეხდება ფარდა:

ტფილისი, 4 აპრილი

ქრისტე აღზდგა! აღზდგა მაცხოვარი კაცობრიობისა! მთელის ქვეყნის ქრისტიანობა ჰგალობს დიდებულს საგალობელს ქრისტეს აღზდეგისას. დიდი და პატარა სიხარულით ჰღაღადებს: “ქრისტე აღზდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მომნიჭებელი”. ქრისტიანობამ იცის _ რისთვის აქებს და ადიდებს ამ დღეს: მკვდრეთით აღზდგა ქრისტე და აღადგინა თვისი კაცთა მხსნელი მოძღვრება, თვისი ახალი ცხოვრების მომნიჭებელი აღთქმა.
რით მოგვანიჭა ცხოვრება მკვდრეთით აღდგომილმა ღმერთმა, ქვეყანაზედ მოვლინებულმა, ვითარცა ჭეშმარიტი ძე კაცისა? ძველის მოძღვრებისაგან განდიდებულს, გაპატიებულს ხორცს, რომელსაც მარტო “კბილი კბილისა წილ ჰშიოდა და თვალი თვალისა წილ”, მოკვდინებული ჰყვანდა სული, რომელიც მარტო ყოვლად მხსნელის სიყვარულის სხივითა ჰნათობს, ჰთბება, ჰყვავის, სცოცხლობს და სულდგმულობს. აი ეს მკვდარი სული აღზდგა მკვდრეთით ქრისტეს აღდგომითა. რა საცხოვარი ძალი იყო ესოდენ ძლიერი, რომ მკვდარი სული მკვდრეთით აღადგინა? ეს იყო და არის მარტო ერთი მცნება, რომელიც ფესვად გაედგა, საძირკვლად დაედვა მთელს მშვენიერს, დიდებულს, მართლადა ცხოვრების მომნიჭებელს მოძღვრებას ქრისტესას: “გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”.
აი, მხსნელი კაცობრიობისა! აი, მაცხოვარი!.. ამას გარედ ადამიანს შველა არა აქვს, თუ უნდა, რომ კაცად, ღვთის სახედ და მსგავსებად დარჩეს. ამ ყოვლად მაცხოვარს, ყოვლად მხსნელს ფესვზედ ამოვიდა, გაიშალა, გადაჰფინა შტოები, აყვავდა მთელი იგი დიადი ხე ახალის ცხოვრებისა, რომელსაც ახალი აღთქმა, ქრისტიანობა ჰქვიან და რომელსაც ეს მცნება, როგორც მზე, ანათებს და ათბობს. ამ მცნებამ გააპო კაცობრიობის ცხოვრება ორ დიდ ნაწილად და შუა გაუტარა დიდი კვალი სამზღვრადა. კვალს იქით დარჩა მოძღვრება შურისძიებისა, სამაგიეროს გადახდისა, ჯავრისა და მრისხანებისა, და კვალს აქედ _ მოძღვრება ურთიერთობისა, ურთიერთის სიყვარულისა, შენდობისა, მიტევებისა, მშვიდობისა შეწყნარებისა. იქ რისხვა და მსჯავრია, აქ მშვიდობის ყოფა და მიტევება!
“არა კაც კლა, არა იმრუშო, არა იპარო, და არა ცილი სწამო, არა გული გითქმიდეს არარაზედ, რაიც იყოს მოყვასისა შენისა”,_ამბობდა ძველი მოძღვრება ძველის ცხოვრებისა. რა არის ეს _ ნუ მოჰკლავ, ნუ მოიპარავ, ნუ იმრუშებ, ნუ ცილს სწამებ, ნუ შეიშურვებ? ეს ის არის, რომ ნუ იქმ ბოროტსაო. მოვიდა ახალი აღთქმა, ახალი მოძღვრება ახალის ცხოვრებისა და გვეუბნევა: არამც თუ ნუ იქმ ბოროტსა, ჰქმენ კეთილიო. ნუ იქმ ბოროტსა მცნებაა ძველისა, ჰქმენ კეთილი, მცნებაა ახალისა და ამით განირჩევა ძველი აღთქმა ახალისაგან. დიდი მანძილია ბოროტის არაქმნისა და კეთილის ქმნის შორის. ერთმანეთს არასფერში არა ჰგვანან. ბოროტის არაქმნა იგია, რომ არ მიაყენო ვნება მოყვასსა, კეთილის ქმნა იგია, რომ სიკეთე მიანიჭო, სიკეთე უყო. საკმაო არ არის, რომ კაცი არ მოჰკლა, უნდა აცოცხლო კიდეც; საკმაო არ არის არა გამოსწირო რა, უნდა შესძინო კიდეც; საკმაო არ არის არა ცილი სწამო, უნდა მართალს მიუწყავდე კიდეც; საკმაო არ არის არა გული გითქმიდეს მოძმის კეთილისათვის, უნდა გიხაროდეს, მხიარულობდე კიდეც, უნდა შველოდე, ხელს უწყობდე; საკმაო არ არის არა გძულდეს მოძმე, უნდა გიყვარდეს კიდეც, საკმაო არ არის არყოფა ბოროტისა, უნდა კეთილის ყოფა; საკმაო არ არის ბოროტისათვის ხელ-ფეხი შეიკრა, უნდა სიკეთისათვის ხელი, ფეხი გაშალო, ამოქმედო.
ძველი აღთქმა ხორცის უვნებლობისათვის ფარი იყო, ახალი აღთქმა სულის აღდგომისათვის საცხოვარი ღონეა. ამიტომაც იქ კბილი კბილის წილ არის და თვალი თვალის წილ, ესე იგი ხორცი ხორცის წილ, აქ კი სიყვარული, შენდობა და მიტევება. ესე იგი, სულის დადება მოყვასისათვის. დიდმა მოძღვრებამ ყოვლად მაცხოვარ სიყვარულისამ გაჰფანტა ბნელი, გაადნო ყინული ძველის უწყალობისა და მოავლინა იგი ნათელი და სითბო წყალობისა, ურომლისოდაც ქვეყნიერობაზედ არაფერი არა ჰხეირობს, არაფერი არ მოდის, არ იზრდება, არა ჰყვავის, არა სცხოვრობს. გაიყარა ძველი და ახალი, ბნელი და ნათელი, სიკვდილი და სიცოცხლე და მოგვენიჭა ცხოვრება, იმიტომ _ რომ მკვდარ იყო სული ჩვენი და ქრისტემ აღადგინა მკვდრეთით.
აბა დაუკვირდით თვითონ ჟამს ქრისტეს აღზდეგის დღესასწაულისას, და საოცრად განსურათებულია ეს ძველისა და ახლის, სიკვდილისა და სიცოცხლის, ბნელისა და ნათელის ერთმანეთისაგან გაყრა. თითქო იგავია, თითქო განგებ არის ასე მომხდარი, რომ თვალითაც დავინახოთ ის, რასაც გულითა ვგრძნობთ, გონებითა ვხედავთ. როდის მოდის დღესასწაული ქრისტეს აღზდეგისა? თითქმის პირველ ხანს გაზა-ფხულისას, ესე იგი, მაშინ, როცა ზამთრისაგან გაყინული, სუდარა-მოსილი, განძრცვნილი, უმწვანო, უყვავილო, უსიხარულო, უსიცოცხლო ბუნება სიცოცხ-ლისათვის თვალს ახელს, იღვიძებს ხელახლად ამწვანებისათვის, აყვავებისათვის, ახალის ცხოვრე-ბისათვის. თუ ზამთრისაგან კვდება ბუნება, გაზაფხულისაგან მკვდრეთით აღზდგება ხოლმე. იქ მიძინებული სიკვდილია ძველისა, აქ მკვდრეთით აღდგომილი, ახლად გამოღვიძებული სიცოცხლეა. თუ ზამთარი სიბერეა, მიძინებისა, სიკვდილისა, გაზაფხული სახეა ახლობისა, აღდგომისა, სიცოცხლისა.
არამც თუ დრო წლისა, არამედ საათიც კი დღისა, როცა პირველად აღმოვიტყვით ხოლმე “ქრისტე აღზდგაო”. _ ეს საათიც კი გვაშინებს, რის მომასწა-ვებელია აღდგომა ქრისტესი: აღზდგა ქრისტე და ბნელი უნდა განშორდეს ნათელსა, ნათელმა უნდა იმეფოს, იხელმწიფოს. ეს ის საათია, როცა ღამე უკუიქცევა თვისის სიბნელითა და მის მაგიერ ცხოველმყოფელი დღე მოდის თვისის სინათლითა. ამოდის თუ არა ცაზედ ალიონი _ ეს წინამორბედი განთიადისა და მტრედისფრად გარიჟრაჟდება გუმბათი ცისა, ზარი დღესასწაულისა გვიწვებს სადიდებლად და საგალობელად ქრისტეს აღზდეგისათვის, თითქო გვეუბნებოდეს: აღზდეგით ძილისაგან, მიდის ბნელი და მოვალს ნათელი. იხილეთ და გაიხარეთ! ეს ის საათია, როცა ღამის სიბნელე უთმობს ადგილს დღის სინათლესა, როგორც ძველის ცხოვრების ბნელმა დაუთმო ადგილი ახალის ნათელსა.
ცხოვრების მომნიჭებელ ქრისტეს აღზდეგის დღესასწაულს უკეთესი დრო ვერ შეერჩეოდა, თუ არა განთიადი გაზაფხულისა, ესე იგი, ის ხანი და საათი, როცა ცხოველმყოფელი სითბო სცვლის სიცივეს, ნათელი ბნელსა და მთელს ბუნებას აღიმილებს საცხოვარი ძალი ახლად აღორძინებისა, ახლად გაშლისა, ახლად აყვავებისა, ახლად ცხოვრებისა... მოძღვრება ქრისტესი იგივე განთიადი იყო, იგივე გაზაფხული კაცობრიობის ცხოვრებისათვის!

Sunday, August 22, 2010

ბავშვთა უფლებები

მე–19 საუკუნეში ქართველი მწერლები და მოაზროვნეები თვლიდნენ რა, რომ სამოქალაქო საზოგადოება ერთიანია და მისი ყოველი წევრი თანასწორი და განუყოფელია ამ საზოგადოებისა, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ სოციუმის დაუცველ წევრებს, მაგალითად, მიუსაფარ ბავშვებს (ასაკობრივად და სოციალურად დაუცველნი), ღარიბებს (ეკონომიკურად დაუცველნი), გლეხებს (სოციალურად დაუცველნი) და სხვ. ვაჟა–ფშაველამ ამ ლექსით სწორედ ობოლი ბავშვები აამეტყველა და მათი გასაჭირი ამცნო მკითხველს.

ობლების სიმღერა

ნიადაგ ვივლით კარი-კარს,
ნიადაგ აგიტირდებით;
მშიერ-ტიტველნი, ბეჩავნი
ნიადაგ აგიბირდებით:
უმწეო, უპატრონონი
ნურავის გაგიკვირდებით!
ფეხნი გვქონ ეკლნით ნაშაშრნი,
თმები გაგვბმია ბირკებით.
კაცნი ვართ, თქვენი ჭირიმე,
ნურავის გაგიკვირდებით!
მამა ლაშქარში მოგვიკლეს,
დედა ტყვედ წაიყვანესა,
წაგვართვეს ლეკის შვილებმა,
დაღისტანს გადიყვანესა.
გაგვიტიალეს სახლ-კარი:
ბინად გვაქვს ტყე და ველია,
საბნად ფოთოლი გვეხურვის,
ლეიბად გვიგავ ლელია.
ნურავის გაუკვირდება,
ძმაო, ობლობა ძნელია!
ვარამმა გული შეჭამა
ძალ-ღონე გამოგველია!
არა ჩანს ჩვენი პატრონი,
ობლების დამფარველია.

Friday, August 20, 2010

ვაჟა–ფშაველას "ეთერი", "ილო" და თქვენთვის ნაცნობი სხვა პოემები


პოემის გმირმა, უფლისწულმა გოდერძიმ შეიყვარა უპოვარი მწყემსი ქალი, ეთერი, რაც გახდა მისი "ფერისცვალების" მიზეზი. ამ საბედისწერო შემთხვევის შემდეგ გოდერძიმ გადააფასა შეხედულებები და ადათები, რომლებიც მიღებული იყო მის სოციალურ გარემოში. სამაგიეროდ, მიაგნო პასუხებს კითხვებზე: აქვს თუ არა მეფეთა ძალეუფლებას საზღვარი, არის თუ არა პიროვნების სიცოცხლე და არჩევანის თავისუფლება ხელშეუხებელი, რამდენად პირობითია სოციალური განსხვავებები ადამიანთა შორის და ა.შ.

ვაჟა–ფშაველას სხვა პოემებს თუ გავიხსენებთ, "ეთერის" ფაბულა ტიპიურია: შემთხვევის წყალობით გმირში იღვიძებს პროტესტანტული განწყობა, რაც გადაიზრდება კონფლიქტში მასა და საზოგადოებას შორის. კონფლიქტი ვაჟა–ფშაველას პოემებში, უმეტესად, ორი საზოგადოების: თემური და სამოქალაქო საზოგადოების (ძველი საზოგადოება – ახალი საზოგადოება) ღირებულებათა სისტემების კოლიზიაა. გმირი არაერთ პოემაში ხდება "ძველი" საზოგადოებისგან გარიყული, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ანტიჰუმანური ტრადიციებისადმი მორჩილება თემში მძლავრობს ლიბერალურ ფასეულობებს. ვაჟა–ფშაველამ სწორედ ეს პრობლემები გადმოსცა თავის პოემებში.



გოდერძი (ეთერს):

ცას ერთი ღმერთი ამშვენებს,
მემრე - მნათობი ორია...
და ქვეყნად მეფეთ დიდებაც,
ვფიქრობ, რომ მოსაგონია.
აი, ეს ძალა ჩემია
ქვეყნადა ფასობს მეტადა,
ტრფობის და ყველა სიკეთის
ჩვენ, მეფენი, ვართ მხვეტლადა;
უფალს ჩვენ დავუნიშნივართ
კარგ-უკეთესის მკვნეტლადა;
ჩვენს ბრძანებაზე ათასნი,
ათი-ათასნი დადიან,
რასაც ჩვენ ვეტყვით, ისინიც
სწორედ იმასა სჩადიან.
სიცოცხლე-მოწყურებულთა
ვჟლეტთ, თუ მეფეთა გვწადიან.
ჩვენ-მეფეთ-თავზე ძლიერი
ქვეყნად არა რა გვგონია...
ვხედავ და მიკვირს, მეფის ძე
მწყემსმა ვით დამიმონია!
მიკვირს, რით დაიმორჩილე
ჩემი გული და გონია?
მეფე შენა ხარ... გაუქმდა
მეფის ძალი და ღონია!
უარს ნუ მეტყვი, გეთაყვა,
მისმინე, შამიბრალია.
ცხენზე შაგისომ, წაგიყვან,
ჯვარსაც დავიწერთ ხვალია.
მეტი რა გინდა, არ ვიცი,
ვისზე გიჭირავს თვალია?
სასიყვარულოდ არ კმარა
განა მეფისა ძალია?



გოდერძი (დედას)

მე არც არავინ დავარჩვე,
არცვინ წყალს წავაღებინე,
ჩემს ჩოდვა-დანაშაულში
არცვის-რა გავაღებინე.
ჩემს გულსა მხოლოდ საწილო
თავისი ავაღებინე.
ჩემს მშობლებს გულის წადილი
უკანვე ჩავაგებინე.
ნეტავი გამაგაგებინა,
იმით რა წავაგებინე,
რომ ცოლი ისე შავირთე,
მშობლებს არ გავაგებინე.
გაჩენის ნება თქვენ გქონდათ,
გავჩნდი და მე ვარ, მეობით.
წადილი სხვა მაქვს და გრძნობა
გეკუთვნით მხოლოდ ძეობით.
რად გიკვირსთ, მე დავიწუნო,
რაც თქვენ გსურსთ, ანარჩეობით?
მგონი, წინათაც გითხარი
მეფის ლევანის ქალზედა,
რომ მე არ მინდა ის ცოლად,
ჯვარს არ დავიწერ მასზედა.


პოემაში "ილო" კონფლიქტი ღვივდება მამა–შვილს შორის. კონფლიქტის საფუძველია მამის უსამართლობა და ძალადობრივი ურთიერთობა საკუთარი გლეხების მიმართ. ამას ბატონიშვილი პროტესტით პასუხობს:

ერთხელა ილო
მივიდა შინა,
წინ მიეგება
თავისი ფინა.
ილო დაღლილა,
ოფლი სდის ძალზე;
დედას მოჰხვია
ხელები მკლავზე
და უთხრა დედას
გულამოკვნესით,
ბოლო დროს დართო
ცრემლების დენით:
- მე აღარ მიყვარს,
დედილო, მამა.
- რისთვის, შვილო,
გაწყინა რამა?
- დღეს მამა-ჩემმა
კიკოლას სცემა,
გული მომიკვდა
მით, ჩემმა მზემა;
ცხვირიდამ სისხლი
საწყალს ადინა,
ესეთი საქმე
რად ჩაიდინა?
როგორ შევხედო
იმის შვილს პირში,
როცა კიკოლას
მამამ სცა ცხვირში.




პოემა "ალუდა ქეთელაურში" მთავარი გმირის შინაგანი "ფერისცვალების" მამოტივირებელი შემთხვევაა ქისტ ვაჟკაცთან შებრძოლება. როგორც ვიცით, ალუდა მუცალს პატივისცემის ნიშნად მარჯვენას არ მოჰკვეთს და იმსოფლად განსვენებას უსურვებს. პოემის მთავარი გმირისა და ავტორის დამოკიდებულებები რომ ერთმანეთს თანხვდება ამას ისიც მოწმობს, რომ მუცალის სიკვდილის სცენას ვაჟა–ფშაველა ისეთივე ესთეტიკურად ხატავს, როგორც ზვიადაურისას პოემა "სტუმარ–მასპინძელში".


მუცალს არ სწადის სიკვდილი,
ფერს არა ჰკარგავს მგლისასა,
მაჰგლეჯს, დაიფევს წყლულშია
მწვანეს ბალახსა მთისასა.
ერთიც ესროლა ალუდას,
ხანს არა ჰკარგავს ცდისასა.
თოფიც ალუდას გადუგდო,
ერთს კიდევ ეტყვის სიტყვასა:
_ ეხლა შენ იყოს, რჯულ-ძაღლო,
ხელს არ ჩავარდეს სხვისასა.
სიტყვა გაუშრა პირზედა,
დაბლა გაერთხა მიწასა.
ალუდას თოფი არ უნდა,
ატირდა როგორც ქალიო;
არ აჰყრის იარაღებსა,
არ ეხარბება თვალიო.
თავით დაუდვა ხანჯარი,
ზედ ეკრა სპილოს ძვალიო,
გულზედ ძეგლიგი დაადვა,
მკლავზედ ფრანგული ხმალიო.
მარჯვენას არ სჭრის მუცალსა,
იტყოდა: „ცოდვა არიო;
ვაჟკაცო, ჩემგან მოკლულო,
ღმერთმა გაცხონოს მკვდარიო.
მკლავზედავ გებას მარჯვენა,
შენზედ ალალი არიო,
შენ ხელ შენს გულზედ დამიწდეს,
ნუმც ხარობს ქავის კარიო,
კარგი გყოლია გამდელი,
ღმერთმ გიდღეგრძელოს გვარიო!“
სიგძივ გაჰხურა ნაბადი,
ზედ გადაადვა ფარიო.



ამავე პოემის სიუჟეტური კულმინაციაა მსხვერპლშეწირვის სცენა, სადაც ალუდა ამოწმებს, რომ პიროვნების ღირსება არ არის დამოკიდებული მის ეროვნებასა და აღმსარებლობაზე. სხვაგან კი ალუდა აღიარებს ზნეობრივ ფასეულობათა უპირატესობას ეთნიკურ და რელიგიურ წარმომავლობაზე:

"ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ,
მარტოთ ჩვენ გვზდიან დედანი;
ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ
კუპრში მიელის ქშენანი.
ამის თქმით ვწარა-მარაობთ,
ღვთიშვილთ უკეთეს იციან.
ყველანი მართალს ამბობენ
განა, ვინაცა ჰფიციან?!"



პოემაში "სტუმარ–მასპინძელი" მწერალი ორ, ჰუმანურ და არაჰუმანურ, ტრადიციას დააპირისპირებს. მთავარი გმირის, ჯოყოლას ფერისცვალება კი ვლინდება იმ პასაჟში, რომლის ამოხსნასაც ვაჟა–ფშაველამ დიდი დრო დაუთმო და საბოლოოდ ასეთი გამოსავალი მოუძებნა:


[ზვიადაურის დატირების შემდეგ შინ დაბრუნებული აღაზა ქმარს სიმართლეში გამოუტყდა]
...ეტყოდა ცოლი და ნაზი
თრთოლა მიეცა ხმისადა: -
ცრემლები შემიწირია
იმ შენის მეგობრისადა.
ძლიერ შემბრალდა ბეჩავი,
რომ უცხოეთში კვდებოდა,
არც ნათესავი, არც მოძმე,
რომ ვისმე შეჰბრალებოდა!
მაგრამ, როს ჰკლავდენ ხანჯრითა,
ოდნავაც არა ჰკრთებოდა.
იქნებ შენც გცოდე, ღმერთსაცა,
მაგრამ ვიტირე, რა ვქნაო!..
- მაგისთვის როგორ შეგრისხავ?
ტყუილს სჯობს სიმართლის თქმაო.
იტირე?! მადლი გიქნია,
მე რა გამგე ვარ მაგისა?
დიაცს მუდამაც უხდება
გლოვა ვაჟკაცის კარგისა.


ეს პოემები იმისთვის გავიხსენეთ, რომ გამოვკვეთოთ ვაჟა–ფშაველას ცხოველი ინტერესი ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის პრობლემებისადმი. აღნიშნული საკითხები მწვავედ იდგა მე–19 საუკუნის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების თვალსაზრისით და აქტუალობას ინარჩუნებს დღესაც.