Monday, December 27, 2010

ბავშვთა უფლებებისა დაცვა. ილია ჭავჭავაძე

ობლებზე ზრუნვა დიდი და მძიმე ვალდებულებაა 

ერთი დიდი და ფრიად მძიმე ვალდებულება სახელმწიფოსი ის არის, რომ მზრუნველობა, მფარველობა და პატრონობა გაუწიოს იმას, რომელსაც ან ბუნებითად, ან მცირეწლოვანებით, ან უთაურობით მოვლა და პატრონობა თავის თავისა და თავის ქონებისა არ შეუძლიან. ამათ შორის ყველაზედ მეტად გულშესატკივარნი არიან მცირეწლოვანი ობლები, რომელნიც იმ ასაკში არიან, რომ ვერასგზით ვერ გაუძღვებიან ვერც თავიანთს ზნეობითს საჭიროებას, ვერც ქონების მოვლასა და პატრონობას. ამათი უპატრონოდ დაგდება ორნაირს ვნებას უქადის სახელმწიფოს და საზოგადოებას. ჯერ ერთი იმას, რომ, შესაძლოა, კაცი კაცად ვერ დამთავრდეს და სასარგებლო კაცის მაგიერ გაიზარდოს ავი კაცი, უზნეო, უხეირო და ზოგჯერ ავაზაკიცა და ამით გაძლიერდეს ავზნეთა კაცთა რაზმი, რომელსაც დღე და ღამ ებრძვის სახელმწიფო და საზოგადოება წესისა და მშვიდობიანობისათვის. მეორე იმას, რომ ცალკე სიმდიდრე ობლისა, რომელიც საზოგადო ერის სიმდიდრის ნაწილია, შესაძლოა, გაიფლანგოს, გაქარწყლდეს უპატრონობით და ამ გზით ავალა მიეცეს ღარიბთა გამრავლებას, რომელთა შენახვა და გამოკვება ბოლოს სამძიმოდ უხდება სახელმწიფოსაცა და საზოგადოებასაც. ამას აღარ ვიტყვით, რომ ხშირად ეგ სიღარიბე სათავედ უხდება ათასნაირს ავკაცობასა და წარამარობას.

სახელმწიფოს ყველგან საჭიროდ დანახული აქვს და თავის ვალდებულებადაც ცნობილი, პატრონობა მცირეწლოვან ობლებისა და ამისათვის მთელი ნაწილია კანონებისა ამ საჭიროებაზედ გამოჭრილი და მიქცეული. ჩვენშიაც ეგრეა, მხოლოდ არ შეგვიძლიან არ ვაღიაროთ, რომ ამ ნაწილის კანონები ვერა სწვდებიან იმ კეთილს განზრახვას, იმ საქვეყნოდ სასარგებლო სურვილს, რომელიც ამ შემთხვევაში სახელმწიფოს წინ მიუძღვის. ეგ ნაწილი კანონებისა მთელს რუსეთში დაწუნებულია იმ მხრით, რომ კეთილს განზრახვას სახელმწიფოსას საკმაოდ ვერ ემსახურებაო. თუ ეს ასეა შიგნით რუსეთში, საცა ამ კანონთა გამგებელი დაწესებულება, რაც უნდა იყოს, უფრო რიგსა და წესშია ჩაყენებული, მაშ რაღა უნდა ითქვას ჩვენში, საცა არც ეგ რიგია და წესი თავის გზაზედ დაყენებული და საცა ამგვარებში თვითნებობა "აპეკუნებისა" უფრო მეუფობს, ვიდრე წესი და კანონი. ჩვენში "აპეკაში" მიღება ობლისა და მისის ქონებისა მომასწავებელია ვაისა და ვაგლახისა და არა სიხარულისა, რომ ობოლს და მის ქონებას პატრონი აუჩინესო, აპეკუნი დაუნიშნესო და აბა სწორედ ეხლა დაიღუპა საწყალი ობოლიო! ამას იტყვიან ხოლმე მართლად გულშესატკივარნი კაცნი.

ამ სახით ეს მშვენიერი და გულშემატკივარი კანონები ობლების მოვლისა და პატრონობისა არამც თუ უქმად არიან ჩვენში, არამედ ხშირად და ძალიან ხშირადაც ვნება მოაქვთ იმათთვის, ვის სასარგებლოდაც დადგენილან. დღეს რუსეთში მთავრობა შესდგომია ამ კანონების შეკეთებას და ისეთის წესების შემოღებას, რომ "აპეკუნები" მართლა მფარველად და პატრონად ექმნენ ობლებსა და არა მძარცველად და მყვლეფავ-მგლეჯავად. რაკი დღეს ეს საქმე შეცვლისა და შეკეთების გზაზედ სდგას რუსეთში მთავრობის თაოსნობით, ნუთუ მეტი იქნება, რომ ჩვენც ჩვენის მხრით გვეზრუნა, მოგვეფიქრნა რამ ამ საქმის შესახებ. ერთი ჩვენის ქვეყნის საჭიროებაზედ გამოჭრილი პროექტი გამოგვერკვია და წარგვედგინა მთავრობისთვის ყურადღების მისაქცევლად. მთავრობაც დაგვიმადლებდა, თუ საკეთილოდ რასმე ვიტყოდით და ქვეყანაც.
ამ საქმეს რომ თაოსნობა გაუწიონ ჩვენმა მარშლებმა, არა გვგონია მათ მიერ წამოდგენილმა პროექტმა ყურადღება არ მიიქციოს მთავრობისა, მით უფრო, რომ ამგვარებში ადგილის კაცია ყოველგვარი რჩევა და აზრი მთავრობისათვის დიდად სასურველი. მარშლებს იმიტომ ვავალებთ ამას, რომ "აპეკის" უწესობით ისე არავინა ჰზარალობს, როგორც თავადაზნაურობა, რომელსაც ცალკე თვისთა წევრთა ობლობის გამო და ცალკე სხვადასხვა მიზეზთაგან უფრო ხშირადა ჰხვდება ხოლმე "აპეკის" ხელში ჩავარდნა და თუ "აპეკის" საქმეთა უხეირობისაგან ვნება ეძლევა ვისმე, თავადაზნაურობას ყველაზედ მეტი.

ილია ჭავჭავაძე. თხზულებათა აკადემიური გამოცემა. ტ. X. თბ. 1988 

Thursday, December 23, 2010

დედათა ემანსიპაციის შესახებ. ილია ჭავჭავაძე

თეთრი სახლის პიკეტირება.   1917 წ.
ერთს დროს დიდი და გაცხარებული ლაპარაკი ჰქონდა ევროპიის ლიტერატურას და ნამეტნავად რუსეთისას ეგრეთწოდებულ "დედათა ემანსიპაციის" თაობაზედ. მომხრენი ამ საქმისა ჰხედავდნენ, რომ ეხლანდელი ურთიერთობა მამათა და დედათა სქესისა ვერ არის სამართლიანად მოწყობილი და აშენებულია უმართლო მოძღვრებაზედ, ვითომ დედაკაცი მამაკაცთა ტყვე და მონა არისო და ამის გამო ბევრში უფლებას თავისუფალის ადამიანისას მოკლებულიაო. ამის მიხედვით დაჩაგრულთა დედათა მომხრენი სწერდნენ და ჰქადაგობდნენ, რომ ქალებს უნდა მიენიჭოთ ყოველივე უფლება, რაც მამაკაცთა აქვთ მინიჭებული, ასე რომ ამ ორ სქესთა შორის ურთიერთობა სამართლიანის თანასწორობით დადგენილ იქმნას კაცთა ცხოვრებაშიო.


ბევრი კარგი რამ ითქვა ამაზედ, ბევრი საბუთიანი "ჰო" და "არა" გამომჟღავნდა და ბევრიც უქმი, წინდაუხედავი სიტყვა დაიხარჯა. მაინცდამაინც საბუთი აქვს კაცს სთქვას, რომ ეს საგანი საკმაოდ გამორკვეულია დღეს და თეორიულად მრავალკეცად და გონებადასმით გარჩეული და გაჩხრეკილი. ჩვენ ეს ბუნება და ისტორია ამ ფრიად საყურადღებო საქმისა აქ დღეს ორიოდე სიტყვით მოვიხსენიეთ, იმიტომ რომ აზრად არა გვაქვს ამ საგნის ბუნება და ისტორია დაწვრილებით გამოვიკვლიოთ.

იაპონელი სუფრაჟისტები. მე–20 ს. 20–იანი წლები
ჩვენ მარტო ის გვინდა ვსთქვათ, რომ ამ თეორიულად საკმაოდ კარგად გარჩეულმა საქმემ საზოგადოების ყურამდე სრულის სავსებით ვერ მიაღწია. ბევრს კაცსა, თუ ქალსა ჰგონია დღესაც რომ აქ მარტო იმაზეა ლაპარაკი, ვითომც ამ ემანსიპაციის საქმეში სხვა არა არის რა, გარდა იმისა, რომ ქალთა, თუ დედათა მხოლოდ უფლება მიენიჭოთ და იმას კი აღარავინა ჰფიქრობს, რომ არ არის არც ერთი იმისთან უფლება კაცთა ურთიერთობაში, რომელსაც არ მოსდევდეს მოვალეობაცა. მართალია, მამაკაცს ეხლანდელს ცხოვრებაში ბევრი იმისთანა უფლება აქვს, რომელიც სამართლიანად ქალსაც ეკუთვნის, მაგრამ მამაკაცი ამასთანავე მსახურია სახელმწიფოსი, ქვეყნისა, საზოგადოებისა, ოჯახისა და ყოველგვარი მძიმე ტვირთი ადამიანთა რთულის ცხოვრებისა კისრად ადევს. დღეს ქალები რომ იძახიან, _ მოგვეცით უფლებაო, ეს ძახილი თუმცა სამართლიანია, მაგრამ ჰრჩება ხმად მღაღადებლად უდაბნოსა შინა: იმიტომ რომ ყველანი ჰხედვენ, რომ ქალები ბევრწილად უქმნი და უვარგისნი არიან იმ მოკლედ შემოხაზულ წრეშიაც კი, რომელშიაც დღეს იმყოფებიან, და იმ მცირეოდენს მოვალეობასაც ვერ უძღვებიან, რაც დღეს მიზომილი აქვთ საზოგადოებასა, თუ ოჯახობაში.

ეს დღევანდელი უქმობა და უვარგისობა ქალებისა ხელზედ დახვეული აქვთ ყველას, ვინც კი დედათა ემანსიპაციას არ ემხრობა და ეწინააღმდეგება. თითო-ოროლა მაგალითი საქმითა და გამჭრიახობით გამოჩენილ ქალებისა ამ წინააღმდეგობის საბუთს ბევრს არას არღვევს. ამ მაგალითებს მარტო ბედნიერ შემთხვევად სთვლიან და უფროს-ერთს ქალზედ კი ისევ ის უვარგისობის აზრი ჰრჩება.

ამერიკაში იგრძნეს ქალებმა, რომ ეს ასეა და სამართლიანის ემანსიპაციის მოსაპოვებლად იმას აღარა სჯერდებიან, რომ იძახონ: უფლება მოგვეცითო. იმათ უფრო უკეთესი სახსარი, უკეთესი გზა ამოურჩევიათ. იმათ უფიქრნიათ, რომ ქვეყანას უნდა დავანახვოთ, რომ ჩვენც შეგვიძლიან რადმე ყოფნა ქვეყანაზედ, ჩვენც შეგვიძლიან ყველა მოვალეობას ადამიანისას გავუძღვეთ, ჩვენც შეგვიძლიან არამც თუ ხელით გარჯა, შრომა, საქმის კეთება, არამედ გონებითაც, ჭკვითაც და არც ერთსა და არც მეორეში მამაკაცს არ ჩამოვუვარდებითო. ამ პატიოსანს გაზრახვას შესდგომიან და, როგორც ჰნახავთ, საკვირველის ძლევამოსილობითაც შეუსრულებიათ.

1917 წ. მარტი.  ნიუ–იორკელი ქალების აქცია 
ამის დასამტკიცებლად ჩვენ მოვიყვანთ საოცარს ამბებს, ერთის გერმანულის ჟურნალიდამ ამოკრებილს. ამ ამბების მიხედვით უტყუარად გამოარკვევს კაცი თუ, რის შემძლებელი არის ქალი და რა მონაწილეობას ჰღებულობს იგი ამერიკაში საზოგადო ცხოვრების წარსამატებლად და რარიგად ეცილება მამაკაცს ცხოვრების მოედანზედ, სატეხნიკო სარბიელზედაც კი. ეს ამბები მით უფრო საკვირველია, რომ ქალის გამჭრიახობასა და შემძლებელობას იმისთანა საქმეში გვიჩვენებს, რომელიც დღეს აქამომდე ქალისათვის უფრო ხელმიუწვდომელი ეგონა ადამიანს.

იგი გერმანული ჟურნალი ამბობს: ჩრდილო-ამერიკის არხივებიდამ ამოკრებილიაო ცნობანი, რომ ქალებს ამერიკაში 1900 პატენტი მიუღიათ მათ მიერ მოგონილ სხვადასხვა მაშინების გამო. ერთი ამ საქმის მცოდნე ამერიკელი უმატებს: ის კი ანგარიშში არ მოგვყავს, რომ ბევრი ქალი დაჰხმარებია მამაკაცს ამისთანა საქმეშიო. ეს ხომ საოცარია და საოცარი, უფრო საკვირველი ის არის, რომ იქაურ ქალებს იმისთანა საქმეშიც გამოუჩენიათ თავი, რომელიც ქალის ცხოვრებაზედ ერთობ შორს არის და ქალის ბუნებას უნდა ეუცხოვებოდეს. მაგალითებრ, ერთს ქალს, გვარად მატერს, ნიუიორკში მოუგონია ტელესკოპი მიწის ქვეშეთისათვის (подземный телескоп), ქალს გვარად მონტგომერს _ ფოლადის ჯავშანი საომარ ხომალდისათვის, ქალს გოშამს _ ახალგვარი ზარბაზანი, ქალს ბიზელს _ წყლისაგან გადასარჩენი ნავი, ქალს ტანნეის _ მაშინა ზღვაში დაღუპულ ხომალდების ამოსაღებად და სხვანი. საქალო საქმეშიაც გამოუჩენიათ თავი. მაგალითებრ, ქალს როზენტალს უფრო უკეთესი საკერავი მაშინა მოუგონია, ვიდრე აქამომდე იყო.
ყოველივე ეს, რასაკვირველია, ძლიერი საბუთია `დედათა ემანსიპაციის~ მომხრეთათვის და ამისთანა საბუთს სიტყვას შეუბრუნებს მხოლოდ კერპობა და ჯიუტობა ადამიანისა. არ იქნება ურიგო, რომ ჩვენმა ქალებმაც ყური ათხოვონ ამისთანა მაგალითებს და ხალისი მოიპოვონ ამისთანა მოღვაწეობისა და მოქმედებისათვის.

ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა აკადემიური გამოცემა, ტ. X, თბ. 1988

Thursday, December 16, 2010

რა არის თავისუფლება. ილია ჭავჭავაძე

თავისუფლება იგი ყოფა-მდგომარეობაა ადამიანისაო, ამბობს ბოსსუეტი თავის მსოფლიო ისტორიაში, საცა ყოველი ემორჩილება მარტო კანონსა და საცა კანონი უძლიერესია ყოველ ცალკე კაცზედაო; ასეთის თვალით უყურებდა თავისუფალებას ძველი რომაელი და ძველი ბერძენიო. ეს ჭეშმარიტი და ზედმიწევნილი მნიშვნელობა თავისუფალებისა ეხლაც ცნობილია და აღიარებული ეხლანდელ მეცნიერთა და სახელმწიფოთაგან. ჭეშმარიტი, რიგიანი აგებულება და წყობილება კაცთა საზოგადოებისა სწორედ ამ ქვაკუთხედზედ უნდა იყოს ამოყვანილი. საცა ეგ არ არის, იმ კაცთა საზოგადოებური ცხოვრება, რომელიც ერთმანეთზედ დამოუკიდებლად და გადუბმელად შეუძლებელია, მარტო ძალმომრეობაა, ერთმანეთის თელვაა, ერთმანეთის ჩაგვრა და ძარცვაგლეჯა. მაშინ ყოფა ადამიანისა ნადირთ ყოფაა და ადამიანი, ეგ კერძი ღვთისა, ნადირად გადაქცეულია, იმიტომ, რომ თვითვეულის სვე-ბედი თვითვეულის ფარ-ხმლით საგერი და სატევია და არა საერთო მფარველობისა და შემწეობისაგან ნათავდებები და დაკუთვნებული. ამ ყოფით ცხოვრება ცნობიერს და ჭკვათამყოფელს სულიერს არ შეუძლიან და თვით იმ კრებულს ჭკვათა-მყოფელს სულიერთა, რომელსაც ჩვენ კაცთა საზოგადოებას ვეძახით, მიზეზი არსებობისა და ყოველივე მნიშვნელობა ეკარგება და უბათილდება.

ხოლო კაცმა რომ იმისთანა პატივსაცემი და მართალი, ადამიანისათვის თავმოსაწონი თავისუფალება იქონიოს, როგორსაც ბოსსუეტი ამბობს, საკმაო არ არის მარტო არსებობა კანონებისა. კანონი რჯულია ცხოვრებისა და ამიტომაც იგი სამართლისაგან ამოწვდილი ხმალიც არის ურჩთათვის და ფარიც არის საგერად და სახსნელად ჩაგრულთათვის. თუ ხმლობაში კანონს უსამართლოდ ჰხმარობს ვინმე, მაშინ ფარობამ კანონისამ თავი უნდა იჩინოს საგერად. კანონი მაშინ არის კაცთათვის მადლის მიმნიჭებელი, როცა ამ ორნაირს უწმინდაეს მნიშვნელობას მისას ჰპატრონობს თვითონ საზოგადოება, თვითვეული წევრი, თვითვეული კაცი. როცა კანონის სახელით მისევა თუ მოგერიება ჰბღალავს, ჰლახავს გრძნობას მართლიერებისას, მაშინ მე ვიჩაგრები ამისაგან, თუ სხვა, მაინც მოვალე ვარ თავი გამოვიდო, კანონის სახელი ძირს არ დავცე და არ გავაქელვინო, იმიტომ, რომ კანონი ყველასი ფარ-ხმალია და, მაშასადამე, ჩემიცა. აქ სიდიდე საქმისა არაფერს შუაშია. შეიძლება საქმე ჩალის ფასადაც არა ჰღირდეს, მაგრამ გალახული, გაუპატიურებული გრძნობა სიმართლისა კი მაინც ალაპარაკდეს და კანონს გამოესარჩლოს. ეს მარტო მაშინ არის შესაძლებელი, როცა გრძნობა სიმართლისა, ეგ ერთადერთი თავდები კაცთა საზოგადოების ბედნიერებისა, ყველას გაღვიძებული აქვს და ყარაულად უდგა თვით კანონს.

სწორედ ესეც არის ყველგან, საცა კი ერთი ამ მხრით საზოგადოებურ ცხოვრებაში წარმატებულია. აი, თუნდა ამისი მაგალითი, რომელიც ჩვენებურს კაცს იქმება სასაცილოდაც არ ეყოს და რომელსაც კი, ჩვენის აზრით, დიდძალი მნიშვნელობა აქვს, იმოდენად დიდძალი, რომ უამისოდ ყოველივე კანონი, რაც უნდა კარგი იყოს, უქმი თამასუქია. ბრესლავში (პრუსიის ქალაქია) ერთი მდიდარი სოვდაგარია თურმე. მას ეხლახან ჯვარი დაუწერია, პატარძალი შინ მიუყვანია და პოლიციისათვის კი არ შეუტყობინებია, რომ სახლში ახალი ადამიანი დაუბინავებია. პრუსიის კანონებით კი ყოველი პატრონი სახლისა მოვალეა აცნობოს პოლიციას სამის დღის განმავლობაში, თუ ვინმე უცხო კაცი თავის ბინაში დააბაინავა. პოლიციამ ამ კანონის დარღვევისათვის მანათზედ ცოტა მეტი ჯარიმა დააწერა სოვდაგარსა. სოვდაგარმა ჯარიმის გადახდევინება უსამართლოდ იცნა და პოლიციას უჩივლა. სასამართლოში სოვდაგარი ამტკიცებდა, რომ პოლიციას ამ შემთხვევაში ხელი არა ჰქონდა ჯარიმა გადაეხდევინებინა ჩემთვისაო, იმიტომ, რომ კანონში მოხსენებულია, რომ თუ უცხო კაცი დავაბინავე ჩემს სახლში და პოლიციას არ შევატყობინე, მაშინ უნდა გადამხდეს ჯარიმაო; ცოლი კი, არც კანონით და არც საღვთო წერილის ძალით, უცხო კაცად არ ჩაითვლება ქმრისთვისაო. არც სასამართლომ, არც სასამართლოს პალატამ არ შეიწყნარა სოვდაგარის საბუთი და ზემოხსენებული ჯარიმა, სულ ერთი მანათი და ერთი შაური, მჯავრად განუჩინა. სოვდაგარმა მაინც თავისი არ დაიშალა და გადიტანა საჩივარი დიდს სახელმწიფო სამართალში, რომელსაც რეიჰსგერიხტი ჰქვიან.

სასაცილოა განა, მკითხველო, ასეთი დავიდარაბა ერთის მანათის გულისათვის, მერე ვისგან? მდიდარის სოვდაგარისაგან. ჩვენებური კაცი მაშინვე ამოიღებდა ქისიდამ ერთს მანათს და მაშინვე დაამწყრალებდა პოლიციას. მაგრამ აქ საქმე განა მარტო ერთს მანათზეა! რა არის ერთი მანათი სოვდაგარისათვის, ხელის ჭუჭყია, მტვერია და სხვა არაფერი. მაგრამ, აბა, ახლა შიგ ჩაიხედეთ ამ საქმეში, გუნება და ბუნება გაუგეთ, მაშინ სიცილის მაგიერ გრძნობა პატივისცემისა მიგახედებთ ამ სოვდაგარზედ. ცხადია, მდიდარს სოვდაგარს ის კი არ ანაღვლებს, რომ ერთი მანათი ერთმევა, არამედ ის, რომ, მისის აზრით, კანონი და სამართალი ირღვევა და კანონი და სამართალი კიდევ მისის თავისუფლების ციხე-სამაგრე იმოდენად ძვირფასია, რომ განურჩევლად, განუკითხველად ხელს არავის ახლებინებს. აი, ნამდვილი, ჭეშმარიტი მოქალაქობრივი თავგამოდება, აი ჭეშმარიტი ქველობა კაცთა საზოგადოების წევრისა. ამოდენა დავიდარაბაში, სამს სამართალში საქმის გატარებაში ერთი მანათი კი არა, იქნება ასი მანათიც დაეხარჯოს, მაგრამ იგი, ერისათვისაც იღწვის, მისთვის ყოველს ქონებაზედ უფრო ძვირფასია. კაცმა, მისის აზრით, უსამართლოდ მოაწვდინა მასზედ კანონის ხმალი და იგი იმავ კანონსა თავის კაცურის კაცობის ფასად წინ უყენებს და განკითხვას სამართლისაგან ელის. კაცური, ადამიანური ცხოვრებაც ამას ჰქვიან: ამისთანა კაცთა შორის ყველა შეკრულია ბოროტისათვის და ყველა გზა გახსნილია სიკეთისათვის. თავისუფლებაც ადამიანისა სხვა არა არის რა, რომ ბოროტისათვის სრულად შეკრული იყოს და სიკეთისათვის უხვად გზაგახსნილი.

ილია ჭავჭავაძე. თხზულებათა აკადემიური გამოცემა. 9.  თბ. 1988