Thursday, October 28, 2010

ქართველთა ტოლერანტობის შესახებ საუბრობს იაკობ გოგებაშვილი

იაკობ გოგებაშვილის პუბლიცისტური წერილის ამ  ნაწყვეტმა, სადაც ავტორი საქართველოს ისტორიას აანალიზებს  ჰუმანისტური და ლიბერალური ფასეულობების პერსპექტივაში, არ უნდა გამოიწვიოს ჩვენში უსაფუძვლო ამპარტავნება. არაერთხელ მომიკრავს ყური ასეთი გამონათქვამებისთვის, "ევროპელები სად იყვნენ, ჩვენში რომ ტოლერანტობა არსებობდა". სამწუხაროდ, ჩვენს ყოფაში, ლიტერატურასა და, ზოგადად, კულტურაში შეუწყნარებლობის მაგალითებიც ბევრია. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც თანამედროვე პედაგოგიკაშია მიღებული, ჩვენ კარგ ნიმუშებს წარმოგიდგენთ, ცუდზე რატომ უნდა  გავამახვილოთ ყურადღება... :)


ნაწყვეტი
სასიქადულო კაცთ მოყვარეობა ქართველებს განასხვავებს თავიანთ ისტორიულის არსებობის ყოველ ხანაში. საქართველოს სამეფოში მოქცეულს ყოველ ხალხს ქართველებთან თანასწორი უფლება ჰქონდათ მინიჭებული და არასოდეს არ განუცდიათ შევიწროება არც სარწმუნოებაში და არც ენის საქმეში. მათ მხოლოდ მოეთხოვებოდათ სახელმწიფოს ერთგულება. საქართველოში ძველიდგანვე სცხოვრობდნენ ურიები, მაგრამ საშუალ საუკუნეებშიაც კი არ დასდგომიათ გაჭირვება ქართველთაგან, და ურიების დარბევა, რაც ასე ხშირად იყო და ეხლაც არის ევროპაში, არასოდეს არ მომხდარა საქართველოში. ებრაელებს საქართველოს მეფენი სამძიმო დიპლომატიურ საქმესაც კი მიანდობდნენ ხოლმე. თათრები ისე იყვნენ კმაყოფილნი თავიანთ ბედისა საქართველოს სამეფოში, რომ თავგანწირულად ებრძოდნენ შემოსეულ თათრებსვე. სომხები ყოველთვის შეადგენდნენ საქართველოს სამეფოს ბლომს ნაწილს, და არა თუ ქართველთაგან მტრობა არ განუცდიათ, არამედ ყოველთვის მინიჭებული ჰქონდათ სრული თანასწორობა ქართველებთან და, ასე გასინჯეთ, მემკვიდრეობითაც კი ეჭირათ ქართველთა სახელმწიფოში დიდ-დიდი თანამდებობა. შესანიშნავია, რომ რამდენიც უფრო ძლიერი იყო საქართველო, იმდენი უმეტესის სულგრძელობით და კაცთმოყვარეობით ეპყრობოდა თავის ქვეშევრდომ უცხო ხალხებსა...

თამარ მეფემ, რომლის დროსაც საქართველოს სამეფომ მიაღწია თავისის ძლიერების ზენიტსა, გააუქმა თავისს სამეფოში მეთორმეტე საუკუნეში არა თუ სიკვდილით დასჯა, არამედ სხეულის სასტიკი სასჯელიცა, შთამომავლობისა და სარწმუნოების განურჩევლად ყოველის ქვეშევრდომისათვის ერთნაირად... ამის გამო თამარის მეფობამ ისე განვლო, რომ არ ყოფილა სიკვდილით დასჯილი არც ერთი თათარი, არც ერთი ურია, მით უმეტეს ქრისტიანი. ეს კაცთმოყვარული სამართლიანობა სხვა სჯულის ხალხების შესახებ მით უფრო შესანიშნავია, რომ ქართველები წინა საუკუნოებში ყოველთვის აღგზნებულნი იყვნენ ძლიერი სარწმუნოებრივი გრძნობით.
რაოდენი ძალა უნდა ჰქონოდათ ქართველებს მოწყალებისა და კაცთმოყვარეობისა, თუ იმათს მხურვალე სარწმუნოების ერთგულებასაც კი ქედი უნდა მოეხარა ამ კაცთმოყვარეობის ძალის წინაშე!
ქართველებს ამჟამად არაფერი სწადიათ მის მეტი, რომ მათ მიუწყონ იმავე საწყაოთი, როგორითაც ისინი მიუწყავდნენ ყოველთვის სხვებსა...

იაკობ გოგებაშვილი

Thursday, October 21, 2010

განსხვავებულთა თანაარსებობა

ჩვენი განათლებული თუ ნახევრად განათლებული საზოგადოების საგრძნობ ნაწილში ხშირად გაიგონებთ ყოვლად ველურ და უხეშ აზრსა და გამოთქმებს ეროვნულ უმცირესობათა შესახებ. ეს არათუ ქრისტიანული საქციელი არ არის, არამედ დიდი შეცდომაცაა. ეს ჩვენი ნამდვილი უბედურებაა... დროა, დიდი ხანია დროა, გავიგოთ, რომ მრავალფეროვნების საწყისი მხოლოდ ავსებს და ანაყოფიერებს ერთიანობის საწყისს. სრედნევსკის საუცხოო გამოთქმით, თავისებურება, რომელიც თითოეული ხალხის ცხოვრებასა და მეტყველებას ახასიათებს, შეიძლება მუსიკალური ტონების თავისებურებას შევადაროთ; ყოველი მათგანი საჭირო და თვითმყოფადია, თუმცა იგი სხვა ტონებსაც უკავშირდება.

იაკობ გოგებაშვილი


ამ აზრს ეხმიანება და მის შინაარსს განავრცობს გრიგოლ რობაქიძის სიტყვა:

ყოველი ხალხი რომელიმე განსაკუთრებული სახით აცნაურებს მსოფლიოს. სხვაა ჰომიროსის სამყარო, სხვაა რუსთაველისა, სხვაა გილგამეშისა, სხვაა ათარვაბედასი, ჰინდუსთა. ამიტომ ყოველი ნამდვილი კულტურა ინდივიდუალურია, რამდენად ინდივიდუალურია კულტურა, იმდენადვე უნივერსალურია იგი. შეეყრებიან, მაგალითად: ზემოდხსენებული სამყარონი ერთიმეორეს, იხილავენ ერთიმეორეში მთელს სამყაროს, იხილავენ, ვინაიდგან თითოეული მათგანი, თუმცა ერთი სახით, აცნაურებს მსოფლიოს, იმავე დროს ასარკულად ამცნევს უკანასკნელს, როგორც მთელს.

გრიგოლ რობაქიძე

Wednesday, September 29, 2010

ლიბერალების ტრიადა აკაკი წერეთლის ლექსში


"ძმობა, ერთობა, თანასწორობა" – ეს იყო რუსი დეკაბრისტების ლოზუნგი. ლიბერალიზმის იდეოლოგიით შთაგონებულმა ამ ტრიადამ შთაბეჭდილება მოახდინა სტუდენტებზე, რომლებიც პეტერბურგში იღებდნენ განათლებას და რომლებიც ქართულ ლიტერატურაში იწოდებიან "სამოციანელებად".


  – – –
მთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის
იყოს წყეული... ის იყოს კრული,
ვისაც არ სწამდეს და არ უნდოდეს:
"ძმობა, ერთობა და სიყვარული".
საერთშორისო მტკიცე კავშირი,
ეს არის ქრისტეს სწავლა და მცნება,
საყოველთაო, სამარადისო,
და არ საწუთო სიზმარ-ოცნება.
ვისაც ესა სწამს წრფელის განზრახვით
და ჭეშმარიტად არს გამსჭვალული,
მას შეერგება ციურ მანანად
"ძმობა, ერთობა და სიყვარული".
ვინც გაიძახის ცარიელ სიტყვებს
და გულში სულ სხვა აქვს დამარხული,
ამაო არის მისი ნათქვამი
"ძმობა, ერთობა და სიყვარული".
მთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის
იყოს წყეული... ის იყოს კრული,
ვინც მხოლოდ სიტყვით დაიძახოდეს:
"ძმობა, ერთობა და სიყვარული".



 
„ძმობა“, „ერთობა“ და „სიყვარული“


მსურს, რომ ქვეყანა გულში მივიკრა
და გახსნილი მაქვს ყველასთვის გული!
დაბადებიდან თან ჩამესახა:
„ძმობა“, „ერთობა“ და „სიყვარული“.
მაგრამ მერე რა? ვიღას-ღა უნდა
„ძმობა“, „ერთობა“ და „სიყვარული“?
დღეს სუყველგანა და ყველასათვის
კუჭია მხოლოდ გამეფებული.
ძალმომრეობა და მტაცებლობა
კანონი არის და სამართალი.
ვინც დამარცხდება-ის მტყუანია,
ვინც გაიმარჯვებს-ის კი მართალი!
აი, ხომ ხედავთ, ჩემზე რომ მოდის?
სახლიკაცია და მეზობელი...
უნდა ჩემს სახლ-კარს დაეპატრონოს
და ზედ დამაკლას ჩემი მშობელი.
ნუთუ სკვითი კი არ მეყოფოდა,
ახლა რომ მოდის კიდევ სხვა მეხი?
ჩემს მიწა-წყალზე ჰსურს დაესახლოს
და მოიმაგროს სამკვიდროდ ფეხი!
ვხედავ, ვუყურებ, მაგრამ მე მარტოს
არ მაქვს საბრზოლო ძალი და ღონე...
ვიწვევ მოძმეებს დაუფარავად
და არვინ არის მათში გამგონე.
მაშ, რას მიშველის გულგახსნილობა,
დამშვიდებული რომ არ მაქვს სული
და რად ვატარო?მ ვისთვის და რისთვის,
„ძმობა“, „ერთობა“ და „სიყვარული“?
 

სხვადასხვა ერი
(ფრანგები)

ფრანგებმა თავის წილ–ხვედრი
სხვადასხვარიგად გამართეს,
ბევრიც იშფოთეს და შემდეგ
წითელი დროშა ამართეს...


დასწერეს: „თავისუფლება,
ძმობა და სიყვარულიო,
ვისაც არ ჰსურდეს ქვეყნისთვის,
ღვთისაგან იყოს კრულიო!“
სწავლა და ხელოვანება,
სიბრძნე და მეცნიერება
მისათვის უნდათ, რომ სხვებსაც
მისცენ მით ბედნიერება!
შრომობენ შესანიშნავად,
გულდასმით, პირმომცინარედ
და ჯერ არავის უნახავს
უსაქმურად და მძინარედ.
ჭირში და ლხინში ერთგვარად
მაღალსულობით ქებულან,
ბევრჯერც ჰქონიათ შავი დღე,
მაგრამ არ შეშინებულან!
სითკენაც უნდა ისროლოთ,
ვით კატა, ფეხზედ სდგენიან!
რა ჭირიც უნდა მიადგესთ,
სხვის შემწედ ემზადებიან.
კისრულიც ბევრჯერ უქნიათ,
არ დამტვრევიათ ფეხები...
და სჩანს, რომ ვერას დააკლებს
მათ, გინდ აწვიმოს მეხები.





გამოტეხილი სიტყვა

მთელ საუკუნის ბატონ-მონობამ
დაგვიბორკილა ხელი და ფეხი
და რჯულთან ერთად ეროვნებასაც
საშვილიშვილოდ თავს დასცა მეხი.
აიმღვრა ჩვენი ცხოვრების წყარო
და აირია მით მონასტერი!
ვსწყევლი და ვჟუჟავ ავსულსა ბატონს
და იმავე დროს მიწასაც ვსტირი.
გზადაბნეული, როგორც რომ ცხვრები,
მივდივართ, მივხტით, არა გვყავს მწყემსი;
დიდგულას თოფი ზარბაზნად მიგვაჩნს
და დიდ მახვილად პატარა ნემსი.
არა, ჩვენ უნდა ჩვენი ბორკილი
შეერთებულად ჯერ ავიყაროთ
და მერე უნდა „ძმობა-ერთობით“
და თანასწორობით ჩვენც გავიხაროთ.



Tuesday, September 28, 2010

ებრაული მელოდია, ტიციან ტაბიძე


ბაბილონიდან
ახლო იყო მაინც სიონი,
მოჰქონდათ სუნთქვა
კედრონისა უდაბნოს ქარებს.
და სდარაჯობდა
გულზვიადი კავკასიონი,
ხალხთა ტომების
გადარაზულ, დაკეტილ კარებს.
ცრემლი ცრემლია,
ორმაგია ცრემლი მიწისა;
იჯდენ, სტიროდენ
მდინარეზე ბაბილონისა.
თითქო ათას წლის
წინ ედგათ მკვდარი,
არაქსის მოთქმას
ბანს აძლევს მტკვარი.
მოჰყვება რიჟრაჟს,
წაჰყვება დაისს,
ისმის ზრიალი
ოჰ, ადონაისს.
ტანჯვა-წამება
რაც შეაგროვა,
რისხვად თავს აყრის
ხალხს იეღოვა.
ეს წიგნი სისხლით
შეღებილია
და სისხლს მოითხოვს
მაინც ბიბლია.
დახუჭავ თვალებს
და სიზმარში ცრემლნი მოდიან,
აქამდე სტირის
ებრაული ეს მელოდია.
და ჟღერს უკვდავი
ბაირონის მრისხანე ქნარი,
ჰანრიხ ჰაინეს
მიმატებულ ცრემლით დამდნარი.
პოეტის სიყრმე
განა ამ ხმას სადმე ასცდება?..
ჩქარა, მგოსნებო,
თორემ გული მართლა გასკდება...



2
მეც მაგონდება ჩემი ბავშვობა,
მესმის, ღუღუნებს დავითის ქნარი.
ჲაფეთის ქალი, პანტოფრეს ცოლი,
ყრმა იოსების მშვენებით მკვდარი
და სიდონია, სვეტიცხოველი,
შემოხიზნული აბიათარი.
ამ დროს ეზოში დაყეფავს ძაღლი
და მიასკდება გაღებულ ჭიშკარს,
შუკის ბოლოში ისმის ძახილი
და დანიელა მოუხმობს მუშტარს.
წინ გაუგდია თავის ისაკა,
ერთს თვითონ იტყვის, სხვას ბავშვი ბღავის:
- საპონი, შპილკა, გუნდა, მიხაკი,
ნუთუ არ გინდათ, ხალხო, არავის?
აბა ფართალი, ფარჩა, ფართალი!
დაედევნება მეწვრილმანესა
ცელქი ბიჭების მთელი კალია,
და საწყალ ცხენის ძუა სად არი?
ფიცავს და სტირის, ცრემლი არ გჯერა,
ღმერთსაც ატყუებს დღეში ასჯერა.
ვინ იცის, თავს მას რაოდენი გადახდენია
თრევა, წანწალი და ჩარჩობა მისი ბედია.
ცრემლით ვთხოვ დედას, ამ საწყალ კაცს ნუ ევაჭრება,
თითქო გულს ადევს თავის ადლზე საპნის ნაჭრებად.
შემდეგ გავიგე ამ საწყალის ხმა განწირული,
როცა ბეილისს გაუმართეს გასამართლება.
გრგვინავდა მაშინ სტუდენტების გული გმირული,
მაგრამ მართალი გულის კაცი აქ რას გახდება.
ღატაკ უბნებში გაიმართა ფიცხელი ომი,
საბედისწერო მე ვიგრძენი სიტყვა ”პოგრომი”.

Monday, September 27, 2010

ცხოველთა უფლებები. ვეფხვისა და მოყმის ლექსი

ეს ბალადა თითოეულ ჩვენგანზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს არამხოლოდ სალექსო–აკუსტიკური პლასტის ექსპრესიულობით, არამედ იმითაც, რომ ლექსში გადმოცემულია უჩვეულო ამბავი ტოლერანტობაზე. მით უმეტეს, რომ ეს ამბავი ვითარდება ადამიანთა და ცხოველთა შორის. ცხოველის თანაგრძნობა და შეწყნარება არაერთი ლექსის თემა გახდა ქართულ ფოლკლორში, ხოლო შემდგომში ეს პრობლემა ვაჟა–ფშაველას მოთხრობებისა და პოემების სიუჟეტებშიც გაიშალა.


მოყმემ თქვა, პირშიშველამა,
შიბნ გავიარე კლდისანი,
მოვინადირენ, დავლახენ,
ბილიკნი ჭიუხისანი.
შამამხვდეს კლდისა თავზედა
ხორონი ჯიხვებისანი,
ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა,
ჭალას ჯახნ იქნენ რქისანი.
შავვარდი ვეფხვსა ნაწოლსა,
დრონ იყვნეს შუაღამისანი,
ვეფხვი რომ წამამიფრინდა,
თვლანი მარისხნა ხთისანი.

შაიბნეს ვეფხვი, მოყმეი,
მაშინ დაიძრნეს მიწანი,
კლდეები ჩამაინგრივნეს,
შტონ დაილეწნეს ტყისანი,
დრონ არარ დარჩა მოყმესა,
ვადან ეწითლნეს ხმლისანი.
ფარსა უფარებს, ვერ ჰფარავს,
ვეფხვი ჩქარია კლდისანი,
გაზით გაართვნა კალთანი,
ჯაჭვისა ჯავშანისანი.
მოყმემაც ხელში იყარნა
ვადანი თავის ხმლისანი.
მაშინ გაუჭრა ფრანგულმა,
დრონ იყვნეს წაქცევისანი.
ვეფხვი კლდით გადმაეკიდა,
ჩამააწითნა ქვიშანი.
თაოდ კლდის თავზე შამაწვა
მოყმე სულამამდინარი,
ქვიშას მაჰღებავს წითლადა,
სისხლი ზედ ჩამამდინარი.

ვინ ეტყვის მაგის დედასა,
კარს უსხედს ქადაგ-მკითხავნი.
უერთოდ არ დაიხარჯნეს
ჩვენ მონადირის ისარნი.

იარებოდა დედაი
ტირილით თვალცრემლიანი,
ჩემს შვილს გზად ვეფხვი შაჰყრია
გაჯავრეული, ტიალი,
ჩემს შვილს - ხმლით, იმას - ტოტითა
დღე დაუღამდათ მზიანი.
არც ვეფხვი იყო ჯაბანი,
არც ჩემ შვილ შახვდა ჭკვიანი,
მათ დაუხოცავ ერთურთი,
არ დარჩენ სირცხვილიანნი.
ტირილით წყლულებს უხვევდა
ვეფხვის კლანჭებით დაჭრილსა,
შვილო, არ მახკვდი, შენ გძინავ,
დაქანცული ხარ ჯაფითა,
ის შენი კაბის კალთები
ტიალმა როგორ დაფლითა?
შენც იმის საფერ ჰყოფილხარ,
ხმალი ქნვაში გაგიცვდა.
არც იმან მოგცა მეტი დრო,
აღარც შენ დააცალია,
ვეღარცაღ შენ დაიფარე
შენ ხელთ ნაჭერი ფარია,
ვეღარცა ვეფხვმა ტოტები,
ხმალმა დაკუწა ძვალია.
მაგის მეტს აღარ გიტირებ,
შენ არ ხარ სატირალია.
ლაშქარში, მეგობარშია
არ იყავ საწუნარია.
ერთი შვილ მაინც გაგზარდე
ვეფხვებსთან მეომარია.
მშვიდობით, ჯვარი გეწეროს,
ეგეც სამარის კარია.

ხან ვეფხვი, ხან თავის შვილი
ელანდებოდა მძინარსა,
ხან ვეფხვი ვითომ იმის შვილს
ტანზეით აყრის რკინასა,
ხან კიდენ იმისი შვილი
ვეფხვს გადაავლევს ყირასა.
აი, ამ სიზმრებს ხედავდის,
გამაეღვიძის მტირალსა.

ხან იფიქრებდა, უდედოდ
გაზრდა ვინა თქვა შვილისა,
იქნება ვეფხვის დედაი
ჩემზე მწარედა სტირისა.
წავიდე, მეც იქ მივიდე,
სამძიმარ უთხრა ჭირისა,
ისიც მიამბობს ამბავსა,
მეც უთხრა ჩემი შვილისა,
იმასაც ბრალი ექნების
უწყალოდ ხმლით დაჭრილისა!

ვეფხისტყაოსანი და ტოლერანტობა


პოემაში საგანგებო ყურადღებას იპყრობს მეგობრობის, "ძმადნაფიცობის" მოტივი, რომელიც განუყრელად აკავშირებს ერთმანეთთან სამ სხვადასხვა ეროვნების გმირს. მეგობრისა და ძმობის ღრმა გრძნობა, რომელიც არ ექვემდებარება სივრცის კატეგორიას (მოიგონეთ პოემის ფართო გეოგრაფიული ჰორიზონტი), სცილდება პოლიტიკურსა და ეროვნულ ვიწრო ჩარჩოებს და მოუწოდებს მეგობრებს ზოგადი საკაცობრიო იდეალების სამსახურისაკენ, და სწორედ ეს იდეური შინაარსი ამ პოემის შემოქმედს ახასიათებს როგორც ზოგადსაკაცობრიო მასშტაბის მოაზროვნესა და პოეტს. ასეთი განწყობილება უსათუოდ სავსებით შეეფარდებოდა რუსთაველის ეპოქის ქართული ფეოდალური მონარქიის პოლიტიკურ სახეს, რომელიც აერთიანებდა მთელ კავკასიას, მასში შემავალი მრავალტომიანი და მრავალენიანი ერთეულებით, სადაც მეგობრულად თანამშრომლობდნენ ქართველებთან ერთად სომხები, ბერძნები, ქურთები, ოსები, ყივჩაღები, ებრაელები (მოიგონეთ ზანქან ზორაბაბელი), სადაც არ გაურბოდნენ დინასტიურ-ნათესაურ კავშირს რუსებთან, ბერძნებთან, ოსებთან, სელჩუკებთან, სომხებთან, ხვარასნელებთან და სხვ., სადაც, დასასრულ, მაჰმადიან პოეტებს, სუფიებსა და მწერლებს თავშესაფარს უშენებდნენ, პენსიას უნიშნავდნენ და ყოველნაირად მფარველობდნენ. აქ, ამ გარემოში, შეიძლებოდა წარმოშობილიყო ძმობისა და მეგობრობის ქადაგება საკაცობრიო იდეალების სამსახურისათვის განურჩევლად ეროვნებისა.


კორნელი კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. II, თბ., 1981, გვ. 175

Friday, September 24, 2010

იაკობ გოგებაშვილი საუბრობს შავკანიანთა უფლებების შესახებ

თუმცა ბევრი წინასწარმეტყველებდა ამერიკის შინაური ბრძოლა დიდ ხანს გაგრძელდებაო, თუ ჩრდილოეთის შტატები არ დათანხმდებიან კავშირის დარღვევაზე და ამ კავშირიდან სამხრეთის შტატების გასვლაზედო; მაგრამ ჩრდილოელებმა არც ერთს თავის მოთხოვნილებაზედ ხელი არ აიღეს და სამხრეთელების სრული დამარცხებით მთელი ქვეყანა გააკვირვეს. კავშირი უწინდელს საფუძველზედ აღზდგა, უფრო-კი მეტი სიმძლავრის გრძნობით, რადგანაც საუკუნოდ დაირღვა მონობა, სენი შეერთებული შტატებისა... ლინკოლნი კიდევაც ემზადებოდა, მოეკრიფა ნაყოფი თავისი მხნე და გონივრული პოლიტიკისა. ყოველი მისი აზრი და წადილი იყო მიქცეული იმაზედ, რომ ჩქარა განეკურნა თავისი ხალხი ყოვლის ომის გამო წამომდგარი ნაკლისა და სენისაგან, მაგრამ 2 აპრილსა ლინკოლნის ძვირფასი სიცოცხლე საზიზღარი მკვლელის ხელით მოისპო... ამერიკის ერმა ამ საშინელ შემთხვევაში მთელს ქვეყანას წარუდგინა გასაოცარი მაგალითი თავისი პოლიტიკური ჭკუისა... ჩრდილოეთი თავის ერთხელ მოწადინებულ საქმეს ერთი ნაბიჯითაც არ განშორდა... ახლა შეერთებულის შტატების სახელმწიფო პირნი მოვალენი იყვნენ რამდენიმე მილიონ ზანგებისათვის ეზრუნათ. ზანგები ჩრდილოეთის შტატების გამარჯვებით მონობისაგან განთავისუფლდნენ... მომავალი აღყვავება და სიძლიერე შეერთებული შტატების ბევრის მხრით დამოკიდებულია იმაზედ, თუ როგორ წარიმართვის და გარდაწყდება ზანგების საქმე.


იაკობ გოგებაშვილი. თხზულებათა აკადემიური გამოცემა. ტ. 1. გვ. 60–61