Tuesday, April 26, 2011

ილია ჭავჭავაძე პრესის თავისუფლების შესახებ

პროვინციალური გაზეთები

ერთი უმთავრესთაგანი დანიშნულება ყოველ პროვინციალურ გაზეთისა, როგორც მოგეხსენებათ, ის არის, რომ საზოგადოებასა და თვით მთავრობასაც აცნობოს იმ მხრისა და ხალხისა მდგომარეობა, საჭიროება, ავი და კარგი, იმ ქვეყნის მოთხოვნილება, ლხინი და დარდი, და ერთის სიტყვით, ყველაფერი, რაც კი საზოგადო საქმეებს შეეხება იმ ქვეყნისას, სადაც ეს გაზეთი გამოდის.

ამ დანიშნულების შესრულება პროვინციალურ გაზეთს მით უფრო ადვილად და ქვეყნის სასარგებლოდ შეუძლია, რაც ის უფრო ნაკლებად დამოკიდებულია სხვადასხვა გარეშე მიზეზებისაგან, რაც უფრო მომეტებული ნება აქვს მიცემული, რომ ყოველ საზოგადო დაჭირებაზე და ლხინზე თამამად და მოურიდებლად ილაპარაკოს და სწეროს.
სამწუხაროდ, ხშირად სატახტო გაზეთებიც არ არიან ამგვარს მდგომარეობაში, პროვინციალურ გაზეთებს ხომ იმის ნახევარი დამოუკიდებელობაც არა აქვს მინიჭებული, რაც ზემოხსენებულ სატახტო გაზეთებსა.

უმთავრესი დამაბრკოლებელი მიზეზი შემმფერხავი პროვინციალურ სტამბისა ის გახლავთ, რომ რუსეთში საზოგადოდ ბეჭვდის შესახებ არ არის კარგად გარკვეული, განსაზღვრული კანონები.

აქედამ წარმოსდგება გაურკვევლობა რუსეთის სტამბის მდგომარეობისა. დღეს ერთის თქმის ნებაა, ხვალ არა, ზეგ შეიძლება, მაზეგ კიდევ არა _ როგორ უნდა გამოიკვლიოს ჟურნალისტმა გზა ამისთანა მდგომარეობაში?

თვით ჩვენმა უმაღლეს მმართებლობამ იგრძნო ამისთანა მდგომარეობის მოუხერხებლობა და ამიტომაც ამ უკანასკნელის სამის წლის განმავალობაში პეტერბურღის გაზეთებში ხშირად იწერებოდნენ, რომ დანიშნული არისო ცალკე კამისია, რომელსაც ბეჭდვის შესახებ კანონების გამოცემა აქვს მინდობილიო.

მთელი რუსეთი მოუთმენელად მოელის ამ ახალ კანონებს ბეჭდვის შესახებ. ყველას ჰსურს, რომ ახლანდელი გაურკვეველი მდგომარეობა შეიცვალოს და მტკიცე, თუნდაც უფრო სასტიკი კანონები გამოიცეს, მხოლოდ კანონი კი იყოს; იყოს კანონი და ვიცოდეთ, რომ ვალდებულნი ვართ ამ კანონს ვემორჩილებოდეთ.

მაშ, ვინატროთ, რომ რაც შეიძლება მალე შეიცვალოს ახლანდელი მდგომარეობა, განსაკუთრებით პროვინციალურ ჟურნალ-გაზეთებისა, და რაც შეიძლება მალე დამყარდეს იმისთანა წესი, რომელიც ამ ჟურნალ-გაზეთებს ერის ნამდვილ სამსახურის შეძლების ღონეს მისცემს.

1882 წ

No comments: